საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ზებულონი“
  • ზებულონი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ზებულონი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ზებულონელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ელონი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • კიტრონი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ისაქარი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ზებულონი“

ზებულონი

[შეწყნარება; ან შესაძლოა ნიშნავს დიდებულ სამყოფელს (სამკვიდროს)].

1. იაკობის ცოლის, ლეას მეექვსე ვაჟი. ვინაიდან იაკობს ლეა ნაკლებად უყვარდა, ბიჭის დაბადებამ ქალი განსაკუთრებით გაახარა. ბავშვის სახელის მნიშვნელობა კარგად ასახავდა ლეას იმედს, რომ იაკობი უფრო დააფასებდა მას. ლეამ თქვა: „ბოლოს და ბოლოს მიმიღებს ჩემი ქმარი, რადგან ექვსი ვაჟი გავუჩინე“ (დბ. 30:20; 35:23; გმ. 1:1—3; 1მტ. 2:1). ზებულონს სამი ვაჟი შეეძინა: სერედი, ელონი და იახლელი (დბ. 46:14). ზებულონის შორეულ შთამომავალს მისი ვაჟებიდან ერთ-ერთის, ელონის სახელი ერქვა და ისრაელში მსაჯულობდა (მსჯ. 12:11, 12).

2. სახელი „ზებულონი“ ერქვა ტომსაც, რომელიც ზებულონის სამი ვაჟისგან წამოვიდა. ეგვიპტის მონობისგან გათავისუფლებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ამ ტომში ოცი წლიდან ზემოთ 57 400 მამაკაცი აღირიცხა (რც. 1:1—3, 30, 31). უდაბნოში 40-წლიანი ხეტიალის მიწურულს ჩატარებული მეორე აღრიცხვის დროს აღმოჩნდა, რომ ამ ტომში მამაკაცების რიცხვი 3 100-ით გაიზარდა (რც. 26:26, 27).

უდაბნოში ზებულონის ტომი იუდასა და ისაქარის ტომებთან ერთად კარვის აღმოსავლეთით იყო დაბანაკებული. ეს სამტომიანი დანაყოფი პირველი უნდა დაძრულიყო. ზებულონის ლაშქრის თავკაცი ხელონის ვაჟი ელიაბი იყო (რც. 1:9; 2:3—7; 7:24; 10:14—16).

ტომის მემკვიდრეობა. ზებულონის ტომის მემკვიდრეობაზე სიკვდილის წინ პატრიარქმა იაკობმა თქვა: „ზღვის პირას დამკვიდრდება ზებულონი, იმ ნაპირზე, სადაც გემები ღუზას უშვებენ, და შორეული მხარე სიდონისკენ იქნება მიმართული“ (დბ. 49:13). ვინაიდან სიდონი ისრაელის ჩრდილოეთით მდებარეობდა და ზებულონის ტერიტორია სიდონისკენ იყო მიმართული, ზებულონის სამკვიდრო ჩრდილოეთით უნდა ყოფილიყო. თუმცა პირდაპირ ზღვა არ ესაზღვრებოდა, ზებულონის ტერიტორია აღმოსავლეთით გალილეის ზღვასა და დასავლეთით ხმელთაშუა ზღვას შორის მდებარეობდა, რის გამოც ზებულონელებისთვის ორივე ზღვა ადვილად მისადგომი იყო. ამგვარად, მათ ადვილად შეეძლოთ სავაჭრო საქმეში ჩაბმა, რაზეც შეიძლება მოსეს წარმოთქმული კურთხევის სიტყვები მიანიშნებდეს: „ზებულონ, იხარე გასვლისას!“ (კნ. 33:18).

იმ დროისთვის, როცა აღთქმული მიწის განაწილება შილოდან გაგრძელდა, ზებულონს მესამე წილი ხვდა (იეს. 18:8; 19:10—16). მიწის დანაწილებაში დასახმარებლად ზებულონის ტომის წარმომადგენლად ღვთისგან დანიშნული იყო ფარნაქის ვაჟი, ელიცაფანი (რც. 34:17, 25). საზღვრების დადგენის შემდეგ ზებულონს ესაზღვრებოდა აშერი (იეს. 19:24, 27), ნაფთალი (იეს. 19:32—34) და ისაქარი.

ზებულონის ტერიტორიაზე ლევიანთა რამდენიმე ქალაქი იყო განლაგებული (იეს. 21:7, 34, 35; 1მტ. 6:63, 77). მათგან ნაჰალოლიდან (ნაჰალალი) და კიტრონიდან ზებულონელებმა ვერ განდევნეს ქანაანელები (მსჯ. 1:30).

გამორჩეული მეომრები. ზებულონის ტომში მამაცი მეომრები იყვნენ. ნაფთალისა და ზებულონის ტომიდან ათი ათასი კაცი გამოეხმაურა ბარაკის მოწვევას, ებრძოლათ სისერას ჯარების წინააღმდეგ (მსჯ. 4:6, 10). გამარჯვების შემდეგ ბარაკმა და დებორამ იმღერეს: „ზებულონის ხალხმა სასიკვდილოდ გასწირა სული“ (მსჯ. 5:18). ბარაკის მხარდამჭერთა შორის იყვნენ ზებულონიდან აღმრიცხველნი, რომლებსაც, როგორც ჩანს, მეომართა აღრიცხვა ჰქონდათ დავალებული (მსჯ. 5:14; შდრ. 2მფ. 25:19; 2მტ. 26:11). ზებულონელი მეომრები მსაჯულ გედეონის მოწვევასაც გამოეხმაურნენ (მსჯ. 6:34, 35). დავითის მხარდამჭერებს შორის 50 000 ერთგული ზებულონელი იყო (1მტ. 12:33, 38—40). დავითის მმართველობის დროს ზებულონელებმა, როგორც ჩანს, დიდი წვლილი შეიტანეს ისრაელის მტრების დამორჩილებაში (ფს. 68:27).

ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისადმი დამოკიდებულება. ძვ. წ. მერვე საუკუნის მეორე ნახევარში ზებულონის ტომიდან ცალკეულმა ადამიანებმა თავი დაიმდაბლეს და გამოეხმაურნენ მეფე ხიზკიას მოწვევას, იერუსალიმში დასწრებოდნენ პასექის დღესასწაულს (2მტ. 30:1, 10, 11, 18, 19). საუკუნეების შემდეგ შესრულდა ესაიას წინასწარმეტყველება — ქრისტე იესო ძველი ზებულონის ტერიტორიაზე ქადაგებდა და, როგორც ჩანს, ხალხიც უსმენდა (ეს. 9:1, 2; მთ. 4:13—16).

მოიხსენიება ხილვებში. ეზეკიელის ხილვაში ზებულონის მიწა მდებარეობდა ისაქარისა და გადის ტერიტორიებს შორის (ეზკ. 48:26, 27). ქალაქის, „თვით იეჰოვაა იქ“, ერთ-ერთ კარიბჭეს ზებულონის სახელი ერქვა (ეზკ. 48:33, 35). მოციქულმა იოანემ ხილვაში მოისმინა, რომ ზებულონის (სულიერ) ტომში 12 000 ბეჭედდასმული იყო (გმც. 7:4, 8).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება