ციბა
საულის სახლის მსახური. დავითმა მისგან გაიგო, რომ იონათანს კოჭლი ვაჟი, მეფიბოშეთი ჰყავდა. დავითმა მეფიბოშეთი იერუსალიმში მოაყვანინა და ციბას, მის 15 ვაჟსა და 20 მსახურს მეფიბოშეთის ქონებაზე ზრუნვა დაავალა (2სმ. 9:2—12 [არსებობს მოსაზრება, რომ მე-11 მუხლში ციბას სიტყვები „ჩემი სუფრიდან“ გადამწერის შეცდომაა და უნდა ეწეროს „დავითის სუფრიდან“. დასაშვებია ისიც, რომ ციბამ დავითის სიტყვები გაიმეორა]). აბესალომის აჯანყების გამო იერუსალიმიდან გაქცეულ დავითთან ციბა სურსათ-სანოვაგით დატვირთული პირუტყვით მივიდა. მან თან არ წაიყვანა მეფიბოშეთი, რომელსაც სურდა წასვლა, დავითს კი უთხრა, თითქოს მეფიბოშეთი თავისი ნებით დარჩა იერუსალიმში იმ იმედით, რომ საულის სახლი სამეფოს დაიბრუნებდა. დავითმა ციბას სიტყვების სიმართლე არ გადაამოწმა და მეფიბოშეთის მთელი ქონება ციბას მისცა (2სმ. 16:1—4).
ციბა ერთი-ერთი პირველი იყო, ვინც აჯანყების ჩახშობის შემდეგ შინ დაბრუნებულ დავითს შეეგება. დავითს მეფიბოშეთიც შეეგება, მშვიდობით დაბრუნება მიულოცა და აცნობა, როგორ მოატყუა ის ციბამ და ცილი დასწამა. მაშინ დავითმა გადაწყვიტა, რომ ქონება მეფიბოშეთსა და ციბას უნდა გაეყოთ. მაგრამ მეფიბოშეთმა განაცხადა: „სულ მისი [ციბასი] იყოს, რაკი მეფე-ბატონი მშვიდობით დაბრუნდა სახლში“ (2სმ. 19:17, 24—30).