ასწავლეთ შვილებს
გიგრძნია ოდესმე თავი გარიყულად?
გარიყული შეიძლება ეწოდოს ადამიანს, რომელსაც სხვები თავიანთ წრეში არ იღებენ. ადამიანი შეიძლება გარიყონ განსხვავებული კანის ფერისა და ეროვნების ან განსხვავებული ქცევისა და საუბრის მანერის გამო. გიგრძნია თავი ოდესმე გარიყულად? ~a
მოდი, ახლა ვისაუბროთ ერთ კაცზე, რომელიც თავს ამგვარად გრძნობდა. მას ერქვა მეფიბოშეთი. ვინ იყო ის და რატომ გრძნობდა თავს გარიყულად? თუ ოდესმე შენც გიგრძნია თავი გარიყულად, მეფიბოშეთისგან ბევრ რამეს ისწავლი.
მეფიბოშეთი დავითის საუკეთესო მეგობრის, იონათანის, ვაჟი იყო. სანამ იონათანი ბრძოლაში დაიღუპებოდა, დავითს სთხოვა, რომ სიკეთე არ მოეკლო მისი ოჯახისთვის. გავიდა დრო და დავითი გამეფდა. რამდენიმე წლის მერე მას გაახსენდა იონათანის სიტყვები და მისი ვაჟი მეფიბოშეთი მოძებნა. ის ბავშვობაში დაუვარდათ და ფეხი იტკინა, რის გამოც მთელი ცხოვრება კოჭლობდა. ხვდები, რატომ შეიძლება ეგრძნო მეფიბოშეთს თავი გარიყულად? ~
დავითს სურდა, რომ იონათანის ვაჟისთვის სიკეთე გაეკეთებინა. ამიტომ იერუსალიმთან ახლოს მას სახლი მისცა და უთხრა, რომ მუდამ სამეფო სუფრაზე შეჭამდა პურს. ციბა თავისი ვაჟებითა და მსახურებითურთ დავითმა მეფიბოშეთს დაუყენა მსახურად. დავითმა, ნამდვილად, დიდი სიკეთე გაუკეთა იონათანის ვაჟს. იცი, რა მოხდა შემდეგ? ~
ერთხელ დავითს ოჯახში პრობლემები შეექმნა. მისმა ერთ-ერთმა ვაჟმა, აბესალომმა, მეფობა მოისურვა და მამას დაუპირისპირდა. თავის გადასარჩენად დავითი იძულებული გახდა, სახლიდან გაქცეულიყო. მისმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ სამეფო ტახტი დავითს ეკუთვნოდა, ამიტომ მეფეს გაჰყვნენ. მათთან ერთად მეფიბოშეთსაც სურდა წასვლა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან სიარული უჭირდა.
ციბამ დავითს უთხრა, რომ მეფიბოშეთს მეფობა სურდა და ამიტომ დარჩა იერუსალიმში. დავითმა დაიჯერა ეს ტყუილი და მეფიბოშეთის მამულები ციბას მისცა. მალე დავითმა აბესალომი დაამარცხა და იერუსალიმში დაბრუნდა. ახლა დავითმა პირადად მეფიბოშეთს ჰკითხა დარჩენის მიზეზი. სიმართლის გაგების შემდეგ დავითმა გადაწყვიტა, ციბასთვის მიცემული მამულების ნახევარი მეფიბოშეთისთვის დაებრუნებინა. შენი აზრით, როგორ მოიქცა მეფიბოშეთი? ~
მეფიბოშეთს არ დაუჩივლია, რომ დავითი უსამართლოდ მოექცა. მან იცოდა, რომ მეფეს სიმშვიდე სჭირდებოდა, რათა ქვეყანა კარგად ემართა. ამიტომ მეფეს უთხრა, რომ მამულები არ აინტერესებდა და ციბას შეეძლო ყველაფერი თავისთვის დაეტოვებინა. მეფიბოშეთისთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა იმას ჰქონდა, რომ სამეფო ტახტზე კვლავ იეჰოვას მსახური, დავითი, იჯდა.
მეფიბოშეთმა მრავალი ტანჯვა გადაიტანა. ის ხშირად გრძნობდა თავს გარიყულად. მაგრამ იეჰოვას უყვარდა და ზრუნავდა მასზე. რას ვსწავლობთ აქედან? ~ მაშინაც კი, როცა სწორად ვიქცევით, ვიღაცამ შეიძლება ცილი დაგვწამოს. იესომ თქვა: „თუ ქვეყნიერებას სძულხართ, იცით, რომ თქვენზე ადრე მე შემიძულა“. იესო არა მარტო შეიძულეს, არამედ მოკლეს კიდეც. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ, თუ სწორად ვიქცევით, ჭეშმარიტი ღმერთი, იეჰოვაც შეგვიყვარებს და მისი ძეც.
წაიკითხე შენს ბიბლიაში
a ბავშვთან ამ სტატიის კითხვის დროს ტილდასთან პაუზა გააკეთეთ და მას თავისი აზრი გამოათქმევინეთ.