შეუძლია თუ არა ამ ვახშამს გააჩნდეს შენთვის მნიშვნელობა?
სავსე მთვარე მკრთალი სინათლით ავსებს დედამიწას. ძველ იერუსალიმში, ერთ-ერთი სახლის ზედა ოთახში, შეიკრიბა 12 მამაკაცი. თერთმეტი აღფრთოვანებით ისმენს, თუ მათი მოძღვარი როგორ წარმოთქვამს დიდი მნიშვნელობის მქონე სიტყვებს და როგორ აწესებს არაჩვეულებრივად მნიშვნელოვან დღესასწაულს. ერთ მონათხრობში ნათქვამია:
„აიღო იესომ პური, აკურთხა, დაამტვრია, მისცა მოწაფეებს და თქვა: აიღეთ, ჭამეთ; ეს ჩემი სხეულია. აიღო სასმისი, მადლობდა და მისცა მათ უთხრა: ყველამ დალიეთ აქედან, ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი (ახალი) აღთქმისა, მრავალთათვის რომ იღვრება ცოდვების მისატევებლად. და მე გეუბნებით: ამიერიდან აღარ დავლებ ვაზის ამ ნაყოფისაგან იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად დავლევ მას, ახალს ჩემი მამის სასუფეველში. იგალობეს და წავიდნენ ზეთისხილის მთაზე“ (მათე 26:26–30).
ეს მოხდა მზის ჩასვლის შემდეგ ჩვენი ერის 33 წელს, ებრაული კალენდრის მიხედვით, ნისანად წოდებული თვის მე-14 დღეს. იესომ თავის მოციქულებთან ერთად სულ ახლახანს იზეიმა პასექი, რომელიც ეგვიპტის მონობისაგან ისრაელის გათავისუფლების აღსანიშნავად დაწესებული იყო ჩვენს ერამდე XVI საუკუნეში. ქრისტემ გაუშვა იუდა ისკარიოტელი, რომელიც აპირებდა მის გაცემას. ამ მომენტიდან იესოსთან იმყოფებოდა მხოლოდ მისი 11 ერთგული მოციქული.
ეს ვახშამი არ იყო იუდეველთა პასექის გაგრძელება. არამედ რაღაც ახალი და მას ეწოდა უფლის საღამო. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით იესომ უთხრა თავის მიმდევრებს: „ეს გააკეთეთ ჩემდა მოსაგონებლად“ (ლუკა 22:19, 20; 1 კორინთელთა 11:24–26). რატომ თქვა მან ეს? ამ გარდასული დროის მოვლენას რანაირად შეუძლია გააჩნდეს შენთვის მნიშვნელობა?