მეფე ბილწავს იეჰოვას საწმიდარს
„თავისი ღმერთის მცოდნე ხალხი. . . მტკიცედ დადგება“ (დანიელი 11:32).
ორმა მოწინააღმდეგე მეფემ არ შეწყვიტა უმაღლესი ხელისუფლებისთვის სასტიკი ბრძოლა. ხან ერთი, ხან მეორე აღწევდა გამარჯვებას ხელისუფლებისათვის ბრძოლაში, რომელიც ორი ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. დღეს ამ ბრძოლის გავლენაში მოექცა დედამიწის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი და ის განსაცდელს უქმნის ღმერთის ხალხის ერთიანობას. ის ორივე ხელისუფლისთვის მოულოდნელი მოვლენებით ბოლოვდება. ეს დრამატული ისტორიული მოვლენები თვალნათლივ იყო ნაჩვენები ძველი დროის წინასწარმეტყველი დანიელისთვის (დანიელი მე-10 — მე-12 თავები).
2 წინასწარმეტყველება, რომელიც ეხება ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეებს შორის მიმდინარე ბრძოლას, დაწვრილებით არის განხილული წიგნში „იყოს ნება შენი დედამიწაზე“a (ინგლ). ამ წიგნში ნაჩვენებია, რომ ჩრდილოეთის მეფე თავდაპირველად იყო სირია, რომელიც მდებარეობდა ისრაელის ჩრდილოეთით. შემდეგ ძალაუფლება აიღო რომმა. თავიდან სამხრეთის მეფე იყო ეგვიპტე.
კონფლიქტი ბოლო დროს
3 ანგელოზმა, რომელმაც დანიელს გამოუცხადა ეს ყველაფერი, უთხრა: „შენ კი, დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე. მრავალნი შეისწავლიან და მოიმატებს ცოდნა“ (დანიელი 12:4). დიახ, წინასწარმეტყველება უნდა შესრულებულიყო ბოლო დროს — იმ პერიოდში, რომელიც დაიწყო 1914 წელს. ამ დანიშნული დროის განმავლობაში მრავალს უნდა ‘შეესწავლა’ საღვთო წერილი და სულიწმიდის დახმარებით, ჭეშმარიტი ცოდნა, ბიბლიის წინასწარმეტყველებების ჩათვლით, უნდა მომატებულიყო (იგავნი 4:18). დანიშნული დროის განმავლობაში რაც დრო გადის, უფრო და უფრო ნათელი ხდება დანიელის წინასწარმეტყველებების დეტალები. მაშინ როგორ უნდა გავიგოთ წინასწარმეტყველებები ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეების შესახებ ახლა, 1993 წელს, წიგნის „იყოს ნება შენი დედამიწაზე“ გამოქვეყნებიდან 35 წლის გასვლის შემდეგ?
4 უკანასკნელი დროის დასაწყისი 1914 წელს აღინიშნა პირველი მსოფლიო ომის დაწყებითა და სხვა მსოფლიო უბედურებებით, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო იესოს მიერ (მათე 24:3, 7, 8). შეგვიძლია თუ არა ამ წლის განსაზღვრა დანიელის წინასწარმეტყველებიდან? დიახ. უკანასკნელი დროის დასაწყისი არის ‘დათქმული დრო’, რომელიც მოხსენიებულია დანიელის 11:29-ში (იხილე „იყოს ნება შენი დედამიწაზე“, გვერდები 269, 270). ეს ის დრო იყო, რომელიც უკვე დათქვა იეჰოვამ დანიელის დღეებში, რომელიც დადგა 2 520 წლის ბოლოს და რომელიც აღნიშნავდა საყურადღებო წინასწარმეტყველურ მოვლენებს დანიელის მე-4 თავიდან.
5 ეს 2 520 წელი, დაწყებული ძველი წელთაღრიცხვით 607 წლიდან (როცა დანიელი ყმაწვილი იყო), იერუსალიმის დანგრევიდან, 1914 წლამდე, იწოდება ‘წარმართთა ჟამად’ (ლუკა 21:24). რომელი პოლიტიკური მოვლენები უნდა ყოფილიყო ამ პერიოდის დასრულების აღმნიშვნელი? ანგელოზმა უჩვენა ეს დანიელს. მან უთხრა: „დათქმულ დროს კვლავ გაილაშქრებს სამხრეთზე, მაგრამ ამჯერად ეს ლაშქრობა პირვანდელის მსგავსი არ იქნება“ (დანიელი 11:29).
მეფე აგებს ომს
6 ჩრდილოეთის მეფის სახით 1914 წელს ძალაუფლება აიღო გერმანიამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა კაიზერი ვილჰელმ II („კაიზერი“ მომდინარეობს რომაული ტიტულიდან „კეისარი“). ევროპაში საომარი მოქმედების დაწყება კიდევ ერთი დაპირისპირება იყო ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეებს შორის. ეს უკანასკნელი, ანუ სამხრეთის მეფე გახდა დიდი ბრიტანეთი, რომელმაც სწრაფად შეცვალა ეგვიპტე, სამხრეთის მეფის პირველი სამფლობელო. სანამ ომი გრძელდებოდა ბრიტანეთი გაერთიანდა თავის ყოფილ კოლონიასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. სამხრეთის მეფე გახდა ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელი, ისტორიაში ყველაზე მძლავრი იმპერია.
7 ორ მეფეს შორის წინა კონფლიქტში, რომის იმპერია, როგორც ჩრდილოეთის მეფე ზედიზედ იმარჯვებდა. ამჯერად ‘ეს ლაშქრობა პირვანდელის მსგავსი არ იყო’. რატომ? იმიტომ რომ, ჩრდილოეთის მეფემ წააგო ომი. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ „ქითიმის ხომალდები“ წამოვიდნენ ჩრდილოეთის მეფის წინააღმდეგ (დანიელი 11:30). რა გემები იყო ეს? დანიელის დროს ქითიმი იყო კვიპროსი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ბრიტანეთის მიერ იყო ანექსირებული. უფრო მეტიც, „ზონდერვანის ილუსტრირებული ბიბლიური ენციკლოპედიის“ (The Zondervan Pictorial Encyclopedia of the Bible) თანახმად, სახელწოდება ქითიმი „ვრცელდება მთელ დასავლეთზე, მაგრამ განსაკუთრებით საზღვაოსნო დასავლეთზე“. „ახალი საერთაშორისო თარგმანი“ (New International Version) ‘ქითიმის ხომალდებს’ მოიხსენიებს, როგორც „დასავლეთის სანაპიროზე მდებარე ქვეყნების გემებს“. პირველი მსოფლიო ომის დროს ქითიმის გემები აღმოჩნდა ბრიტანეთის გემები, რომლებიც განლაგებული იყო ევროპის დასავლეთ სანაპიროზე. მოგვიანებით ინგლისის სამხედრო საზღვაო ძალები გაძლიერდა, ვინაიდან მას შემოუერთდა დასავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკის გემები.
8 ასეთი იერიშის შედეგად ჩრდილოეთის მეფე ‘დაფრთხა’ და 1918 წელს აღიარა დამარცხება. მაგრამ ეს არ იყო საბოლოო განადგურება. „მერე გაბრუნდება და გაშმაგდება წმიდა აღთქმაზე და [წარმატებით, აქ] ამოქმედდება. დაბრუნდება და ყურადღებას მიაპყრობს წმიდა აღთქმის მიმტოვებელთ“ (დანიელი 11:30). ასე იწინასწარმეტყველა ანგელოზმა და ასეც მოხდა.
მეფე წარმატებით მოქმედებს
9 ომის შემდეგ, 1918 წელს ანტანტამ გერმანიას თავს მოახვია დამსჯელი სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც, როგორც ჩანს, გათვალისწინებული იყო იმისთვის, რომ გერმანელი ხალხი ნახევრად შიმშილობის მდგომარეობაში ყოფილიყო განუსაზღვრელი დროის განმავლობაში. ამის შედეგად, რამდენიმე წლის დაუძლეველი, უკიდურესი გაჭირვების შემდეგ გერმანია მზად იყო ადოლფ ჰიტლერის აღსაზევებლად. მან უმაღლეს ძალაუფლებას მიაღწია 1933 წელს და დაუყოვნებლივ სასტიკ იერიშზე გადავიდა ‘წმიდა აღთქმის’ წინააღმდეგ, რომელიც წარმოდგენილი იყო იესო ქრისტეს ცხებული ძმებით. ამჯერად მისი მოქმედება ამ ერთგული ქრისტიანების წინააღმდეგ წარმატებული იყო, ის სასტიკად დევნიდა მრავალ მათგანს.
10 ჰიტლერმა გააუმჯობესა ეკონომიკური და დიპლომატიური მდგომარეობა, ის ამ სფეროშიც წარმატებით მოქმედებდა. რამდენიმე წელიწადში ‘წმიდა აღთქმის მიმტოვებლების’ დახმარებით მან გერმანია ისეთი ძლევამოსილი გახადა, რომ გერმანიას ანგარიშს უწევდნენ. ვინ იყვნენ ეს ‘აღთქმის მიმტოვებლები’ ? როგორც ჩანს, ესენი იყვნენ ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ღმერთთან შეთანხმებულად მოქმედებდნენ, მაგრამ უკვე დიდი ხანი იყო, შეწყვეტილი ჰქონდათ იესო ქრისტეს მოწაფეობა. ჰიტლერის მიმართვა ‘წმიდა აღთქმის მიმტოვებლებისადმი’ მხარდაჭერის მიღების მიზნით წარმატებული იყო. რომის პაპმა დადო კონკორდატი მასთან და რომის კათოლიკური ეკლესია, ისევე როგორც გერმანიის პროტესტანტული ეკლესია ყოველმხრივ უჭერდა მხარს ჰიტლერს მისი 12-წლიანი ტერორისტული ბატონობის განმავლობაში.
11 ჰიტლერი იმდენად წარმატებული იყო, რომ, როგორც ანგელოზმა იწინასწარმეტყველა, წამოიწყო ომი. „წარმოდგება მისგან ლაშქარი და შელახავენ საწმიდარს; ციხე-სიმაგრეს და შეწყვეტენ მუდმივ შესაწირავს“ (დანიელი 11:31ა). ძველ ისრაელში საწმიდარი იყო იერუსალიმის ტაძრის ნაწილი. მაგრამ, როცა იუდეველებმა უარყვეს იესო, იეჰოვამ უარყო ისინიც და მათი ტაძარიც (მათე 23:37—24:2). პირველი საუკუნიდან იეჰოვას ტაძარი სინამდვილეში არის სულიერი, წმიდათა წმიდით ცაში და სულიერი შიდა ეზოთი დედამიწაზე, სადაც მსახურობენ მღვდელმთავარ იესოს ცხებული ძმები. 1930 წლიდან უამრავი ხალხი თაყვანისცემაში გაერთიანებულია ცხებულთა დარჩენილ ნაწილთან; ამიტომ მათ შესახებ ნათქვამია, რომ ისინი მსახურობენ ‘ღვთის ტაძარში’ (გამოცხადება 7:9, 15; 11:1, 2; ებრაელთა 9:11, 12, 24). ტაძრის დედამიწაზე არსებული შიდა ეზო წაბილწული იყო ცხებულთა დარჩენილი ნაწილისა და მათი თანამოაზრეების სასტიკი დევნით იმ ქვეყნებში, სადაც ძალაუფლებას ჩრდილოეთის მეფე ფლობდა. დევნა იმდენად მკაცრი იყო, რომ მუდმივი შესაწირავი — იეჰოვას სახელისადმი ხოტბის შესხმის საჯარო მსხვერპლი — შეწყდა (ებრაელთა 13:15). მაგრამ ისტორიამ ცხადყო, რომ საშინელი წამების მიუხედავად, ერთგულმა ცხებულმა ქრისტიანებმა ‘სხვა ცხვრებთან’ ერთად ქადაგება იატაკქვეშ გააგრძელეს (იოანე 10:16).
‘გატიალების სიბილწე’
12 როცა მეორე მსოფლიო ომის დასასრული ახლოს იყო, მოხდა შემდეგი რამ. ისინი „გატიალების სიბილწეს დაამყარებდნენ“ (დანიელი 11:31ბ). ეს ‘გატიალების სიბილწე’, რომელსაც იესოც მოიხსენიებს, უკვე ცნობილი იყო, როგორც ერთა ლიგა, მუქი წითელი მხეცი, რომელიც „გამოცხადების“ თანახმად უფსკრულში ჩავიდა (მათე 24:15; გამოცხადება 17:8; იხილე „სინათლე“, წიგნი მეორე, გვერდი 94, [ინგლ.] ). ეს მოხდა მაშინ, როცა დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. მაგრამ 1942 წელს იეჰოვას მოწმეთა „ახალი ქვეყნიერების თეოკრატიულ კონგრესზე“ საგუშაგშო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მესამე პრეზიდენტმა ნეითან ჰ. ნორმა განიხილა მე-17 თავში მოცემული წინასწარმეტყველება და აღნიშნა, რომ მხეცი კვლავ ამოვიდოდა უფსკრულიდან.
13 ისტორიამ დაადასტურა ამ სიტყვების ჭეშმარიტება. 1944 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე დუმბარტონ-ოქსის ვილაში (შეერთებული შტატები) დაიწყო მუშაობა ორგანიზაციის წესდებაზე, რომლისთვისაც უნდა ეწოდებინათ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. წესდება მიღებული იყო 51 ქვეყნის მიერ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩათვლით და 1945 წლის 24 ოქტომბერს, როცა ის ძალაში შევიდა, გამქრალი ერთა ლიგა, ფაქტიურად, უფსკრულიდან ამოვიდა.
14 ორივე მსოფლიო ომის განმავლობაში სამხრეთის მეფის ძირითადი მტერი იყო გერმანია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის ერთი ნაწილის წყობა შეიცვალა, რათა გამხდარიყო სამხრეთის მეფის მოკავშირე. მაგრამ მეორე ნაწილი შეუერთდა სხვა ძლევამოსილ იმპერიას. კომუნისტური ბლოკი, რომლის შემადგენლობაშიც ახლა გერმანიის ნაწილი შედიოდა, ჩადგა ინგლის-ამერიკის ალიანსის სასტიკ ოპოზიციაში და ორ მეფეს შორის მეტოქეობა ცივ ომში გადაიზარდა (იხილე „იყოს ნება შენი დედამიწაზე“, გვერდები 264–284).
მეფე და აღთქმა
15 იმ დროს ანგელოზი ამბობდა: „პირფერობით მიიმხრობს აღთქმის ავისმყოფელთ“ (დანიელი 11:32ა). ვინ არიან ის პირები, რომლებიც აღთქმის წინააღმდეგ ბოროტად მოქმედებენ? და ისევ, ისინი შეიძლება იყვნენ ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები, რომლებიც საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ, მაგრამ მათი საქმეები ბილწავს თვით ქრისტიანის სახელს. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში „საბჭოთა მთავრობა სამშობლოს დაცვის მიზნით შეეცადა ეკლესიისგან მიეღო შეპირება მატერიალური და მორალური დახმარების შესახებ“ (ვოლტერ კოლარზის „რელიგია საბჭოთა კავშირში“ [Religion in the Soviet Union]). ომის შემდეგ ჩრდილოეთის მეფის ათეისტური პოლიტიკის მიუხედავად, ეკლესიის ხელმძღვანელები შეეცადნენ შეენარჩუნებინათ ეს მეგობრობაb. ამგვარად, ქრისტიანული სამყარო უფრო მეტად ჩაეფლო ქვეყნიერებაში, ის ღმერთისთვის გახდა საძაგელი განდგომილი (იოანე 17:14; იაკობი 4:4).
16 რა შეიძლება ითქვას ჭეშმარიტ ქრისტიანებზე? „ღმერთის მცოდნე ხალხი კი მტკიცედ დადგება და იმოქმედებს. გაბრძნობილი ხალხი მრავალთ შთააგონებენ, თუმცა მათ ერთხანს შეაჭირვებს მახვილი, ცეცხლი, ტყვეობა და ძარცვა“ (დანიელი 11:32ბ, 33). ქრისტიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩრდილოეთის მეფის ქვეშევრდომობით, ამ ხნის განმავლობაში სათანადოდ ‘ემორჩილებოდნენ უმაღლეს ხელმწიფებას’, მაგრამ არ იყვნენ ამ ქვეყნიერების ნაწილი (რომაელთა 13:1; იოანე 18:36). როცა გულმოდგინედ უხდიდნენ კეისრისას კეისარს, ისინი ასევე აძლევდნენ ‘ღვთისას — ღმერთს’ (მათე 22:21). ამიტომ, ამით მათი პატიოსნების შემოწმება ხდებოდა (2 ტიმოთე 3:12).
17 რა იყო შედეგი? მათ ‘ჭირი ჰქონდათ’ და ‘გამაგრდნენ’. მათ ჭირი ჰქონდათ იმ გაგებით, რომ დევნიდნენ და აწამებდნენ, ზოგიერთი მოკლეს კიდეც. მაგრამ ისინი გამაგრდნენ იმ გაგებით, რომ მათი უმეტესობა ერთგული დარჩა. დიახ, მათ, როგორც იესომ, სძლიეს წუთისოფელს (იოანე 16:33). უფრო მეტიც, მათ არასდროს მიუტოვებიათ ქადაგება, მაშინაც კი როცა ხვდებოდნენ ციხეში ან საკონცენტრაციო ბანაკებში. ასეთი მოქმედებით მათ ‘მრავალს შთააგონეს’. დევნის მიუხედავად, უმრავლეს ქვეყნებში, სადაც მმართველობდა ჩრდილოეთის მეფე, იეჰოვას მოწმეთა რიცხვი იზრდებოდა. ამ ‘გაბრძნობილი ხალხის’ ერთგულებით, ამ ქვეყნებში გაჩნდა ‘უამრავი ხალხის’ მზარდი რიცხვი (გამოცხადება 7:9–14).
18 როცა ლაპარაკობდა ღმერთის ხალხის დევნაზე ანგელოზმა იწინასწარმეტყველა: „როდესაც გაუჭირდებათ, მცირეოდენ შეწევნას მიიღებენ“ (დანიელი 11:34ა) როგორ მოხდა ეს? ჯერ ერთი, მეორე მსოფლიო ომში სამხრეთის მეფის ტრიუმფმა დიდი შემსუბუქება მოუტანა ქრისტიანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ამ მეტოქე-მეფის ქვეშევრდომობით (შეადარე გამოცხადება 12:15, 16). ამის შემდეგ, ჩრდილოეთის ახალი მეფისგან დევნას დაქვემდებარებულნი დრო და დრო შემსუბუქებას გრძნობდნენ, და როცა ცივი ომის საშიშროება მოიხსნა, მრავალმა პოლიტიკურმა ლიდერმა გაიგო, რომ ერთგული ქრისტიანები საშიშნი არ არიან და მათი ორგანიზაცია ოფიციალურად აღიარესc. აგრეთვე დიდი დახმარება მოვიდა უამრავი ხალხის მზარდი რიცხვისაგან, რომელიც გამოეხმაურა ცხებულთა თავგამოდებულ ქადაგებას და დაეხმარა მათ, როგორც აღწერილია მათეს 25:34–40-ში.
ღმერთის ხალხის განწმენდა
19 ყველას, ვინც კი გამოავლინა ღმერთის სამსახურისადმი ინტერესი, არ ჰქონდა კარგი მოტივები. ანგელოზი იძლეოდა გაფრთხილებას: „მრავალი მიემხრობა მათ თვალთმაქცურად. ზოგიერთი გაბრძნობილთაგან გასაჭირში ჩავარდება, რათა გამოიბრძმედოს, განიწმიდოს და განსპეტაკდეს უკანასკნელ ჟამამდე, რადგან ჯერ კიდევ არის დრო“d (დანიელი 11:34ბ, 35). ზოგიერთი ავლენდა ჭეშმარიტებისადმი ინტერესს, მაგრამ არ იყო განწყობილი, ნამდვილად მიეძღვნა თავი ღმერთისადმი მსახურებისთვის. სხვები, რომლებმაც მოჩვენებით მიიღეს კეთილი ცნობა, სინამდვილეში ხელისუფლებისგან მოგზავნილი ჯაშუშები იყვნენ. ერთ-ერთი ქვეყნის მოხსენებაში ნათქვამია: „ამ უპრინციპო პიროვნებათაგან ზოგიერთი აღიარებული კომუნისტი იყო, რომლებიც უფლის ორგანიზაციაში შემოიპარნენ, გამოავლინეს მოჩვენებითი გულმოდგინება და საპასუხისმგებლო სამსახურებრივ თანამდებობებზეც კი იყვნენ დანიშნული“.
20 ეს შემოპარულები გახდნენ ზოგიერთი ერთგული პიროვნების მმართველთა ხელში ჩავარდნის მიზეზი. რატომ დაუშვა იეჰოვამ ასეთი რამ? განწმენდისთვის, გასუფთავებისთვის. როგორც იესომ „ტანჯვის მეოხებით ისწავლა მორჩილება“, ასევე ამ ერთგულმა ადამიანებმა თავიანთი რწმენის გამოცდით ისწავლეს მოთმინება (ებრაელთა 5:8; იაკობი 1:2, 3; შეადარე მალაქია 3:3). ამგვარად, ისინი არიან ‘გამობრძმედილი, განწმედილი. . . და გასპეტაკებული’. დიდი სიხარული ელოდება ასეთ ერთგულ პირებს დანიშნული დროის მოსვლისას, როცა მათი მოთმინება დაჯილდოებული იქნება. ეს ნათელი გახდება, როცა უფრო მეტად გავარჩევთ დანიელის წინასწარმეტყველებას.
[სქოლიოები]
a გამოიცა საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ (ნიუ-იორკი), 1958 წელს გამოქვეყნდა ინგლისურ ენაზე და გამოცხადდა იეჰოვას მოწმეთა საერთაშორისო კონგრესზე „ღვთიური ნება“.
b „მსოფლიო პრესის მიმოხილვის“ (World Press Review) 1992 წლის ნოებრის ნომერში დაიბეჭდა სტატია „ტორონტო სტარ“-იდან“ (The Toronto Star), რომელშიც ნათქვამი იყო: „უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში რუსებმა ქვეყნის ისტორიიდან დაინახეს, თუ ფაქტების წინაშე როგორ დაიმსხვრა წარსულში მრავალი ურყევი ილუზია. მაგრამ ყველაზე გამანადგურებელი დარტყმა იყო კომუნისტურ რეჟიმთან ეკლესიის თანამშრომლობის გამოაშკარავება“.
c იხილე 1991 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“ (ინგლ.).
d „უკანასკნელ ჟამამდე“ შეიძლება ნიშნავდეს გამოთქმას „უკანასკნელი დროის განმავლობაში“. სიტყვა აქ გადმოთარგმნილი სუფიქსით „მდე“ არის არმეულ ტექსტში დანიელის 7:25-ში და ნიშნავს სიტყვას „განმავლობაში“ ან სუფიქსს „თვის“-ს. ამ სიტყვას მსგავსი მნიშვნელობა აქვს ებრაულ ტექსტში: მეოთხე მეფეთა 9:22-ში, იობის 20:5-სა და მსაჯულნის 3:26-ში. მაგრამ დანიელის 11:35-ის უმრავლეს თარგმანებში ითარგმნება როგორც „მდე“ და თუ ეს სწორია, მაშინ „უკანასკნელი ჟამი“ აქ უნდა ნიშნავდეს ბოლო დროს ღმერთის ხალხის ამტანობას. (შეადარე „იყოს ნება შენი დედამიწაზე“, გვერდი 286 [ინგლ.]).
გახსოვს თუ არა?
◻ რატომ მოველით დღეს, რომ უნდა გვქონდეს დანიელის წინასწარმეტყველების უფრო ნათელი გაგება?
◻ როგორ განრისხდა ჩრდილოეთის მეფე და ‘მოქმედებდა წარმატებით’?
◻ მონის კლასის განჭვრეტის მიხედვით, როგორ გაჩნდა კვლავ ‘გატიალების სიბილწე’?
◻ როგორ იყო ცხებულთა დარჩენილი ნაწილი ‘შეჭირვებული, გაბრძნობილი’ და როგორ ‘მიიღო მცირეოდენი შეწევნა’?
[სასწავლო კითხვები]
1, 2. რა დრამატული კონფლიქტით აღინიშნება კაცობრიობის ისტორია 2 000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში?
3. ანგელოზის ნათქვამის თანახმად, როდის უნდა ჩასწვდომოდნენ ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეების შესახებ წინასწარმეტყველების მნიშვნელობას და როგორ?
4, 5. ა) ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეების შესახებ დანიელის წინასწარმეტყველებაში სად არის მოცემული 1914 წელი? ბ) ანგელოზის ნათქვამის თანახმად, რა უნდა მომხდარიყო 1914 წელს?
6. ათას ცხრაას თოთხმეტ წელს ვინ იყო ჩრდილოეთის და ვინ — სამხრეთის მეფე?
7, 8. ა) როგორ მოხდა, რომ პირველ მსოფლიო ომში მოვლენები ‘პირვანდელის მსგავსი არ იყო’? ბ) როგორი იყო პირველი მსოფლიო ომის შედეგი, მაგრამ წინასწარმეტყველების თანახმად, როგორი იყო ჩრდილოეთის მეფის რეაქცია?
9. რამ მიიყვანა ჰიტლერი აღზევებამდე და როგორი ‘წარმატებით’ მოქმედებდა ის?
10. მხარდაჭერის ძიებაში ვისი თანადგომა მოიპოვა ჰიტლერმა და რა იყო შედეგი?
11. ჩრდილოეთის მეფემ როგორ ‘წაბილწა საწმიდარი’ და როგორ ‘შეწყვიტა მუდმივი შესაწირავი’?
12, 13. რა იყო ‘გატიალების სიბილწე’ და როგორც განჭვრიტა ერთგულმა და გონიერმა მონამ, როდის და როგორ იქნებოდა ის აღდგენილი?
14. როდის და როგორ შეიცვალა ჩრდილოეთის მეფის ინდივიდუალობა?
15. ვინ არიან ‘აღთქმის ავისმყოფელნი’ და რა დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ჩრდილოეთის მეფესთან?
16, 17. ვინ არის „გაბრძნობილი ხალხი“ და როგორ ცხოვრობდნენ ისინი ჩრდილოეთის მეფის ქვეშევრდომობით?
18. რომელი ‘მცირეოდენი შეწევნა’ მიიღო ჩრდილოეთის მეფის ქვეშევრდომობით მცხოვრებმა ცხებულთა დარჩენილმა ნაწილმა?
19. ა) როგორ ‘მიემხრობოდა მრავალი მათ თვალთმაქცურად’? ბ) რა იგულისხმება გამოთქმაში „უკანასკნელ ჟამამდე“? (იხილე სქოლიო).
20. რატომ დაუშვა იეჰოვამ, რომ ზოგიერთი ერთგული ქრისტიანი ‘შეჭირვებულიყო’ თვალთმაქცების შემოპარვის გამო?