სად შეგიძლია საიმედო ხელმძღვანელობის პოვნა?
„ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს. დამსაჯე [გამომასწორე, აქ] უფალო“ (იერემია 10:23, 24).
ბიბლიის ერთ-ერთმა მწერალმა, იერემიამ, ეს სიტყვები დაწერა დაახლოებით 25 საუკუნის წინათ. კაცობრიობის სავალალო მდგომარეობა — მას შემდეგ, რაც ათასობით წლის განმავლობაში მისდევდა ადამიანთა ხელმძღვანელობას — ამტკიცებს ამ გამოთქმის უცილობელ სიზუსტეს. მაგრამ, შესაძლოა იკითხო: „სად შეიძლება იქნეს ნაპოვნი საიმედო ხელმძღვანელობა?“
ზემოთ ციტირებული მუხლები მიუთითებს უტყუარი ხელმძღვანელობისა და მითითებების წყაროზე, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ადამიანს, ადამიანის შემოქმედზე, იეჰოვა ღმერთზე. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენს შემოქმედზე უკეთესად არავინ იცის ადამიანის აგებულება და მისი საჭიროებები. მაგრამ, დაინტერესებულია თუ არა ღმერთი იმით, რომ უზრუნველგვყოს ასეთი ხელმძღვანელობითა და მითითებებით? როგორ აკეთებს ამას? გამოსაყენებელია თუ არა ეს ჩვენს დროში?
შექმნილნი ღვთიური სწავლების მისაღებად
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძირითადი სხვაობა ადამიანსა და ცხოველებს შორის მდგომარეობს ადამიანის ტვინის სტრუქტურაში, შესაძლებლობებსა და ფუნქციონირებაში. ცხოველთა ტვინის თითქმის ყველა ფუნქცია დაპროგრამებულია და ქმნის, ეგრეთ წოდებულ ინსტინქტურ სიბრძნეს. ადამიანებზე ამას ვერ იტყვი (იგავნი 30:24–28).
ცხოველთა ტვინისგან განსხვავებით, ადამიანის ტვინის მნიშვნელოვანი ნაწილი თავისუფალია ასეთი მყარი, დაფიქსირებული პროგრამებისგან. ღმერთმა დააჯილდოვა ადამიანი ნების თავისუფლების შესაძლებლობით, რომელიც ნებას რთავს მიიღოს ინტელექტუალური გადაწყვეტილებები და გამოამჟღავნოს აღმატებული თვისებები, როგორიცაა სიყვარული, სულგრძელობა, უანგარობა, სამართლიანობა და სიბრძნე.
ლოგიკურია კი ვიფიქროთ, რომ ღმერთი შექმნიდა ადამიანს ასეთი გონებრივი შესაძლებლობებით და არ მისცემდა ხელმძღვანელობასა და მითითებას, თუ როგორ შეიძლება უკეთესად ისარგებლოს მისით? ღმერთი პირადად ხელმძღვანელობდა პირველ ადამიანებს (დაბადება 2:15–17, 19; 3:8, 9). იმის შემდეგაც კი, როდესაც ადამიანმა ცოდვა ჩაიდინა, იეჰოვამ განაგრძო ერთგული მამაკაცებისა და ქალების დარიგება, განსაკუთრებით თავისი ინსპირირებული სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით (ფსალმუნი 118:105). ნების თავისუფლების ბრძნულად გამოყენება ნებას რთავს ადამიანებს, წარმატებით გადაწყვიტონ ყოველდღიური, ცხოვრებისეული პრობლემები.
ბიბლიის ღვთიური ავტორობა
რა ხდის ბიბლიას ხელმძღვანელობის საიმედო წყაროდ? უპირველესად, ის გვთავაზობს ინფორმაციას, რომლის გათვალისწინება მხოლოდ ღმერთს შეეძლო. ბიბლიაში აღწერილია ისტორიული შემთხვევები, რომლებიც ადამიანის შექმნამდე დიდი ხნის წინათ მიმდინარეობდა. მაგალითად, ის მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ იყო თანმიმდევრული ეტაპებით მომზადებული დედამიწა, სანამ ადამიანის საცხოვრებლად შესაფერისი გახდებოდა (დაბადება, თავები 1, და 2). მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ეს იყო ჩაწერილი ბიბლიაში 3 000-ზე მეტი წლის წინათ, ეს მონაცემები შეთანხმებულია თანამედროვე მეცნიერულ წარმოდგენასთან.
დიდი ხნით ადრე, სანამ კაცობრიობა საყოველთაოდ აღიარებდა, რომ დედამიწა მრგვალია, ბიბლიამ განაცხადა: „[ღმერთმა] განართხა ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაჰკიდა დედამიწა“ (იობი 26:7). გარდა ამისა, ბიბლია გვიჩვენებს, რომ „ის ზის მიწის კამარაზე [სფეროზე, აქ] და მისი მკვიდრნი კალიებს გვანან“ (ესაია 40:22). მხოლოდ ღმერთს, შემოქმედს შეეძლო, გადმოეცა ეს წვრილმანი.
ადამიანი არ იყო დაჯილდოებული მომავლის წინასწარ განჭვრეტის უნარით. ღმერთმა კი მომავლის შესახებ ბიბლიის გვერდებზე იწინასწარმეტყველა. ინსპირირებულმა წინასწარმეტყველმა ესაიამ დაწერა ღმერთის სახელით: „მე ღმერთი ვარ და არ არის სხვა ღმერთი, არავინაა ჩემი მსგავსი. დასაბამითვე ვაცხადებ მომავალს და ძველიდანვე, რაც ჯერ არ მომხდარა“ (ესაია 46:9, 10).
ბიბლიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია საოცარი სიზუსტით დასაბამიდანვე იწინასწარმეტყველოს შედეგი. მაგალითად, მან იწინასწარმეტყველა კაცობრიობის ისტორიის ათასობით წლის განმავლობაში მთავარი მსოფლიო მპყრობელების აღზევება, დაცემა და დამახასიათებელი თვისებები. ეს შესანიშნავი წინასწარმეტყველებები შესრულებამდე მრავალი საუკუნის წინ, ზოგიერთ შემთხვევაში კი ათასობით წლის წინ იყო დაწერილი. ამრიგად, ბიბლია ზუსტად წინასწარმეტყველებს დღევანდელ შემთხვევებს, ისევე, როგორც მათ საბოლოო შედეგს. ბიბლია უნიკალურია, ასევე, იმიტომ, რომ მიუთითებს არმაგედონში გადარჩენის გზას, ‘ყოვლისმპყრობელი ღმერთის ამ დიდი დღის ომში’, ადამიანთა არასრულყოფილი მთავრობების განადგურების დროს. ამ დიდებულ მოქმედებას ასრულებს ღმერთის სამეფო, რომელსაც ღმერთის ძე, იესო ქრისტე ხელმძღვანელობს (გამოცხადება 16:14, 16; 17:9–18; დანიელი, თავები მე-2, მე-8).
ყოველთვის სასიკეთო — არასდროს საზიანო
ადამიანთა სიბრძნე არასრულყოფილია; ამიტომ, ადამიანისგან გამომდინარე რჩევა არ არის ყოველთვის სასიკეთო, თუმცა შესაძლებელია, რომ კეთილი განზრახვებიდან გამომდინარეობს. ბიბლიის რჩევებზე ასე ვერ იტყვი. თვით ღმერთმა თქვა: „მე ვარ უფალი . . . დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი. ნეტავ ყურადგეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით — შენი სიმართლე“ (ესაია 48:17, 18).
ღვთიური ხელმძღვანელობა გვეხმარება, დავადგინოთ პრიორიტეტი და მივყვეთ ცხოვრებაში უმაღლეს ფასეულობებს. მაშინაც, როცა თანამედროვე საზოგადოება ხაზს უსვამს მატერიალურ მიღწევებსა და მიზნებს, ბიბლია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რამდენად ძვირფასია ჩვენთვის ‘ვუყუროთ არა ხილულს, არამედ უხილავს, ვინაიდან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი — საუკუნო’ (2 კორინთელთა 4:18). ამრიგად, ჩვენ ვმხნევდებით, გვქონდეს საუკეთესო მიზნები ცხოვრებაში, კერძოდ კი, ღმერთის ნების შესრულებასთან დაკავშირებული სულიერი მიზნები, რომელთაგანაც საბოლოო მიზანია — მარადიული ცხოვრება სამართლიან ახალ სისტემაში.
იმ დროს, როდესაც ქრისტიანი ცდილობს მისდიოს ამ ამაღლებულ მიზნებს, ბიბლიური რჩევა ეხმარება, იცხოვროს იმ საუკეთესო ცხოვრებით, რომელიც შესაძლებელია ამ ბოროტ სისტემაში. თანამედროვე ადამიანების სიბრძნე მიდრეკილია განავითაროს მისწრაფება ფილოსოფიისაკენ — იმუშაო, რაც შეიძლება ნაკლები, მიიღო, რაც შეიძლება მეტი. სხვა მხრივ, ბიბლია გვეუბნება, რომ „ზარმაცი ხელი აღარიბებს, ხოლო გამრჯეთა ხელი ამდიდრებს“. მოციქულმა პავლემ მისწერა ებრაელ ქრისტიანებს: „დარწმუნებულნი ვართ, რომ გვაქვს კეთილი სინდისი და გვსურს ყველაფერში კარგად ვიქცეოდეთ“ (იგავნი 10:4; ებრაელთა 13:18).
აგრეთვე, ბიბლია გვაძლევს პრაქტიკულ რჩევას, თუ როგორ მოვაწყოთ ოჯახური ცხოვრება. ბიბლია განსაკუთრებულ ადგილს უთმობს ქმრის და ცოლის როლს ქორწინებაში, ასევე, ბავშვების აღზრდისა და განათლების სწორ მეთოდს. ბიბლია ამბობს: „ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. . . ხოლო ცოლსაც ეშინოდეს ქმრის [ღრმა პატივი სცეს ქმარს, აქ]. დაემორჩილეთ, შვილებო, თქვენს მშობლებს. . . თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებით და დარიგებით“ (ეფესელთა 5:21–6:4). შემოქმედის ამაღლებული რჩევის მიყოლას უდიდესი წვლილი შეაქვს ოჯახის სიმტკიცესა და ბედნიერებაში.
უსაფრთხო მომავალი მათთვის, ვინც მიჰყვება ღმერთის ხელმძღვანელობას
ღმერთის სიტყვა, ბიბლია, მიუთითებს, რომ ღმერთს აქვს კაცობრიობის ყველა პრობლემის გადასაწყვეტი საშუალება. ძალიან მალე იეჰოვა ღმერთი გააუქმებს დღევანდელ სისტემას, რომელთანაც ერთად გაუქმდება ტკივილი, უსამართლობა და ტანჯვა და შეცვლის მას თავისი სამართლიანი ახალი სისტემით. ბიბლია აღწერს ამას 2 პეტრეს 3:7–10-ში და მე-13 მუხლში უმატებს: „ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცათა და ახალ დედამიწას, რომლებზეც დამკვიდრებულია სიმართლე“. ეს არის ყველაზე კეთილი ცნობა, რომელიც კი შეიძლება მიცემული იყოს კაცობრიობისთვის. ეს ზუსტად ის კეთილი ცნობაა, რომელსაც გვთავაზობს ბიბლია და რომელსაც იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ 200-ზე მეტ ქვეყანასა და ზღვის კუნძულებზე.
როდესაც მთელ დედამიწაზე შეასრულებენ ღმერთის ნებას, ადამიანთა მთელი ოჯახი ნახავს სარგებელს იმით, რომ მიჰყვება შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის შესანიშნავ ხელმძღვანელობას. აღარასდროს იქნება სიღარიბის, დანაშაულობისა და ნარკოტიკების პრობლემები. კაცობრიობას აღარ დაანაღვლიანებს ავადმყოფობები, სიბერე და სიკვდილი. ადამიანთა ოჯახი მიაღწევს სრულყოფილებას, რომელიც ღმერთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ აჯანყებამდე ჩვენს პირველ მშობლებს ჰქონდათ.
რაოდენ შესანიშნავად აჯამებს ბიბლიის ბოლო წიგნი ღვთიურ ხელმძღვანელობაზე დაიმედებულების ბედნიერ პირობებს! გამოცხადების 21:4, 5-ში ნათქვამია: „[ღმერთი] მოსწმენდს ყოველგვარ ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება; ვინაიდან პირველებმა გადაიარეს“. ჩვენი შემოქმედი გვაძლევს ამის გარანტიას, რადგან ამბობს: „აი, ვქმნი ყოველივეს ახალს“. ის უმატებს: „ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“.
თუ გვსურს მივიღოთ ეს კურთხევები, რას მოელის ღმერთი ჩვენგან? მოციქული პავლე ხსნის, თუ რაში შედგება ღმერთის ნება: „ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:4). იეჰოვას მოწმეები გულითადად გიწვევენ, ბიბლიის საფუძვლიანი სწავლით მიიღო ჭეშმარიტების ზუსტი შემეცნება. ღმერთის ნების გულმოდგინე შესწავლით, გამოცდილებიდან, შენც დარწმუნდები, რომ ღვთიური სიბრძნე არის ერთადერთი საიმედო ხელმძღვანელობა ამ სახიფათო დროში. ის ფაქტი, რომ დრო არ აყოვნებს, აღგვძრავს გადაუდებლად მივყვეთ ამ ხელმძღვანელობას!