ხელისუფლებისადმი სიხარულით აღსავსე მორჩილება
„თქვენ. . . გულით დაემორჩილეთ“ (რომაელთა 6:17).
1, 2. ა) როგორი სული იგრძნობა აშკარად დღეს ქვეყნიერებაში, რომელი წყაროდან გამომდინარეობს ის და რა გავლენას ახდენს? ბ) როგორ აჩვენებენ იეჰოვასადმი მიძღვნილი მსახურები, რომ განსხვავებულები არიან?
‘სული. . . ამჟამად ურჩ ძეებში რომ მოქმედებს’ დღეს აღმაშფოთებლად აშკარაა. ეს აღვირახსნილი დამოუკიდებლობის სულია, რომელიც გამომდინარეობს სატანისგან, ‘ჰაერში გაბატონებული მთავრისგან’. ეს სული, ეს ‘ჰაერი’, ანუ ეგოიზმისა და დაუმორჩილებლობის გაბატონებული პოზიცია, კაცობრიობის უმეტეს ნაწილზე ‘ბატონობს’. ეს არის მრავალ მიზეზთაგან ერთ-ერთი, რომლის გამო ქვეყნიერება ხელისუფლების, ეგრეთ წოდებულ, კრიზისს განიცდის (ეფესელთა 2:2).
2 საბედნიეროდ, დღეს იეჰოვასადმი მიძღვნილი მსახურები არ ავსებენ თავიანთ სულიერ ფილტვებს ამ გაბინძურებული ‘ჰაერით’, ანუ აჯანყების სულით. მათ იციან, რომ „ღმერთის რისხვა მოდის ურჩ ძეებზე“. მოციქული პავლე უმატებს: „ამიტომ ნუ იქნებით მათი თანამოზიარენი“ (ეფესელთა 5:6, 7). პირიქით, ჭეშმარიტი ქრისტიანები ცდილობენ ‘აღივსონ [იეჰოვას] სულით’ და ითვისებენ ‘ზეცით ჩამოსულ სიბრძნეს’, რომელიც „წმიდაა, და მერე — მშვიდი, თვინიერი, მორჩილი“ (ეფესელთა 5:17, 18; იაკობი 3:17, სსგ).
იეჰოვას უზენაესი ძალაუფლებისადმი მზადყოფნით მორჩილება
3. რა არის მზადყოფნით მორჩილების საფუძველი და როგორ დიდებულ გაკვეთილს გვაძლევს ისტორია?
3 მზადყოფნით მორჩილების საფუძველი არის კანონიერი ხელისუფლების აღიარება. კაცობრიობის ისტორია გვიჩვენებს, რომ იეჰოვას ძალაუფლების უარყოფას არ მოაქვს ბედნიერება. ასეთმა უარყოფამ არ მოუტანა ბედნიერება არც ადამსა და ევას, არც მათი აჯანყების წამქეზებელს, სატანა ეშმაკს (დაბადება 3:16–19). დღეს, დამცირებულ მდგომარეობაში მყოფი სატანა ‘დიდად გამძვინვარებულია’, რადგან იცის, რომ დრო ცოტა აქვს (გამოცხადება 12:12). კაცობრიობის, დიახ, მთელი სამყაროს მშვიდობა და ბედნიერება დამოკიდებულია იეჰოვას სამართლიანი ძალაუფლების საყოველთაო აღიარებაზე (ფსალმუნი 102:19–22).
4. ა) როგორი მორჩილება და დამჯერობა სურს იეჰოვას თავისი მსახურებისგან? ბ) რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებულები და როგორ გამოთქვა ეს ფსალმუნმომღერალმა?
4 მაგრამ, თავისი სასწაულებრივად გაწონასწორებული თვისებების გამო, იეჰოვას არ აკმაყოფილებს გულგრილი მორჩილება. დიახ, ის საოცრად ძლევამოსილია! მაგრამ, ის არ არის ტირანი. ის სიყვარულის ღმერთია და სურს, რომ თავისი გონიერი ქმნილებების მისადმი მზადყოფნით მორჩილება სიყვარულიდან გამომდინარეობდეს. ღმერთს სურს, რომ ისინი ემორჩილებოდნენ მის ძალაუფლებას, რადგან მთელი გულით აირჩიეს მისი სამართლიანი და კანონიერი ხელმძღვანელობის ქვეშევრდომებად ყოფნა და დარწმუნებულები არიან, რომ მისადმი მარადიულ მორჩილებაზე უკეთესი არაფერია. იეჰოვას სურს, ჰყავდეს თავის მსოფლიოში ისეთი ადამიანები, ვინც იზიარებს ფსალმუნმომღერლის გრძნობებს, რომელმაც დაწერა: „რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს. მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს. შიში უფლისა წმიდა არის, მარადიული. უფლის განსჯანი — ჭეშმარიტნი, მართალნი ერთობ“ (ფსალმუნი 18:8–10). თუ გვსურს, ვიცხოვროთ იეჰოვას ახალ ქვეყნიერებაში, ჩვენი პოზიცია იეჰოვას უზენაესი ძალაუფლების სიმართლისა და სამართლიანობის სრულ რწმენას უნდა ავლენდეს.
ჩვენი მეფისადმი სიხარულით აღსავსე მორჩილება
5. როგორ იყო დაჯილდოებული იესო თავისი დამჯერობის გამო და რას ვაღიარებთ მზადყოფნით?
5 თვითონ იესო ქრისტე, თავისი ზეციერი მამისადმი მორჩილების წუნდაუდებელი მაგალითია. ჩვენ ვკითხულობთ, რომ „[მან] დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, და ჯვარცმით სიკვდილამდე“. პავლე უმატებს: „ამიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მისცა მას ყველა სახელზე უმაღლესი სახელი. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს მუხლი ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და ქვესკნელისამ. და ყოველმა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად“ (ფილიპელთა 2:8–11). დიახ, ჩვენ სიხარულით ვიყრით მუხლს ჩვენი წინამძღოლისა და მმართველი მეფის, ქრისტე იესოს წინაშე (მათე 23:10).
6. როგორ გახდა იესო მოწმე და წინამძღოლი ხალხებისთვის და როგორ გაგრძელდება მისი „უფლობა“ დიდი ჭირის შემდეგ?
6 ქრისტეზე, როგორც ჩვენს წინამძღოლზე, იეჰოვამ იწინასწარმეტყველა: „აჰა, დავსვი ხალხების მოწმედ, ხალხების ბელადად და მბრძანებლად“ (ესაია 55:4). დედამიწაზე თავისი მსახურებითა და სიკვდილისა და აღდგენის შემდეგ ზეციდან სამქადაგებლო მოღვაწეობის ხელმძღვანელობით, იესომ აჩვენა, რომ ადამიანების წინაშე, ყველა ხალხიდან, წარმოადგენს თავისი მამის ‘ერთგულ და ჭეშმარიტ მოწმეს’ (გამოცხადება 3:14; მათე 28:18–20). დღეს ასეთი ხალხები წარმოდგენილი არიან ‘უამრავი ხალხის’ მზარდი რაოდენობით, რომლებიც ქრისტეს ხელმძღვანელობით გადაიტანენ ‘დიდ ჭირს’ (გამოცხადება 7:9, 14). მაგრამ, იესოს ხელმძღვანელობა ამით არ მთავრდება. მისი „უფლობა“ ათასი წელი გაგრძელდება. თავისი სახელის თანახმად, მორჩილი ადამიანებისთვის ის იქნება „საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი“ (ესაია 9:5, 6; გამოცხადება 20:6).
7. რა უნდა გავაკეთოთ ყველანაირი შეფერხების გარეშე, თუ გვსურს, რომ ქრისტე იესომ „სიცოცხლის წყლის წყაროებზე“ მიგვიყვანოს და რისთვის ვეყვარებით იესოსა და იეჰოვას?
7 თუ გვსურს, ვისარგებლოთ ‘სიცოცხლის წყლის წყაროებიდან’, სადაც ქრისტე იესოს გულმართალი ადამიანები მიჰყავს, ყველანაირი შეფერხების გარეშე, ჩვენი ყოფაქცევით უნდა დავამტკიცოთ, რომ სიხარულით ვემორჩილებით მის ხელმძღვანელობას, როგორც მეფის ხელმძღვანელობას (გამოცხადება 7:17; 22:1, 2; შეადარე ფსალმუნი 2:12). იესომ თქვა: „თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით. ვისაც ჩემი მცნებანი აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, და ვისაც მე ვუყვარვარ, შეყვარებული იქნება მამაჩემის მიერ. და მეც შევიყვარებ მას“ (იოანე 14:15, 21). გსურს თუ არა, უყვარდე იესოსა და მის მამას? მაშინ, დაემორჩილე მათ ხელმძღვანელობას.
ზედამხედველები სიხარულით ემორჩილებიან
8, 9. ა) რა ზომები მიიღო ქრისტემ კრების აღმშენებლობისთვის და რა მხრივ უნდა ყოფილიყვნენ ეს მამაკაცები სამაგალითონი სამწყსოსთვის? ბ) როგორ არის სიმბოლურად წარმოდგენილი ქრისტიანი ზედამხედველების მორჩილება წიგნში „გამოცხადება“ და როგორ უნდა ცდილობდნენ, რომ ჰქონდეთ „მორჩილი გული“, როცა სამართლებრივ საკითხებს განიხილავენ?
8 „ეკლესია [კრება, აქ] ემორჩილება ქრისტეს“. როგორც მისი ზედამხედველი, მან მისცა „ძღვენი ადამიანების სახით“ (აქ) კრების „აღმშენებლობისათვის“ (ეფესელთა 4:8, 11, 12; 5:24). ამ სულიერად უფროს მამაკაცებს მოუწოდებენ, რომ ‘მწყემსონ ღმერთის სამწყსო, რომელიც მათ შორისაა’, არ იყვნენ ‘[ღმერთის, აქ] მემკვიდრეობაზე დაუფლებულნი, არამედ მაგალითი იყვნენ სამწყსოსათვის’ (1 პეტრე 5:1–3). სამწყსო იეჰოვასია, ხოლო იესო არის „მწყემსი კეთილი“ (იოანე 10:14). რადგან ზედამხედველები მართებულად მოელიან ცხვრების მხრიდან მზადყოფნით თანამშრომლობას, რომლებზეც იეჰოვასა და ქრისტე იესოს დავალებით უნდა იზრუნონ, ისინი თვითონ უნდა წარმოადგენდნენ მორჩილების შესანიშნავ მაგალითს (საქმე 20:28).
9 პირველ საუკუნეში, ცხებული ზედამხედველები სიმბოლურად იყვნენ წარმოდგენილნი, როგორც ქრისტეს „მარჯვენა ხელში“, ანუ „მარჯვენაში“ მყოფი, რაც მიუთითებდა მისადმი, როგორც კრების თავისადმი, მათ მორჩილებას (გამოცხადება 1:16, 20; 2:1). დღესაც, იეჰოვას მოწმეთა კრებებში ზედამხედველები უნდა დაემორჩილონ იესოს ხელმძღვანელობას და ‘დამდაბლდნენ ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ’ (1 პეტრე 5:6). როცა მოუწოდებენ სამართლებრივი საქმეების გასარჩევად, მათ უნდა ილოცონ იეჰოვას მიმართ სოლომონის მსგავსად, რომელმაც თავისი ერთგულების წლებში თქვა: „მიანიჭე შენს მორჩილს გამგები გული [მსახურს მორჩილი გული, აქ], რათა განაგოს შენი ერი, რომ სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისგან“ (მესამე მეფეთა 3:9). მორჩილი გული აღძრავს ზედამხედველს, განიხილოს საკითხები ისე, როგორც იეჰოვა და ქრისტე იესო განიხილავენ მათ, რათა დედამიწაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც შეიძლება უფრო მეტად, ეთანხმებოდეს ზეცაში მიღებულს (მათე 18:18–20).
10. როგორ უნდა ცდილობდეს ყველა ზედამხედველი, ცხვრების მიმართ მოპყრობაში მიბაძოს იესოს?
10 აგრეთვე, მიმოსვლითი ზედამხედველები და კრების უხუცესები შეეცდებიან, ცხვრების მიმართ მოპყრობაში მიბაძონ ქრისტეს. ფარისევლებისგან განსხვავებით იესო არ ავალებდა ბევრ კანონს, რომლის დაცვა ძნელი იყო (მათე 23:2–11). მან უთხრა ცხვრისმაგვარ ადამიანებს: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე დაგამშვიდებთ თქვენ. აიღეთ თქვენზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ, და პოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი სასიამოვნოა და ჩემი ტვირთი მსუბუქია“ (მათე 11:28–30). თუმცა მართალია, რომ ქრისტიანმა ‘თავისი ტვირთი უნდა ატაროს’, ზედამხედველებს უნდა ახსოვდეთ იესოს მაგალითი და უნდა დაეხმარონ თავიანთ ძმებს იმის შეგრძნებაში, რომ ქრისტიანული პასუხისმგებლობის ტვირთის ტარება „სასიამოვნოა“, „მსუბუქია“ და სასიხარულო (გალატელთა 6:5).
თეოკრატიული მორჩილება
11. ა) როგორ შეიძლება ადამიანი პატივისცემით მოეპყრას მეთაურობას, მაგრამ არ იყოს თეოკრატიული პიროვნება? ახსენი. ბ) რას ნიშნავს იყო თეოკრატიული პიროვნება?
11 თეოკრატია — ღმერთის მმართველობაა. ის შეიცავს მეთაურობის პრინციპს, რომელიც გამოხატულია 1 კორინთელთა 11:3-ში. მაგრამ მას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ჩანდეს, რომ ადამიანი ავლენს პატივისცემას მეთაურობისადმი, მაგრამ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არ იყოს თეოკრატიული. როგორ შეიძლება მოხდეს ეს? მაგალითად, დემოკრატია ხალხის მმართველობაა, ხოლო სიტყვა დემოკრატი განიმარტება, როგორც „ადამიანი რომელსაც, სწამს დემოკრატიის იდეალები“. ვინმე შეიძლება ამტკიცებდეს, რომ წარმოადგენს დემოკრატიის მომხრეს, მონაწილეობს არჩევნებში და პოლიტიკაშიც აქტიურია. მაგრამ, თუ საერთო ჯამში, თავისი ქცევით უგულებელყოფს დემოკრატიის სულისკვეთებასა და ყველა პრინციპს, რომელსაც ის შეიცავს, შეიძლება კი ითქვას, რომ ის ნამდვილად დემოკრატიულ პიროვნებას წარმოადგენს? მსგავსად ამისა, ნამდვილად თეოკრატიული რომ იყოს, ადამიანმა უნდა გააკეთოს მეტი, ვიდრე ფორმალურად დაემორჩილოს მეთაურობას. მან უნდა მიბაძოს იეჰოვას ყველა მოქმედებასა და თვისებას. ნამდვილად ყველაფერში უნდა მიჰყვეს იეჰოვას მმართველობას. და რადგან იეჰოვამ ხელმძღვანელობის სრული უფლებით აღჭურვა თავისი ძე, მივყვეთ თეოკრატიას, ასევე, ნიშნავს მივბაძოთ იესოს.
12, 13. ა) განსაკუთრებით, რას შეიცავს აზრი, იყო თეოკრატიული? ბ) შეიცავს თუ არა თეოკრატიულად ყოფნა მრავალი წესისადმი მორჩილებას? ახსენი.
12 გახსოვდეს, იეჰოვას სურს, რომ მზადყოფნით მორჩილება სიყვარულიდან გამომდინარეობდეს. ის ასე მართავს მსოფლიოს. ის სიყვარულის განსახიერებაა (1 იოანე 4:8). ქრისტე იესო არის „დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი“ (ებრაელთა 1:3). ის მოითხოვს თავისი მოწაფეებისგან, უყვარდეთ ერთმანეთი (იოანე 15:17). ამრიგად, რათა ვიყოთ თეოკრატიული პიროვნებები არა მხოლოდ უნდა ვემორჩილებოდეთ, არამედ, ასევე, გვქონდეს სიყვარული. ამის შეჯამება შეიძლება ასე: თეოკრატია ღმერთის მმართველობაა; ღმერთი სიყვარულია; მაშასადამე, თეოკრატია სიყვარულით მმართველობაა.
13 შეიძლება უხუცესმა იფიქროს, რომ თეოკრატიულ პიროვნებად ყოფნისთვის ძმები ყველანაირ წესს უნდა დაემორჩილონ. ზოგიერთმა უხუცესმა ‘ერთგული და გონიერი მონის’ მიერ დროდადრო შემოთავაზებული რჩევები წესებად გადააქცია (მათე 24:45). მაგალითად, ერთხელ შემოთავაზებული იყო რჩევა, რომ კრებაში ძმების უფრო ადვილად გაცნობისთვის კარგი იქნებოდა თუ არ დაიკავებდნენ ერთსა და იმავე ადგილს „სამეფო დარბაზში“. ეს იყო პრაქტიკული რჩევა და არა მტკიცედ დადგენილი წესი. მაგრამ, ზოგიერთი უხუცესი, შესაძლოა, მიდრეკილია წესად აქციოს ის და ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც არ მისდევენ ამ რჩევას, არ არიან თეოკრატიულები. მაგრამ, შეიძლება არსებობდეს ბევრი მიზეზი, რომლის გამო ძმა ან და ამჯობინებს გარკვეულ ადგილზე ჯდომას. თუ უხუცესი სიყვარულით არ ითვალისწინებს ასეთ მიზეზებს, წარმოადგენს კი თვითონ თეოკრატიულ პიროვნებას? თეოკრატიულები რომ იყოთ, „ყოველი თქვენი საქმე აღსრულდეს სიყვარულით“ (1 კორინთელთა 16:14, სსგ).
მსახურება სიხარულით
14, 15. ა) როგორ წაართმევდა უხუცესი გარკვეულ ძმებს ან დებს იეჰოვასადმი მსახურების სიხარულს და რატომ არ იქნებოდა ეს თეოკრატიული? ბ) როგორ აჩვენა იესომ, რომ ჩვენი მსახურებით გამოხატულ სიყვარულს უფრო აფასებს, ვიდრე ანგარიშს? გ) რა უნდა გაითვალისწინონ უხუცესებმა?
14 ასევე, თეოკრატიულ პიროვნებად ყოფნა, ნიშნავს იეჰოვასადმი სიხარულით მსახურებას. იეჰოვა „ბედნიერი ღმერთია“ (1 ტიმოთე 1:11, აქ). მას სურს, რომ მისი თაყვანისმცემლები სიხარულით მსახურობდნენ. ადამიანებს, რომლებიც თავგამოდებით იცავენ კანონებს, უნდა ახსოვდეთ, რომ ისრაელისთვის მიცემულ დადგენილებათა შორის, რომლებიც ‘უნდა შეესრულებინათ’ იყო შემდეგი: „გაიხარე უფლის, შენი ღმერთის წინაშე ყოველი შენი ნაამაგარით“ (მეორე რჯული 12:1, 18). ყოველივე რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ იეჰოვასადმი მსახურებაში, უნდა იყოს სიხარული და არა ტვირთი. ზედამხედველებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ძმებს, რომ გაიხარონ ყველაფრით, რისი გაკეთებაც იეჰოვას მსახურებაში შეუძლიათ. და პირიქით, თუ უხუცესები არ არიან მზრუნველები, მათ შეუძლიათ ზოგიერთ ძმას წაართვან სიხარული. მაგალითად, თუ ისინი ადარებენ ადამიანებს, როცა აქებენ მათ, ვინც დამოწმების საათებით მიაღწია ან გადააჭარბა კრების საათების საშუალო რიცხვს, და როცა გადაკვრით აკრიტიკებენ მათ, ვინც არ მიაღწია ამას, როგორ იგრძნობენ თავს ისინი, ვისაც უფრო მცირე ანგარიშის ჩაბარებისთვის საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა? ზედმეტად დამნაშავედ ხომ არ ჩათვლიდნენ თავს და ამის გამო ხომ არ დაკარგავდნენ სიხარულს?
15 ზოგიერთისთვის საჯაროდ დამოწმებისთვის შეწირული რამდენიმე საათი შეიძლება დიდ ძალებს მოითხოვდეს, ვიდრე სხვებისთვის, რომლებიც ახალგაზრდობის, უკეთესი ჯანმრთელობისა და სხვა ვითარებების წყალობით ქადაგებაში ბევრ საათს ატარებენ. ამ მხრივ, უხუცესებმა არ უნდა გაასამართლონ ისინი. ნამდვილად, მამამ იესოს მისცა ‘ხელმწიფება მსჯავრის ქმნისა’ (იოანე 5:27, სსგ). გააკრიტიკა კი იესომ ღარიბი ქვრივი იმის გამო, რომ საშუალოზე ნაკლები შესწირა? არა, ის იყო გულისხმიერი და ესმოდა, რა ფასი ჰქონდა ქვრივისთვის ამ ორ პატარა ლეპტას. ეს იყო ‘ყველაფერი, რაც გააჩნდა, მთელი თავისი სარჩო’. იეჰოვასადმი რაოდენ ღრმა სიყვარული გამოიხატებოდა მათში! (მარკოზი 12:41–44). ნუთუ უხუცესები ნაკლებად გულისხმიერები უნდა იყვნენ იმ ადამიანთა სიყვარულით აღსავსე ძალისხმევის მიმართ, რომელთა რიცხობრივი ანგარიში „საშუალოზე“ მცირეა? იეჰოვასადმი სიყვარულის გათვალისწინებით ასეთი ძალისხმევა შეიძლება საშუალოზე მეტი იყოს!
16. ა) თუ უხუცესები თავიანთ გამოსვლებში იყენებენ ციფრებს, რატომ უნდა იყვნენ გამჭრიახები და კარგად გაწონასწორებულები? ბ) როგორ შეიძლება ძმებისთვის საუკეთესო დახმარების აღმოჩენა მათი მსახურების გასაფართოებლად?
16 უნდა გადაიქცნენ თუ არა ახლა ეს შენიშვნები ახალ „წესად“, რომ რიცხვი, თუნდაც საშუალო, არასდროს უნდა იყოს მოხსენიებული? სრულიადაც არა! საქმის არსი ისაა, რომ უხუცესები უნდა იყვნენ გაწონასწორებულები, როცა აღძრავენ ძმებს გააფართოონ თავიანთი მსახურება და როცა ეხმარებიან მათ, სიხარულით გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ (გალატელთა 6:4). ტალანტების შესახებ იესოს იგავში პატრონმა თავისი ქონება გადასცა მონებს „თითოეულს მისი შესაძლებლობის მიხედვით“ (მათე 25:14, 15). მსგავსად ამისა, უხუცესებმა უნდა გაითვალისწინონ სამეფოს ყველა მქადაგებლის შესაძლებლობები. ეს მოითხოვს გამჭრიახობას. სრულიად შესაძლებელია, რომ ზოგიერთი ნამდვილად საჭიროებს გამხნევებას, რომ მეტი გააკეთოს. ისინი შეიძლება მადლიერები იყვნენ თავიანთი მოღვაწეობისთვის გაწეული დახმარების გამო. ყოველ შემთხვევაში, თუ დაეხმარებიან, რომ სიხარულით აკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, სავსებით მოსალოდნელია, ამ სიხარულმა განამტკიცოს ისინი, რომ გააფართოონ თავიანთი ქრისტიანული მოღვაწეობა, როცა შესაძლებელი იქნება (ნეემია 8:10; ფსალმუნი 58:17; იერემია 20:9).
მშვიდობა, რომელიც სიხარულით აღსავსე მორჩილებას მოჰყვება
17, 18. ა) როგორ შეუძლია სიხარულით აღსავსე მორჩილებას მოგვიტანოს მშვიდობა და სამართლიანობა? ბ) რა შეიძლება მივიღოთ, თუ ნამდვილად ყურად ვიღებთ ღმერთის მცნებებს?
17 იეჰოვას კანონიერი ძალაუფლებისადმი სიხარულით აღსავსე მორჩილებას ჩვენთვის დიდი მშვიდობა მოაქვს. იეჰოვასადმი ლოცვაში ფსალმუნმომღერალმა თქვა: „დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა, და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება“ (ფსალმუნი 118:165). ღმერთის კანონისადმი მორჩილება ჩვენთვის სარგებლობის მომტანია. იეჰოვამ უთხრა ისრაელს: „ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი. ნეტავ ყურადგეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით — შენი სიმართლე“ (ესაია 48:17, 18).
18 იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი გვაძლევს ღმერთთან შერიგების შესაძლებლობას (2 კორინთელთა 5:18, 19). თუ გვწამს ქრისტეს გამომსყიდველური სისხლი, კეთილსინდისიერად ვცდილობთ ვებრძოლოთ ჩვენს სისუსტეებს და ვასრულოთ ღმერთის ნება, ჩვენ განვთავისუფლდებით დამნაშავეობის გრძნობისგან (1 იოანე 3:19–23). ასეთი რწმენა, რომელსაც საქმეები მოჰყვება, გვაძლევს სამართლიან მდგომარეობას იეჰოვას წინაშე და ‘დიდი ჭირის’ გადატანისა და იეჰოვას ახალ ქვეყნიერებაში მარადიული ცხოვრების შესანიშნავ იმედს (გამოცხადება 7:14–17; იოანე 3:36; იაკობი 2:22, 23). ყოველივე ეს შეიძლება მივიღოთ, თუ ‘ყურად ვიღებთ ღმერთის მცნებებს’.
19. რაზეა დამოკიდებული დღეს ჩვენი ბედნიერება და მარადიული ცხოვრების იმედი და როგორ გამოხატა დავითმა ჩვენი გულწრფელი რწმენა?
19 დიახ, ჩვენი ახლანდელი ბედნიერება და სამოთხეში დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი დამოკიდებულია იეჰოვას, როგორც სამყაროს უზენაესი უფლის, ხელისუფლებისადმი სიხარულით აღსავსე მორჩილებაზე. დაე, ყოველთვის გავიზიაროთ დავითის გრძნობები, რომელმაც თქვა: „შენია, უფალო, დიდება, ძლიერება, ქება, ძლევა და დიდებულება, ისევე როგორც ყოველივე ცაზე და ქვეყანაზე. შენია უფალო, მეფობა, ყველაზე აღმატებული ხარ მთავრად. აწ გაქებთ შენ, ღმერთო ჩვენო, და ვადიდებთ შენს დიდებულ სახელს“ (პირველი ნეშტთა 29:11, 13).
პუნქტები გასახსენებლად
□ როგორი მორჩილება და დამჯერობა სურს იეჰოვას თავისი მსახურებისგან?
□ რით იყო დაჯილდოებული იესო თავისი დამჯერობის გამო და რა უნდა დავამტკიცოთ ჩვენი ყოფაქცევით?
□ როგორ უნდა ცდილობდეს ყველა ზედამხედველი, ცხვრებისადმი მოპყრობაში მიბაძოს იესოს?
□ რას ნიშნავს თეოკრატიულ პიროვნებად ყოფნა?
□ რა კურთხევები მოაქვს ჩვენთვის სიხარულით აღსავსე მორჩილებას?
[სურათი მე-18 გვერდზე]
უხუცესები ამხნევებენ სამწყსოს, სიხარულით გააკეთონ ის, რაც შეუძლიათ.
[სურათი მე-20 გვერდზე]
იეჰოვა იწონებს მათ, ვინც გულით ემორჩილება მას.