საჯაროდ განაცხადეთ იეჰოვას სახელი
„მაშ, მუდამ შევწიროთ. . . ღმერთს ქების მსხვერპლი, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფი“ (ებრაელთა 13:15).
1. რას შეაგონებდა წინასწარმეტყველი ოსია თანამემამულეებს?
იეჰოვას წინასწარმეტყველს, ოსიას, მნიშვნელოვანი ცნობა ჰქონდა თანამემამულეებისთვის. ძველი წელთაღრიცხვით მერვე საუკუნეში ოსია შეაგონებდა თავის ჭირვეულ თანამედროვეებს, რომ მოენანიებინათ. ის თხოვდა: „შეიგონეთ სიტყვები და მიიქეცით უფლისკენ. უთხარით, სრულიად აგვხადე-თქო უკეთურება, მიითვალე სიკეთე და ხბოების ნაცვლად ჩვენს ბაგეებს შემოგწირავთ-თქო მსხვერპლად“ (ოსია 14:3). ოსიას წინასწარმეტყველებამ, რომლითაც მოუწოდებდა ხალხს, რომ ‘ხბოების ნაცვლად თავიანთი ბაგეები შეეწირათ მსხვერპლად’ ღმერთისვის, სურვილი გაუღვიძა ისრაელებს, მოენანიებინათ და გულწრფელი ქება-დიდება შეეწირათ იეჰოვასათვის.
2. როგორი შესაწირავის მიტანისთვის ამხნევებდა პავლე ქრისტიანებს?
2 დღეს, იეჰოვას მოწმეები ‘თავიანთი ბაგეების მსხვერპლს სწირავენ’ იეჰოვას. ისინი, ასევე, გულისყურით ეპყრობიან შეგონებას, რომელიც პავლე მოციქულმა ოსიას წინასწარმეტყველურ სიტყვებზე დაყრდნობით თქვა: „მაშ, მუდამ შევწიროთ მისი [იესო ქრისტეს] საშუალებით ღმერთს ქების მსხვერპლი, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფი“ (ებრაელთა 13:15). ასე რომ, ღმერთის მსახურნი სამეფოს შესახებ სამქადაგებლო მსახურებაში სიხარულით ადიდებენ იეჰოვას (მათე 24:14).
3. როგორ შეგვიძლია ვუძღვნათ იეჰოვას „ქების მსხვერპლი“ და ვის მსახურებას განვიხილავთ ახლა?
3 არასრულყოფილი ადამიანებისთვის დაუმსახურებელი უპირატესობაა, რომ საჯაროდ განაცხადონ იეჰოვას სახელი. რაოდენ ბედნიერები ვართ, რომ შეგვიძლია სხვა ადამიანებს მოვუყვეთ ჩვენი ღმერთის შესახებ, რითაც მივუძღვნით ღმერთს ‘ქების მსხვერპლს’, ‘ბაგეთა შესაწირავს’! იმისთვის რომ გავმხნევდეთ და საჯაროდ ვიქადაგოთ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა, ვნახოთ თუ რას წერს ბიბლია იეჰოვა ღმერთის წინასწარმეტყველთა და მსახურთა შესახებ. მათი ცხოვრებიდან შეგვიძლია ვისწავლოთ ძალიან ბევრი, რაც დაგვეხმარება, რომ სიხარული ვიგრძნოთ სამქადაგებლო საქმიანობაში (რომაელთა 15:4).
წინასწარმეტყველთა როლი
4, 5. ა) ბიბლიის ორიგინალურ ენაზე რა არის სიტყვა „წინასწარმეტყველის“ ძირითადი მნიშვნელობა? ბ) რა ცხადყოფს, რომ წინასწარმეტყველები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ღმერთის ორგანიზაციაში?
4 იეჰოვას წინასწარმეტყველებს ჰქონდათ უპირატესობა, საჯაროდ ექადაგათ იეჰოვას ცნობა. ებრაულ სიტყვას, რომელიც გადმოითარგმნა სიტყვით — „წინასწარმეტყველი“ (ნა·ვიʹ), აქვს გაურკვეველი ეტიმოლოგია, მაგრამ ეს სიტყვა გამოიყენება ბიბლიაში და გვიჩვენებს, რომ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველები იყვნენ იეჰოვას წარმომადგენელი ადამიანები, ღმერთის მიერ შთაგონებული უწყებით. ბერძნული სიტყვა, რომელიც გადმოითარგმნა სიტყვით „წინასწარმეტყველი“ (ფრო·ფეʹტეს), ზუსტად ნიშნავს „ორატორს“, ვიღაცის „წინაშე“ ან „პირისპირ“ რაღაცის თქმას. წინასწარმეტყველი არის ის, ვინც ქადაგებს ისეთ ცნობას, რომელიც ღვთიურ წყაროს მიეკუთვნება. ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, იეჰოვას ჭეშმარიტი წინასწარმეტყველები მომავალი მოვლენების შესახებ აუწყებდნენ ხალხს.
5 ღმერთის ორგანიზაციაში წინასწარმეტყველთა საოცარი როლის შესახებ, მაკ-კლინტოკისა და სტრონგის „ენციკლოპედია“ (ინგლ.) აღნიშნავს: „ხანდახან, მათ რჩევისთვის მიმართავდნენ. . . მაგრამ უფრო ხშირად, ისინი შინაგანად იყვნენ აღძრული, რომ მიემართათ ხალხისთვის მიუხედავად იმისა, რომ მათ არც კი სთხოვდნენ რჩევას, წინასწარმეტყველებს არ ეშინოდათ ექადაგათ იქ, სადაც მათი გამოჩენა, შესაძლოა, აღშფოთებასა და შიშს გამოიწვევდა“ (ტომი 8; გვერდი 640). განვიხილოთ ზოგიერთი მაგალითი იმისა, თუ რა უბიძგებდა წინასწარმეტყველებს, რომ ასეთი მტკიცე პოზიცია ჰქონდათ.
გრძნობები და სურვილები
6, 7. რისი ჭამა უბრძანა იეჰოვამ თავის წინასწარმეტყველ ეზეკიელს და როგორი ზეგავლენა ჰქონდა ამას?
6 ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს იერუსალიმის განადგურებამდე წინასწარმეტყველ ეზეკიელის მეშვეობით იეჰოვა ესაუბრა ბაბილონში გადასახლებულ ისრაელებს. იეჰოვამ უთხრა მას: „ადამის ძევ! შეჭამე, რასაც ხედავ, შეჭამე ეს გრაგნილი და წადი და ელაპარაკე ისრაელის სახლს“. ეზეკიელი დაემორჩილა. მან თქვა: „გავაღე პირი და შევჭამე ეს გრაგნილი. მითხრა: ადამის ძევ! აჭამე შენს მუცელს და აივსე ნაწლავები ამ გრაგნილით, რომელსაც მე გაძლევ. მეც შევჭამე და თაფლივით მეტკბილა პირში“ (ეზეკიელი 3:1–3).
7 ჩვენი სხეული საკვებ ნივთიერებას იღებს იმ საზრდოდან, რომელსაც ვჭამთ და ამგვარად საკვები ჩვენი სხეულის ნაწილი ხდება. მსგავსად ამისა, „გრაგნილი“, რომელიც ეზეკიელმა შეჭამა, ასიმბოლოებდა იეჰოვას უწყებას, რომელიც წინასწარმეტყველს უნდა განეცხადებინა, გრაგნილი უნდა გამხდარიყო ეზეკიელის სხეულის ნაწილი და ზეგავლენა მოეხდინა მის ემოციებზე. ღმერთის სიტყვამ შეძრა ეზეკიელის გრძნობები, რამაც თავი იჩინა საჯაროდ და ამან წინასწარმეტყველს სიამოვნება მიანიჭა. თუ შენ იეჰოვას მოწმე ხარ, გრძნობ თუ არა სიამოვნებას ღმერთის ცნობის საჯაროდ ქადაგებით?
8, 9. რამ აღძრა ამოსი რომ ეწინასწარმეტყველა?
8 განვიხილოთ წინასწარმეტყველ ამოსის მაგალითი. ის ცხოვრობდა ძველი წელთაღრიცხვით მეცხრე საუკუნეში და იყო ერთ-ერთი პირველ ებრაელ წინასწარმეტყველთა შორის, რომლებმაც დაწერეს ბიბლიის წიგნები და ამ წიგნებს მოგვიანებით მათი სახელები ეწოდა. ეზეკიელის მსგავსად, ამოსი იყო იეჰოვას სიტყვის გულწრფელი მქადაგებელი. სინამდვილეში, გამოთქმა „ასე თქვა უფალმა“ და „ასე ამბობს უფალი“ არაერთხელ მეორდება იმ წიგნში, რომელიც ამოსის სახელს ატარებს! (ამოსი 1:6, 9, 11, 13; 2:1, 4, 6; 3:12; 5:3, 4, 16; 7:17). ამოსი გრძნობდა მოთხოვნილებას, რომ სახალხოდ განეცხადებინა ღმერთის სიტყვა.
9 როგორც ღმერთის წინასწარმეტყველმა, ამოსმა იეჰოვას სიტყვების საპასუხოდ დაუყოვნებლივ დაიწყო მოქმედება. ამოსის მეშვეობით იეჰოვამ თქვა: „ლომი ბრდღვინავს — ვინ არ შეშინდება! უფალი ღმერთი ლაპარაკობს — ვინ არ გაქადაგდება!“ (ამოსი 3:8). წინასწარმეტყველის დაუძლეველი სურვილი იყო, განეცხადებინა იეჰოვას ცნობა.
10. როგორ რეაგირებენ იეჰოვას დღევანდელი მოწმეები, როდესაც სამქადაგებლო საქმიანობისას წინააღმდეგობებს ხვდებიან?
10 იეჰოვას გვრგვინვა, რომელიც ლომის ღრიალს არის შედარებული, წარმოადგენს ცნობას თანამედროვე ბოროტი ქვეყნიერების განადგურების შესახებ. ამოსის მსგავსად, იეჰოვას დღევანდელი მსახურები გრძნობენ სურვილს, რომ განაცხადონ იეჰოვას სიტყვები საჯაროდ. თვით ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც ემუქრებიან მოწინააღმდეგეები, ისინი ბაძავენ მოციქულების, პეტრესა და იოანეს, მაგალითს, რომლებმაც მტკიცედ თქვეს: „ჩვენ არ ძალგვიძს არ ვილაპარაკოთ ის, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ“. მოციქულები ამტკიცებდნენ: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვმორჩილებდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმე 4:20; 5:29). რა შეიძლება ითქვას ჩვენს შესახებ? ძალიან კარგი იქნებოდა გამოგვეკვლია ჩვენი გრძნობები იეჰოვას სახელის საჯაროდ ქადაგებასთან დაკავშირებით.
„გულის სიუხვის მიხედვით“
11. რამ უნდა აღგვძრას, რომ საჯაროდ ვიქადაგოთ ღმერთის სახელი?
11 შეუძლებელია არსებობდეს რაიმე ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ იეჰოვას წინასწარმეტყველები მადლიერები იყვნენ თავიანთი უპირატესობის გამო. მსგავსი მადლიერების გრძნობამ უნდა აღგვიძრას სურვილი, რომ საჯაროდ ვიქადაგოთ მისი სახელის შესახებ. ფსალმუნის 144:1, 2 აღნიშნავს: „აღგამაღლებ შენ, ღმერთო ჩემო, მეფეო, და ვაკურთხებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე. ყოველდღე გაკურთხებ შენ და ვადიდებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე“. ნუთუ ეს სიტყვები არ გამოხატავს შენს განწყობას? ბიბლიის რეგულარული შესწავლა დაგვეხმარება, უფრო მეტად დავაფასოთ ის, რაც იეჰოვამ გააკეთა, აკეთებს და გააკეთებს ჩვენთვის. როდესაც ოჯახში ერთობლივად ვსწავლობთ ბიბლიას, ვხედავთ თუ არა, რომ ღმერთის სიტყვას აქვს გავლენის მომხდენი ძალა და გვანიჭებს იმის სურვილს, რომ ვისაუბროთ ღმერთისა და მისი განზრახვების შესახებ? (ებრაელთა 4:12). იმ მიზნით, რომ უფრო ეფექტურები გავხდეთ იეჰოვას სახელის საჯაროდ ქადაგებაში, ასევე, აუცილებელია სრული სარგებელი მივიღოთ ქრისტიანული პუბლიკაციებიდან, რომლებსაც გვთავაზობს იეჰოვა ღმერთი მის მიერ ცხებული ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით (მათე 24:45–47).
12. როგორ შეუძლია ქრისტიანულ შეხვედრებსა და ფიქრს დაგვეხმაროს საჯაროდ ქადაგებაში?
12 თუ ჩვენ მადლიერი გულით უნდა ვადიდოთ იეჰოვა, ჩვენ გვესაჭიროება რეგულარულად დავესწროთ ქრისტიანულ შეხვედრებს. იეჰოვას ხალხმა, ყურად უნდა იღოს პავლეს შეგონება: „ყურადღებით მოვეპყროთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის; არ მივატოვოთ ჩვენი შესაკრებელი, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ; არამედ შევაგონოთ (ერთმანეთს) და მით უფრო მეტად, რაც უფრო ხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრაელთა 10:24, 25). რეგულარულად ესწრები თუ არა ქრისტიანულ შეხვედრებს? ხშირად საუბრობ თუ არა საღვთო წერილის ჭეშმარიტების, შესანიშნავი შემთხვევებისა და თეოკრატიის გავრცელების ამაღელვებელი სიახლეების შესახებ, რომელიც ღმერთის ხალხის შეხვედრებზე გაიგე? თუ შენ ხარ უხალისოდ იმ დროს, როდესაც საუბრობ იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ, გამოყავი დრო, რომ იფიქრო მისი სიტყვის შესახებ, რათა ღმერთის აზრებმა ღრმად შეაღწიოს შენს გულში (ფსალმუნი 76:13; 142:5). დიახ, ქრისტიანული შეხვედრები და ღმერთის სიტყვაზე რეგულარული ფიქრი დაგეხმარება, დააფასო დიდებული უპირატესობა — ღმერთის სახელის საჯაროდ ქადაგება.
13. როგორ შეგვიძლია ‘გამოვიღოთ სიკეთე’ ჩვენი გულებიდან?
13 იეჰოვასადმი მადლიერებით აღსავსე გულებით, ბევრი სიკეთის გაკეთება შეგვიძლია. „კეთილი კაცი თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთეს გამოიღებს, — მსჯელობდა იესო, — ბოროტი კი — ბოროტისგან ბოროტს გამოიღებს; ვინაიდან გულის სიუხვის მიხედვით მეტყველებს მისი პირი“ (ლუკა 6:45). ნუთუ საუკეთესო საშუალება არ არის ‘გამოვიღოთ სიკეთე’ იეჰოვას სახელისა და მისი განზრახვების შესახებ საჯაროდ ქადაგებითა და საუბრით ჩვენს მეზობლებთან, ნათესავებთან — ყველასთან, ვისაც ვხვდებით?
საჯაროდ ქადაგების შედეგები
14. ა) რას უნდა გრძნობდნენ სამეფოს ცნობის მქადაგებლები და მსმენელები? ბ) რა სრულდება სამეფოს შესახებ სამქადაგებლო მსახურებით?
14 ღმერთის წინასწარმეტყველები სიხარულს გრძნობდნენ თავიანთ მსახურებაში და რასაც ისინი ამბობდნენ სასარგებლო იყო ამთვისებელი მსმენელისთვის. მსგავსად ამისა, სამეფოს ცნობის შესახებ საჯაროდ ქადაგებას მოაქვს უდიდესი სიხარული ამ ცნობის მქადაგებლებისთვის (საქმე 20:35). და რაოდენ სასარგებლოა ეს მადლიერი მსმენელებისთვის! კეთილი ცნობა მსმენელებს ეხმარება, რომ გადალახონ დეპრესია. ისინი, რომელთაც დაკარგეს ახლობლები, ხარობენ აღდგომის იმედით. ნარკომანები თავს აღწევენ ნიკოტინის, ჰეროინისა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების ტყვეობას. მრავალი მათგანი ამაღლდა ზნეობრივად და ყველამ, ვინც მიიღო ბიბლიური ჭეშმარიტება, მოიპოვა სულიერი თავისუფლება (იოანე 5:28, 29; 8:32). ქადაგება, სამეფოს შესახებ, რომელიც არის კაცობრიობის ერთადერთი იმედი, ასევე ემსახურება მიზანს, გააფრთხილოს ბოროტეულები, იმ დროს, როდესაც სასიხარულო გამოხმაურება აქვთ წრფელი გულის ადამიანებს. ამგვარად ადამიანები იყოფა და ერთნი ‘მარადიულ განადგურებას’ მოიმკიან, მეორენი — ‘მარადიულ სიცოცხლეს’ როდესაც ბოროტ ქვეყნიერებაზე შესრულდება ღმერთის განაჩენი (მათე 24:14; 25:31–46, აქ; ეზეკიელი 33:1–9; 1 ტიმოთე 2:3, 4). ჩვენი სამქადაგებლო მსახურება არის უპრეცედენტო გადამრჩენი მოღვაწეობა, ყველაზე დიდი და ფართოდ გავრცელებული ცნობა, რომელიც მთელ დედამიწაზე უნდა გაცხადდეს!
15. რა შეიძლება გაკეთდეს ღირსეული პიროვნებების მიმართ, რომლებიც შესაძლოა ჩვენს ტერიტორიებზე ცხოვრობენ?
15 დღეს იეჰოვას მოწმეები, სიხარულითა და მორჩილებით ვემსახურებით ჩვენს ზეციერ მამას (რომაელთა 12:11). ამიტომაც, ვართ ბედნიერები და რეგულარულად გამოვყოფთ დროს, რომ მონაწილეობა მივიღოთ კეთილი ცნობის საჯაროდ და კარდაკარ ქადაგებაში (საქმე 5:42; 20:20). მთელი მსოფლიოს ანგარიშები ცხადყოფს, რომ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ არიან ღირსეული ადამიანები. მსოფლიო პირობების ცვლილება ადამიანებზე სხვადასხვანაირად ახდენს ზემოქმედებას. მრავალი მოულოდნელად გახდა ემიგრანტი, ხიზანი უცხო ქვეყანაში. შესაძლოა ზოგიერთი მათგანი ცხოვრობს იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ ვქადაგებთ. თუ ასეა, დაე, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენს ძალებს შესწევს, რომ დავეხმაროთ მათ სულიერად, რადგან ჩვენ შეუპოვრად ვიღწვით ‘წმიდა სამსახურში კეთილი ცნობისთვის’ (რომაელთა 15:16, აქ). ზოგიერთმა ქრისტიანმა შეისწავლა უცხო ენა, რომ კეთილი ცნობა ექადაგა იმ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებისთვის.
16. რას შეუძლია დაგვეხმაროს, რომ შეუპოვრად ვიქადაგოთ იეჰოვას სახელი?
16 ღმერთის წინასწარმეტყველთაგან მრავალს ჰქონდა ძნელი დავალებები. არ იყო ადვილი მათთვის, რომ ღმერთის ცნობა ეუწყებინათ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოსმენილს არ აფასებდნენ. ამის მსგავსად, იეჰოვასადმი მიძღვნილთაგან ყველას არ მიაჩნია იოლ საქმედ მისი სახელის ქადაგება, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, სადაც ადამიანები უკიდურესად არაგულისხმიერები არიან. მაგრამ, თუ ღმერთის სიტყვის ლოცვით შესწავლის შედეგად გვაქვს რწმენა და ვგრძნობთ იეჰოვას მხარდაჭერას, შევძლებთ შეუპოვრად ვიქადაგოთ ცნობა სამეფოს შესახებ (ფილიპელთა 4:13; გამოცხადება 14:6). კიდევ რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამასთან დაკავშირებით იეჰოვას ძველი დროის წინასწარმეტყველთა და მსახურთაგან?
მხარში ამოდგომა საველე მსახურების დროს
17. რომელია ზოგიერთი ბიბლიური მაგალითი, რომელიც ცხადყოფს, რომ ღმერთისადმი მსახურებაში სასარგებლოა ურთიერთობა?
17 პირველად, როდესაც ღმერთის წინასწარმეტყველი მოსე ასრულებდა დავალებას, მას ეხმარებოდა უფროსი ძმა, აარონი. იეჰოვამ უთხრა მოსეს: „ის [აარონი] ილაპარაკებს ხალხთან შენს ნაცვლად, ის იქნება შენთვის ბაგე“ (გამოსვლა 4:16). გაიხსენე, ელიასა და ელისეს დღეები, როდესაც „წინასწარმეტყველთა გუნდი“ აქტიურად მსახურობდა. როგორც ჩანს, არსებობდა ღმერთის მსახურთა მრავალი გუნდი და ამ გუნდში მხარდამხარ მსახურობდნენ; უეჭველია, ისინი სიხარულს პოულობდნენ ერთმანეთთან თანამშრომლობით (მეოთხე მეფეთა 2:3–5; 4:38; შეადარე პირველი მეფეთა 10:5, 10). რასაკვირველია, მოსე, აარონი და „წინასწარმეტყველთა გუნდი“ კეთილ ცნობას სამეფოს შესახებ არ ქადაგებდნენ. მაგრამ, თანამშრომლობა თითოეული მათგანისთვის სასარგებლო იყო. საუკუნეების შემდეგ იესო ქრისტემ სამსახურისთვის გააგზავნა 70 მოწაფე ‘ორ-ორად’ და უეჭველია, რომ მხარდამხარ მსახურება მათთვის სასარგებლო იყო (ლუკა 10:1–16; შეადარე საქმე 17:10, 11; 20:20).
18. ქადაგებისას თანამშრომლობა როგორ ემსახურება სასარგებლო მიზნებს?
18 იეჰოვას მოწმეებმა 1953 წელს წამოიწყეს პროგრამის განხორციელება, რომლის თანახმადაც სამეფოს მქადაგებლები საველე მსახურების დროს მუშაობენ ერთად. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ურთიერთობის გულისთვის არ გაკეთებულა. ეს სასწავლო პროგრამა განზრახული იყო იმ მიზნით, რომ ღმერთის მსახურები კეთილი ცნობის უფრო ეფექტური მასწავლებლები და მქადაგებლები გამხდარიყვნენ. ამ მიზნით, სამეფოს უფრო გამოცდილი მქადაგებლები მონაწილეობას ღებულობდნენ ახალ მქადაგებლებთან ერთად მსახურებაში. კარდაკარ ქადაგების სასწავლო პროგრამა არის სასარგებლო და დამხმარე იმისათვის, რომ იეჰოვას ხალხი უფრო გაწაფოს მისი სახელის საჯაროდ ქადაგებაში (1 ტიმოთე 4:16). დღეს, ქრისტიანთა ‘ორ-ორად’ ქადაგება, ასევე, უსაფრთხოების მიზნით არის მიზანშეწონილი ზოგიერთ რაიონში.
19. რა უნდა გვახსოვდეს საკუთარ მიზნებთან დაკავშირებით სამქადაგებლო მსახურებაში?
19 თანაქრისტიანთან ერთად მსახურობ თუ მარტო ქადაგებ კარდაკარ, დაისახე ამოცანა ან მიზანი და შეეცადე მის შესრულებას. მიზანი უნდა იყოს რეალური, ადვილად მისაღწევი. გსურს თუ არა უფრო გამოცდილი გახდე შენს ტერიტორიაზე ადამიანებთან საუბრის დაწყებაში და საუბრით ინტერესი აღუძრა მათ? თუ გსურს, მაშინ შეგიძლია ურთიერთობა იქონიო პიონერთან, სამეფოს სრული დროით მქადაგებელთან ან ისეთ მქადაგებელთან, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია ქადაგებისას საუბრის კარგ დაწყებაში. შენი თანამგზავრი, შესაძლოა, დაგეხმარება, რომ მოამზადო და გამოიყენო ის მითითებები, რომელიც მოცემულია პუბლიკაციაში „ჩვენი სამეფო მსახურება“ (რუს.), იმ მიზნით, რომ ეფექტურად შეძლო საუბრის დაწყება. იმ შემთხვევაში, როდესაც ქადაგებთ კარდაკარ, ყურადღებით უსმინე, თუ როგორ იწყებს შენი თანამგზავრი საუბარს. შემდეგ თავად შეეცადე მის მსგავსად დაიწყო საუბარი, ვიდრე ამ სფეროში გამოცდილი მქადაგებელი გახდები.
20, 21. რით არის განსაკუთრებით სასარგებლო სამქადაგებლო სამსახურის დროს თანამშრომლობა?
20 როგორ უნდა მოიქცე, თუ გსურს უფრო ეფექტურად ჩაატარო განმეორებითი მონახულება, იმ მიზნით, რომ დაიწყო ბიბლიის საშინაო შესწავლა? ალბათ, კრების წიგნის შესწავლის ხელმძღვანელი დაგეხმარება, იქადაგო იმ პიროვნებასთან ერთად, რომელიც გამოცდილია ბიბლიური შესწავლების ეფექტურად დაწყებაში. ნუ იქნები ჩუმი პარტნიორი როდესაც ერთად ხართ განმეორებით მონახულებაზე. პირიქით, დააკვირდი თუ როგორ უმკლავდება შენი თანამგზავრი ქადაგებისას წამოჭრილ საკითხებს და თუ ფიქრობ, რომ შენთვის სასარგებლო იქნება, შეეცადე ბიბლიის შემსწავლელებს შემდგომ მონახულებაზე მსგავსად მოექცე. ამავე დროს შენი თანამგზავრი დაგეხმარება და შემდეგ მოგცემს რჩევებს (შეადარე გალატელთა 6:6).
21 ასეთი, სიყვარულით აღსავსე დახმარება საველე მსახურების დროს ხელს შეგიწყობს, რომ მიაღწიო მიზანს, რომელიც დაისახე მსახურებაში. მსგავსი დახმარება და მადლიერების ღრმა გრძნობა იმის გამო, რომ იეჰოვამ თავისი სიყვარულით აღსავსე სიკეთით ნება დაგრთო, შეასრულო ეს ღირსეული დავალება, შესაძლებლობას მოგცემს უფრო ეფექტური გახდე სამეფოს ქადაგების საქმიანობაში. მაშ, სათუთად გაუფრთხილდი იეჰოვას სახელის განდიდების უპირატესობას, იმით, რომ კარგს ლაპარაკობ იეჰოვას შესახებ და ყოველთვის საჯაროდ აცხადებ მის სახელს (ფსალმუნი 144:1, 2, 9–13).
22. რომელი შეკითხვების პასუხის გაცემაში დაგვეხმარება შემდეგი შესწავლა?
22 ჩვენ, როგორც იეჰოვას მოწმეები, კარდაკარ ქადაგებისას ვაწყობთ განმეორებით მონახულებებს. ძალიან ბევრი დიდი მადლიერებით უსმენს კეთილ ცნობას. ხოლო ზოგიერთი უხალისოდ ისმენს ცნობას სამეფოს შესახებ. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ სიტუაციებში? როგორ შევძლებთ გამოვამჟღავნოთ შეუპოვრობა იმ მსახურებაში, რომელიც იეჰოვამ დაავალა თავის ხალხს? რომელი ბიბლიური მაგალითები დაგვეხმარება ან გვიხელმძღვანელებს? ამ შეკითხვებზე პასუხი გაცემული იქნება შემდეგ სტატიაში.
გაიგე თუ არა ეს საკითხები?
□ რა თქვეს ოსიამ და პავლე მოციქულმა ღმერთისთვის შესაწირის მიტანაზე?
□ რამ აღძრა ეზეკიელი და ამოსი, რომ ექადაგათ?
□ რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს სამქადაგებლო სამსახურის შესახებ?
□ რატომ არის სასარგებლო მხარდამხარ მსახურება საველე მსახურების დროს?
[სურათები 21-ე გვერდზე]
მიზანდასახული ურთიერთობა დაგვეხმარება, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი მსახურება.