იეჰოვა — ღმერთი, რომელიც ასწავლის
„ყველა განისწავლება ღვთის [იეჰოვას, აქ] მიერ“ (იოანე 6:45).
არცთუ ისე დიდი ხნის წინ იესო ქრისტემ მოახდინა სასწაულები და ახლა ასწავლის გალილეის ზღვის მახლობლად მდებარე კაპერნაუმის სინაგოგაში (იოანე 6:1–21, 59). მრავალს არ სწამს, როცა ის ამბობს: „ზეციდან. . . ჩამოვედი“. ისინი დრტვინავენ: „ეს იესო არაა, იოსების ძე, რომლის მამას და დედას ვიცნობთ? როგორღა ამბობს: ზეციდან ჩამოვედიო?“ (იოანე 6:38, 42). იესო საყვედურობს მათ და უცხადებს: „არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა. მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს“ (იოანე 6:44).
2 რამდენად შესანიშნავი დაპირებაა — იყო აღდგენილი უკანასკნელ დღეს, ღმერთის სამეფოს მმართველობის დროს! ჩვენ შეგვიძლია ვირწმუნოთ ეს დაპირება, რადგან მამამ, იეჰოვა ღმერთმა მოგვცა მასზე თავდებობა (იობი 14:13–15; ესაია 26:19). ნამდვილად, იეჰოვა, რომელიც გვასწავლის, რომ მკვდრები აღდგენილი იქნებიან, არის „ყველაზე დიდებული მასწავლებელი“ (იობი 36:22, „თანამედროვე თარგმანი“ [«Современный перевод»]). შემდეგ, მამისგან გამომდინარე სწავლებაზე ყურადღების გამახვილებით იესო ამბობს: „წინასწარმეტყველებს უწერიათ: ‘ყველა განისწავლება ღვთის მიერ’“ (იოანე 6:45).
3 რასაკვირველია, უპირატესობა იქნებოდა ვყოფილიყავით მათ შორის, ვის შესახებაც წინასწარმეტყველი ესაია წერდა: „შენი ვაჟები, ყველანი, უფლის დამოძღვრილნი იქნებიან“ (ესაია 54:13). შეგვიძლია თუ არა ვიყოთ მათ შორის? ვის თვლიდა ვაჟებად და ვის ასწავლიდა? რომელია იეჰოვასგან გამომდინარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სწავლებები, რომლებიც უნდა ვიცოდეთ და მათ თანახმად ვმოქმედებდეთ, რათა მისგან კურთხევა მივიღოთ? როგორ ასწავლიდა იეჰოვა წარსულში და ასწავლის თუ არა მსგავსი მეთოდით დღეს? ეს არის კითხვები, რომლებსაც განვიხილავთ.
მამა, მასწავლებელი, ქმარი
4 თავდაპირველად იეჰოვა გახდა მამა და მოძღვარი, როცა შექმნა თავისი მხოლოდშობილი ძე, განკაცებამდე მცხოვრები იესო. ამ პიროვნებას ეწოდება „სიტყვა“, რადგან ის არის იეჰოვას მთავარი წარმომადგენელი (იოანე 1:1, 14; 3:16). სიტყვა მსახურობდა თავისი მამის „გვერდით. . , როგორც ოსტატი“ და კარგად სწავლობდა მამის მოძღვრებას (იგავნი 8:22, 30). ფაქტიურად, ის გახდა წარმომადგენელი, ანუ შემწე, რომლის მეშვეობითაც მამამ შექმნა ყველა სხვა ქმნილება, მათ შორის სულიერი „ღვთისშვილები“. რაოდენ გახარებული იქნებოდნენ ისინი, რომ ღმერთის მიერ განისწავლებოდნენ! (იობი 1:6; 2:1; 38:7; კოლასელთა 1:15–17). მოგვიანებით შექმნილი იყო პირველი ადამიანი, ადამი. ისიც „ძე. . . ღვთისა“ იყო და ბიბლია ცხადყოფს, რომ იეჰოვა მოძღვრავდა მას (ლუკა 3:38; დაბადება 2:7, 16, 17).
5 სამწუხაროდ, განზრახ დაუმორჩილებლობის გამო ადამმა დაკარგა უპირატესობა, ყოფილიყო ღმერთის ძე. ამიტომ, უკვე მხოლოდ წარმოშობის საფუძველზე მისი შთამომავლები ვერ მოითხოვდნენ, რომ ღმერთის ძეებს მიკუთვნებოდნენ. მიუხედავად ამისა, იეჰოვა მოძღვრავდა არასრულყოფილ ადამიანებს, რომლებიც მისგან ხელმძღვანელობას ელოდნენ. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ნოე იყო „მართალი. . . კაცი“, რომელიც „ღმერთთან დადიოდა“ და ამიტომ იეჰოვა მოძღვრავდა ნოეს (დაბადება 6:9, 13–7:5). აბრაამის მორჩილებით გამოვლინდა, რომ ის „ღვთის მეგობარი“ იყო და ამიტომ ისიც განისწავლებოდა იეჰოვას მიერ (იაკობი 2:23; დაბადება 12:1–4; 15:1–8; 22:1, 2).
6 დიდი ხნის შემდეგ, მოსეს დღეებში, იეჰოვამ კავშირი შეკრა ისრაელ ერთან. ამის შედეგად, ერი გახდა მისი რჩეული ხალხი და მის ‘შვილად’ ითვლებოდა. ღმერთმა თქვა: „ჩემი. . . შვილია ისრაელი“ (გამოსვლა 4:22, 23; 19:3–6; მეორე რჯული 14:1, 2). ამ კავშირის საფუძველზე ისრაელებს შეეძლოთ ეთქვათ ის, რაც წინასწარმეტყველმა ესაიამ დაწერა: „შენ, უფალი, ხარ ჩვენი მამა“ (ესაია 63:16). იეჰოვამ დაიკისრა მამის პასუხისმგებლობა და სიყვარულით ასწავლიდა თავის შვილებს, ისრაელებს (ფსალმუნი 70:17; ესაია 48:17, 18). სინამდვილეში, როცა რწმენა დაკარგეს, ის თანაგრძნობით ევედრებოდა მათ: „მოიქეცით, გაქცეულო შვილებო“ (იერემია 3:14).
7 ასევე, ისრაელთან დადებული კავშირის შედეგად იეჰოვა ფიგურალურად გახდა ერის ქმარი და ერი გახდა მისი ფიგურალური ცოლი. ცოლის შესახებ წინასწარმეტყველი ესაია წერდა: „შენი შემქმნელია შენი ქმარი, ცაბაოთ უფალია მისი სახელი“ (ესაია 54:5; იერემია 31:31). თუმცა იეჰოვა პატიოსნად ასრულებდა ქმრის როლს, ისრაელი ერი გახდა მოღალატე ცოლი. „ჭეშმარიტად, როგორც ცოლი ღალატობს თავის მეგობარს, ასე მიღალატე შენც, ისრაელის სახლო“, — თქვა იეჰოვამ (იერემია 3:20). იეჰოვა გამუდმებით მოუწოდებდა თავისი ურწმუნო ცოლის ძეებს; ის კვლავაც მათი „[დიდებული, აქ] მოძღვარი“ იყო (ესაია 30:20; მეორე ნეშტთა 36:15).
8 როცა ისრაელმა უარყო და მოკლა მისი ძე იესო ქრისტე, ღმერთმა საბოლოოდ უარყო ის. ამიტომ, აღარც იუდეველი ერი იყო მისი ფიგურალური ცოლი, არც ის იყო ცოლის ურჩი ძეების მამა და მასწავლებელი (მათე 23:37, 38). მაგრამ ისრაელი იყო მხოლოდ პირველსახე, ანუ სიმბოლური ცოლი. მოციქული პავლე ციტირებდა ესაიას 54:1-ს, სადაც მოხსენიებულია ‘ბერწი’, რომელიც განსხვავდება და გამოირჩევა ‘გათხოვილისგან’, ხორციელი ისრაელი ერისგან. პავლე ცხადყოფს, რომ ცხებული ქრისტიანები არიან ‘ბერწის’ შვილები, რომელსაც ‘ზენა იერუსალიმს’ უწოდებს. ეს ფიგურალური ქალი, რომელიც არ წარმოადგენს პირველსახეს, არის სულიერი ქმნილებებისგან შემდგარი ღმერთის ზეციერი ორგანიზაცია (გალატელთა 4:26, 27).
9 ამრიგად, როცა კაპერნაუმში მდებარე სინაგოგაში იესო ციტირებდა ესაიას წინასწარმეტყველებას: „შენი ვაჟები, ყველანი, უფლის დამოძღვრილნი იქნებიან“, ის ლაპარაკობდა მათ შესახებ, ვინც ‘ზენა იერუსალიმის’, ღმერთის ცოლის მსგავსი ზეციერი ორგანიზაციის „ვაჟი“ გახდებოდა. ღმერთის წარმომადგენლის, ზეციდან ჩამოსული იესო ქრისტეს მრავალი სწავლების მიღებით იუდეველ მსმენელებს შეეძლოთ, გამხდარიყვნენ ღმერთის, წინათ ბერწი, ზეციერი ქალის შვილები და შეედგინათ „წმიდა ერი“, „ღვთის“ სულიერი ‘ისრაელი’ (1 პეტრე 2:9, 10; გალატელთა 6:16). დიდებული შესაძლებლობის აღწერისას, რომელიც იესომ ხელმისაწვდომი გახადა ადამიანებისთვის, რომ ღმერთის სულიერი ვაჟები გამხდარიყვნენ, მოციქული იოანე წერდა: „თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი. ხოლო ვინც კი მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა“ (იოანე 1:11, 12).
იეჰოვასგან გამომდინარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სწავლებები
10 იეჰოვა, როგორც მოსიყვარულე მამა, ატყობინებს შვილებს თავის განზრახვებს. ამიტომ, როცა აჯანყებულმა ანგელოზმა აღძრა ადამიანთა პირველი წყვილი დაუმორჩილებლობისკენ, იეჰოვამ დაუყოვნებლივ შეატყობინა მათ, თუ რას გააკეთებდა თავისი განზრახვის შესასრულებლად, დედამიწის სამოთხედ გადასაქცევად. მან თქვა, რომ მტრობას ჩამოაგდებდა ‘ძველ გველსა’, რომელიც სატანა ეშმაკია, და „დედაკაცს“ შორის. შემდეგ მან განმარტა, რომ დედაკაცის ‘თესლი’ სასიკვდილოდ გაუჭეჭყავდა „თავს“ სატანას (დაბადება 3:1–6, 15; გამოცხადება 12:9; 20:9, 10). როგორც შევნიშნეთ, დედაკაცი, რომელსაც მოგვიანებით ‘ზენა იერუსალიმი’ ეწოდა, არის სულიერი ქმნილებებისგან შემდგარი ღმერთის ზეციერი ორგანიზაცია. მაგრამ ვინ არის მისი ‘თესლი’? ეს არის ღმერთის ძე, იესო ქრისტე, რომელიც ზეციდან იყო გამოგზავნილი და რომელიც საბოლოოდ გაანადგურებს სატანას (გალატელთა 4:4; ებრაელთა 2:14; 1 იოანე 3:8).
11 იეჰოვამ უფრო დაწვრილებით შეატყობინა აბრაამს ‘თესლთან’ დაკავშირებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სწავლება, როცა შეჰპირდა: „კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით. . . იკურთხებიან შენი შთამომავლობის [თესლის, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა] წყალობით ქვეყნიერნი“ (დაბადება 22:17, 18). იეჰოვამ გამოიყენა მოციქული პავლე, რათა აეხსნა, რომ იესო ქრისტე არის აღთქმული თესლი, რომელიც აბრაამს აღუთქვა, მაგრამ ასევე სხვებიც გახდებოდნენ ამ ‘თესლის’ ნაწილი. პავლე წერდა: „თუ ქრისტესნი ხართ, მაშ, აბრაამის თესლი ხართ და აღთქმით მემკვიდრენი“ (გალატელთა 3:16, 29).
12 ასევე იეჰოვამ ცხადყო, რომ ქრისტე, თესლი, მოვიდოდა იუდას სამეფო საგვარეულოდან და რომ „მას დაემორჩილებიან ხალხები“ (დაბადება 49:10, „ხუმაში ქართულ ენაზე“). იუდას ტომიდან წარმოშობილ მეფე დავითთან დაკავშირებით იეჰოვამ წარმოთქვა აღთქმა: „დავამკვიდრებ უკუნისამდე ნაშიერს [თესლს, ძვო] მისას და მისი ტახტი — ვითარცა დღენი ცისანი. მისი ნაშიერი [თესლი, აქ] მარადჟამს იქნება და მისი ტახტი, ვითარცა მზე, ჩემს პირისპირ“ (ფსალმუნი 88:4, 5, 30, 37). როცა ანგელოზმა გაბრიელმა გამოაცხადა იესოს დაბადების შესახებ მან განმარტა, რომ ეს ბავშვი იყო ღმერთის მიერ დანიშნული მმართველი, დავითის თესლი. გაბრიელმა თქვა: „დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს. . . და მის მეფობას არ ექნება დასასრული“ (ლუკა 1:32, 33; ესაია 9:5, 6; დანიელი 7:13, 14).
13 იეჰოვასგან კურთხევა რომ მივიღოთ, უნდა ვიცოდეთ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სწავლება ღმერთის სამეფოს შესახებ და მის თანახმად ვმოქმედებდეთ. ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ იესო ჩამოვიდა ზეციდან, რომ ის არის ღმერთის მიერ დანიშნული მეფე — სამეფო თესლი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს დედამიწაზე სამოთხის აღდგენას — და რომ ის აღადგენს მკვდრებს (ლუკა 23:42, 43, აქ; იოანე 18:33–37). როცა კაპერნაუმში იესო მკვდრების აღდგენის შესახებ ლაპარაკობდა, იუდეველებისთვის ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ ის ჭეშმარიტებას ამბობდა. მან ხომ სულ რამდენიმე კვირის წინ, როგორც ჩანს, ზუსტად იქ, კაპერნაუმში, აღადგინა სინაგოგის უფროსის 12 წლის ასული! (ლუკა 8:49–56). უეჭველია, ჩვენც გვაქვს საკმარისი მიზეზი, გვწამდეს და ვმოქმედებდეთ სამეფოსთან დაკავშირებული სწავლების თანახმად, რომელიც იმედით გვავსებს!
14 იეჰოვას სამეფოს შესახებ სწავლებას იესომ თავისი მიწიერი სიცოცხლე მიუძღვნა. ეს მოძღვრება მან თავისი მსახურების მთავარ თემად აქცია და თავის მიმდევრებსაც ასწავლიდა, ელოცათ ამ სამეფოსთვის (მათე 6:9, 10; ლუკა 4:43). წარმოშობით იუდეველებს ჰქონდათ პერსპექტივა, ყოფილიყვნენ „სასუფევლის ძენი“, მაგრამ რწმენის უკმარისობის გამო უმრავლესობამ ხელიდან გაუშვა ეს უპირატესობა (მათე 8:12; 21:43). იესომ ცხადყო, რომ მხოლოდ ‘მცირე სამწყსო’ მიიღებს ‘სასუფევლის ძეებად’ გახდომის უპირატესობას. ეს „ძენი“ ხდებიან „ქრისტეს თანამემკვიდრენი“ მის ზეციერ სამეფოში (ლუკა 12:32; მათე 13:38; რომაელთა 8:14–17; იაკობი 2:5).
15 სამეფოს რამდენ მემკვიდრეს აიყვანს ქრისტე ზეცაში, რათა მასთან ერთად მართონ დედამიწა? ბიბლიის თანახმად — მხოლოდ 144 000-ს (იოანე 14:2, 3; 2 ტიმოთე 2:12; გამოცხადება 5:10; 14:1–3, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა; 20:4). მაგრამ იესომ თქვა, რომ ‘სხვა ცხვრებიც’ ჰყავდა, რომლებიც ამ სამეფო მმართველობის მიწიერი ქვეშევრდომები იქნებიან. ესენი დატკბებიან სრულყოფილი ჯანმრთელობითა და მარადიული მშვიდობით სამოთხეში დედამიწაზე (იოანე 10:16; ფსალმუნი 36:29; გამოცხადება 21:3, 4). ჩვენ უნდა გვესმოდეს და გვქონდეს უნარი, განვმარტოთ იეჰოვასგან გამომდინარე სწავლება სამეფოს შესახებ.
16 მოციქულმა პავლემ მიუთითა იეჰოვას სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სწავლებაზე. მან თქვა: „თქვენ ღვთივგანსწავლულნი ხართ ერთიმეორის სიყვარულში“ (1 თესალონიკელთა 4:9). ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ასეთი სიყვარული, რათა ვასიამოვნოთ იეჰოვას. ბიბლია ამბობს, რომ „ღმერთი სიყვარულია“ და ჩვენ უნდა ვბაძავდეთ მას სიყვარულის გამოვლენაში (1 იოანე 4:8; ეფესელთა 5:1, 2). სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობამ ვერ ისწავლა თავისი მოყვასის სიყვარული, რის გაკეთებასაც ღმერთი გვასწავლის. რა შეიძლება ითქვას ჩვენს შესახებ? გამოვეხმაურეთ თუ არა იეჰოვას ამ სწავლებას?
17 ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ იეჰოვას ყველა სწავლების შემთვისებლები. დაე, ჩვენც გვქონდეს ისეთი განწყობილება, როგორიც ჰქონდათ ბიბლიურ ფსალმუნმომღერლებს, რომლებმაც დაწერეს: „შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი. წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე“. „მასწავლე წესები შენი. კეთილი აზრი და გაგება მასწავლე. . . სამართალნი შენნი მასწავლე“ (ფსალმუნი 24:4, 5; 118:12, 66, 108). თუ შენი გრძნობები ფსალმუნმომღერლების გრძნობების მსგავსია, შენ შეგიძლია იყო უთვალავ ადამიანთა შორის, რომლებიც განისწავლებიან იეჰოვას მიერ.
განსწავლული უამრავი ხალხი
18 წინასწარმეტყველმა ესაიამ იწინასწარმეტყველა, თუ რა მოხდებოდა ჩვენს დროში: „უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება. . . დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები“ (ესაია 2:2, 3; მიქა 4:2). ვინ არიან ეს პიროვნებები, რომლებიც იეჰოვას მიერ არიან განსწავლული?
19 ამ ადამიანთა შორის, ზეცაში ქრისტეს თანამმართველების გარდა, სხვებიც არიან. ზემოხსენებულის თანახმად, იესომ თქვა, რომ სამეფოს მემკვიდრეების ‘მცირე სამწყსოს’ გარდა, მას ‘სხვა ცხვრებიც’ ჰყავდა — სამეფოს მიწიერი ქვეშევრდომები (იოანე 10:16; ლუკა 12:32). „უამრავი ხალხი“, რომელიც გადაიტანს ‘დიდ გასაჭირს’, მიეკუთვნება სხვა ცხვრების კლასს და იესოს დაღვრილი სისხლისადმი რწმენის საფუძველზე მოწონებული არიან იეჰოვას მიერ (გამოცხადება 7:9, 14). თუმცა სხვა ცხვრები პირდაპირ არ შედიან იმ „ვაჟების“ რიცხვში, რომელთა შესახებაც ესაიას 54:13-ში არის ნათქვამი, ისინი კურთხეული არიან იმით, რომ განისწავლებიან იეჰოვას მიერ. ამიტომ ისინი სათანადოდ მიმართავენ ღმერთს, როგორც ‘მამას’, რადგან სინამდვილეში, ის იქნება მათი წინაპარი ‘მარადისობის მამის’, იესო ქრისტეს მეშვეობით (მათე 6:9; ესაია 9:5).
როგორ ასწავლის იეჰოვა
20 იეჰოვა მრავალი მეთოდით ასწავლის. მაგალითად, ის აკეთებს ამას თავისი ქმნილებების საშუალებით, რომელიც ამოწმებს მისი არსებობისა და დიადი სიბრძნის შესახებ (იობი 12:7–9; ფსალმუნი 18:2, 3; რომაელთა 1:20). ამასთანავე, ის ასწავლის პირდაპირი შეტყობინების საშუალებით, რაც გააკეთა განკაცებამდე მცხოვრები იესოს დამოძღვრის შემთხვევაში. მსგავსად ამისა, სამ ჩაწერილ შემთხვევაში ის პირდაპირ ზეციდან ელაპარაკებოდა ადამიანებს (მათე 3:17; 17:5; იოანე 12:28).
21 სასწავლებლად იეჰოვა ასევე ანგელოზ წარმომადგენლებს იყენებს, მათ შორის თავის პირმშოს, ‘სიტყვას’ (იოანე 1:1–3). თუმცა ედემის ბაღში იეჰოვას პირდაპირ შეეძლო დალაპარაკება თავის სრულყოფილ ადამიან-ძესთან, ადამთან, როგორც ჩანს, მასთან საუბრისთვის მან განკაცებამდე მცხოვრები იესო გამოიყენა (დაბადება 2:16, 17). სავსებით შესაძლებელია, რომ ზუსტად იესო იყო „[ჭეშმარიტი, აქ] ღვთის ანგელოზი“, რომელიც „დაიძრა ისრაელის ბანაკის წინ“ და რომელთან დაკავშირებითაც იეჰოვამ ბრძანა: „ისმინე მისი სიტყვა“ (გამოსვლა 14:19; 23:20, 21). ასევე, უეჭველია, რომ განკაცებამდე მცხოვრები იესო იყო „უფლის მხედრობის თავი“, რომელიც წარდგა იესო ნავეს ძის წინაშე, რათა განემტკიცებინა ის (იესო ნავეს ძე 5:14, 15). თავისი სწავლებების გადასაცემად იეჰოვა სხვა ანგელოზებსაც იყენებს, როგორც მოსესთვის რჯულის მიცემის შემთხვევაში იყო (გამოსვლა 20:1; გალატელთა 3:19; ებრაელთა 2:2, 3).
22 ამასთანავე, სასწავლებლად იეჰოვა ღმერთი ადამიანებსაც იყენებს წარმომადგენლებად. ისრაელში მშობლებს თავიანთი შვილებისთვის უნდა ესწავლებინათ; წინასწარმეტყველები, მღვდლები, მთავრები და ლევიანები ასწავლიდნენ ერს იეჰოვას რჯულს (მეორე რჯული 11:18–21; პირველი მეფეთა 12:20–25; მეორე ნეშტთა 17:7–9). იესო იყო ღმერთის მთავარი წარმომადგენელი დედამიწაზე (ებრაელთა 1:1, 2). იესოს ხშირად უთქვამს, რომ რასაც ასწავლიდა იყო ზუსტად ის, რაც მამისგან ისწავლა, ამიტომ, სინამდვილეში, მისი მსმენელები იეჰოვას მიერ განისწავლებოდნენ (იოანე 7:16; 8:28; 12:49; 14:9, 10). იეჰოვამ იზრუნა, რომ თავისი გამონათქვამები ჩაწერილიყო და დღეს ძირითადად ამ შთაგონებული წმინდა წერილების საშუალებით ასწავლის ის ადამიანებს (რომაელთა 15:4; 2 ტიმოთე 3:16).
23 ჩვენ ვცხოვრობთ მნიშვნელოვან დროს, რადგან საღვთო წერილი გვპირდება, რომ ‘უკანასკნელ დღეებში [რომლებშიც ჩვენ ვცხოვრობთ] უთვალავი ხალხი იქნება დამოძღვრილი იეჰოვას გზებში’ (ესაია 2:2, 3). როგორ გვეძლევა ეს დამოძღვრა? რას უნდა ვაკეთებდეთ, რათა ვისარგებლოთ და ასევე მონაწილეობა მივიღოთ იეჰოვას დიდებულ დამმოძღვრავ პროგრამაში, რომელიც ახლა წინსვლას განიცდის? ამ საკითხებს ჩვენ განვიხილავთ შემდეგ სტატიაში.
როგორ უპასუხებდი?
◻ როგორ გახდა იეჰოვა მამა, მასწავლებელი და ქმარი?
◻ რას გვასწავლის იეჰოვა ‘თესლთან’ დაკავშირებით?
◻ ღმერთის რომელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სწავლება უნდა შევისწავლოთ?
◻ როგორ ასწავლის იეჰოვა?
[სასწავლო კითხვები]
1. რას აკეთებს იესო კაპერნაუმში?
2. რის საფუძველზე შეიძლება გვწამდეს იესოს დაპირება აღდგომის შესახებ?
3. რომელი კითხვები უნდა განვიხილოთ?
4. ვინ იყვნენ იეჰოვას ძეებიდან პირველები, რომლებმაც მიიღეს მისი სწავლებები?
5. რომელი ძვირფასი უპირატესობა დაკარგა ადამმა, მაგრამ ვის ასწავლიდა იეჰოვა და რატომ?
6. ვის თვლიდა იეჰოვა თავის ‘შვილად’ და როგორი მასწავლებელი იყო ის მათთვის?
7. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ისრაელს იეჰოვასთან?
8. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ უარყო ისრაელი, როგორც ერი, რომელი ფიგურალური ცოლი ჰყავს მას, რომელიც არ წარმოადგენს პირველსახეს?
9. ა) ვისზე მიუთითებდა იესო, როცა ლაპარაკობდა ‘ვაჟებზე, რომლებიც უფლის დამოძღვრილნი იქნებიან’? ბ) რის საფუძველზე ხდებიან ადამიანები ღმერთის სულიერი ვაჟები?
10. ედემში მომხდარი აჯანყების შემდეგ დაუყოვნებლივ რა ასწავლა იეჰოვამ ‘თესლთან’ დაკავშირებით და ვინ აღმოჩნდა ეს თესლი?
11, 12. როგორ ახსნა იეჰოვამ უფრო დაწვრილებით ‘თესლთან’ დაკავშირებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სწავლება?
13. როგორ უნდა გამოვეხმაუროთ იეჰოვასგან გამომდინარე სწავლებას, რათა კურთხევა მივიღოთ მისგან?
14, 15. ა) რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვას სამეფო იესოსთვის? ბ) რა უნდა გვესმოდეს და რისი განმარტების უნარი უნდა გვქონდეს იეჰოვას სამეფოს შესახებ?
16. იეჰოვას რომელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სწავლება უნდა შევისწავლოთ და ცხოვრებაში გამოვიყენოთ?
17. ვის განწყობილებას უნდა ვბაძავდეთ?
18. რა უნდა მომხდარიყო ჩვენს დღეებში, ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად?
19. ვინ არიან იეჰოვას მიერ განსწავლულთა შორის დღეს?
20. რა მეთოდებით ასწავლის იეჰოვა?
21. განსაკუთრებით რომელ ანგელოზს იყენებდა იეჰოვა თავის წარმომადგენლად და საიდან ვიცით, რომ სხვებიც იყვნენ გამოყენებული?
22. ა) ვის იყენებდა იეჰოვა სასწავლებლად დედამიწაზე? ბ) რომელი ძირითადი საშუალებებით მოძღვრავს იეჰოვა ადამიანებს დღეს?
23. რომელი საკითხები იქნება განხილული შემდეგ სტატიაში?