ნამდვილი უსაფრთხოება — დღეს და მარადიულად
უეჭველია, რომ იეჰოვა ღმერთს შეუძლია, უზრუნველყოს თავისი ხალხისთვის უსაფრთხოება. ის ‘ყოვლისშემძლეა’ (ფსალმუნი 67:15). მისი სწორუპოვარი სახელი ნიშნავს „აქცევინებს“. ეს ახასიათებს მას, როგორც ერთადერთ პიროვნებას სამყაროში, რომელსაც შესწევს ძალა, მოერიოს ნებისმიერ დაბრკოლებას, რათა აღასრულოს თავისი აღთქმები და ნება-სურვილი. თვით ღმერთი გვაუწყებს: „ასევე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე“ (ესაია 55:11).
ღმერთი უზრუნველყოფს უსაფრთხოებას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მას ენდობიან. ამის გარანტიას გვაძლევს მისი სიტყვა. „უფლის სახელი მტკიცე გოდოლია, — ამბობდა ბრძენი მეფე სოლომონი ღმერთის შთაგონებით. — მართალი შეაფარებს თავს და გადარჩება“. შემდეგ მან თქვა: „უფლის მოიმედე. . . დაცული იქნება“ (იგავნი 18:10; 29:25).
უსაფრთხოება ღმერთის მსახურთათვის
იეჰოვა ყოველთვის უზრუნველყოფს უსაფრთხოებას მათთვის, ვინც მას ენდობა. მაგალითად წინასწარმეტყველმა იერემიამ საკუთარ თავზე იგრძნო ღმერთის მფარველობა. როცა განდგომილ იერუსალიმს ბაბილონელთა ჯარებმა ალყა შემოარტყეს, ხალხს ‘წონით და სიმწრით მოუწია პურის ჭამა’ (ეზეკიელი 4:16). მდგომარეობა ისეთი კრიტიკული გახდა, რომ ზოგიერთი ქალები ხარშავდნენ და ჭამდნენ საკუთარ შვილებს (გოდება იერემიასი 2:20; 4:10). მაგრამ, თუმცა უშიშრად ქადაგებისთვის იერემია ჯერაც პატიმრობაში ჰყავდათ, იეჰოვამ იზრუნა, რომ ‘მიეცათ ყოველდღიურად ერთი პურის კოკორი ხაბაზთა რიგიდან, ვიდრე არ გათავდა პურის მარაგი ქალაქში’ (იერემია 37:21).
როცა იერუსალიმი ბაბილონელთა ხელში ჩავარდა, იერემია, როგორც პატიმარი, არც მოკლეს, არც ბაბილონში წაიყვანეს. ნაცვლად ამისა, „მისცა მას [ბაბილონელმა] ქონდაქართუხუცესმა საგზალი და საჩუქარი და გაუშვა“ (იერემია 40:5).
საუკუნეების შემდეგ ღმერთის მსახურებს იესო ქრისტე არწმუნებდა: „ამრიგად, ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთო? ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ; ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს. თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ“ (მათე 6:31–33).
ნუთუ ეს ნიშნავს, რომ იეჰოვა დაიცავს თავის მსახურებს ყველა დღევანდელი უბედურებისგან? არა, ეს ასე არ არის. ერთგული ადამიანები არ არიან დაზღვეული უსიამოვნებებისგან. ჭეშმარიტი ქრისტიანები ავადდებიან, დევნას განიცდიან, დამნაშავეობის მსხვერპლი ხდებიან, კვდებიან უბედური შემთხვევების გამო და სხვა მიზეზებით იტანჯებიან.
თუმცა იეჰოვას ჯერ არ ჩამოუყალიბებია ნებისმიერი უბედურებისგან საყოველთაო უსაფრთხოება, ცნობები ცხადყოფენ, რომ ის იყენებს თავის ძალას, რათა იზრუნოს და დაიცვას თავისი მსახურები. აგრეთვე ბიბლიის პრინციპების ცხოვრებაში გამოყენების შედეგად ქრისტიანები მრავალი პრობლემისგან არიან დაცული (იგავნი 22:3). გარდა ამისა, მათ უხარიათ, რომ უსაფრთხოება სუფევს მოსიყვარულე სულიერი ძმებისა და დებისგან შემდგარ მსოფლიო ძმობაში, რომლებიც მხარს უჭერენ ერთმანეთს გასაჭირის დროს (იოანე 13:34, 35; რომაელთა 8:28). მაგალითად, ომებით გაპარტახებულ რუანდაში მცხოვრები ძმების უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაზე გამოხმაურების ნიშნად, ევროპელმა იეჰოვას მოწმეებმა მაშინვე შესწირეს და გაუგზავნეს 65 ტონა ტანსაცმელი და 1 600 000 დოლარის მედიკამენტი, საკვები და სხვა სახის დახმარება (შეადარე საქმეები 11:28, 29).
თუმცა იეჰოვა უშვებს, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს განსაცდელი შეხვდეთ, მათ მტკიცედ სწამთ, რომ ის გააძლიერებს, დაეხმარება და მისცემს სიბრძნეს მათ გადასატანად. თანამორწმუნეებისადმი მიწერისას მოციქულმა პავლემ თქვა: „არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა. და სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შესძლოთ გადატანა“ (1 კორინთელთა 10:13).
რას აკეთებს ღმერთი თავისი ხალხისთვის
დღეს მილიონობით ადამიანი ხალისით ასრულებს ღმერთის ნებას. მათ არავინ აძალებს, ემსახურონ ღმერთს; ისინი იმიტომ აკეთებენ ამას, რომ იცნობენ და უყვართ ის. თავის მხრივ, ერთგული მსახურებისადმი სიყვარულის გამო იეჰოვას განზრახული აქვს, გადააქციოს დედამიწა სამოთხედ, სადაც მორჩილი კაცობრიობა მარადიულად დატკბება მშვიდობით, ჯანმრთელობითა და უსაფრთხოებით (ლუკა 23:43, აქ).
ამას ღმერთი შეასრულებს ზეციერი მთავრობის საშუალებით, რომლის მმართველადაც დანიშნული ჰყავს მეფე იესო ქრისტე (დანიელი 7:13, 14). ბიბლია მიუთითებს ამ სამეფოზე, როგორც ‘ღვთის სასუფეველსა’ და ‘ცათა სასუფეველზე’ (1 კორინთელთა 15:50; მათე 13:44). ღმერთის სამეფო ადამიანთა ყველა სამეფოს ადგილს დაიკავებს. დედამიწაზე მრავალი მთავრობის ნაცვლად იქნება მხოლოდ ერთი მთავრობა. ის სამართლიანად იმმართველებს ზეციდან დედამიწაზე (ფსალმუნი 71:7, 8; დანიელი 2:44).
იეჰოვა ყველას იწვევს, ამ სამეფოს ქვეშევრდომები იყვნენ. ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც ამას ასრულებს, არის ბიბლიის ყველგან გავრცელება, წიგნის, რომელიც ხსნის, რასაც სამეფო გააკეთებს კაცობრიობისთვის. ბიბლია არის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული წიგნი და ახლა მთლიანად ან მისი ნაწილები ხელმისაწვდომია 2 000-ზე მეტ ენაზე.
იეჰოვა ღმერთი სიყვარულით ეხმარება ადამიანებს, ჩასწვდნენ იმას, რასაც ბიბლია სამეფოს შესახებ ასწავლის. ის აკეთებს ამას პიროვნებების დამოძღვრითა და სხვებთან მათი გაგზავნის საშუალებით, რათა აუხსნან მათ საღვთო წერილი. დღეს ხუთ მილიონზე მეტი იეჰოვას მოწმე აუწყებს კეთილ ცნობას ღმერთის სამეფოს შესახებ 230-ზე მეტ ქვეყანაში.
ნამდვილი უსაფრთხოება ყველასთვის?
ყველა მიიღებს თუ არა მოწვევას, იცხოვროს ღმერთის სამეფოს ქვეშევრდომობით იმის შედეგად, რომ მის სამართლიან ნორმებს თავის ცხოვრებას შეუწყობს? არა, რადგან მრავალ ადამიანს არ აინტერესებს ღმერთის ნების შესრულება. ისინი უარყოფენ იმ ადამიანთა ძალისხმევას, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ მათ თავიანთი ცხოვრების გაუმჯობესებაში. ნამდვილად, ისინი ისეთ ადამიანებად ავლენენ თავს, რომელთა შესახებაც იესომ თქვა: ‘გაუქვავდა ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები, რომ თვალით არ დაინახონ და ყურით არ მოისმინონ, გულით არ გაიგონ და არ მოიქცნენ, რათა [ღმერთმა] განკურნოს ისინი’ (მათე 13:15).
როგორ იქნება დედამიწაზე ნამდვილი უსაფრთხოება, როცა არიან ადამიანები, რომლებიც უარყოფენ ღმერთის სამართლიანი გზების თანახმად ცხოვრებას? ასეთ პირობებში უსაფრთხოება შეუძლებელია. უღვთო ადამიანები ემუქრებიან იმ პირების უსაფრთხოებას, რომლებსაც სურთ იეჰოვასადმი მსახურება.
ღმერთი არ აძალებს ადამიანებს, შეიცვალონ, მაგრამ ის არც ბოროტებას მოითმენს უსაზღვროდ. თუმცა იეჰოვა მოთმინებით აგრძელებს ადამიანებისთვის თავისი გზებისა და განზრახვების სასწავლებლად მოწმეების გაგზავნას, ის დიდხანს აღარ გააკეთებს ამას. იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14).
რა მნიშვნელობა ექნება ‘აღსასრულს’ მათთვის, ვინც უარყოფს ღმერთის ნორმებს? მათ წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის და განადგურების მნიშვნელობა. ბიბლიაში ნათქვამია ‘შურისძიებაზე, რომელიც ეწევა მათ, ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას, ვინც სასჯელად მიიზღავს მარადიულ დაღუპვას’ (2 თესალონიკელთა 1:6–9).
საბოლოოდ — ნამდვილი უსაფრთხოება მარადიულად!
დაუყოვნებლივ, მათი განადგურების შემდეგ, ვინც იეჰოვას მშვიდობის გზებს უარყოფს, ღმერთის სამეფო გახსნის უსაფრთხოების დიდებულ ერას დედამიწაზე მცხოვრები მართალი ადამიანების საკეთილდღეოდ (ფსალმუნი 36:10, 11). როგორი განსხვავებული იქნება ახალი ქვეყნიერება დღევანდელისგან, რომელშიც ვცხოვრობთ! (2 პეტრე 3:13).
შიმშილი აღარ იქნება. ყველას უხვად ექნება საკვები. ბიბლია ამბობს, რომ ‘ყველა ხალხი გაიხარებს ნადიმით მსუყე კერძებით’ (ესაია 25:6). აღარ იქნება საკვების უკმარისობა, რადგან „იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე“ (ფსალმუნი 71:16).
ადამიანები აღარ იცხოვრებენ ქოხებში და ბარაკებით სავსე უბნებში. ღმერთის სამეფოს ქვეშევრდომობით ყველას ექნება შესანიშნავი სახლები და თავისივე მიწაზე მოწეულ ნაყოფს შეჭამენ. ბიბლია გვპირდება: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ“ (ესაია 65:21).
ფართოდ გავრცელებული უმუშევრობის ნაცვლად იქნება ნაყოფიერი მუშაობა, რომელიც ადამიანებს კარგ ნაყოფს მოუტანს. ღმერთის სიტყვა ამბობს: „თავადვე გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულები. ფუჭად აღარ დაშვრებიან“ (ესაია 65:22, 23).
სამეფოს მმართველობით ადამიანები არ დაიტანჯებიან და არ მოკვდებიან ავადმყოფობებისგან. ღმერთის სიტყვა გვარწმუნებს: „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“ (ესაია 33:24).
დედამიწაზე სამოთხეში, რომელიც მალე რეალობად იქცევა, ტანჯვასა და ტკივილს, დარდსა და სიკვდილს ბოლო მოეღება. დიახ, სიკვდილსაც კი! ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ სამოთხეში! ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთი „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:4).
იესო ქრისტეს, ‘მშვიდობის მთავრის’ მმართველობით ცხოვრება დედამიწაზე საბოლოოდ, მართლაც, უსაფრთხო იქნება. ნამდვილად, მსოფლიო უსაფრთხოება იარსებებს მართალი, მოსიყვარულე მთავრობის — ღმერთის სამეფოს — მმართველობის დროს (ესაია 9:5, 6; გამოცხადება 7:9, 17).
[ჩანართი 4 გვერდზე]
„ადამიანთა უსაფრთხოება მოწმობს ხვალინდელი დღის. . . პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის რწმენაზე“ — აზიაში მცხოვრები ქალი.
[ჩანართი 5 გვერდზე]
„ის, რის გამოც ყველაზე მეტად გრძნობ თავს საფრთხეში, არის ძალმომრეობა და დამნაშავეობა“ — სამხრეთ ამერიკელი მამაკაცი.
[ჩანართი 6 გვერდზე]
„ოკუპაციის დროს. . . თავს საფრთხეში ვგრძნობდი. როგორ იგრძნობენ ადამიანები უსაფრთხოებას თუ ქვეყანაში ომია?“ — სკოლის მოსწავლე შუა აღმოსავლეთის ქვეყნიდან.
[ჩანართი 7 გვერდზე]
„თავს უსაფრთხოდ მაშინ ვიგრძნობ, როცა მეცოდინება, რომ ღამე ქუჩაში გავლისას არავინ გამაუპატიურებს“ — მოსწავლე აფრიკელი გოგონა.