უსაფრთხო ცხოვრება მარადიულად
ალბათ მაშინვე წამალს დაუწყებ ძებნას, თუ სიცხე აგიწევს და თავი აგტკივდება; ასეთ დროს ცივი საფენებიც შვებას გაგრძნობინებს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ წამალი და ცივი საფენები ტკივილს გათმენინებს, სიცხის გამომწვევ მიზეზს არაფერს შველის. და, თუ საქმე სერიოზულადაა, გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობა აუცილებელი იქნება.
დღეს კაცობრიობა დაუცველობის ქრონიკული სენითაა დაავადებული. ჩვენ უსიამოვნო სიმპტომების თავიდან ასაცილებლად მაშინვე სწრაფმოქმედი საშუალებების მიღებას ვიწყებთ, მაგრამ განკურნება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც ზუსტ დიაგნოზს დაგვისვამს. კაცობრიობას კი ჩვენს შემოქმედზე, იეჰოვა ღმერთზე, უკეთ არავინ იცნობს. მან იცის, რომ ცხოვრება ჩვენს თავს დატეხილი პრობლემების გამოა დაუცველი.
უსაფრთხო ცხოვრების დასასრული
ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ იეჰოვამ ადამიანთა პირველი წყვილი სრულყოფილი შექმნა და უსაფრთხო გარემოში მოათავსა. მათ არაფერი ჰქონდათ სადარდებელი. ღვთის განზრახვა იყო, რომ მათ აბსოლუტურად უსაფრთხოდ, მარადიულად ეცხოვრათ სამოთხეში. მათ პირველ საცხოვრებელს ამშვენებდა „ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი“. მათი ფიზიკური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული იყო; არც მათი ემოციური მოთხოვნილებები იყო უგულებელყოფილი, რადგან გარემო, აღწერილობის თანახმად, „სანახავად საამო“ იყო. ეს, უეჭველია, იმას ნიშნავდა, რომ პირველ წყვილს ისეთი გარემო ჰქონდა, რომელიც მათ სტაბილური, უზრუნველი ცხოვრებით უზრუნველყოფდა (დაბადება 2:9).
ადამმა და ევამ უარი თქვეს ღვთის მოსიყვარულე უზენაეს მმართველობაზე; ამით მათ ცხოვრებაში დაისადგურა ეჭვის, შიშის, სირცხვილის, დანაშაულისა და დაუცველობის გრძნობამ. ღვთის უარყოფის შემდეგ ადამმა აღიარა, რომ ‘შეეშინდა’. პირველმა ადამიანებმა დაიფარეს სხეული და დაემალნენ მოსიყვარულე შემოქმედს, ვისთანაც მანამდე ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, რაც მათთვის სარგებლობის მომტანი იყო (დაბადება 3:1–5, 8–10).
მაგრამ იეჰოვას თავდაპირველი განზრახვა არ შეცვლილა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ შემოქმედი მოსიყვარულე ღმერთია და მალე ადამიანებს მარადიულად უსაფრთხო ცხოვრებისთვის სამოთხეს აღადგენინებს. ესაიას მეშვეობით ღმერთი გვპირდება: „შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას. . . იხარებთ და იმხიარულებთ სულმუდამ“ (ესაია 65:17, 18). მოციქული პეტრე კი წერს, რომ ახალ ცასა და ახალ მიწაზე ‘დამკვიდრებული იქნება სიმართლე’ (2 პეტრე 3:13).
როგორ მიაღწევენ ადამიანები ამას? იეჰოვას მიერ დადგენილი მმართველობით. ეს არის სამეფო, რომლის შესახებაც იესო ქრისტე თავის მიმდევრებს ასწავლიდა, რომ ელოცათ: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი; მოვიდეს სუფევა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:9, 10).
ღვთის სამეფო დაიკავებს ადამიანთა მთავრობების ადგილს და სიყვარულით შეასრულებს ღვთის განზრახვას მთელ დედამიწაზე (დანიელი 2:44). ეჭვის, შიშის, სირცხვილის, დანაშაულისა და დაუცველობის გრძნობა, რომელმაც გააწამა კაცობრიობა ადამის დროიდან, აღარ იარსებებს. ბიბლიის თანახმად, ეს სამეფო მალე იქნება. დღესაც კი, ამ არასტაბილურ მსოფლიოში უსაფრთხოების გრძნობა გარკვეულწილად აქვთ ღვთის სამეფოს მოიმედეებს.
უპირატესობა მიანიჭე სულიერ საკითხებს
ღვთის მსახურმა დავითმა იცოდა, თუ რა იყო შიში და ვარამი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ფსალმუნის 4:9-ში ვკითხულობთ: „მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უშიშრად“. დავითი თავს უსაფრთხოდ იეჰოვას წყალობით გრძნობდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ პრობლემებში იყო ჩაფლული. რას გვასწავლის ეს? როგორ ვიგრძნობთ გარკვეულწილად თავს უსაფრთხოდ ამ საშიშ წუთისოფელში?
გადავხედოთ რას გვეუბნება „დაბადება“ ადამსა და ევაზე. როდის დაკარგეს მათ უსაფრთხოების გრძნობა? სწორედ მაშინ, როდესაც ურთიერთობა გაწყვიტეს შემოქმედთან და უარი თქვეს მისი განზრახვის მიხედვით ცხოვრებაზე. მაგრამ თუ ჩვენ უკუვაქცევთ ამ პროცესს — ახლო ურთიერთობა გვექნება იეჰოვასთან და შევეცდებით მისი ნების თანახმად ცხოვრებას, უკვე დღეს ვიგრძნობთ თავს გაცილებით უსაფრთხოდ, რისი სხვაგვარად მიღწევაც შეუძლებელია.
ბიბლიის შესწავლის საშუალებით იეჰოვას გაცნობა ცხოვრების აზრის გაგებაში გვეხმარება. მხოლოდ ამის შემდეგ მივხვდებით რანი ვართ და რატომ ვართ აქ. უსაფრთხო ცხოვრება შესაძლებელია მაშინ, როცა გვიყვარს ღმერთი, ვიცით მისი განზრახვა და გვესმის, რა ადგილი გვიჭირავს მის განზრახვაში. პაულო ამას რამდენიმე წლის წინ მიხვდა.
ის დაიბადა და გაიზარდა გერმანიაში, ერთ-ერთ კუნძულზე. მის ოჯახს მეორე მსოფლიო ომში გადატანილის შემდეგ დაკარგული ჰქონდა რელიგიის მიმართ ინტერესი. პაულო თავისი ახალგაზრდობის შესახებ იხსენებს: „არაფერი მწამდა და არავის ვცემდი პატივს. მწუხარებას ალკოჰოლით ვიხშობდი, კვირაში რამდენჯერმე უზომოდ ვთვრებოდი. უსაფრთხოდ ცხოვრება რა იყო არ ვიცოდი“.
შემდეგ მას საუბარი ჰქონდა იეჰოვას მოწმესთან. პაულო ბევრს კამათობდა, მაგრამ მოწმის ერთმა ფრაზამ დააფიქრა. „თავისით არაფერი გაჩენილა“. სხვა სიტყვებით, ყველაფერს, რასაც ბუნებაში ვხედავთ, შემოქმედი ჰყავს.
„ეს სიტყვები სულ თავში მიტრიალებდა და მივხვდი, რომ ისღა დამრჩენოდა, დავთანხმებოდი“. ამგვარად, პაულომ იეჰოვას მოწმეებთან შეისწავლა ბიბლია და გაიცნო იეჰოვა. ის ამბობს: „მივხვდი, რომ მხოლოდ მშობლებს კი არა, იეჰოვასაც არ დაუშურებია ჩემთვის სიკეთე“. პაულო 1977 წელს მოინათლა და გახდა იეჰოვას მოწმე. ის ამბობს: „ახლა ვხედავ სიცოცხლის ნამდვილ აზრს. იეჰოვას ნების თანახმად ცხოვრება სიხარულს მანიჭებს. თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, რადგან ვიცი, რომ არც მე და არც ჩემს ოჯახს ისეთი არაფერი შეგვემთხვევა, რასაც იეჰოვა მომავალში ვერ აგვინაზღაურებს“.
რას გვასწავლის ეს შემთხვევა? პაულომ დასძლია ნერვების დამძაბველი დაუცველობის გრძნობა არა სიმდიდრეზე ფიქრით, არამედ სულიერი საკითხების პირველ ადგილზე დაყენებით. მან მტკიცე ურთიერთობა დაამყარა შემოქმედთან. იეჰოვას მილიონობით მოწმეს აქვს ასეთი ურთიერთობა. ეს აძლევს მათ შინაგან ძალებს, რომ სხვებისთვის თავი არ დაზოგონ. კარდაკარ ქადაგებით იეჰოვას მოწმეები საკუთარ დროს უთმობენ სხვებს, რომ ხალხს, სულიერი საკითხების პირველ ადგილზე დაყენებით, უსაფრთხო ცხოვრება ჰქონდეს. მაგრამ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა მხოლოდ ქადაგებით არ შემოიფარგლება.
‘მოუხმეთ თქვენს ღმერთ იეჰოვას’
როდესაც 1997 წელს მდინარე ოდრა ადიდდა და ჩრდილოეთ ევროპის დიდი ტერიტორია დატბორა, გერმანელმა იეჰოვას მოწმეებმა შეიტყვეს მეზობელი პოლონეთის სავალალო მდგომარეობის შესახებ ცნობა. როგორ მოიქცნენ ისინი? ბერლინსა და მის გარეუბნებში მცხოვრებმა მოწმეებმა შესანიშნავი გულუხვობა გამოიჩინეს, როდესაც სულ რამდენიმე დღეში 116 000 ამერიკულ დოლარზე მეტი გაიღეს.
მშენებლობაში გამოცდილი მოწმეები ექვს საათში საკუთარი ხარჯებით ჩავიდნენ ბერლინიდან პოლონეთში, ვროცლავის მიდამოებში. ერთ პატარა ქალაქში ბევრი სახლი იყო განადგურებული. იეჰოვას მოწმეების ერთი ოჯახის სახლი დაახლოებით ექვსი მეტრი სიღრმის წყალში იდგა. მათი ქალიშვილი შემდეგ თვეში უნდა გათხოვილიყო და ამ სახლში უნდა ეცხოვრა მეუღლესთან ერთად. რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო, რომ აღედგინათ სახლი და დახმარებოდნენ ოჯახს, რომელმაც, ფაქტობრივად, ყველაფერი დაკარგა?
როდესაც წყალმა იკლო, მეზობელმა ცინიკურად ჰკითხა: „რატომ არ უხმობთ თქვენს ღმერთ იეჰოვას, რომ დაგეხმაროთ?“ რამდენად გაოგნებული დარჩა ის, როდესაც მეორე დღეს გერმანიიდან რამდენიმე მანქანა მიადგა იეჰოვას მოწმეების ოჯახს! უცხოთა მთელი ჯგუფი გადმოვიდა მანქანებიდან და დაიწყო სახლის შეკეთება. „ვინ არიან ესენი? ვინ კისრულობს ხარჯებს?“ — კითხვები დააყარა იეჰოვას მოწმეების ოჯახს მეზობელმა. მათ აუხსნეს, რომ სულიერი ძმები იყვნენ და თვითონვე კისრულობდნენ ხარჯებს. ქალაქის მკვიდრნი გაოცებულნი უყურებდნენ სახლის შეკეთებას. სხვათა შორის, ქორწილი დანიშნულ დღეს ჩატარდა.
ამ ოჯახმა დაინახა, რომ იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო საძმოს ნაწილად ყოფნას არა მხოლოდ სულიერი სიკეთე მოაქვს, არამედ გარკვეულწილად უსაფრთხო ცხოვრებაც ამ საშიშ წუთისოფელში. ასეთი შემთხვევა ერთი და ორი არ ყოფილა. დაზარალებულ ტერიტორიებზე აღდგა იეჰოვას მოწმეთა სახლები და სამეფო დარბაზები. მოწმეებმა არც სხვა რწმენის მეზობლები დაივიწყეს და დიდი დახმარება გაუწიეს, რაც მათ ძლიერ დააფასეს.
უსაფრთხოება, მყუდროება და სამართალი
როდესაც მაღალი სიცხე დაგვიწევს და გამოვჯანმრთელდებით, რა საოცარ მადლიერებას ვგრძნობთ ექიმის მიმართ! როდესაც დაუცველობის „სიცხე“, რომლითაც მთელი კაცობრიობაა გათანგული, მარადიულად დაიწევს ღვთის სამეფოს ძალით, რა მადლიერებას ვიგრძნობთ შემოქმედის მიმართ! დიახ, სწორედ ღმერთი გვპირდება ‘შვებით [„უსაფრთხოდ“, აქ], მყუდროდ და სამართლით მარადიულ’ სიცოცხლეს. ნამდვილად შესანიშნავი მომავალია! (ესაია 32:17).
[ჩანართი 10 გვერდზე]
დიდ შვებას იგრძნობთ, თუ სიმდიდრის ნაცვლად პირველ ადგილზე სულიერ საკითხებს დააყენებთ.
[სურათი 8, 9 გვერდებზე]
ღმერთი გვპირდება ქვეყნიერებას, სადაც ყველა უსაფრთხოდ იცხოვრებს მარადიულად.