უკვდავია თუ არა სული?
მეგობრები და ოჯახის წევრები ჩუმად უვლიან გარს გახსნილ კუბოს. ისინი 17 წლის ბიჭის ცხედარს აკვირდებიან. კლასელები მას ძლივს ცნობენ. ქიმიოთერაპიამ თმა შეუთხელა, სიმსივნემ სხეული ჩამოუჭკნო. ნუთუ ეს ნამდვილად მათი მეგობარია? ის ხომ სულ რამდენიმე კვირის წინ ისე სავსე იყო იდეებით, კითხვებითა და ენერგიით — სიცოცხლით! ბიჭის ატირებული დედა კვლავ და კვლავ იმეორებს: „ტომი უფრო ბედნიერია ახლა. ღმერთს სურდა, რომ ის თავისთან ჰყოლოდა ზეცაში“.
ეს გულგატეხილი დედა მცირე იმედსა და ნუგეშს იმაში ხედავს, რომ თავისი შვილი, ასე თუ ისე, ისევ ცოცხალია. ეკლესიაში მას ასწავლიან, რომ სული უკვდავია, რომ მასშია შეკრებილი პირადი თვისებები, აზრები და მეხსიერება — საკუთარი „მე“. მას სწამს, რომ თავისი ბიჭის სული სულაც არ მომკვდარა; რადგან ცოცხალი სულიერი სუბსტანციაა, მან სიკვდილის დროს მიატოვა სხეული და ზეცაში წავიდა, რათა ღმერთთან და ანგელოზებთან იყოს.
უბედურების დროს სასოწარკვეთილი ადამიანის გული იმედის მცირე ნაპერწკალსაც კი ებღაუჭება, ამიტომ ძნელი არ არის იმის გაგება, თუ რატომ იზიდავს ადამიანს ასეთი რწმენა. მაგალითად, განვიხილოთ, რა აზრი წარმოთქვა თეოლოგმა პატერსონ-სმითმა თავის წიგნში „საიქიოს სახარება“ (The Gospel of the Hereafter): „სიკვდილი ძალიან უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც მას მოჰყვება — მშვენიერი, მშვენიერი, მშვენიერი ქვეყნიერება, რომელშიც სიკვდილს შევყავართ“.
მთელ მსოფლიოში და ასევე მრავალ რელიგიასა და კულტურაში ხალხს სწამს, რომ ადამიანს აქვს უკვდავი სული, შემგრძნები სულიერი სუბსტანცია, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ აგრძელებს სიცოცხლეს. ეს რწმენა, თითქმის, საყოველთაოდ არის აღიარებული ქრისტიანული სამყაროს ათასობით რელიგიებსა და სექტებში. აგრეთვე ის იუდაიზმის ოფიციალურ დოქტრინასაც წარმოადგენს. ინდუსებს სწამთ, რომ ატმანი, ანუ სული, დასაბამიდანვე იყო შექმნილი, ადამიანის დაბადებიდან ის სხეულშია დამწყვდეული და სიკვდილისას სხვა სხეულში გადადის, რითაც გარდასახვის ციკლს აგრძელებს. მუსულმანებს სწამთ, რომ სული სხეულთან ერთად იწყებს არსებობას და აგრძელებს სიცოცხლეს სხეულის სიკვდილის შემდეგ. სხვა რელიგიები — აფრიკული ანიმიზმი, სინტოიზმი, გარკვეულწილად ბუდიზმიც კი — ამავე თემის განსხვავებულ ვარიანტებს ასწავლიან.
ზოგიერთი შემაშფოთებელი საკითხი
თუმცა სულის უკვდავებაზე წარმოდგენა ეჭვს არ იწვევს და, თითქმის, საყოველთაოდ აღიარებულია, ის რამდენიმე ხელის შემშლელ საკითხს წამოჭრის. მაგალითად, ადამიანებს აინტერესებთ, სად მიდის საყვარელი მიცვალებულის სული, თუ ის არცთუ ისეთ სამაგალითო ცხოვრებას ეწეოდა. ხომ არ გარდაისახება სიცოცხლის უფრო დაბალ ფორმაში? ან ხომ არ გაიგზავნება განსაწმენდელში, სადაც ცეცხლით განიწმინდება, სანამ ღირსად ჩაითვლება ზეცაში წასასვლელად? მაგრამ, რაც კიდევ უფრო უარესია, ხომ არ უნდა ეწამოს მარადიულად ცეცხლოვან ჯოჯოხეთში? თუ მრავალი ანიმისტური რელიგიის სწავლების თანახმად, ის სულია, რომელსაც დამშვიდება სჭირდება?
ასეთი კონცეფციები ამძიმებს ცხოვრებას. ხომ არ უნდა დავამშვიდოთ ჩვენი საყვარელი მიცვალებულების სულები იმ შიშის გამო, რომ შურს იძიებენ ჩვენზე? ვალდებული ხომ არა ვართ, დავეხმაროთ რომელიმე საშინელი განსაწმენდელიდან გამოსვლაში? თუ უძლურებით მხოლოდ შიშში უნდა ვძრწოდეთ ჯოჯოხეთში მათ ტანჯვაზე ფიქრით? თუ ისე უნდა მოვეპყროთ ზოგიერთ ცხოველს, თითქოს ისინი მიცვალებულების სულებს ატარებენ?
კითხვები, რომლებიც ღმერთთან დაკავშირებით წამოიჭრება, კიდევ უფრო ნაკლებად მანუგეშებელია. მაგალითად, ზემოხსენებული დედის მსგავსად, მრავალ მშობელს, თავდაპირველად, ის წარმოდგენა ანუგეშებს, რომ ღმერთმა „წაიყვანა“ მათი შვილის უკვდავი სული ზეცაში თავისთან. მაგრამ მრავალი ადამიანის შემთხვევაში ეს მხოლოდ მაშინ ხდება, სანამ საკუთარ თავს ჰკითხავენ, როგორ ღმერთს უნდა ჩაენერგა რამე ფარული დაავადება უმანკო ბავშვისთვის და შემდეგ მხოლოდ იმისთვის წარეტაცებინა ძვირფასი არსება გულგატეხილი მშობლებისგან, რომ ნაადრევად წაეყვანა ბავშვი ზეცაში. სად აქვს ასეთ ღმერთს სამართლიანობა, სიყვარული და მოწყალება? ზოგიერთი ადამიანი ასეთი ღმერთის სიბრძნეზეც კი ეჭვობს. ისინი კითხულობენ, რატომ დაასახლებდა ბრძენი ღმერთი ყველა ამ სულს თავიდან დედამიწაზე, თუ საბოლოოდ ყველას, მაინც ზეცაში უნდა ეცხოვრა? განა ეს იმის აღმნიშვნელი არ იქნებოდა, რომ დედამიწის შექმნა მართლაც ძალ-ღონის ფუჭად დახარჯვა იყო? (შეადარე მეორე რჯული 32:4; ფსალმუნი 102:8; ესაია 45:18; 1 იოანე 4:8).
მაგრამ ერთი რამ ნათელია, რომ ნებისმიერ ფორმაში შემოთავაზებული დოქტრინა სულის უკვდავებასთან დაკავშირებით წამოჭრის შემაცბუნებელ კითხვებს და შეუთავსებლობასაც კი. ნამდვილად? უმეტესწილად, პრობლემა ამ სწავლების წყაროებს უკავშირდება. შეიძლება შენ საყურადღებოდ ჩათვალო ამ წყაროების მოკლე გამოკვლევა; აგრეთვე შეიძლება გაგაკვირვოს იმის გაგებამ, რასაც თვით ბიბლია ამბობს სულის შესახებ. ის ბევრად უფრო უკეთეს იმედს გვთავაზობს სიცოცხლისთვის სიკვდილის შემდეგ, იმისგან განსხვავებით, რასაც ქვეყნიური რელიგიები საყოველთაოდ ასწავლიან.