სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ — რა სწამს ხალხს?
„თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს?“ (იობი 14:14).
1, 2. რით ინუგეშებს თავს მრავალი ადამიანი, როდესაც ახლობელს კარგავს?
ნიუ-იორკში, სამგლოვიარო დარბაზში, მიცვალებულის მეგობრები და ოჯახის წევრები მდუმარედ გარს უვლიან თავახდილ კუბოს, რომელშიც სიმსივნით გარდაცვლილი 17 წლის ბიჭია ჩასვენებული. გამწარებული დედა ტირილით ხშირ-ხშირად იმეორებს: „ტომი ახლა უფრო ბედნიერია. ღმერთს სურდა, რომ ის თავისთან ჰყოლოდა, ზეცაში“. ტომის დედისთვის ასე უსწავლებიათ.
2 აქედან დაახლოებით 7 000 კილომეტრის დაშორებით, ინდოეთის ქალაქ ჯამნაგარში, მამის ცხედარს სამი ვაჟი დასაწვავად აწვენს. უფროსი ვაჟი შეშას ცეცხლს უკიდებს. ცეცხლის გუგუნთან ერთად ბრაჰმანის მიერ სანსკრიტზე წარმოთქმული მანტრა გაისმის: „დაე უკვდავმა სულმა შეძლოს საბოლოო რეალობაში შეღწევა“.
3. რა საკითხები აინტერესებს ადამიანს დღემდე?
3 სიკვდილი ადამიანის ცხოვრების რეალობაა (რომაელთა 5:12). ამიტომაც, ბუნებრივია, გვებადება კითხვა: მთავრდება თუ არა სიკვდილით ყოველივე? ძველი დროის ღვთის ერთგული მსახური იობი მცენარის სიცოცხლის ბუნებრივ ციკლს დაუფიქრდა და თქვა: „ხესაც აქვს იმედი — თუ მოჭრიან, კვლავ განახლდება, და ყლორტები არ მოაკლდება“. მაგრამ რა შეიძლება ითქვას ადამიანზე? „თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს?“ — იკითხა იობმა (იობი 14:7, 14). დღემდე საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენლებს აინტერესებთ, არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ. თუ არსებობს, როგორი? აქედან გამომდინარე, რა სწამს ხალხს ამის შესახებ? რატომ?
მრავალი მოსაზრება საერთო თემის ირგვლივ
4. რა სწამთ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობასთან დაკავშირებით?
4 ქრისტიანულ სამყაროში მრავალს სწამს ზეციერი ცხოვრებისა და ჯოჯოხეთის არსებობა. ინდუსებს გარდასახვის სჯერათ. მუსულმანებს კი სწამთ, რომ სიკვდილის შემდეგ დადგება სამსჯავროს დღე, როდესაც ალაჰი შეაფასებს თითოეულის მიერ განვლილ ცხოვრების გზას და განსაზღვრავს, სამოთხეში მოხვდება ადამიანი თუ ჯოჯოხეთის ცეცხლში. ზოგ ქვეყანაში მკვდრებთან დაკავშირებული შეხედულებები ადგილობრივი ტრადიციისა და ქრისტიანობის უცნაური კომბინაციაა. მაგალითად, შრი-ლანკაში როგორც ბუდისტები, ისე კათოლიკეები კარ-ფანჯრებს ფართოდ აღებენ, როდესაც ოჯახში მიცვალებულია, და კუბოს ისე დგამენ, რომ მიცვალებულს ფეხები კარისკენ ჰქონდეს. მათ სჯერათ, რომ ამით ხელს უწყობენ განსვენებულის სულის გარეთ გასვლას. დასავლეთ აფრიკაში მრავალი კათოლიკე და პროტესტანტი, ჩვეულებისამებრ, სარკეს რაიმეს აფარებს, როდესაც ვინმე კვდება, რომ არავინ ჩაიხედოს და მიცვალებულის სული არ დაინახოს. 40 დღის შემდეგ კი ოჯახის წევრები და მეგობრები სულის ზეცად ამაღლებას აღნიშნავენ.
5. რა ძირითადი წარმოდგენა აერთიანებს რელიგიების უმრავლესობას?
5 ასეთი განსხვავებული ადათ-წესების მიუხედავად, რელიგიების უმრავლესობას ერთი ძირითადი წარმოდგენა მაინც აერთიანებს: რომ პიროვნებაში არსებობს რაღაც — სული თუ აჩრდილი, რომელიც უკვდავია და სხეულის სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს სიცოცხლეს. სულის უკვდავების რწმენა თითქმის საყოველთაოდ აღიარებულია ქრისტიანული სამყაროს ასობით რელიგიასა და სექტაში. ის იუდაიზმშიც დაკანონებულია. ინდუიზმში სწორედ ეს რწმენა უდევს საფუძვლად გარდასახვის შესახებ სწავლებას. მუსულმანებსაც სჯერათ, რომ სული სხეულის სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს სიცოცხლეს. ავსტრალიელ აბორიგენებს, აფრიკელ ანიმისტებს, სინტოისტებსა და ბუდისტებსაც კი ამავე თემის სხვადასხვა ვარიანტი სწამთ.
6. რა თვალსაზრისი აქვს ზოგიერთ სწავლულს სულის უკვდავებასთან დაკავშირებით?
6 ზოგიერთს საპირისპირო თვალსაზრისი აქვს — რომ სიკვდილით ყოველგვარი სიცოცხლე მთავრდება. ის აზრი, რომ ემოციური და ინტელექტუალური ცხოვრება სხეულისგან განცალკევებულ, პიროვნების გარეშე არსებულ, აჩრდილისებურ სულში გრძელდება, მათ არაგონივრულად მიაჩნიათ. XX საუკუნის ესპანელი მეცნიერი მიგელ დე უნამუნო წერს: „სულის უკვდავების დაჯერება არის სურვილი, რომ სული უკვდავი იყოს, მაგრამ ისეთი ძლიერი სურვილი, რომ საღ აზრს ფეხქვეშ თელავს და გონიერების საზღვრებს სცილდება“. მათ შორის, რომლებსაც არ სწამდათ სულის უკვდავება, არიან ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები: ძველი დროის ცნობილი ფილოსოფოსები არისტოტელე და ეპიკურე, ექიმი ჰიპოკრატე, შოტლანდიელი ფილოსოფოსი დეივიდ ჰიუმი, არაბი მეცნიერი ავეროესი და ინდოეთის დამოუკიდებლობის შემდეგ მისი პირველი პრემიერ-მინისტრი ჯავაჰარლალ ნერუ.
7. სულის უკვდავებასთან დაკავშირებულ რა მნიშვნელოვან კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი?
7 ასეთი მრავალგვარი თვალსაზრისისა და რწმენის გამო იბადება კითხვა — მართლა გვაქვს უკვდავი სული? თუ სული უკვდავი არ არის, როგორ გახდა ასეთი მცდარი სწავლება დღევანდელი რელიგიების უმრავლესობის განუყოფელი ნაწილი? საიდან გაჩნდა ასეთი წარმოდგენა? მეტად მნიშვნელოვანია ამ კითხვებზე სწორი და დამაკმაყოფილებელი პასუხების პოვნა, რადგან ამაზე ჩვენი მომავალია დამოკიდებული (1 კორინთელთა 15:19). თავდაპირველად განვიხილოთ, როგორ წარმოიშვა დოქტრინა სულის უკვდავების შესახებ.
დოქტრინის წარმოშობა
8. რა როლი შეასრულეს სოკრატემ და პლატონმა სულის უკვდავების შესახებ დოქტრინის დამკვიდრებაში?
8 ძვ. წ. V საუკუნის ბერძენი ფილოსოფოსები სოკრატე და პლატონი ერთ-ერთ პირველებად ითვლებიან, რომლებმაც სული უკვდავად მიიჩნიეს. მაგრამ ეს შეხედულება მათგან არ მომდინარეობს. სოკრატემ და პლატონმა მხოლოდ დახვეწეს უკვე არსებული წარმოდგენა და ფილოსოფიურ დოქტრინად ჩამოაყალიბეს, რითაც თავიანთი და შემდგომი დროის განათლებული საზოგადოებისთვის უფრო მიმზიდველი გახადეს. ცნობილია, რომ ძველ სპარსეთში ზოროასტრიზმის მიმდევრებს და უფრო ადრე ეგვიპტელებსაც სწამდათ სულის უკვდავება. ამიტომაც საინტერესოა, საიდან მოდის ეს წარმოდგენა.
9. რამ მოახდინა ზეგავლენა ძველ დროში ეგვიპტეზე, სპარსეთსა და საბერძნეთზე?
9 «ძველ მსოფლიოში, — ნათქვამია წიგნში „ბაბილონისა და ასურეთის რელიგია“ (The Religion of Babylonia and Assyria), — ეგვიპტეზე, სპარსეთსა და საბერძნეთზე ზეგავლენას ახდენდა ბაბილონის რელიგია». შემდეგ წიგნში მსჯელობა ეგვიპტელთა რელიგიური შეხედულებების შესახებ გრძელდება: „თუ მხედველობაში მივიღებთ ეგვიპტესა და ბაბილონს შორის ადრინდელ კონტაქტებს, რომელთა შესახებაც თელ-ელ-ამარნას თიხის ფირფიტებიდან ვგებულობთ, მართლაც, მრავალი შესაძლებლობა არსებობდა, რომ ბაბილონელთა შეხედულებებსა და ადათ-წესებს ეგვიპტელთა თაყვანისმცემლობაში შეეღწია“a. იმავეს თქმა შეიძლება ძველი სპარსული და ბერძნული კულტურის შესახებ.
10. რა თვალსაზრისი ჰქონდათ ბაბილონელებს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის შესახებ?
10 რა შეიძლება ითქვას ძველ ბაბილონელებზე? სწამდათ მათ სულის უკვდავება? ამ საკითხის შესახებ პენსილვანიის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი მორის იასტრო უმცროსი წერდა: „[ბაბილონის] არც ხალხი და არც რელიგიური წინამძღოლები არ ფიქრობდნენ, რომ ოდესმე შეიძლებოდა ცოცხალი არსება სრულიად გამქრალიყო. სიკვდილი სხვაგვარ სიცოცხლეში გადასვლის მომენტად ითვლებოდა, ხოლო [ამ სიცოცხლეში] უკვდავების უარყოფით, უბრალოდ, ხაზი ესმებოდა იმ აზრს, რომ სიკვდილის დროს სიცოცხლის ცვლილება გარდაუვალი იყო“. დიახ, ბაბილონელებს სჯეროდათ, რომ სიცოცხლე ამა თუ იმ ფორმით სიკვდილის შემდეგაც გრძელდებოდა. ამ რწმენას იმით გამოხატავდნენ, რომ მიცვალებულს თან ატანდნენ სხვადასხვა ნივთს, რომლებსაც ის საიქიოში გამოიყენებდა.
11, 12. სად მიეცა დასაბამი სულის უკვდავების სწავლებას წარღვნის შემდეგ?
11 ნათელია, რომ სულის უკვდავების სწავლებას დასაბამი ძველ ბაბილონში მიეცა. აქვს ამას რაიმე მნიშვნელობა? დიახ, რადგან, ბიბლიის თანახმად, ქალაქი ბაბელი ანუ ბაბილონი ნოეს შვილთაშვილმა, ნებროთმა, დააარსა. ნოეს დროს მომხდარი მსოფლიო წარღვნის შემდეგ მხოლოდ ერთი ენა და ერთი რელიგია არსებობდა. ნებროთი არა მარტო იეჰოვას ‘ეწინააღმდეგებოდა’, არამედ თავის ხალხთან ერთად ‘სახელის განთქმასაც’ ცდილობდა. ქალაქის დაფუძნებით და გოდლის აგებით ნებროთმა განსხვავებული თაყვანისმცემლობა წამოიწყო (დაბადება 10:1, 6, 8–10, აქ; 11:1–4, აქ).
12 გადმოცემის თანახმად, ნებროთი მოკლეს. რა თქმა უნდა, სიკვდილის შემდეგ ბაბილონელები მას, როგორც ქალაქის დამაარსებელს, მშენებელსა და პირველ მეფეს, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ. რადგან ღვთაება მარდუქს (მეროდაქს) ბაბილონის დამფუძნებლად მიიჩნევდნენ და ბაბილონის ზოგ მეფეს სახელიც მის პატივსაცემად ერქვა, სწავლულები ფიქრობენ, რომ მარდუქი გაღმერთებული ნებროთი უნდა იყოს (მეოთხე მეფეთა 25:27; ესაია 39:1; იერემია 50:2). თუ ეს ასეა, მაშინ წარმოდგენა, რომ ადამიანს აქვს სული, რომელიც სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს სიცოცხლეს, ნებროთის სიკვდილის დროიდან მაინც არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ისტორია ცხადყოფს, რომ სულის უკვდავების სწავლებას დასაბამი წარღვნის შემდეგ ბაბელში ანუ ბაბილონში მიეცა.
13. როგორ გავრცელდა სულის უკვდავების შესახებ წარმოდგენა მთელ დედამიწაზე და რა მოჰყვა ამას?
13 ბიბლია მოგვითხრობს, რომ ღმერთმა ბაბილონის გოდლის მშენებლებს ენა აურია და ამით ჩაშალა მათ მიერ წამოწყებული საქმე. ბაბილონელებს ერთმანეთის აღარ ესმოდათ, რის გამოც მიატოვეს მშენებლობა და ‘გაიფანტნენ დედამიწის ზურგზე’ (დაბადება 11:5–9). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გოდლის მშენებლების ენის შეცვლით მათი აზროვნება და შეხედულებები არ შეცვლილა. ამიტომაც მათ თან გაჰყვათ თავიანთი რელიგიური წარმოდგენები. ამგვარად, ბაბილონელთა რელიგიური შეხედულებები — მათ შორის სულის უკვდავების შესახებ წარმოდგენა — მთელი დედამიწის ზურგზე გავრცელდა და მსოფლიოს რელიგიების უმრავლესობის ძირითად დოქტრინად იქცა. სწორედ ასე წარმოიშვა ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელი, რომელსაც ბიბლიაში სათანადოდ ეწოდება „დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სიბილწეთა დედა“ (გამოცხადება 17:5).
ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელი საზღვრებს აღმოსავლეთით აფართოებს
14. როგორ გავრცელდა ბაბილონელთა რელიგიური შეხედულებები ინდოეთში?
14 ზოგი ისტორიკოსის თანახმად, 3 500 წელზე მეტი ხნის წინათ ინდ-განგის ვაკეზე, ძირითადად დღევანდელი პაკისტანისა და ინდოეთის ტერიტორიაზე, ჩრდილო-დასავლეთიდან ჩასული ფერმკრთალი ხალხი — არიელები — გამოჩნდნენ. ისინი განგის ნაპირებსა და მთელი ინდოეთის ტერიტორიაზე დასახლდნენ. ზოგი მკვლევარის აზრით, მიგრირებული ხალხის რელიგიური შეხედულებები ძველ ირანულ და ბაბილონურ წარმოდგენებზე იყო დაფუძნებული. მათი რელიგიური შეხედულებები საფუძვლად დაედო ინდუიზმს.
15. როგორ დამკვიდრდა სულის უკვდავების შესახებ წარმოდგენა ინდუიზმში?
15 ინდოეთში სულის უკვდავების შესახებ წარმოდგენამ გარდასახვის შესახებ დოქტრინის სახე მიიღო. ინდუსმა ბრძენებმა, რომლებიც თავს იმტვრევდნენ ადამიანთა უბედურებისა და ტანჯვის საყოველთაო პრობლემაზე, კარმის ანუ მიზეზისა და შედეგის კანონი ჩამოაყალიბეს. სულის უკვდავების შესახებ წარმოდგენასთან მისი შერწყმით კი გარდასახვის შესახებ დოქტრინა შექმნეს, რომლის მიხედვითაც ადამიანი კეთილი საქმეებისა თუ შეცდომების გამო შესაბამისად ჯილდოვდება ან ისჯება მომდევნო ცხოვრებაში. მორწმუნის მიზანი მოქშა ანუ გარდასახვისგან გათავისუფლება და საბოლოო რეალობასთან შერწყმა ანუ ნირვანის მიღწევაა. საუკუნეების განმავლობაში ინდუიზმის გავრცელებასთან ერთად გარდასახვის შესახებ დოქტრინაც გავრცელდა. დღეს ის ინდუიზმში უმნიშვნელოვანეს დოქტრინად ითვლება.
16. რა წარმოდგენამ მოახდინა დიდი ზეგავლენა აღმოსავლეთ აზიის ხალხთა უმრავლესობის რელიგიურ შეხედულებებსა და წეს-ჩვეულებებზე?
16 ინდუიზმიდან სხვა რელიგიები — ბუდიზმი, ჯაინიზმი და სიქიზმი — განვითარდა. გარდასახვის შესახებ დოქტრინა ამ რელიგიებშიც დამკვიდრდა. გარდა ამისა, ბუდიზმმა აღმოსავლეთ აზიის უდიდეს ნაწილში — ჩინეთში, კორეაში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში — შეაღწია და ამ ქვეყნების კულტურასა და რელიგიაზე დიდი გავლენა მოახდინა. ამან წარმოშვა რელიგიები, რომლებშიც ბუდიზმის, სპირიტიზმისა და წინაპართა თაყვანისცემის ელემენტებია შერწყმული. ამ რელიგიებიდან ყველაზე გავლენიანი დაოსიზმი, კონფუციანელობა და სინტოიზმია. ამგვარად, წარმოდგენამ, რომ სიცოცხლე სხეულის სიკვდილის შემდეგაც გრძელდება, ზეგავლენა მოახდინა აღმოსავლეთის ხალხთა უმრავლესობის რელიგიურ შეხედულებებსა და წეს-ჩვეულებებზე.
სულის უკვდავება იუდაიზმში, ქრისტიანულ სამყაროსა და ისლამში
17. რა სწამდათ ძველი დროის იუდეველებს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობის შესახებ?
17 რას ასწავლის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობის შესახებ იუდაიზმი, ქრისტიანული სამყარო და ისლამი? ამ რელიგიებიდან ყველაზე ადრე იუდაიზმი ჩამოყალიბდა. ის დაახლოებით 4 000 წლის წინათ, აბრაამის დროს, ჩაისახა — დიდი ხნით ადრე, ვიდრე სოკრატე და პლატონი სულის უკვდავების შესახებ აზრს გამოთქვამდნენ. ძველი დროის იუდეველებს მკვდრეთით აღდგომა სწამდათ და არა უკვდავება (მათე 22:31, 32; ებრაელთა 11:19). მაშ, როგორ შეიჭრა სულის უკვდავების შესახებ წარმოდგენა იუდაიზმში? ამ შეკითხვაზე პასუხს ისტორია გვაძლევს.
18, 19. როგორ შეაღწია სულის უკვდავების შესახებ წარმოდგენამ იუდაიზმში?
18 ალექსანდრე დიდმა ძვ. წ. 332 წელს შუა აღმოსავლეთი დაიპყრო და იერუსალიმშიც შევიდა. ალექსანდრეს შემდგომმა მეფეებმა განაგრძეს მის მიერ წამოწყებული ელინიზაციის პროცესი, რამაც ორი კულტურის — ბერძნულისა და იუდაურის — შერწყმა გამოიწვია. დროთა განმავლობაში იუდეველებში ბერძნული აზროვნება დამკვიდრდა და ზოგიერთები ფილოსოფოსებიც კი გახდნენ.
19 ფილონ ალექსანდრიელი ახ. წ. I საუკუნეში მცხოვრები ერთ-ერთი ასეთი ებრაელი ფილოსოფოსი იყო. ის პატივს სცემდა პლატონს და ცდილობდა, იუდაიზმი ბერძნული ფილოსოფიური ცნებებით აეხსნა, რითაც, ფაქტობრივად, გზას უკვალავდა შემდგომი დროის იუდეველ მოაზროვნეებს. ბერძნულმა აზროვნებამ დიდი ზეგავლენა მოახდინა თალმუდზეც — ზეპირი რჯულის ჩანაწერზე, რომელსაც რაბინები კომენტარებს ურთავდნენ. «თალმუდის მწერალ რაბინებს, — ნათქვამია „იუდაურ ენციკლოპედიაში“ (Encyclopaedia Judaica), — სიკვდილის შემდეგ სულის მარადიული არსებობის სჯეროდათ». მოგვიანებით შექმნილი იუდეველთა მისტიკური, მაგალითად კაბალისტური, ლიტერატურა გარდასახვასაც კი ასწავლის. ამგვარად, სულის უკვდავების შესახებ წარმოდგენამ იუდაიზმში ბერძნული ფილოსოფიის გზით შეაღწია. მაგრამ როგორ შეიჭრა ის ქრისტიანულ სამყაროში?
20, 21. ა) რა თვალსაზრისი ჰქონდათ პირველ ქრისტიანებს პლატონის, ანუ ბერძნულ, ფილოსოფიაზე? ბ) რამ გამოიწვია პლატონის იდეების ქრისტიანულ მოძღვრებასთან შერწყმა?
20 ჭეშმარიტი ქრისტიანობა სათავეს იესო ქრისტესგან იღებს. იესოს შესახებ მიგელ დე უნამუნომ, რომლის სიტყვებიც ზემოთ იყო მოყვანილი, დაწერა: „მას სწამდა სხეულით აღდგომა, როგორც ებრაელს, და არა სულის უკვდავება, [როგორც ბერძნებს] პლატონის იდეების მიხედვით“. ბოლოს მან თქვა: „სულის უკვდავება . . . წარმართული, ფილოსოფიური დოქტრინაა“. ამიტომაც გასაგებია, რატომ აფრთხილებდა პავლე მოციქული პირველი საუკუნის ქრისტიანებს, არ გატაცებულიყვნენ „ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, ადამიანური გადმოცემისა და სამყაროს სტიქიათა მიხედვით, და არა ქრისტეს მიხედვით“ (კოლასელთა 2:8).
21 როდის და როგორ შეიჭრა ეს „წარმართული, ფილოსოფიური მოძღვრება“ ქრისტიანულ სამყაროში? „ახალ ბრიტანულ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „ახ. წ. II საუკუნის მეორე ნახევრიდან ქრისტიანებმა, რომლებიც გაცნობილი იყვნენ ბერძნულ ფილოსოფიას, დაიწყეს ფიქრი იმის შესახებ, რომ თავიანთი რწმენა ფილოსოფიური ტერმინებით ჩამოეყალიბებინათ, რათა პირადად მათთვისაც მისაღები ყოფილიყო და განათლებული წარმართებიც მოექციათ. სათანადო ფილოსოფიად მათ პლატონიზმი მიიჩნიეს“. ორი ასეთი ადრინდელი ფილოსოფოსი, რომლებმაც ზეგავლენა მოახდინეს ქრისტიანული სამყაროს მოძღვრებაზე, ორიგენე ალექსანდრიელი და ავგუსტინე ჰიპონელი იყვნენ. პლატონის იდეების გავლენის ქვეშ მოქცეულმა ამ ორმა ფილოსოფოსმა დიდი როლი შეასრულა ამ იდეების ქრისტიანულ მოძღვრებასთან შერწყმაში.
22. როგორ დამკვიდრდა სულის უკვდავების შესახებ წარმოდგენა ისლამში?
22 იუდაიზმსა და ქრისტიანობაში სულის უკვდავების შესახებ წარმოდგენა პლატონის ზეგავლენის შედეგად გაჩნდა, ისლამი კი წარმოშობის დღიდანვე ასწავლის მას. ყურანი, ისლამის წმინდა წიგნი, ასწავლის, რომ ადამიანს აქვს სული, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს სიცოცხლეს. მასში ასევე მოხსენიებულია სულის საბოლოო ხვედრი — ან სამოთხის ზეციერ ეზოებში ცხოვრება ან ცეცხლოვან ჯოჯოხეთში ტანჯვა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაბი სწავლულები არ ცდილობდნენ ისლამური მოძღვრებისა და ბერძნული ფილოსოფიის შერწყმას. ფაქტია, რომ არაბულ სამყაროზე გარკვეულწილად ზეგავლენა მოახდინა არისტოტელეს ნაშრომებმა. მაგრამ მუსულმანებს სულის უკვდავება დღემდე სწამთ.
23. სიკვდილის შემდეგ სიცოცხლესთან დაკავშირებულ რა საკითხებს განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
23 ნათელია, რომ მთელი მსოფლიოს რელიგიებმა სულის უკვდავების შესახებ წარმოდგენაზე დაყრდნობით საიქიო ცხოვრებასთან დაკავშირებული უამრავი დოქტრინა ჩამოაყალიბეს. ასეთმა დოქტრინებმა ზეგავლენა მოახდინა ხალხზე — დაიმორჩილა და დაიმონა კიდეც მილიარდობით ადამიანი. ამიტომაც გვებადება კითხვები: შესაძლებელია გავიგოთ, რა ემართება ადამიანს სიკვდილის დროს? არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? რას ამბობს ბიბლია ამის შესახებ? ამ საკითხებს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.
[სქოლიო]
a თელ-ელ-ამარნის ტერიტორიაზე ძვ. წ. XIV საუკუნეში აშენებული ეგვიპტის ქალაქ აჰეტატონის ნანგრევებია.
შეგიძლიათ ახსნათ?
◻ რა ძირითადი წარმოდგენა აერთიანებს რელიგიების უმრავლესობას სიკვდილის შემდეგ სიცოცხლესთან დაკავშირებით?
◻ როგორ ცხადყოფს ისტორია და ბიბლია, რომ სულის უკვდავების შესახებ სწავლებას დასაბამი ძველ ბაბილონში მიეცა?
◻ როგორ მოახდინა ზეგავლენა აღმოსავლურ რელიგიებზე სულის უკვდავების შესახებ ბაბილონელთა წარმოდგენამ?
◻ როგორ შეიჭრა სულის უკვდავების შესახებ წარმოდგენა იუდაიზმში, ქრისტიანულ სამყაროსა და ისლამში?
[სურათები 12, 13 გვერდებზე]
ალექსანდრე დიდის დაპყრობებმა ბერძნული და იუდაური კულტურის შერწყმა გამოიწვია.
ავგუსტინე პლატონის ფილოსოფიისა და ქრისტიანობის შერწყმას ცდილობდა.
[საავტორო უფლება]
Alexander: Musei Capitolini, Roma; Augustine: From the book Great Men and Famous Women