რატომ უნდა ვადიდოთ ყველამ ღმერთი?
ალილუია! ეს სიტყვა კარგად არის ცნობილი ქრისტიანული სამყაროს მრევლისთვის. ზოგი მათგანი ხმამაღლა გაიძახის ამ სიტყვას კვირა დღეს გამართულ წირვაზე. მაგრამ რამდენმა იცის, სინამდვილეში, რას ნიშნავს ეს სიტყვა? ებრაულად — „ადიდეთ იაჰ!“ — არის სიხარულით აღსავსე, ნათელი, ხმამაღალი განდიდება იმ შემოქმედისა, რომლის სახელია იეჰოვაa.
სიტყვა „ალილუია“ ხშირად გვხვდება ბიბლიაში. რატომ? იმიტომ რომ ღვთის სადიდებლად ძალიან ბევრი საფუძველი არსებობს. იაჰ (იეჰოვა) არის უკიდეგანო სამყაროს შემოქმედი და საყრდენი (ფსალმუნი 146:4, 5; 148:3–6). მან მისცა საწყისი ეკოსისტემებს, რაც შესაძლებელს ხდის დედამიწაზე სიცოცხლის არსებობას (ფსალმუნი 146:8, 9; 148:7–10). და ის განსაკუთრებით დაინტერესებულია ადამიანებით. თუ ვასრულებთ მის ნებას, ის კურთხევას არ იშურებს ჩვენთვის და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გვიდგას მხარში და გვთავაზობს უკეთესი ცხოვრების იმედს მომავალში (ფსალმუნი 148:11–14). სწორედ იაჰ (იეჰოვა) ღვთის მიერ არის შთაგონებული შემდეგი სიტყვები: „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:29).
მაშასადამე, ყველას გვეხება მოწოდება: „ალილუია!“ „ადიდეთ იაჰ, თქვენ ხალხო!“ (ფსალმუნი 104:35, სქოლიო, აქ, [103:35, სსგ]). სამწუხაროდ, ყველა არ ცდილობს, გამოეხმაუროს ამ სიტყვებს. დღეს ხალხი იტანჯება. მრავალი შიმშილობს, ავადმყოფობს ან წუხს. უმეტესობას მრავალი სადარდებელი აქვს ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის უმართებულოდ გამოყენების გამო ან ურჩობისა და უზნეობის გამო. არსებობს თუ არა საფუძველი იმისთვის, რომ ყოველმა მათგანმა ადიდოს ღმერთი?
‘მხოლოდ იეჰოვას შეუძლია დამაიმედოს’
დიახ, საფუძველი არსებობს. იეჰოვა მოუწოდებს უკლებლივ ყველას, რომ გაეცნონ მას, ისწავლონ მისი ნების შესრულება და იხარონ იმ კურთხევებით, რის გამოც ადამიანებს მისი განდიდების სურვილი აქვთ. მრავალი ეხმაურება ამ მოწოდებას. მაგალითად, ადრიანა, რომელიც გვატემალაში ცხოვრობს. როდესაც ადრიანა შვიდი წლის იყო, დედა გარდაეცვალა. მალე მამამაც მიატოვა. ათი წლისამ არსებობისთვის მუშაობა დაიწყო. რადგანაც ადრე დედამ უთხრა, რომ ღვთისა და ეკლესიისთვის ემსახურა, ადრიანა დაუკავშირდა სხვადასხვა კათოლიკურ ჯგუფებს, მაგრამ თორმეტი წლისას გული გაუტყდა მათზე და შეუერთდა ქუჩის ბანდას. მან დაიწყო მოწევა, ნარკოტიკების მიღება და ქურდობა. რატომ უნდა მონდომებოდა ასეთ გოგონას ღვთის განდიდება?
ადრიანას დამ იეჰოვას მოწმეებთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა, მაგრამ თვითონ ადრიანა დასცინოდა მას. შემდეგ მათი დეიდა გარდაიცვალა. მისი დასაფლავების დროს მრავალი მტანჯველი ფიქრი დაესია მას. სად წავიდა დეიდა? — ზეცაში? იქნებ ცეცხლოვან ჯოჯოხეთში? ადრიანასთვის ყველაფერი გაუგებარი იყო, ის წავიდა სასაფლაოს ეკლესიაში და დახმარებისთვის ლოცვა დაიწყო და, როგორც დისგან იცოდა, მოუხმობდა ღვთის სახელ იეჰოვას.
ძალიან მალე მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან და ესწრებოდა მათ ქრისტიანულ შეხვედრებს. ამან სულ სხვანაირი თვალსაზრისი მისცა სიცოცხლის შესახებ და ადრიანამ, მტკიცე გადაწყვეტილებით აღსავსემ, ურთიერთობა შეწყვიტა ქუჩის ბანდებთან. ახლა ადრიანა, რომელიც სადაცაა 30 წელს მიაღწევს, ამბობს: „მხოლოდ იეჰოვასადმი სიყვარულმა მიმატოვებინა ცხოვრების ცუდი გზა. მხოლოდ იეჰოვას შეუძლია უდიდესი წყალობით მარადიული სიცოცხლით დამაიმედოს“. ადრიანას, ცხოვრების დაწყებიდან სიძნელეების მიუხედავად, შესანიშნავი საფუძველი აქვს ღვთის განსადიდებლად.
კიდევ ერთი, უფრო უიმედო მდგომარეობა გვაცნობეს უკრაინიდან. იქ ერთ პატიმარს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. ეცოდება თუ არა მას საკუთარი თავი? დეპრესიაშია? — სრულიადაც არა. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მას შემდეგ, რაც დაუკავშირდა იეჰოვას მოწმეებს და იეჰოვას შესახებ გარკვეული ცოდნა შეიძინა, სთხოვა მათ, რომ დედამისს დაკავშირებოდნენ. ახლა ის წერილს სწერს მათ, რადგან გაიგო, რომ შეუსრულეს თხოვნა. ის ამბობს: „გმადლობთ, რომ მიხვედით დედაჩემთან. ეს ყველაზე სასიხარულო ამბავი იყო ჩემთვის გასულ წელს“.
საკუთარ თავსა და მათ შესახებ, რომლებიც მასთან ერთად საკანში იმყოფებიან და რომლებსაც დაუმოწმა, წერს: „ახლა ჩვენ გვწამს ღმერთი და ვცდილობთ, რწმენის თანახმად მოვიქცეთ“. წერილს კი შემდეგი სიტყვებით ამთავრებს: „გმადლობთ, რომ დაგვეხმარეთ, გაგვეგო, თუ რას ნიშნავს სიყვარული და რწმენის მიღება. თუ ცოცხალი დავრჩები, მეც მოგეხმარებით. მადლობა ღმერთს, რომ არსებობთ და ეხმარებით სხვებს, უყვარდეთ და სწამდეთ ღმერთი“. ამ პატიმარმა აპელაცია შეიტანა სასიკვდილო განაჩენთან დაკავშირებით. მაგრამ სიკვდილით დასჯიან თუ მრავალ წელს ციხეში გაატარებს, მას აშკარად აქვს საფუძველი, რომ ადიდოს ღმერთი.
‘მიუხედავად იმისა, რომ ბრმა ვარ, ხედვა შემიძლია’
ახლა განვიხილოთ სიცოცხლით სავსე მოზარდი გოგონას მაგალითი, რომელმაც მოულოდნელად დაკარგა მხედველობა. მას ჰქვია გლორია და არგენტინაში ცხოვრობს. როდესაც 19 წლის იყო მოულოდნელად დაბრმავდა და ვერაფრით აღიდგინა მხედველობა. მოგვიანებით, 29 წლის ასაკში, გლორიამ დაუქორწინებლად დაიწყო ცხოვრება მამაკაცთან და მალევე დაორსულდა. იმ დროს გლორია ფიქრობდა, რომ მის ცხოვრებას აზრი ჰქონდა. მაგრამ, როდესაც ბავშვი დაეღუპა, უამრავი კითხვა დაებადა. მას აინტერესებდა: „რატომ ემართება ყოველივე ეს? რა ჩაიდინა ასეთი? ნამდვილად არსებობს თუ არა ღმერთი?“
სწორედ მაშინ ეწვია იეჰოვას ორი მოწმე. გლორიამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და გაიგო იმის შესახებ, რომ აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში ბრმებს თვალები აეხილებათ (ესაია 35:5). რა დიდებული იმედია ეს გლორიასათვის! ის ძალიან ბედნიერი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეუღლე ქორწინების რეგისტრაციაზე დასთანხმდა. შემდეგ მეუღლე უბედური შემთხვევის გამო დაინვალიდდა და ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა. დღეს ამ ბრმა ქალს მძიმე მუშაობა უწევს, რომ საარსებო სახსრები ჰქონდეთ. ამასთანავე, ის აკეთებს ოჯახში ყოველგვარ საქმეს და ზრუნავს მეუღლის საჭიროებებზე. ყოველივე ამის მიუხედავად, გლორია ღმერთს ადიდებს! ქრისტიანი და-ძმების დახმარებით სწავლობს ბრაილის შრიფტით დაბეჭდილ ბიბლიას და მისთვის დიდი გამხნევების წყაროს წარმოადგენს სამეფო დარბაზში ქრისტიანული შეხვედრები. ის ამბობს: „ასახსნელად რთულია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ბრმა ვარ, ხედვა მაინც შემიძლია“.
ზოგჯერ ღვთისმადიდებელ ადამიანებს სდევნიან. ხორვატიაში ერთი ქალი ძალიან ბედნიერი იყო, როდესაც ღვთის შესახებ გაიგო, მაგრამ მეუღლე შეეწინააღმდეგა მის ახლადნაპოვნ რელიგიას და უარი თქვა მასზე, მიატოვა და თან წაიყვანა თავიანთი ერთი წლის გოგონა. ქუჩაში, ქმრისა და ოჯახისგან მიტოვებული, უსახლკარო, უმუშევარი, ბავშვწართმეული პირველად თავს განადგურებულად გრძნობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთან ურთიერთობა შეზღუდული ჰქონდა პატარის გაზრდამდე, ღვთისადმი სიყვარულმა გაამხნევა. ამ ქალმა იპოვა ‘ძვირფასი მარგალიტი’ და არ დაუშვა მისი დაკარგვა (მათე 13:45, 46). როგორ შეინარჩუნა იმ მძიმე დღეებში სიხარული? ის ამბობს: „სიხარული ღვთის სულის ერთ-ერთი ნაყოფია. მისი განვითარება ყველანაირი ვითარების დროს შეიძლება, როგორც მცენარეებს შეუძლიათ ყველანარი ამინდის დროს სათბურში გაზრდა“.
ფინეთში ექვსი წლის მარკუსს კუნთების უკურნებელი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. მალე ის ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა. რამდენიმე წლის შემდეგ დედამისმა ერთ ორმოცდაათიანელთან წაიყვანა, რომელიც აღიარებული იყო და ირწმუნებოდა, რომ ავადმყოფების განკურნება შეეძლო. მაგრამ მას სასწაული არ მოუხდენია. ამიტომ მარკუსმა ღვთის მიმართ ყოველგვარი ინტერესი დაკარგა და მიჰყვა მეცნიერული საკითხებისა და ქვეყნიერებაში არსებული სხვადასხვა დარგების შესწავლას. შემდეგ, დაახლოებით ხუთი წლის წინ მარკუსის სახლის კართან ინვალიდის სავარძლით ახალგაზრდა მამაკაცის თანხლებით ქალი მივიდა. ორივე იეჰოვას მოწმეს წარმოადგენდა. იმ დროისთვის მარკუსი ათეისტი იყო, მაგრამ რელიგიაზე სასაუბროდ არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო და სახლში შეიპატიჟა ისინი.
მოგვიანებით ესტუმრა დაქორწინებული წყვილი და მარკუსმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. საბოლოოდ ბიბლიის ჭეშმარიტების ძალამ მარკუსის თვალსაზრისი სხვადასხვა საკითხებში შეცვალა და ის მიხვდა, რომ საკუთარი უმწეობის მიუხედავად, ღვთის სადიდებლად ნამდვილად ჰქონდა საფუძველი. მან თქვა: „ბედნიერი ვარ, რომ ვიპოვე ჭეშმარიტება და ის ორგანიზაცია, რომელსაც ღმერთი იყენებს. ახლა ჩემს ცხოვრებას აქვს მიმართულება და აზრი. კიდევ ერთი დაკარგული ცხვარი იქნა ნაპოვნი და მას არ სურს იეჰოვას სამწყსოს მიტოვება!“ (შეადარე მათეს 10:6).
დაე ყველამ „ადიდოს იაჰ“
აქ მხოლოდ რამდენიმე მაგალითი მოვიყვანეთ, რათა გვეჩვენებინა, რომ დღეს ადამიანებს ნებისმიერი მდგომარეობის მიუხედავად აქვთ საფუძველი, ადიდონ ღმერთი. პავლე მოციქული ამას შემდეგი სიტყვებით ხსნიდა: „ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან აღგვითქვამს სიცოცხლეს აწმყოშიც და მომავალშიც“ (1 ტიმოთე 4:8). თუ ღვთის ნებას შევასრულებთ, ღმერთი განახორციელებს ‘სიცოცხლისთვის მოცემულ აღთქმას’. რასაკვირველია, ამ სისტემაში ის ღარიბს არ გაამდიდრებს და ავადმყოფს არ გამოაჯანსაღებს. მაგრამ ის თავის სულს აძლევს მათ, რომლებიც ემსახურებიან, და ამით ისინი პოულობენ სიხარულსა და კმაყოფილებას, მიუხედავად იმისა, გარეგნულად როგორიც არ უნდა ჩანდეს მათი მდგომარეობა. დიახ, თვით „აწმყოშიც“ აქვს ავადმყოფს, ტანჯულსა და ღარიბს ღვთის სადიდებლად საფუძველი.
მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ სიცოცხლეზე, რომელიც იქნება ‘მომავალში’? დიახ, სწორედ ამაზე ფიქრმა ღვთის სადიდებელი ძალა და უდიდესი ენთუზიაზმი უნდა მოგვცეს! ჩვენ სიხარულისგან ჟრუანტელი გვივლის მთელ სხეულში, როდესაც ვფიქრობთ იმ დროზე, როდესაც სიღარიბე არავის ეცოდინება; როცა „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“; როცა იეჰოვა „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (ესაია 33:24; გამოცხადება 21:3, 4; ფსალმუნი 71:16). რა თვალსაზრისი გაქვს ღვთის ამ აღთქმებზე?
ერთმა ახალგაზრდამ ელ-სალვადორში აიღო ბიბლიაზე დაფუძნებული ტრაქტატი, სადაც ყოველივე ზემოთქმული იყო განხილული. მან იმ მოწმეს, რომელმაც ტრაქტატი მისცა, უთხრა: „ქალბატონო, რაც ამ ტრაქტატში წერია, იმდენად კარგია, რომ შეუძლებელია ჭეშმარიტება იყოს“. მრავალი ფიქრობს ასე. მაგრამ ეს აღთქმები იმ პიროვნებისაა, რომელმაც სამყარო შექმნა, რომელმაც აამოძრავა დედამიწის ბუნებრივი ციკლები და რომელიც ეხმარება ღარიბებსა და ავადმყოფებს, იპოვონ სიხარული. ჩვენ შეგვიძლია გვწამდეს მისი სიტყვების. ზემოხსენებული ახალგაზრდა იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდა ბიბლიას და მიხვდა, რომ ყოველივე ეს ჭეშმარიტებაა. თუ შენ ჯერ კიდევ არ დაგიწყია ბიბლიის შესწავლა, ჩვენ მოგიწოდებთ, რომ დაიწყო. დაე, იცხოვრე ახალ ქვეყნიერებაში, სადაც ეს სისტემა აღარ იქნება და ყველა ქმნილება ერთიანად იტყვის ხმამაღლა: „ალილუია!“ „ადიდეთ იაჰ, თქვენ, ხალხო!“ (ფსალმუნი 112:1, აქ, [111:1, სსგ]; 135:1, აქ, [134:1, სსგ]).
[სქოლიოები]
a ბიბლიაში „იეჰოვა“ ზოგჯერ შემოკლებულია, როგორც „იაჰ“.
[სურათი მე-5 გვერდზე]
დაე, შენც იყო მათ შორის, როდესაც ყველა ქმნილება ერთად იტყვის ხმამაღლა: „ალილუია“!