ასე მრავალი ტანჯვა
„რატომ არსებობს ტანჯვის ასე მრავალი შემაძრწუნებელი ცალკეული თუ საერთო შემთხვევები? . . ღმერთი ყოველივე იმის განსახიერებაა, რაც აზრით არის სავსე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნიერებაში ასე მრავალი უგუნურება, უაზრო ტანჯვა და ცოდვა არსებობს. ნამდვილად წარმოადგენს ღმერთი იმას, რასაც ნიცშე აბრალებს: დესპოტი, თვითმარქვია, მატყუარა, ჯალათი?“ (ჰანს კიუნგის „ქრისტიანად ყოფნის შესახებ“ [On Being a Christian]).
ხომ ხვდები, რომ კათოლიკე თეოლოგი ჰანს კიუნგი მხოლოდ წარმოგვიდგენს პრობლემას, რომელიც მრავალს აცბუნებს — რატომ უშვებს ამდენ ტანჯვას ყოვლადძლიერი, მოსიყვარულე ღმერთი? განა არ მოგისმენია ადამიანებისგან ასეთი კითხვა? ნებისმიერი თანამგრძნობი ადამიანი დარდობს იმაზე, რასაც კიუნგი „სისხლის, ოფლისა და ცრემლების, ტკივილის, მწუხარებისა და შიშის, სიმარტოვისა და სიკვდილის უსასრულო ნაკადად“ აღწერს. სინამდვილეში ეს უფრო საშინელებისა და გამოუთქმელი ტანჯვის ძლიერ ნაკადს, წარღვნას, ჰგავს, რომელსაც ისტორიის განმავლობაში მილიონობით ადამიანის ცხოვრება დაუნგრევია (იობი 14:1).
„დარდითა და მწუხარებით“ სავსენი
დაფიქრდი ომით გამოწვეულ ტანჯვა-წამებაზე, ტკივილზე, რომელსაც უშუალო მსხვერპლის გარდა, ასევე, ის ადამიანები განიცდიან, რომლებსაც დარდის მეტი აღარაფერი დარჩენიათ — მაგალითად, ახალგაზრდა დაზარალებულების მშობლები და ნათესავები და სხვები, რომლებსაც სასტიკად ეპყრობიან. არცთუ დიდი ხნის წინ „წითელი ჯვარი“ აღნიშნავდა, რომ „ბოლო 10 წლის განმავლობაში შეიარაღებულ კონფლიქტებში მოკვდა 1,5 მილიონზე მეტი ბავშვი“. „წითელი ჯვრის“ ანგარიშების თანახმად, რუანდაში 1994 წელს „ბარბაროსულად და სისტემატურად ხოცავდნენ ასი ათასობით მამაკაცს, ქალსა თუ ბავშვს“.
პედოფილიით დაავადებული გარყვნილი ადამიანების მიერ მიყენებული ტკივილიც არ უნდა გამოგვრჩეს. დარდით მოკლულმა დედამ, რომლის ვაჟიშვილმაც აღმზრდელის მიერ შეცდენის შემდეგ თავი მოიკლა, გამოაცხადა: „მამაკაცმა, რომელმაც ჩემი ბიჭუნა გააუპატიურა. . . კიდევ მრავალი სხვა ბიჭი დაღუპა წარმოუდგენლად სისტემატური და გარყვნილი გზით“. ხოლო რის თქმა შეიძლება მრავალი მსხვერპლის კოშმარულ ტკივილზე, რომელიც ისეთი სერიული მკვლელობების ჩამდენი და გულქვა ადამიანების ხელით იყო მიყენებული, როგორებიც ინგლისში დააპატიმრეს და რომლებიც „25 წლის განმავლობაში დაუსჯელად იტაცებდნენ, აუპატიურებდნენ, აწამებდნენ და ხოცავდნენ“? როგორც ჩანს ისტორიის განმავლობაში მამაკაცებისა და ქალების მიერ ერთმანეთისთვის მიყენებულ ტკივილსა და ტანჯვას საზღვარი არა აქვს (ეკლესიასტე 4:1–3).
დაუმატე ამას ემოციური თუ ფიზიკური ავადმყოფობით გამოწვეული ტანჯვა-წამება და საყვარელი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის დროს ოჯახისთვის დამანგრეველი დარდით გამოწვეული საშინელი ტკივილი. აგრეთვე იმ მრავალი მსხვერპლის გამოუთქმელი ტანჯვა, რომელსაც შიმშილობა ან ეგრეთ წოდებული სტიქიური უბედურებები იწვევს. მხოლოდ რამდენიმე თუ შეეწინააღმდეგება მოსეს მტკიცებას, რომ ჩვენი 70 თუ 80 წელი „დარდითა და მწუხარებით“ არის სავსე (ფსალმუნი 90:10, აქ [89:10]).
ღვთის განზრახვის ნაწილი?
შესაძლებელია, რომ ზოგის მტკიცებების თანახმად, ეს განუწყვეტელი ტანჯვა-წამება ღვთის საკმაოდ გაუგებარი განზრახვის ნაწილი იყოს? საჭიროა კი ახლა დავიტანჯოთ, რომ „მომდევნო ქვეყნიერებაში“ სრულად შევიგნოთ სიცოცხლის მნიშვნელობა? ნუთუ სიმართლეა, როგორც ფრანგი ფილოსოფოსი ტეიარ დე შარდენი ფიქრობს, რომ „მომაკვდინებელი და დამანგრეველი ტანჯვა აუცილებელია ადამიანისთვის, რათა იცოცხლოს და სულად იქცეს“? (The Religion of Teilhard de Chardin; კურსივი ჩვენია). რასაკვირველია, არა!
ნუთუ მზრუნველი შემოქმედი განზრახ შექმნიდა მომაკვდინებელ გარემოს და შემდეგ გამოწვეული შედეგებისგან ხალხის გათავისუფლებისას თავს მოწყალედ გამოაცხადებდა? უეჭველია, არა! რატომ გააკეთებდა ამას მოსიყვარულე ღმერთი? მაშ, რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას? დასრულდება კი ოდესმე ტანჯვა? ეს კითხვები განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.
[საავტორო უფლება 3 გვერდზე]
WHO photo by P. Almasy