„ოქროს ნაცვლად, ბრილიანტები ვიპოვე“
მოგვითხრო მიქალის კამინარისმა
სამხრეთ აფრიკაში ხუთი წლის ყოფნის შემდეგ, სადაც ოქროს საძიებლად გავემგზავრე, სახლში უფრო ძვირფასი განძით ვბრუნდებოდი. ნება მიბოძეთ, მოგითხროთ სიმდიდრეზე, რომელიც იმ დროს მოვიპოვე და ძლიერ მსურდა, სხვებისთვის გამეზიარებინა.
დავიბადე 1904 წელს საბერძნეთის კუნძულ კეფალინიაზე იონიის ზღვაში რომ არის. მალე მშობლები დავკარგე, ამიტომ ობლად ვიზრდებოდი. დახმარებისთვის მოწყურებული ხშირად ღვთისადმი ვლოცულობდი. მაგრამ ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში რეგულარული დასწრების მიუხედავად, ბიბლიის სრული უცოდინარი ვიყავი. მანუგეშებელს ვერაფერს ვპოულობდი.
ათას ცხრაას ოცდაცხრა წელს გადასახლება და უკეთესი ცხოვრების მოძებნა გადავწყვიტე. ამიტომ მივატოვე უნაყოფო კუნძული და ინგლისის გავლით გემით სამხრეთ აფრიკაში გავემგზავრე. ზღვაში 17 დღის შემდეგ კეიპტაუნს (სამხრეთ აფრიკა) მივაღწიეთ, სადაც იმწამსვე თანამემამულემ დამიქირავა. მაგრამ ნუგეში მატერიალურ სიმდიდრეშიც ვერ ვპოვე.
უფრო ძვირფასი რამ
სამხრეთ აფრიკაში ჩასვლიდან დაახლოებით ორ წელში სამუშაო ადგილზე ერთ-ერთმა იეჰოვას მოწმემ მომაკითხა და ბერძნულ ენაზე ბიბლიური ლიტერატურა შემომთავაზა. მასში შედიოდა ბროშურები: „სად არიან მკვდრები?“ და „ჩაგვრა — როდის დასრულდება ის?“ კარგად მახსოვს, რა თავგამოდებით ვკითხულობდი ამ პუბლიკაციებს, რომლების ყველა ციტირებულ მუხლსაც კი ვიზეპირებდი. ერთხელ ჩემს თანამოსამსახურეს ვუთხარი: „მე ვიპოვე, რასაც მთელი წლების განმავლობაში ვეძებდი. აფრიკაში ოქროს საძიებლად მოვედი, მაგრამ ოქროს ნაცვლად, ბრილიანტები ვიპოვე“.
სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგე, რომ ღმერთს პირადი სახელი აქვს, იეჰოვა, რომ მისი სამეფო უკვე დამყარებულია ზეცაში და რომ ჩვენ ამ სისტემის ბოლო დღეებში ვცხოვრობთ (ფსალმუნი 83:18, აქ, [82:19, სსგ]; დანიელი 2:44; მათე 6:9, 10; 24:3–12; 2 ტიმოთე 3:1–5; გამოცხადება 12:7–12). რა ამაღელვებელი იყო იმის გაგება, რომ ადამიანთა ყველა რასას იეჰოვას სამეფო უსასრულო კურთხევას მოუტანს! სხვა შთამბეჭდავი ფაქტი იმაში შედგებოდა, რომ ამ ფასდაუდებელ ჭეშმარიტებებს მთელ მსოფლიოში ქადაგებდნენ (ესაია 9:5, 6; 11:6–9; მათე 24:14; გამოცხადება 21:3, 4).
ცოტა ხანში კეიპტაუნში არსებული საგუშაგო კოშკის საზოგადოების ფილიალის მისამართი მოვძებნე და უფრო მეტი ბიბლიური ლიტერატურა მივიღე. განსაკუთრებული აღფრთოვანება ბიბლიის პირადი ეგზემპლარის მიღებამ გამოიწვია. წაკითხულმა სურვილი აღმიძრა, სხვებთან დამემოწმებინა ყოველივე. დავიწყე იმით, რომ ბიბლიურ პუბლიკაციებს მშობლიურ ქალაქ ლიქსურიონში ნათესავებს, მეგობრებსა და ნაცნობებს ვუგზავნიდი. შესწავლის შედეგად თანდათან შევიგნე, რომ იეჰოვასთვის სიამოვნების მოსაგვრელად პიროვნებამ სიცოცხლე უნდა მიუძღვნას. ამიტომ მე დაუყოვნებლივ განვახორციელე ეს ლოცვაში.
ერთხელ იეჰოვას მოწმეთა შეხვედრას დავესწარი, მაგრამ ინგლისურის უცოდინარობის გამო ერთი სიტყვაც ვერ გავიგე. როგორც კი შევიტყე, რომ პორტ-ელიზაბეთში ბერძნები ცხოვრობდნენ, იქ გადავინაცვლე, მაგრამ ბერძნულად მოლაპარაკე იეჰოვას მოწმეებს ვერ შევხვდი. იმ დროიდან საბერძნეთში დაბრუნება გადავწყვიტე, რათა სრული დროით მახარობელი გავმხდარიყავი. მახსენდება, როგორ ვეუბნებოდი საკუთარ თავს: „შიშველიც რომ დავრჩე დავბრუნდები საბერძნეთში“.
სრული დროით მსახურება საბერძნეთში
ათას ცხრაას ოცდათოთხმეტი წლის გაზაფხულს იტალიის საოკეანო გემზე „დუილიო“-ზე შევხვდი. მარსელში (საფრანგეთი) ჩასვლისა და იქ ათი დღის გატარების შემდეგ სამგზავრო გემით „პატრის“-ით საბერძნეთში გავემგზავრე. ზღვაში გემის მექანიზმის გამო პრობლემები წამოიჭრა და ღამე ბრძანება გაიცა წყალში მაშველი ნავების დასაშვებად. მაშინ გამახსენდა ჩემი ფიქრები საბერძნეთში შიშვლად ჩასვლის შესახებ. მაგრამ, საბოლოოდ, იტალიის საბუქსირო გემი მოვიდა და ბაგირით ნეაპოლში (იტალია) წაგვიყვანა. მოგვიანებით, როგორც იქნა, პირეოსს (საბერძნეთი) მივაღწიეთ.
იქიდან ათენში გავემართე, სადაც საგუშაგო კოშკის საზოგადოების ფილიალს ვესტუმრე. ფილიალის ზედამხედველს, ათანასსიოს კარანასიოსს საუბარში ვთხოვე, რომ სრული დროით მქადაგებლად დავენიშნე. მომდევნო დღეს გავემგზავრე პელოპონესისკენ (საბერძნეთი), რომელიც კონტინენტის სამხრეთ ნაწილშია განლაგებული. მთელი ეს ოლქი მე პირად ტერიტორიად ჩამაბარეს!
სამქადაგებლო მსახურება უსაზღვრო ენთუზიაზმით დავიწყე — დავდიოდი ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, მეურნეობიდან მეურნეობაში და კარდაკარ. ცოტა ხანში მიქაელ ტრიანტაფილოპულოსი შემომიერთდა, რომელმაც მომნათლა 1935 წლის ზაფხულში — სრული დროით მსახურების დაწყებიდან წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ! საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიუწვდომელი იყო, ამიტომ ყველგან ფეხით მივდიოდით. ყველაზე დიდი პრობლემა სამღვდელოების წინააღმდეგობა იყო, რომელიც ჩვენს გასაჩერებლად ყველაფერს აკეთებდა. ამის შედეგად მრავალ წინასწარ შექმნილ აზრს ვხვდებოდით. მაგრამ, დაბრკოლებების მიუხედავად, დამოწმება მიმდინარეობდა და იეჰოვას სახელი ხალხს ყველგან ემცნობოდა.
წინააღმდეგობის გადატანა
ერთ დილას, არკადიას მთიან რაიონში ქადაგებისას სოფელ მაგულიანაში მივედი. ერთსაათიანი დამოწმების შემდეგ ეკლესიის ზარების ხმა მომესმა და მალევე მივხვდი, რომ ზარები ჩემს გამო რეკავდა! უცებ ბრბო შეიკრიბა, რომელსაც ბერძენი მართლმადიდებელი არქიმანდრიტი (ეპისკოპოსის შემდეგი პირი ეკლესიაში) მიუძღვებოდა. სწრაფად დავხურე პორტფელი და ჩუმად იეჰოვასადმი ვილოცე. ბავშვების დიდი ჯგუფით გარშემორტყმული არქიმანდრიტი პირდაპირ ჩემსკენ მოემართებოდა. „ეს არის! ეს არის!“ — ყვიროდა ის.
ბავშვებმა ჩემს გარშემო მჭიდრო წრე შეჰკრეს, მღვდელმა ნაბიჯი გადმოდგა, თავისი გადმოგდებული დიდი ღიპით მომაწვა და აყვირდა, რომ „წაბილწვის ასარიდებლად“ ჩემთვის ხელის დაკარებაც არ სურდა. ის გაჰკიოდა: „დაარტყით! დაარტყით!“ მაგრამ სწორედ ამ დროს პოლიციელი გამოჩნდა და ორივე წაგვიყვანა განყოფილებაში. ხალხის წაქეზებისთვის მღვდელი სასამართლო პასუხისმგებლობის წინაშე დააყენეს და 300 დრაქმით ჯარიმასთან ერთად სასამართლოს ხარჯებიც გადაახდევინეს. მე გამათავისუფლეს.
ახალ ტერიტორიაზე ჩასვლისას ჩვენი მოღვაწეობის ცენტრად უფრო დიდი ქალაქი და მის გარშემო ოთხსაათიან მანძილზე განლაგებული უბნები ავირჩიეთ. ეს ნიშნავდა, რომ გათენებამდე სახლიდან გასვლით და საღამოს ჩამოწოლილ სიბნელეში უკან დაბრუნებით ყოველდღიურად ძირითადად ერთ-ორ სოფელს ვეწვეოდით. გარშემო განლაგებულ სოფლებში საქმიანობის დასრულების შემდეგ ქალაქში ვქადაგებდით და შემდეგ სხვაგან გადავდიოდით. ჩვენს წინააღმდეგ სამღვდელოების მიერ ხალხის წაქეზების გამო ხშირად გვაპატიმრებდნენ. ცენტრალური საბერძნეთის პარნასის რეგიონში პოლიცია თვეობით მეძებდა. მაგრამ ვერასდროს დამიჭირა.
ერთ დღეს მე და ძმა ტრიანტაფილოპულოსი სოფელ მურიკიში ვქადაგებდით, რომელიც ბეოტიას ოლქს მიეკუთვნება. სოფელი ორ ნაწილად დავყავით — მე აღმართებზე დავიწყე საქმიანობა, რადგან უფრო ახალგაზრდა ვიყავი. მოულოდნელად ქვემოდან ყვირილი მომესმა. ჩარბენისას ვფიქრობდი: „ძმა ტრიანტაფილოპულოსს სცემენ“. ადგილობრივ კაფეში შეკრებილიყვნენ სოფლელები და მღვდელი, რომელიც გაბრაზებული ხარივით წინ და უკან დარბოდა. «ეს ხალხი „გველის თესლს“ გვიწოდებს», — ყვიროდა ის.
მღვდელმა მოასწრო ძმა ტრიანტაფილოპულოსის თავზე ხელჯოხის გადატეხა, რომელსაც სისხლი სახეზე ჩამოსდიოდა. როცა სისხლი მოვწმინდე, წასვლა შეგვეძლო. ქალაქ თებემდე სამი საათი ვიარეთ. იქ სამედიცინო დაწესებულებაში ჭრილობა დაუმუშავეს. მომხდარზე პოლიციას შევატყობინეთ და სასამართლო საქმე აღვძარით. მაგრამ მღვდელს გავლენიანი ნაცნობები ჰყავდა და საბოლოოდ უდანაშაულოდ სცნეს.
ქალაქ ლევკასში ქადაგებისას იმ ტერიტორიის ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის მიმდევრებმა „დაგვაპატიმრეს“ და სოფლის ყავახანაში უკანონოდ მოწყობილ სასამართლოში მიყვანის შემდეგ ბრალი დაგვდეს. პოლიტიკური ლიდერი და თავისი ხალხი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების გამოსროლით რიგრიგობით ჩვენს გარშემო დარბოდნენ და მუშტებშეკრულები გვემუქრებოდნენ. ყველა გალეშილი იყო. ჩვენს წინააღმდეგ წარმოთქმული ტირადები შუადღიდან მზის ჩასვლამდე გრძელდებოდა, მაგრამ ჩვენ არ აღვშფოთებულვართ და კვლავაც ვიღიმებოდით, როცა უდანაშაულობას ვაცხადებდით და დახმარებისთვის ჩუმად იეჰოვა ღმერთისადმი ვლოცულობდით.
დაბინდებისას ორმა პოლიციელმა გვიხსნა. მათ განყოფილებაში წაგვიყვანეს და კეთილად მოგვექცნენ. თავისი მოქმედებების გასამართლებლად მეორე დღეს მოსულმა პოლიტიკურმა ლიდერმა საბერძნეთის მეფის წინააღმდეგ პროპაგანდაში დაგვადანაშაულა. ამიტომ შემდგომი გამოკვლევისთვის პოლიციამ ქალაქ ლამიაში გაგვაგზავნა ორი მამაკაცის თანხლებით. შვიდი დღე პატიმრობაში ყოფნის შემდეგ სასამართლო პროცესისთვის ხელბორკილებში ქალაქ ლარისაში წაგვიყვანეს.
წინასწარ ინფორმირებული ლარისელი ქრისტიანი ძმები ჩვენს ჩასვლას ელოდებოდნენ. მათი გამოვლენილი დიდი სიყვარული შესანიშნავი დამოწმება იყო მცველებისთვის. ჩვენი ადვოკატი — იეჰოვას მოწმე და ყოფილი პოდპოლკოვნიკი — კარგად იყო ცნობილი ქალაქში. სასამართლოში მისი გამოჩენისა და საქმის დასაბუთების შემდეგ ჩვენს წინააღმდეგ ბრალდება ცრუ ჩვენებად აღიარეს და გაგვათავისუფლეს.
იეჰოვას მოწმეთა ქადაგების საერთო წარმატებამ წინააღმდეგობა გაზარდა. 1938–1939 წლებში შემოღებულ იქნა პროზელიტიზმის ამკრძალავი კანონები და მიქაელთან ერთად ამ საკითხთან დაკავშირებულ ათობით სასამართლო საქმეში ვიყავი ჩარეული. მოგვიანებით, ჩვენი მოღვაწეობისადმი ნაკლები ყურადღების მოპყრობის მიზნით ფილიალის ბიურომ ცალ-ცალკე მუშაობა გვირჩია. ამხანაგის გარეშე მოღვაწეობა ძნელი მეჩვენა. მიუხედავად ამისა, იეჰოვასადმი მინდობით მოვიარე ატიკის რაიონები, ბეოტია, თიოტესი, ევბეა, ეტოლია, აკარნანია, ევრიტანია და პელოპონესის რაიონი.
ამ პერიოდის განმავლობაში იეჰოვასადმი ფსალმუნმომღერლის მინდობის შესანიშნავი სიტყვები მეხმარებოდა: „შენით ვამარცხებ ლაშქარს და ჩემი ღმერთის შეწევნით გადავევლები გალავანს. ღმერთი მიმატებს ძალას და სწორ გზას მაძლევს. ჩემს ფეხებს ირმისას ამსგავსებს და ჩემს სიმაღლეებზე მაყენებს“ (ფსალმუნი 17:30, 33, 34).
იტალიამ 1940 წელს საბერძნეთს ომი გამოუცხადა და ცოტა ხანში ქვეყანაში გერმანიის ჯარები შემოიჭრა. გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა და საგუშაგო კოშკის საზოგადოების წიგნები აიკრძალა. საბერძნეთის იეჰოვას მოწმეებისთვის ეს მძიმე დღეები იყო; მიუხედავად ამისა, რიცხობრივი ზრდა სენსაციურად გრძელდებოდა — 1940 წელს 178 მოწმიდან მეორე მსოფლიო ომის დასასრულისთვის, 1945 წელს, რიცხვმა 1 770-ს მიაღწია!
ბეთელში მსახურება
ათას ცხრაას ორმოცდახუთ წელს ათენში იეჰოვას მოწმეთა ფილიალის ბიუროში მიმიწვიეს სამსახურებლად. ბეთელი, რომელიც „ღვთის სახლს“ ნიშნავს, მაშინ ლომბარდუს ქუჩაზე დაქირავებულ სახლში იყო განლაგებული. ოფისები პირველ სართულზე იყო, ხოლო ტიპოგრაფია სარდაფში. მასში შედიოდა მცირე საბეჭდი დაზგა და საჭრელი მანქანა. ტიპოგრაფიის შტატი თავიდან მხოლოდ ორი ადამიანისგან შედგებოდა, მაგრამ ცოტა ხანში დახმარებას სხვა მოხალისეები გვიწევდნენ, რომლებიც რეგულარულად სახლებიდან მოდიოდნენ.
კონტაქტი ბრუკლინში (ნიუ-იორკი) საგუშაგო კოშკის საზოგადოების მთავარ განყოფილებასთან აღდგა 1945 წელს და იმავე წელს კვლავ დაიწყო ბერძნულ ენაზე „საგუშაგო კოშკის“ რეგულარული გამოშვება. შემდეგ, 1947 წელს ჩვენი ფილიალი ტენედუს №16-ში გადავიტანეთ, თუმცა ტიპოგრაფია ლომბარდუს ქუჩაზე რჩებოდა. მოგვიანებით ტიპოგრაფიამ ერთ-ერთი იეჰოვას მოწმის მფლობელობაში არსებულ ქარხანაში გადაინაცვლა, რომელიც ლომბარდუს ქუჩიდან 5 კილომეტრში იყო. ასე რომ, რამდენიმე ხნის განმავლობაში წინ და უკან დავრბოდით სამ ადგილს შორის.
მახსოვს ტენედუს ქუჩაზე განლაგებული საცხოვრებელი ადგილიდან დილაადრიანად რომ გავდიოდით და ტიპოგრაფიისკენ მივემართებოდით. დღის პირველ საათამდე მუშაობის შემდეგ ლომბარდუს ქუჩაზე მივდიოდი, სადაც ჩვენს მიერ დაბეჭდილ ქაღალდს იბარებდნენ. აქ მას ჟურნალებად კეცავდნენ, კინძავდნენ და ხელით ჭრიდნენ. ამის შემდეგ დასრულებული ჟურნალები საფოსტო განყოფილების მესამე სართულზე მიგვქონდა, ფოსტის პერსონალს მათ დახარისხებაში ვეხმარებოდით და გასაგზავნად კონვერტებს საფოსტო მარკებს ვაკრავდით.
ათას ცხრაას ორმოცდათოთხმეტი წლისთვის საბერძნეთში იეჰოვას მოწმეთა რიცხვი 4 000-ს გადასცდა, რის საფუძველზეც უფრო მეტი ნაგებობების საჭიროება გამოჩნდა. ამ დროიდან გადავბარგდით ათენის საქმიან რაიონში, კარტალიად წოდებულ ქუჩაზე განლაგებულ ახალ სამსართულიან ბეთელში. 1958 წელს სამზარეულოს ხელმძღვანელობა მთხოვეს, რაზეც 1983 წლამდე პასუხისმგებელი ვიყავი. ამასობაში, 1959 წელს დავქორწინდი ელეფტერიაზე, რომელიც იეჰოვასადმი მსახურებაში ყოველთვის ერთგულ დამხმარედ მყავდა.
კვლავ წინააღმდეგობის გადატანა
ათას ცხრაას სამოცდაშვიდ წელს სამხედრო ხუნტამ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება და ჩვენი სამქადაგებლო მსახურება კვლავ აიკრძალა. მაგრამ აკრძალვასთან გამკლავების წინანდელი გამოცდილების საფუძველზე ჩვენ მალევე შევეგუეთ სიტუაციას და წარმატებით განვაგრძეთ მუშაობა იატაკქვეშ.
ჩვენს შეხვედრებს კერძო ბინებში ვატარებდით და კარდაკარ სამსახურში ფრთხილნი ვიყავით. მიუხედავად ამისა, ჩვენი ძმები არაერთხელ დააპატიმრეს და სასამართლო საქმეების რიცხვი გარდაუვლად მრავლდებოდა. ჩვენი ადვოკატები სულ სირბილში იყვნენ სახელმწიფოს სხვადასხვა ნაწილებში სასამართლო პროცესების გასარჩევად. წინააღმდეგობის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეთა უმრავლესობა რეგულარულად მოღვაწეობდა ქადაგებაში, განსაკუთრებით კი დასვენების დღეებში.
შაბათ-კვირას სამქადაგებლო საქმიანობის დამახასიათებელი თავისებურება ჯგუფების შემოწმება იყო იმ ადამიანთა დასადგენად, რომლებიც დღის ბოლოსთვის აკლდნენ ჯგუფს. უმრავლეს შემთხვევაში ესენი პოლიციის უახლოეს განყოფილებაში იყვნენ დაპატიმრებულები. ამიტომ საბნებსა და საჭმელთან ერთად მათთან გამხნევებაც მიგვქონდა. აგრეთვე ჩვენს ადვოკატებს ვატყობინებდით, რომლებიც პატიმრების დასაცავად ორშაბათს პროკურორის მოსვლამდე ჩნდებოდნენ. ასეთ მდგომარეობას სიხარულით ვხვდებოდით, რადგან ჩვენ ჭეშმარიტებისთვის ვიტანჯებოდით!
აკრძალვის პერიოდში ბეთელში ტიპოგრაფიის ფუნქციონირება შეჩერებული იყო. ამიტომ ათენის გარეუბანში მდებარე სახლის ბინა, რომელშიც ელეფტერიასთან ერთად ვცხოვრობდი, თავისებურ ტიპოგრაფიად იქცა. მძიმე საბეჭდი მანქანის საშუალებით ელეფტერია „საგუშაგო კოშკის“ სტატიების ეგზემპლარებს ბეჭდავდა. საბეჭდ მანქანაში ერთდროულად ათ ფურცელს დებდა და კლავიშებისთვის ისე მაგრად უნდა დაეჭირა, რომ ასოები ყველა ფურცელზე დაბეჭდილიყო. შემდეგ ფურცლებს ვაგროვებდი და ერთად ვკინძავდი. ეს ყოველ საღამოს შუაღამემდე გრძელდებოდა. ერთი სართულით დაბლა პოლიციელი ცხოვრობდა და ჩვენ დღესაც გვიკვირს ერთხელაც რომ არ დაეჭვებულა.
სიხარული უწყვეტი გაფართოებისთვის
ათას ცხრაას სამოცდაჩვიდმეტ წელს საბერძნეთში დემოკრატია აღდგა და სამქადაგებლო მსახურება კვლავ უფრო დაუფარავად გაგრძელდა. მაგრამ საქმიანობაზე დადებული შეზღუდვების შვიდი წლის განმავლობაში სასწაულებრივი ზრდა ვიხილეთ — სამეფოს მაუწყებლებს ახალი 6 000 იეჰოვას მოწმე შეემატა, რის შედეგადაც საერთო რიცხვმა 17 000-ს გადააჭარბა.
აგრეთვე ფილიალის ნაგებობებში რეგულარული ბეჭდვითი საქმიანობა აღვადგინეთ. ყოველივეს შედეგად კარტალიის ქუჩაზე განლაგებული ბეთელის შენობები მალე ძალიან ვიწრო გახდა. ამიტომ ათენის გარეუბანში, მარუსიში, შეძენილ იქნა ერთი ჰექტარი მიწა. იქ აშენებული ახალი ბეთელის შენობებში 27 საწოლი ოთახი, ქარხანა, ოფისები და სხვა ნაგებობები შედიოდა. ამათი საზეიმო გახსნა მოხდა 1979 წლის ოქტომბერში.
დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტი ფართობი დაგვჭირდა. ამიტომ ათენის ჩრდილოეთით 60 კილომეტრში 22 ჰექტარი მიწა ვიყიდეთ. ნაკვეთი გარეუბნის, ელიონას, მთიან ფერდობზეა განლაგებული, ხოლო ხედად მთები და კარგად სარწყავი გაშლილი ველები აქვს. იქ, 1991 წლის აპრილში, ჩვენ ბევრად უფრო ფართო, 22 სახლის შემცველი, ფილიალის საზეიმო გახსნა აღვნიშნეთ, რომელთაგანაც თითოეული სახლი რვა ადამიანს უზრუნველყოფს საცხოვრებლით.
სრული დროით მსახურებაში 60-ზე მეტი წლის გატარების შემდეგ მე კვლავაც კურთხეული ვარ კარგი ჯანმრთელობით. საბედნიეროდ, ‘სიბერეშიც ნაყოფს ვიძლევი’ (ფსალმუნი 91:15). განსაკუთრებით მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ ცოცხალი დავრჩი, რათა საკუთარი თვალით მეხილა მის ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა რიგების დიდებული ზრდა. ასეთი ზრდა წინასწარმეტყველმა ესაიამ იწინასწარმეტყველა: „მუდამ ღია იქნება შენი კარიბჭენი, არ ჩაიკეტება დღითა და ღამით, რათა მოგიტანონ ხალხთა დოვლათი“ (ესაია 60:11).
რა შესანიშნავია მილიონობით ადამიანის ხილვა, რომლებიც ყველა ერიდან მოედინებიან იეჰოვას ორგანიზაციაში, სადაც მათ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად დიდ გასაჭირში გადარჩენას ასწავლიან (2 პეტრე 3:13). ალალად შემიძლია ვთქვა, რომ სრული დროით მსახურება ჩემთვის იმ ნებისმიერ რამეზე უფრო ძვირფასი აღმოჩნდა, რის შემოთავაზებაც ქვეყნიერებას შეუძლია. დიახ, მე ოქროს საუნჯე კი არ ვიპოვე, არამედ სულიერი ბრილიანტები, რომლებმაც უზომოდ გაამდიდრა ჩემი ცხოვრება.
[სურათები 23 გვერდზე]
მიქალის და ელეფტერია კამინარისები.
(მარჯვნივ) ტიპოგრაფია ლომბარდუს ქუჩაზე.