იეჰოვასთვის სათანადოს მიგება
მოგვითხრო ტიმოლეონ ვასილიუმ
სოფელ აიდონოჰორში ბიბლიის სწავლების გამო დამაპატიმრეს. პოლიციელებმა ფეხსაცმელი გამხადეს და ფეხის გულებში დამიწყეს ცემა. ცემისგან ფეხები დამიბუჟდა და ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი. სანამ მოგითხრობდეთ, რატომ შემემთხვა ისეთი რამ, რაც იმ დროს საბერძნეთში იშვიათი არ იყო, ნება მომეცით გიამბოთ, როგორ გავხდი ბიბლიის მასწავლებელი.
ჩემი დაბადების შემდეგ, 1921 წელს ჩვენი ოჯახი ჩრდილოეთ საბერძნეთში, ქალაქ როდოლივოსში გადასახლდა. ახალგაზრდობაში აფორიაქებულ ცხოვრებას ვეწეოდი. 11 წლისამ სიგარეტის წევა დავიწყე. ცოტა ხანში ლოთობას და აზარტულ თამაშებსაც მივყავი ხელი და თითქმის ყოველ ღამეს ღრეობებში ვატარებდი. რადგანაც მუსიკალური ნიჭი მქონდა, ადგილობრივ მუსიკალურ ჯგუფს შევუერთდი. დაახლოებით ერთ წელიწადში ამ ჯგუფის თითქმის ყველა ინსტრუმენტზე ვუკრავდი. მიუხედავად ასეთი ცხოვრებისა, ბეჯითი და სიმართლის მოყვარული ვიყავი.
1940 წლის დასაწყისში, როდესაც II მსოფლიო ომი მძვინვარებდა, ერთი პატარა გოგონას გასვენებაზე გვთხოვეს დაკვრა. საფლავთან გოგონას ნათესავები და მეგობრები ძლიერ მოთქვამდნენ. მათმა სრულმა უიმედობამ ძალიან იმოქმედა ჩემზე. დავიწყე ფიქრი კითხვებზე: „რატომ ვკვდებით? სულ ეს არის ჩვენი ცხოვრება? სად ვიპოვო პასუხები?“
რამდენიმე დღის შემდეგ სახლში თაროზე შემოდებული ახალი აღთქმა შევნიშნე. ჩამოვიღე და კითხვა დავიწყე. როდესაც მათეს 24:7-ში წავიკითხე იესოს წინასწარმეტყველება, რომ ომები ფართო მასშტაბით მისი თანდასწრების ნიშანი იქნებოდა, მივხვდი, რომ ეს ჩვენს დროს ეხებოდა. მომდევნო კვირების განმავლობაში ეს ქრისტიანულ-ბერძნული წერილები რამდენჯერმე წავიკითხე.
1940 წლის დეკემბერში მეზობლად მცხოვრები ერთი ქვრივის ოჯახს ვესტუმრე, რომელსაც ხუთი შვილი ჰყავდა. მათს სხვენში საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული მთელი დასტა ბროშურები ვიპოვეთ, რომელთაგანაც ერთის სათაური იყო „ნანატრი მთავრობა“. სანამ ეს ბროშურა ბოლომდე არ წავიკითხე, სხვენიდან არ ჩამოვედი. მე ვიწამე წაკითხული, კერძოდ ის, რომ ნამდვილად იმ დროში ვცხოვრობთ, რომელსაც ბიბლია ‘უკანასკნელ დღეებს’ უწოდებს და იეჰოვა ღმერთი მალე ბოლოს მოუღებს ამ ბოროტ სისტემას და მას ახალი სამართლიანი ქვეყნიერებით შეცვლის (2 ტიმოთე 3:1—5; 2 პეტრე 3:13).
ჩემზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბიბლიურმა მტკიცებებმა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთგული ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ დედემიწაზე სამოთხეში და ტანჯვა და სიკვდილი აღარ იარსებებს ახალ ქვეყნიერებაში, სადაც ღვთის სამეფო იმმართველებს (ფსალმუნი 36:9—11, 29; გამოცხადება 21:3, 4). კითხვისას მადლობას ვუხდიდი ღმერთს ყოველივე ამისათვის და ვთხოვდი ეჩვენებინა, რა იყო მისი მოთხოვნები. მივხვდი, რომ იეჰოვა ღმერთი იმსახურებდა, მთელი სულითა და გულით მეერთგულა მისთვის (მათე 22:37).
გაგებულის თანახმად მოქმედება
იმ დროიდან მოყოლებული შევწყვიტე წევა, ფულზე თამაში და გადავეჩვიე სმას. იმ ქვრივის ხუთ შვილსა და ჩემ სამ უმცროს და-ძმას ერთად დავსვამდი ხოლმე და ვუყვებოდი, რასაც ბროშურაში ვკითხულობდი. მალე ყველამ დავიწყეთ ამ მცირე ცოდნის გავრცელება. თუმცა მოწმეებს არასოდეს შევხვედრილვართ, ხალხში იეჰოვას მოწმეებად გავხდით ცნობილები. თავიდანვე თვეში ას საათზე მეტ დროს ვუთმობდი სხვებისთვის იმ მშვენიერი ინფორმაციის გაზიარებას.
ერთი ადგილობრივი მართლმადიდებელი მღვდელი მერთან მივიდა, რომ ჩვენზე ეჩივლა. რამდენიმე დღით ადრე კი ერთ ახალგაზრდა მოწმეს დაკარგული ცხენი ეპოვა და პატრონისთვის დაებრუნებინა, რაც ჩვენ არ ვიცოდით. ამ პატიოსანი საქციელის გამო მერი პატივისცემით განეწყო მოწმეებისადმი და არ მოუსმინა მღვდელს.
ერთხელ, 1941 წლის ოქტომბერში, ბაზარზე ქადაგებისას ყური მოვკარი საუბარს, რომ ახლომდებარე ქალაქში იეჰოვას ერთი მოწმე ცხოვრობდა. ის ყოფილი პოლიციელი, კრისტოს ტრიანტაფილუ იყო. მე მოვძებნე ის. კრისტოსი 1932 წლიდან ყოფილა იეჰოვას მოწმე. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მან „საგუშაგო კოშკის“ ძველი ნომრები მომცა. ეს ჟურნალები დიდად დამეხმარა სულიერ ზრდაში.
1943 წელს თავი მივუძღვენი იეჰოვას და მოვინათლე. იმ დროისათვის სამ მეზობელ სოფელში — დრავისკოსში, პალეოკომისა და მავროლოფოსში — ვასწავლიდი ბიბლიას. მაშინ ბიბლიის სასწავლებლად ვიყენებდი წიგნს „ღვთის არფა“. დროთა განმავლობაში ამ ტერიტორიებში იეჰოვას მოწმეთა ოთხი კრება ჩამოყალიბდა, რამაც დიდად გამახარა.
ქადაგება დაბრკოლებების მიუხედავად
1944 წელს საბერძნეთი გათავისუფლდა გერმანიის ოკუპაციისგან და მალე შესაძლებელი გახდა ათენში საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალთან დაკავშირება. ფილიალმა ისეთ ტერიტორიაზე საქადაგებლად მიმიწვია, სადაც სამეფოს შესახებ ცნობა ჯერ არავის ჰქონდა მოსმენილი. იქ სამი თვის განმავლობაში ერთ ფერმაში ვიმუშავე, დანარჩენი ცხრა თვე კი მსახურებას დავუთმე.
იმ წელს ღმერთმა იმით მაკურთხა, რომ დედაჩემი მოინათლა და მასთან ერთად იმ ქვრივმა და მისმა ოთხმა შვილმაც მიუძღვნა თავი იეჰოვას. უმცროსი ქალიშვილი მარიანთი კი, რომელიც 1943 წელს მოინათლა, იმავე წლის ნოემბერში ჩემი საყვარელი მეუღლე გახდა. ოცდააათი წლის შემდეგ, 1974 წელს, მამაჩემიც იეჰოვას მოწმე გახდა.
1945 წლის დასაწყისში პირველად მივიღეთ როტაციულ მანქანაზე დაბეჭდილი „საგუშაგო კოშკის“ ასლები. მისი ძირითადი სტატიის სათაური იყო „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი“ (მათე 28:19). მე და მარიანთი დაუყოვნებლივ გავემგზავრეთ მოშორებულ ტერიტორიებზე, მდინარე სტრიმონის აღმოსავლეთში. იქ მოგვიანებით სხვა მოწმეებიც შემოგვიერთდნენ.
ხშირად, რომელიმე სოფელში მისასვლელად, ფეხშიშველები კილომეტრობით ხევებსა და მთებს გავდიოდით. ფეხშიშველები იმიტომ მივდიოდით, რომ ფეხსაცმელს ვუფრთხილდებოდით, რადგან ერთადერთი წყვილი გვქონდა. 1946—1949 წლებში სამოქალაქო ომის გამო საბერძნეთში მგზავრობა ძალზე საშიში იყო. ხშირად გზებზე გვამები ეყარა.
ამ სიძნელეების გამო გულს არ ვიტეხდით, პირიქით, მთელი გულმოდგინებით განვაგრძობდით მსახურებას. ხშირად იმავეს ვგრძნობდი, რასაც ფსალმუნმომღერალი, რომელმაც თქვა: „შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი“ (ფსალმუნი 22:4). იმ ხანებში ხშირად ხდებოდა, რომ კვირების განმავლობაში არ ვიყავით სახლში და ზოგჯერ თვეში 250 საათს ვატარებდით მსახურებაში.
ჩვენი მსახურება აიდონოჰორში
ერთ-ერთ სოფელს, რომელსაც 1946 წელს ვესტუმრეთ, აიდონოჰორი ერქვა. ის მთაზე მდებარეობდა. იქ ერთმა კაცმა შეგვატყობინა, რომ ორ ადამიანს ბიბლიური ცნობის მოსმენა სურდა. მაგრამ მეზობლების შიშით არ გვიჩვენა მათი საცხოვრებელი. ჩვენ მაინც მივაგენით მათ და ვესტუმრეთ. რამდენიმე წუთში მისაღები ოთახი ხალხით აივსო. ესენი ნათესავები და ახლო მეგობრები იყვნენ. გამაოცა იმის ხილვამ, თუ რა ყურადღებით გვისმენდნენ. ისინი თურმე მოუთმენლად ელოდნენ იეჰოვას მოწმეებთან შეხვედრას, მაგრამ საბერძნეთის ოკუპაციის დროს იქ არც ერთი მოწმე არ ყოფილა. რამ გამოიწვია მათი ინტერესი?
ამ ორი ოჯახის უფროსები ადგილობრივი კომუნისტური პარტიის ცნობილი წევრები იყვნენ და ხალხში კომუნისტურ იდეებს ავრცელებდნენ. მაგრამ მოგვიანებით საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული წიგნი „მთავრობა“ წაიკითხეს და დარწმუნდნენ, რომ სრულყოფილი, სამართლიანი მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სამეფო იქნებოდა.
ამ მამაკაცებსა და მათს მეგობრებს შუაღამემდე ვესაუბრეთ. როდესაც თავიანთ კითხვებზე ბიბლიაზე დაფუძნებული პასუხები მიიღეს, ისინი კმაყოფილები დარჩნენ. მაგრამ მალე იმ სოფლის კომუნისტებმა ჩემი მოკვლა განიზრახეს, რადგან მათი ყოფილი ლიდერების გადაბირებაში მდებდნენ ბრალს. მათ შორის, ვინც პირველ საღამოს მისმენდა, შემთხვევით ის კაციც აღმოჩნდა, რომელმაც სოფელში ამ დაინტერესებული მამაკაცების არსებობა შემატყობინა. დროთა განმავლობაში მან წინ წაიწია ბიბლიურ შემეცნებაში, მოინათლა და მოგვიანებით კრების უხუცესი გახდა.
სასტიკი დევნა
ამ მამაკაცებთან შეხვედრის შემდეგ არ გასულა დიდი დრო, რომ ორი პოლიციელი შემოიჭრა სახლში, სადაც კრების შეხვედრას ვატარებდით. მათ ოთხ ჩვენგანს იარაღი მოგვადეს და პოლიციის განყოფილებაში წაგვიყვანეს. იქ ერთმა, მართლმადიდებელ სამღვდელოებასთან კავშირში მყოფმა ლეიტენანტმა, გვაგინა. შემდეგ გვკითხა: „რა გიყოთ ახლა თქვენ?“
„კარგად ვცემოთ!“ — ერთხმად უპასუხეს ჩვენს უკან მდგომმა პოლიციელებმა.
უკვე გვიანი ღამე იყო. მათ სარდაფში ჩაგვკეტეს და იქვე ახლოს ბარში შევიდნენ. კარგად რომ შეთვრნენ, დაბრუნდნენ და მაღლა ამიყვანეს.
როდესაც დავინახე, რა მდგომარეობაში იყვნენ, მივხვდი, რომ ნებისმიერ წუთს შეეძლოთ ჩემი მოკვლა. ვლოცულობდი და ღმერთს ვთხოვდი, გავეძლიერებინე, რომ ნებისმიერი ტანჯვისთვის გამეძლო. მათ ხის კეტები აიღეს და, როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, ფეხის გულებში დამიწყეს ცემა. მერე ყველგან მირტყეს და ბოლოს ისევ სარდაფში ჩამაგდეს. შემდეგ მეორე მსხვერპლი აიყვანეს და ცემა დაუწყეს.
ამასობაში სხვა ორ მოწმეს ვამზადებდი მოსალოდნელი გამოცდისთვის. მაგრამ მათ ისევ ჩემი აყვანა არჩიეს. ტანისამოსი გამხადეს და თითქმის ხუთი საათის განმავლობაში მცემდნენ; სამხედრო ჩექმებით წიხლებს თავში მირტყამდნენ. შემდეგ ისევ სარდაფში ჩამაგდეს, სადაც დაახლოებით 12 საათის განმავლობაში გონს ვერ მოვდიოდი.
როდესაც, როგორც იქნა, გაგვათავისუფლეს, სოფელში ერთმა ოჯახმა ერთი ღამით შეგვიფარა და მოგვიარა, მეორე დღეს კი სახლისკენ გავეშურეთ. ცემისგან ისეთი გატანჯულები და ქანცგაწყვეტილები ვიყავით, რომ ორი საათის სავალ გზას რვა საათი მოვანდომეთ. ისე ვიყავი დასიებული, რომ მარიანთიმ ძლივს მიცნო.
ზრდა წინააღმდეგობის მიუხედავად
1949 წელს, როდესაც ჯერ კიდევ სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, თესალონიკეში გადავსახლდით. იქ ქალაქის ოთხი კრებიდან ერთ-ერთში კრების მსახურის დამხმარედ დამნიშნეს. ერთ წელიწადში კრება ისე გაიზარდა, რომ ორ ნაწილად დაიყო და ერთ-ერთში კრების მსახურად ანუ თავმჯდომარე ზედამხედველად დამნიშნეს. ერთ წელიწადში კი ახალი კრება თითქმის ორჯერ გაიზარდა და ისევ გაიყო.
იეჰოვას მოწმეების ასეთი რიცხობრივი ზრდა თესალონიკეში მოწინააღმდეგეების რისხვას იწვევდა. ერთხელაც, 1952 წელს, შინ დაბრუნებისას სახლი გადამწვარი დამხვდა. მარიანთი ძლივს გადარჩა. ყველაფერი დაგვიწვეს, და იმ საღამოს კრებაზე იძულებული ვიყავით აგვეხსნა, რატომ გვეცვა ჭუჭყიანი ტანისამოსი. ჩვენმა ქრისტიანმა ძმებმა დიდი თანაგრძნობა გამოავლინეს ჩვენდამი და მხარი დაგვიჭირეს.
1961 წელს მიმომსვლელ ზედამხედველად დამნიშნეს და სხვადასხვა კრებას ვაკითხავდი, რომ ძმები სულიერად გამეძლიერებინა. მომდევნო 27 წლის განმავლობაში მე და მარიანთიმ მაკედონიის, თრაკიისა და თესალიის რაიონები და ოლქები მოვიარეთ. მიუხედავად იმისა, რომ 1948 წელს ჩემი ძვირფასი მარიანთი თითქმის სრულიად დაბრმავდა, ის მხნედ განაგრძობდა ჩემთან ერთად მსახურებას და რწმენის ყველა გამოცდას უძლებდა. მასაც ხშირად აკავებდნენ, დაკითხვას უწყობდნენ და აპატიმრებდნენ. მოგვიანებით მას ჯანმრთელობა გაუუარესდა და 1988 წელს, კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, დაიღუპა.
იმავე წელს თესალონიკეში სპეციალურ პიონერად დამნიშნეს. დღეს, 56 წლის მანძილზე იეჰოვასადმი მსახურების შემდეგ, ჯერაც შემიძლია დაუღალავად შრომა და მსახურების ყველა სფეროში მონაწილეობის მიღება. ზოგჯერ დაინტერესებულებთან ბიბლიის 20 შესწავლას ვატარებდი ხოლმე.
ვხვდები, რომ ვმონაწილეობთ იმ საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც იეჰოვას ახალ ქვეყნიერებაში ათასი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მიუხედავად ამისა, ვიცი, რომ ახლა არ არის მოდუნების, საქმის გადადებისა და საკუთარი ხორციელი სურვილების დაკმაყოფილების დრო. ღვთის მადლობელი ვარ, რომ თავდაპირველად მიცემული დაპირების შესრულებაში დამეხმარა. იეჰოვა ნამდვილად იმსახურებს, რომ მთელი სულით ვუერთგულოთ და ვემსახუროთ.
[სურათი 24 გვერდზე]
აკრძალვის პერიოდში საჯარო მოხსენებით გამოსვლა.
[სურათი 25 გვერდზე]
მე და ჩემი მეუღლე მარიანთი.