სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
სამეფოს თესლის თესვა ყოველი შესაძლებლობისას
ღვთის სიტყვა, ბიბლია, შრომისმოყვარეობისკენაა მომწოდებელი. მეფე სოლომონმა თქვა: „დილით თესე შენი თესლი და მწუხრისას ნუ დაისვენებს შენი ხელი; რადგან არ იცი, რომელი უფრო სასიკეთოა; იქნებ ორივე ერთნაირად კარგი გამოდგეს“ (ეკლესიასტე 11:6).
იეჰოვას მოწმეები ყოველი ხელსაყრელი შესაძლებლობისას თესავენ ‘თესლს’ ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებით. ისინი ‘დაუცხრომლად ასწავლიან და ახარებენ ქრისტე იესოს’ 230-ზე მეტ ქვეყანაში და კუნძულებზე (საქმეები 5:42). შემდეგი შემთხვევებიდან ჩანს, როგორ ‘არ ასვენებენ ხელებს’ იეჰოვას მოწმეები სამქადაგებლო მსახურებაში.
◻ კაბო-ვერდეს რესპუბლიკაში ერთ-ერთმა იეჰოვას მოწმემ სამქადაგებლო მსახურებისას ციხეს ჩაუარა. ციხის შიდა ეზოში რამდენიმე პატიმარი ხეზე იყო შემომსხდარი. როცა ქვემოთ მოწმე შენიშნეს, პატიმრებმა დაუძახეს და ჟურნალები სთხოვეს. მოწმემ ქვა მოაბა რამდენიმე ჟურნალს — „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ — და ციხის კედლის იქით გადაისროლა. ამ საწყისი ინტერესის შედეგად ბიბლიის 12 შესწავლა იქნა დაწყებული. სამმა პატიმარმა ღმერთს მიუძღვნა სიცოცხლე და წყალში ნათლობისთვის წარადგინა თავი. ერთ-ერთი პატიმარი უკვე წელიწადზე მეტია სრული დროით მახარობლად, ანუ პიონერად, მსახურობს. მაგრამ როგორ ეწევიან ისინი სამქადაგებლო საქმიანობას ციხეში? უპირველესად, ციხე უბნებად იყოფა. შემდეგ უბანი ნაწილდება სამ მოწმეს შორის და მიმდინარეობს საკან-საკან მსახურება. სამეფოს ეს მაუწყებლები ინტერესს უმეტესწილად ისევე აღვივებენ, როგორც ამას იეჰოვას მოწმეები აკეთებენ მთელ მსოფლიოში — განმეორებითი მონახულებებით. მაგრამ არსებობს ერთი სხვაობა ბიბლიის შესწავლის ჩატარების სიხშირესთან დაკავშირებით. ნაცვლად იმისა, რომ ბიბლიის შესწავლა კვირაში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ მოეწყოს დაახლოებით ერთი საათის ხანგრძლივობით, ზოგი პატიმარი ყოველდღე სწავლობს! გარდა ამისა, მოწმეებმა ციხის უფროსისგან ნებართვა მიიღეს, რომ შიგ ციხეში კრების ყველა შეხვედრა ჩაეტარებინათ.
◻ პორტუგალიაში ერთმა ქალმა ბებიის სიკვდილის შემდეგ საგუშაგო კოშკის პუბლიკაციები მიიღო მემკვიდრეობით. რამდენადაც ის იეჰოვას მოწმე არ იყო, ამ წიგნების შენახვის ინტერესი არ ჰქონდა. მაგრამ არ სურდა მათი განადგურება. ერთხელ ის ამ ბიბლიოთეკაზე ესაუბრა ერთ-ერთ იეჰოვას მოწმეს, რომელიც კარდაკარ მსახურების დროს მივიდა მასთან. მოწმემ ჰკითხა, იცის თუ არა მან რამე ამ ბიბლიოთეკის ნამდვილ ღირებულებაზე. ქალმა უპასუხა: „სიმართლე რომ გითხრათ, მე არ ვიცი მათი ნამდვილი ღირებულება, მაგრამ როგორ შემიძლია ამის გაგება?“ ქალი დათანხმდა ბიბლიის შესწავლაზე და მალე თავისი ბებიის ბიბლიოთეკის ღირებულებას მიხვდა. ამჟამად ისიც იეჰოვას მონათლული მოწმეა. გარდა ამისა, მისი ქალიშვილი და ოჯახის ახლო მეგობარიც სწავლობენ ბიბლიას. რა ძვირფასი მემკვიდრეობა აღმოჩნდა წიგნების ეს კოლექცია!