ნახმანიდი — ნუთუ მან ქრისტიანობის უსაფუძვლობა დაამტკიცა?
შუა საუკუნეები. რას გახსენებს ეს ფრაზა? ჯვაროსნულ ლაშქრობებს? ინკვიზიციას? ადამიანთა წამებას? ჩვეულებრივ, იმ ეპოქას არ აკუთვნებენ ისეთ პერიოდს, როცა იმართებოდა ღია რელიგიური დისკუსიები, მაგრამ სწორედ იმ ეპოქაში, 1263 წელს, ევროპის ისტორიაში გაიმართა ყველაზე უჩვეულო ებრაულ-ქრისტიანული დებატები. ვინ იყო მასში ჩაბმული? რა საკითხები იყო წამოჭრილი? როგორ დაგვეხმარება ეს ჭეშმარიტი რელიგიის დადგენაში?
რამ გამოიწვია დებატი?
შუა საუკუნეების განმავლობაში რომის კათოლიკური ეკლესია ჭეშმარიტ რელიგიად აცხადებდა თავს. მაგრამ ებრაელი ხალხი არ თმობდა მტკიცებას, რომ ღვთის რჩეულებს წარმოადგენდნენ. რადგანაც ეკლესიამ ვერ დაარწმუნა ებრაელები მოქცეულიყვნენ, ამან გამოიწვია იმედგაცრუება, ხშირი ძალადობა და დევნა. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს ათასობით ებრაელი ამოხოცეს ან ძელზე დაწვეს, როდესაც სთავაზობდნენ, აერჩიათ ნათლობა ან სიკვდილი. მრავალ ქვეყანაში ეკლესიის შთაგონებით გავრცელდა ანტისემიტიზმი.
მაგრამ მე-12 და მე-13 საუკუნეებში სავსებით განსხვავებული პოზიცია იყო გავრცელებული კათოლიკურ ესპანეთში. ებრაელებს მიცემული ჰქონდათ რელიგიური თავისუფლება — და სანამ თავს არ დაესხნენ ქრისტიანულ რწმენას — მათ მნიშვნელოვან თანამდებობებსაც აძლევდნენ სამეფო კარზე. მაგრამ ერთი საუკუნის მანძილზე ასეთი კეთილგანწყობილების შემდეგ დომინიკელმა მღვდლებმა გადადგეს ნაბიჯი, რომ შეემცირებინათ ებრაელთა გავლენა საზოგადოებაში და კათოლიციზმზე მოექციათ ისინი. არაგონის მეფე ხაიმე I მოექცა დომინიკელთა გავლენაში, რომ მოეწყო ოფიციალური დებატი ებრაელთა პოზიციის უსუსურობის დამტკიცებისა და მათი მოქცევის მიზნით.
ეს არ ყოფილა პირველი ებრაულ-ქრისტიანული დებატი. ოფიციალური დისპუტი 1240 წელს შედგა პარიზში (საფრანგეთი). მისი ძირითადი მიზანი იყო, შემოწმებულიყო თალმუდი, ებრაელთა წმინდა წიგნი. ებრაელთა წარმომადგენლებს თითქმის არ ჰქონდათ სიტყვის თავისუფლება მიცემული. მას შემდეგ, რაც ამ დისპუტის დროს გამოცხადდა ეკლესიის გამარჯვება, თალმუდის ხელნაწერები მასიურად დაწვეს პარიზის მოედნებზე.
მაგრამ არაგონის მეფე ხაიმე I-მა უფრო შემწყნარებელი ხასიათის გამო არ დაუშვა ასეთი დამამცირებელი ფარსი. დომინიკელებს ესმოდათ ეს და სხვანაირად მიუდგნენ მას. როგორც ხიამ მაკობი ამბობს წიგნში „იუდაიზმი გადასინჯვაზე“ (Judaism on Trial), მათ დებატზე გამოიწვიეს ებრაელები „თავაზიანობისა და მრწამსის მიზეზით და არა, პარიზში მომხდარის მსგავსად, აშკარა მხილების მიზნით“. დომინიკელებმა მთავარ წარმომადგენლად დანიშნეს პაბლო ქრისტიანი, ებრაელი, რომელმაც მიიღო კათოლიციზმი და დომინიკელი მღვდელი გახდა. რადგანაც პაბლო ქრისტიანმა საკმაოდ კარგად იცოდა თალმუდი და რაბინების წერილები, დომინიკელები დარწმუნებული იყვნენ, რომ თავიანთ მრწამსს დაამტკიცებდნენ.
რატომ ნახმანიდი?
მთელ ესპანეთში მხოლოდ ერთ პიროვნებას მოშე ბენ ნახმანიდს ჰქონდა ისეთი სულიერი დონე, რომ დებატში ებრაელთა წარმომადგენელი ყოფილიყოa. ქალაქ ხერონაში 1194 წელს დაბადებული ნახმანიდი, ჯერ კიდევ მოზარდობის დროს იყო ცნობილი, როგორც ბიბლიისა და თალმუდის მცოდნე. როცა 30 წელს მიაღწია, თალმუდის უმეტეს ნაწილზე უკვე დაწერილი ჰქონდა განმარტებები და მალე გახდა ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი იმ წინააღმდეგობათა შეთანხმებისთვის, რაც წარმოშვა მაიმონიდის წერილებმა, რომლებიც ებრაელთა საზოგადოებას დაყოფით ემუქრებოდაb. ბიბლიისა და თალმუდის იმ ეპოქის უდიდეს ებრაელ მცოდნედ მიჩნეულია ნახმანიდი და ალბათ მაიმონიდის შემდეგ მეორე პიროვნება იყო, რომელსაც იმ პერიოდის იუდაიზმზე დიდი გავლენა ჰქონდა.
ნახმანიდმა ძლიერი გავლენა მოახდინა კატალონიის ებრაელობაზე და თვით მეფე ხაიმე I სახელმწიფოს სხვადასხვა საკითხებში რჩევას ეკითხებოდა. მის გამჭრიახობას პატივს სცემდნენ როგორც ებრაელები, ასევე წარმართებიც. დომინიკელები ხვდებოდნენ, რომ, თუ სურდათ ეფექტურად დაემცირებინათ ებრაელები, სწორედ ის ცნობილი რაბინი უნდა გამოეწვიათ დებატზე.
ნახმანიდმა უხალისოდ განაცხადა თანხმობა დებატში მონაწილეობაზე, რადგან ესმოდა, რომ დომინიკელები არც კი ფიქრობდნენ, მიუკერძოებლები ყოფილიყვნენ. მას მხოლოდ კითხვებზე უნდა ეპასუხა, მაგრამ თვითონ არ შეეძლო კითხვების დასმა. მაგრამ მან მეფეს სთხოვა, პასუხების გაცემის დროს თავისუფლად საუბრის ნებართვა მისცემოდა. მეფე ხაიმე I დასთანხმდა ამაზე. ასეთი ნებართვა, შედარებით თავისუფალ საუბარზე, რომელიც შუა საუკუნეებში ადრე არასოდეს მომხდარა და არც მომავალში განმეორებულა, ნათლად მიუთითებს ფაქტზე, რომ მეფე დიდ პატივს სცემდა ნახმანიდს. მაგრამ ნახმანიდი მაინც ძალიან ნერვიულობდა. თუ მას დებატში ანტაგონისტად მიიჩნევდნენ, გამანადგურებელი შედეგი მოჰყვებოდა როგორც მისთვის, ასევე მთელი ებრაელობისთვის. ხოცვა-ჟლეტის ატეხვა ყოველ წუთს იყო მოსალოდნელი.
ნახმანიდი პაბლო ქრისტიანის წინააღმდეგ
დებატი ძირითადად მეფის სასახლეში მიმდინარეობდა (ბარსელონა). შეხვედრა შედგა ოთხჯერ — 1263 წლის 20, 23, 26 და 27 ივლისს. მეფე პირადად ესწრებოდა ყოველ შეხვედრას, ესწრებოდნენ აგრეთვე ეკლესიისა და სახელმწიფოს მაღალი წრის წარმომადგენლები, მათ შორის ადგილობრივი ებრაელებიც.
ეკლესია დებატის შედეგში დარწმუნებული იყო. თავიანთ ოფიციალურ ცნობებში დომინიკელებმა აღნიშნეს, რომ დებატის ‘მიზანი იყო არა რწმენის განხილვა, თითქოს მასში რამე საეჭვო ყოფილიყო, არამედ ებრაელთა შეცდომების აღმოფხვრა და ბევრი ებრაელის მტკიცე რწმენის შეცვლა’.
ნახმანიდმა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 70 წლის იყო, გამოავლინა გამჭრიახობა, როდესაც ცდილობდა, მხოლოდ ძირითად საკითხებს არ ასცილებოდა დებატი. მან დაიწყო სიტყვებით: „[წინა] დისპუტები წარმართებსა და ებრაელებს შორის, შეეხო რელიგიური რიტუალების მრავალ ისეთ საკითხს, რომლებზეც რწმენის ძირითადი პრინციპი არ არის დამოკიდებული. მაგრამ ამ სამეფო კარზე მსურს, დებატი გაიმართოს მხოლოდ იმ საკითხებზე, რის გამოც არის მთელი ეს პოლემიკა“. შემდეგ მოხდა შეთანხმება, რომ შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ იმ საკითხებით, მოვიდა თუ არა უკვე მესია, ღმერთი იყო ის თუ ადამიანი და ებრაელები ფლობენ ჭეშმარიტ რჯულს თუ ქრისტიანები.
ამ შესავალ არგუმენტებზე პაბლო ქრისტიანმა განაცხადა, რომ თალმუდიდან დაამტკიცებდა, რომ მესია უკვე მოსული იყო. ამაზე ნახმანიდმა ჰკითხა, თუ მისი სიტყვები მართალი იყო, მაშინ იმ რაბინებმა, რომლებმაც აღიარეს თალმუდი, რატომ არ მიიღეს იესო? იმის ნაცვლად, რომ არგუმენტები ნათლად, ბიბლიაზე დაფუძნებით, გამოეთქვა, ქრისტიანი საკუთარი არგუმენტების დასამტკიცებლად გამუდმებით იმოწმებდა რაბინების ნაწერებიდან ბუნდოვან ნაწყვეტებს. ნახმანიდმა ნათლად აღნიშნა, რომ ნაწერებიდან ამ ნაწყვეტების კონტექსტი სულ სხვა რამეს გულისხმობდა და ამით თანდათან გააბათილა მისი ყოველი არგუმენტი. ლოგიკური იყო, რომ ნახმანიდი ამ წერილებზე დებატის დროს თავს უფრო კომპეტენტურად წარმოაჩენდა, რადგან მის გამოკვლევას მთელი სიცოცხლე მიუძღვნა. თვით მაშინაც, როდესაც ქრისტიანი ბიბლიას იმოწმებდა, მის მიერ მოყვანილი არგუმენტები ისეთ საკითხებზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ გაბათილებაც ძალიან ადვილი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ნახმანიდს მხოლოდ პასუხების გაცემის უფლება ჰქონდა მიცემული, მან შეძლო ძლიერი არგუმენტების მოყვანა, რითაც ცხადყო, თუ რატომ იყო მიუღებელი კათოლიკური ეკლესიის პოზიცია როგორც ებრაელებისთვის, ასევე მოაზროვნე ადამიანებისთვის. სამების დოქტრინასთან დაკავშირებით მან თქვა: „ვერც ერთი ებრაელი, ვერც ნებისმიერი ადამიანი ვერ დაიჯერებს, რომ ცისა და მიწის შემოქმედი. . . ებრაელი ქალის საშოდან გამოვიდოდა. . . და მოგვიანებით იმ მტრებს ჩაუვარდებოდა ხელში, რომლებიც. . . მოკლავდნენ“. ნახმანიდმა სწორედ ასე თქვა: „შენი რწმენა და შენი რწმენის საფუძველი [რაციონალური] გონებისთვის მიუღებელია“.
როდესაც ნახმანიდმა ხაზგასმით აღნიშნა ეკლესიის უკიდურესი დანაშაული სისხლის ღვრაში და ყურადღება გაამახვილა თვით დღემდე არსებულ შეუთავსებლობაზე, რომელმაც მრავალ ებრაელს შეუშალა ხელი, დაფიქრებულიყო, რომ შესაძლოა იესო მესია იყო, მან თქვა: „წინასწარმეტყველი აღნიშნავს, რომ მესიის დროს. . . ისინი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს. ნაზარეველის დროიდან დღემდე მთელი დედამიწა სავსეა ძალადობითა და ყაჩაღობით. [ფაქტია] ქრისტიანებმა სხვა ერების წარმომადგენლების უფრო მეტი სისხლი დაღვარეს და უზნეო ცხოვრებასაც არ ერიდებიან. დიდებულო მეფეო, რა ძნელი იქნებოდა, რომ თქვენს რაინდებს აღარ. . . ესწავლათ ომი!“ (ესაია 2:4).
მეოთხე შეხვედრის შემდეგ მეფემ დასრულებულად გამოაცხადა დებატი. მან ნახმანიდს უთხრა: „არასოდეს მინახავს ადამიანი, რომელსაც არასწორი არგუმენტებით ასე გაემარჯვოს“. დაპირების თანახმად, რომ ნახმანიდს გარანტირებული ექნებოდა თავისუფალი საუბრის უფლება და დაცული იქნებოდა, არაგონის მეფე ხაიმე I-მა ის სახლში გაგზავნა და 300 დინარით დააჯილდოვა. გერონის ეპისკოპოსის თხოვნით ნახმანიდმა დაწვრილებით დაწერა მთელი დებატი.
ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვების გამოცხადებით დომინიკელები დაუფარავად განაწყენდნენ. მოგვიანებით მათ ნახმანიდს ბრალი დასდეს ეკლესიის გმობაში და მტკიცებად დებატის ჩანაწერები მოიყვანეს. ნახმანიდის მიმართ მეფის პოზიციით უკმაყოფილო დომინიკელებმა პაპ კლემენტ IV-ს მიმართეს. სამოცდაათ წელს გადაცილებული ნახმანიდი ესპანეთიდან გააძევესc.
სად არის ჭეშმარიტება?
დაგეხმარა თუ არა ერთ-ერთი მხარის არგუმენტები, ამოგეცნო ჭეშმარიტი რელიგია? თითოეული ცდილობდა, გამოეაშკარავებინა მოწინააღმდეგის შეცდომები და არაფერს ამბობდა ჭეშმარიტ ცნობაზე. რაც ნახმანიდმა ასე ოსტატურად გააბათილა, ჭეშმარიტ ქრისტიანობას კი არ წარმოადგენდა, არამედ ადამიანების მიერ გამოგონილ დოქტრინებს, მაგალითად, სამების შესახებ მოძღვრება, რომელიც ქრისტიანულმა სამყარომ ქრისტეს შემდეგ საუკუნეების მოგვიანებით დაადგინა. ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლების ამორალური მოქმედება და სასტიკი სისხლის ღვრა, რაც ნახმანიდმა თამამად ხაზგასმით აღნიშნა, ისტორიის უდავო ფაქტებს წარმოადგენს.
ძნელი არ არის დავინახოთ, თუ ასეთ ვითარებაში ნახმანიდსა და სხვა ებრაელებზე რატომ ვერ მოახდინა ვერავითარი შთაბეჭდილება ქრისტიანული სამყაროს დადებითმა არგუმენტებმა. გარდა ამისა, პაბლო ქრისტიანის არგუმენტები დაფუძნებული იყო არა ებრაული წერილებიდან გამომდინარე ნათელ მსჯელობაზე, არამედ არადამაკმაყოფილებლად გამოყენებულ რაბინულ წყაროებზე.
სინამდვილეში, ნახმანიდს არ გაუბათილებია ჭეშმარიტი ქრისტიანობა. იმ დროისთვის იესოს სწავლებებისა და მტკიცებების ჭეშმარიტი სინათლე, რომ თვითონ იესო იყო მესია, ცრუ წარმოდგენებით იყო დაბნელებული. ასეთი განდგომილი სწავლებების გამოჩენა, ფაქტობრივად, იესოსა და მისი მოციქულების მიერ იყო ნაწინასწარმეტყველები (მათე 7:21–23; 13:24–30, 37–43; 1 ტიმოთე 4:1–3; 2 პეტრე 2:1, 2).
მაგრამ ჭეშმარიტი რელიგიის ნათლად დანახვა დღეს შესაძლებელია. იესომ თავისი ჭეშმარიტი მიმდევრების შესახებ თქვა: „მათი ნაყოფით იცნობთ მათ. . . ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა“ (მათე 7:16, 17). ჩვენ მოგიწოდებთ, რომ თვითონ ამოიცნო. დაიხმარე იეჰოვას მოწმეები, ხელი მოჰკიდო ბიბლიიდან გამომდინარე მტკიცებების ობიექტურ კვლევა-ძიებას. ამგვარად გაიგებ მესიასთან და მის მმართველობასთან დაკავშირებული ღვთის აღთქმების ჭეშმარიტ მნიშვნელობას.
[სქოლიოები]
a ბევრი ებრაელი ნახმანიდს იხსენიებს „რამბანად“, რაც ებრაული სიტყვების „რაბი მოშე ბენ ნახმანიდ“-ს პირველი ასოებით შედგენილი აბრევიატურაა.
b იხილე 1995 წლის 1-ლი მარტის „საგუშაგო კოშკის“ სტატია: „მაიმონიდი — პიროვნება, რომელმაც ახალი შუქი მოჰფინა იუდაიზმს“ გვ. 20–23 (ინგლ.).
c ნახმანიდი 1267 წელს ჩავიდა ამჟამად ისრაელად წოდებულ ქვეყანაში. სიცოცხლის უკანასკნელი წლები აღსავსე იყო მიღწევებით. მან აღადგინა ებრაელობა და სასწავლო ცენტრი იერუსალიმში. მან აგრეთვე დაასრულა კომენტარები თორაზე, ბიბლიის პირველ ხუთწიგნეულზე და ებრაელთა საზოგადოების სულიერი წინამძღოლი გახდა ჩრდილოეთ ზღვისპირა ქალაქ აკრში, სადაც 1270 წელს გარდაიცვალა.
[სურათი 20 გვერდზე]
ნახმანიდს ბარსელონაში თავისი არგუმენტები მოჰყავდა.
[საავტორო უფლება 19 გვერდზე]
სურათები მე-19 და მე-20 გვერდებზე მოგვაწოდა: Illustrirte Pracht - Bibel/Heilige Schrift des Alten und Neuen Testaments, nach der deutschen Uebersetzung D. Martin Luther’s