ქებაა ეს თუ პირფერობა?
„რა შესანიშნავი ვარცხნილობა გაქვს!“ — ვინმემ შეიძლება გითხრას. ქებაა ეს თუ პირფერობა? „ეს კოსტიუმი ძალიან გიხდება!“ — ქებაა თუ პირფერობა? „ასეთი გემრიელი საჭმელი არასოდეს გამისინჯავს!“ — ქებაა თუ პირფერობა? ასეთი კომპლიმენტების მიღებისას შეიძლება დავინტერესდეთ, ნამდვილად გულწრფელად გვეუბნებიან მათ თუ უბრალოდ იმიტომ, რომ გვასიამოვნონ?
როგორ შეგვიძლია გავიგოთ, გვაქებენ თუ გვეპირფერებიან? აქვს ამას მნიშვნელობა? განა არ შეგვიძლია ქათინაური ჩვეულებრივად მივიღოთ და ამით სიამოვნება განვიცადოთ? რა შეიძლება ითქვას იმის შესახებ, როცა ჩვენ ვაქებთ ვინმეს? შეგვიმოწმებია როდისმე ჩვენი მოტივები? ამ საკითხებზე დაფიქრება დაგვეხმარება, ვიყოთ გონიერნი და ჩვენი საუბრის მანერებით განვადიდოთ იეჰოვა ღმერთი.
როგორ განისაზღვრება ქება და პირფერობა
უებსტერის ლექსიკონი ქებას მოწონების გამოხატულებად განსაზღვრავს, მაგრამ ეს სიტყვა შეიძლება თაყვანისცემაზე ან განდიდებაზეც მიუთითებდეს. ნათელია, რომ ეს ბოლო ორი მნიშვნელობა მხოლოდ იეჰოვა ღმერთისადმი მიმართულ ქებას ეხება. როგორც ღვთისგან ინსპირირებული ფსალმუნმომღერალი გვარწმუნებს, იგი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილია: „რადგან კარგია, . . სასურველია“. „ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი“ (ფსალმუნი 146:1; 150:6).
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები არ უნდა შევაქოთ. მათ მიმართ შეგვიძლია გამოვხატოთ მოწონება ან კეთილგანწყობილება. იესოს იგავში ბატონი ეუბნება თავის მსახურს: „კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ!“ (მათე 25:21).
მეორე მხრივ, პირფერობა განისაზღვრება როგორც თვალთმაქცური, არაგულწრფელი და გადაჭარბებული ქება. პირფერს, ჩვეულებრივ, საკუთარი ინტერესები ამოძრავებს. ეშმაკური ქება ან პირფერობა გამიზნულია კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, მატერიალური სარგებლის მისაღებად ან პირფერის მიმართ ვალდებულების გრძნობის აღსაძვრელად. ასე რომ, პირფერებს ეგოიზმი ამოძრავებს იუდას მე-16 მუხლის თანახმად, ისინი „მაღალფარდოვან სიტყვებს წარმოთქვამენ, ანგარების გამო პირფერობენ“.
ბიბლიური თვალსაზრისი
როგორია ბიბლიური თვალსაზრისი ადამიანების ქებასთან დაკავშირებით? ამ მხრივ იეჰოვა გვაძლევს მაგალითს, რომელსაც უნდა მივყვეთ. ბიბლია გვეუბნება, რომ, თუ იეჰოვას ნებას შევასრულებთ, ქებას დავიმსახურებთ. მოციქული პავლე აღნიშნავს, რომ „ექნება თითოეულს ქება ღვთისაგან“. პეტრე კი გვეუბნება, რომ ჩვენი ნაცადი რწმენა შეიძლება „საქები. . . აღმოჩნდეს“. ის ფაქტი, რომ იეჰოვა შეაქებს ადამიანებს, გვიჩვენებს, რომ გულწრფელი ქება სიკეთითა და სიყვარულით აღსავსე სასარგებლო მოქმედებაა, რაც მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს (1 კორინთელთა 4:5; 1 პეტრე 1:7).
ბიბლიის თანახმად, გულწრფელი ქება შეიძლება დავიმსახუროთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც, რომლებიც ხედავენ ჩვენს კარგ საქციელს. „კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან“, — ვკითხულობთ რომაელთა 13:3-ში. შეიძლება შეგვაქონ იმ ადამიანებმაც, რომლებიც გულწრფელად ამბობენ და სხვას არაფერს გულისხმობენ. ინსპირირებული საღვთო წერილი იგავნის 27:2-ში აღნიშნავს: „სხვამ შეგაქოს და არა შენმა პირმა“. აქედან გამომდინარე, ადამიანთა ქება ნორმალურია.
სულ სხვა საკითხია ჩვენ ან სხვის მიერ გამოვლენილი პირფერობა. რატომ არის პირფერული საუბარი ასე არასასიამოვნო იეჰოვასთვის? ერთი მხრივ, ამგვარი საუბარი თვალთმაქცურია, იეჰოვა კი კიცხავს თვალთმაქცობას (შეადარე იგავნი 23:6, 7). გარდა ამისა, მასში არ არის პატიოსნება. ღვთის მიერ მსჯავრდადებული ადამიანების აღწერისას ფსალმუნმომღერალი ამბობს: „ტყუილს ეტყვიან ერთიმეორეს, ქლესა ტუჩებით ორპირულად ლაპარაკობენ; მოსპობს უფალი ქლესა ბაგეებს“ (ფსალმუნი 11:3, 4).
რაც ყველაზე მთავარია, პირფერობა სიყვარულს მოკლებულია. მისკენ ადამიანებს ეგოიზმი უბიძგებს. პირფერების შესახებ საუბრის შემდეგ ფსალმუნმომღერალი დავითი მათ ნათქვამს იმეორებს: „ჩვენი ენებით ვიმძლავრებთ, ბაგენი ჩვენი ჩვენთანაა; ვინ გვიბატონებს?“ ასეთ ეგოისტებს იეჰოვა ‘ჩაგრულთა დამრბევლებად’ აღწერს. მათი პირფერობა სხვებს კი არ ამხნევებს, არამედ ანადგურებს და ჩაგრავს (ფსალმუნი 11:5, 6).
პირფერობა მახეა
ბრძენი მეფე სოლომონი ამბობს, რომ „კაცი, რომელიც თავის მეზობელს ეპირფერება, ბადეს შლის მის ფეხქვეშ“. ეს მართლაც ჭეშმარიტებაა (იგავნი 29:5). ფარისევლები ცდილობდნენ, რომ თავიანთი პირფერობით მახე დაეგოთ იესოსთვის. „მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი ხარ, ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას და არავის ერიდები, რადგან არ უყურებ კაცთა გარეგნობას,“ — ამბობდნენ ისინი. როგორი პირფერობაა! მაგრამ მათ ვერ მოატყუეს იესო თავიანთი შემპარავი საუბრით. მან იცოდა, რომ ფარისევლებს მისი ჭეშმარიტი სწავლებების კი არ სწამდათ, არამედ მხოლოდ იმას ცდილობდნენ, რომ კეისრისთვის ხარკის გადახდის საკითხთან დაკავშირებით საუბარში გამოეწვიათ იესო და ჩიხში მოემწყვდიათ (მათე 22:15–22).
პირველ საუკუნეში მცხოვრები მეფე ჰეროდე მკვეთრად განსხვავდებოდა იესოსგან. როდესაც მან სიტყვა წარმოთქვა ხალხის წინაშე ქალაქ კესარიაში, მათ უპასუხეს: „ღვთის ხმაა და არა კაცისა“. ჰეროდემ კი არ გაკიცხა ისინი ასეთი აღმაშფოთებელი სიცრუისთვის, არამედ შეიფერა პირფერობა. იეჰოვას ანგელოზმა მსწრაფლვე დასაჯა ჰეროდე, რომელსაც მატლები დაეხვია და მოკვდა (საქმეები 12:21–23).
მოწიფული ქრისტიანი ფხიზლად იქნება, რათა ამოიცნოს პირფერობა. კრების უხუცესები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ, როცა პიროვნება, რომლის სამართლებრივი საკითხი წყდება, გადაჭარბებულად გამოხატავს აღტაცებას, შესაძლოა, უხუცესებს ადარებს ერთმანეთს და ერთს ეუბნება, რომ იგი მეორეზე კეთილი და თანამგრძნობია.
ბიბლია აღწერს, თუ როგორ იტყუებს მაცდური ქალი უზნეობაში ყმაწვილს და ამით ნათლად გვიჩვენებს კიდევ ერთ მახეს, რომელიც პირფერობამ შეიძლება დაგვიგოს (იგავნი 7:5, 21). დღევანდელ პირობებში ეს გაფრთხილება დროულია. ქრისტიანული კრებიდან ყოველწლიურად მრავალი ირიცხება უზნეო საქციელის გამო. შეიძლება ასეთ მძიმე ცოდვამდე დაცემის საწყისი პირფერობა იყოს? რადგან ადამიანებს სიამოვნებთ, როცა აქებენ და კომპლიმენტებს ეუბნებიან, პირფერთა შემპარავმა საუბარმა შეიძლება ხელი შეუშალოს ქრისტიანს სათანადოდ მოქმედებაში. თუ არ მოვერიდებით ამგვარ საუბარს, მას შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს.
როგორ დავიცვათ თავი პირფერობისგან
ადამიანი, რომელსაც ეპირფერებიან, თავმომწონე და პატივმოყვარე ხდება. იგი აზვიადებს თავის ღირსებებს და მიიჩნევს, რომ სხვაზე რაღაცით მეტია. ფილოსოფოსმა ფრანსუა დე ლაროშფუკომ პირფერობა ყალბ ფულს შეადარა, „რომელიც, პატივმოყვარეობა რომ არა, ბრუნვაში არ იქნებოდა.“ ამიტომ, იმისათვის, რომ თავი დავიცვათ მისგან, უნდა მივყვეთ პავლე მოციქულის პრაქტიკულ რჩევას: „ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად, რწმენის საზომით, ღმერთმა რომ გიწილადათ თითოეულს“ (რომაელთა 12:3).
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბუნებრივი მიდრეკილებაა, ვისმენდეთ იმას, რაც ჩვენს ყურს ეამება, ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევა-დარიგებებისა და სწავლების მოსმენა ნამდვილად ყველაზე ხშირად გვჭირდება (იგავნი 16:25). მეფე აქაბს მხოლოდ იმის მოსმენა სურდა, რაც სიამოვნებდა; მისმა მსახურებმა ისიც კი გააკეთეს, რომ სთხოვეს წინასწარმეტყველ მიქას, მისი სიტყვები ‘შეთანხმებოდა მათ [აქაბის პირფერ წინასწარმეტყველთა] სიტყვებს, მასაც ეთქვა სასიკეთო’ (მესამე მეფეთა 22:13). აქაბს რომ გულახდილი საუბრის მოსმენისა და თავისი მოჯანყე გზის შეცვლის სურვილი ჰქონოდა, ისრაელს თავიდან ააცილებდა საბრძოლო დანაკარგს და თვითონაც სიცოცხლეს შეინარჩუნებდა. ნაცვლად იმისა, რომ ვეძებოთ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ჩვენს მშვენიერებაზე გველაპარაკებიან და ქათინაურებით ყურს გვიამებენ, ჩვენი სულიერი კეთილდღეობისთვის საჭიროა, სწრაფად ვიმოქმედოთ დანიშნული ქრისტიანი უხუცესების მტკიცე, მაგრამ სიყვარულით აღსავსე რჩევა-დარიგებების თანახმად, რადგან მათ სურთ, დაგვეხმარონ, რათა ვიდგეთ სწორ გზაზე ჭეშმარიტებაში (შეადარე 2 ტიმოთე 4:3).
ქრისტიანებს არასოდეს სურთ რაიმე მიზეზით პირფერობა. ერთგული ელიჰუს მსგავსად, ისინი მტკიცედ ლოცულობენ: „ნუ დაუშვებ, რომ ვინმეს მიველაქუცო, ან ადამიანს პირფერობა დავუწყო; რადგან მე ლაქუცი არ ვიცი, უმალ ღმერთმა წამიღოს აქედან“. შემდეგ, პავლეს მსგავსად, შეძლებენ, თქვან: „არასოდეს გვიხმარია ლიქნის სიტყვა, და არც ანგარებისთვის მიგვიმართავს“ (იობი 32:21, 22, An American Translation; 1 თესალონიკელთა 2:5, 6, სსგ).
როცა ქებას ვიმსახურებთ
ინსპირირებული იგავი გვიჩვენებს, რომ შექებით შეიძლება სინამდვილის შეფასება: „ბრძმედი ვერცხლს და ქურა ოქროს, კაცს კი მისი მაქებარი ბაგე გამოარჩევს“ (იგავნი 27:21). ერთი მხრივ, ქებამ შეიძლება სხვაზე უპირატესობისა და სიამაყის გრძნობა განუვითაროს ადამიანს და ზნეობრივად დასცეს იგი. მეორე მხრივ, შესაძლოა გამოამჟღავნოს მისი მოკრძალება და თავმდაბლობა, თუ პიროვნება აღიარებს, რომ იეჰოვასთან ვალშია ყოველივე იმისთვის, რის გამოც ქება დაიმსახურა.
ღირსეულად მოქცევისა ან მიღწევებისთვის გულწრფელად შექება გამამხნევებელია იმ ადამიანისთვის, ვინც აქებს, და ასევე იმისთვის, ვინც ქებას იმსახურებს. ეს მათ შორის თბილ და ჯანსაღ ურთიერთობას უწყობს ხელს. ქება ახალისებს ადამიანს საქები მიზნების დასახვისკენ. თუ ახალგაზრდებს სათანადოდ შევაქებთ, შესაძლოა, უფრო თავგამოდებული შრომის სურვილი გაუჩნდეთ. ქება მათ დაეხმარება ხასიათის ჩამოყალიბებაში, იმ დროს, როცა მიზნად ისახავენ, იცხოვრონ იმ ნორმებით, რომლებიც მათ მოეთხოვებათ.
ამიტომ მოდით მოვერიდოთ პირფერობას — არც ვიპირფეროთ, არც პირფერებს მოვუსმინოთ. გამოვავლინოთ თავმდაბლობა, როცა გვაქებენ. თაყვანისცემისას მთელი გულითა და სულით, გამუდმებით ვუძღვნათ ქება იეჰოვას, გულწრფელად დავაფასოთ და შევაქოთ სხვები, და გვახსოვდეს, „რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!“ (იგავნი 15:23).