განწირულია პლანეტა დედამიწა?
ახლოვდება მე-20 საუკუნის დასასრული; მალე დადგება 21-ე საუკუნე. მოსახლეობის სულ უფრო და უფრო მეტ ნაწილს, რომლებიც ადრე, ჩვეულებრივ, ნაკლებ ან არავითარ ყურადღებას არ აქცევდნენ მოსალოდნელ კატასტროფაზე წინასწარმეტყველებებს, დღეს აინტერესებთ, მოხდება თუ არა რაიმე ისეთი მოვლენა, რომელიც მსოფლიოს გაანადგურებს.
ჟურნალ-გაზეთებში, ალბათ, შეგინიშნავთ ამ თემაზე სტატიები ან შეიძლება მთელი წიგნებიც კი გინახავთ, რომლებიც ამ საკითხს ეხება. იმის დასანახად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები 21-ე საუკუნის დასაწყისში, ლოდინი მოგვიწევს. ზოგი აღნიშნავს, რომ 2000 წლის დასრულება მხოლოდ ერთი წლით (ანუ 2000-დან 2001-მდე ერთი წამით) განსხვავებას ნიშნავს და, ალბათ, არც არავითარი დიდი ცვლილებებიაო მოსალოდნელი. მრავალს აინტერესებს, თუ როგორი იქნება ჩვენი პლანეტის შორეული მომავალი.
დღეს უფრო ხშირად გვესმის აზრი, რომ პლანეტა დედამიწა განწირულია და, ადრე თუ გვიან, განადგურდება. განვიხილოთ ორიოდე ასეთი არასახარბიელო პროგნოზი.
მწერალ და ფილოსოფოს ჯონ ლესლის თავის წიგნში „წუთისოფლის აღსასრული — მეცნიერება და ეთიკა ადამიანთა გადაშენების შესახებ“ (The End of the World—The Science and Ethics of Human Extinction) (პირველად გამოქვეყნდა 1996 წელს) დედამიწაზე ადამიანთა სიცოცხლის მოსპობის სამი ვარიანტი მოჰყავს. პირველი, ის სვამს შეკითხვას: „შეიძლება თუ არა ტოტალურმა ბირთვულმა ომმა მოსპოს კაცობრიობა?“ შემდეგ ამატებს: „უფრო მეტად მოსალოდნელი ვარიანტი. . . იქნებოდა განადგურება რადიაციის გავლენით გამოწვეული კიბოთი, იმუნური სისტემის დასუსტებით (რასაც თან მოჰყვებოდა ინფექციური დაავადებების ფართოდ გავრცელება) ან სხვადასხვაგვარი თანდაყოლილი დეფექტებით. შეიძლება მოხდეს მიკროორგანიზმების მოსპობაც, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში“. მისტერ ლესლის მიერ მოყვანილი მესამე ვარიანტის თანახმად, დედამიწას შეიძლება დაეჯახოს რომელიმე კომეტა ან ასტეროიდი: „იმ კომეტებისა და ასტეროიდების რიცხვი, რომლებიც ისეთ ორბიტებზე მოძრაობენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება დედამიწას დაეჯახონ, დაახლოებით ორი ათასამდეა, ხოლო თითოეული კომეტისა და ასტეროიდის დიამეტრი 1-დან 10 კილომეტრამდეა. აგრეთვე არსებობს ნაკლები რაოდენობით (ეს რაოდენობა სავარაუდოა) გაცილებით დიდი ზომის კომეტები და ასტეროიდები, ხოლო ბევრად უფრო დიდი რაოდენობითაა პატარები“.
„განკითხვის დღის“ თვალნათლივ აღწერა
განვიხილოთ კიდევ ერთი მეცნიერის, ადელაიდას (ავსტრალია) უნივერსიტეტის პროფესორის, პოლ დეივისის თვალსაზრისი. ის „ვაშინგტონ ტაიმსში“ მოხსენიებული იყო როგორც „მსოფლიოში საუკეთესო მეცნიერ-მწერალი“. 1994 წელს მან დაწერა წიგნი: „უკანასკნელი სამი წუთი“ [The Last Three Minutes], რომელსაც „განკითხვის დღის წიგნების დედა“ ეწოდა. ამ წიგნის პირველი თავის სათაურია „განკითხვის დღე“ და მასში აღწერილია იმის წარმოსახვითი სურათი, თუ რა მოხდებოდა კომეტის დედამიწასთან შეჯახებისას. გთავაზობთ ამ შემაძრწუნებელი აღწერილობიდან ნაწყვეტს:
«პლანეტას ათი ათასი მიწისძვრის ეკვივალენტი ძალა აზანზარებს. ძლიერი აფეთქებითი ტალღები დედამიწის ზედაპირზე ვრცელდება, მიწასთან ასწორებს ყველა შენობას და თავის გზაზე ყველაფერს აცამტვერებს. დაჯახების ადგილზე, რომელიც ადრე ბრტყელი იყო, რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე ამოიტყორცნება მოთუხთუხე „მთები“ და დედამიწაზე იქმნება კრატერი, რომლის განივკვეთი ას ორმოცდაათამდე კილომეტრია. . . ნამსხვრევებისგან წარმოქმნილი მტვრის დიდი სვეტი ატმოსფეროს ზედა ფენებში იჭრება და მთელ პლანეტას გადაეკვრება ისე, რომ დედამიწამდე მზის სხივი ვერ აღწევს. მზის სინათლე ავისმომასწავებელმა, მილიარდობით აკაშკაშებული მეტეორის ციმციმმა შეცვალა, რომლებიც კოსმოსიდან ატმოსფეროში იჭრებიან და თავიანთი სიმხურვალით წვავენ დედამიწას».
პროფესორი დეივისი განაგრძობს ამ წარმოსახვითი სცენარის, კომეტა სვიფტ-ტეტელის დედამიწასთან შეჯახების, შესახებ წინასწარმეტყველებას. შემდეგ ის იძლევა გაფრთხილებას, რომ, თუმცა ეს მოვლენა შეიძლება ახლო მომავალში არ მოხდეს, მისი აზრით „ადრე თუ გვიან, სვიფტ-ტატელი ან სხვა მსგავსი ობიექტი დაეჯახება დედამიწას“. მისი დასკვნა დაფუძნებულია ვარაუდებზე, რომლებშიც აღნიშნულია, რომ 10 000 ნახევარკილომეტრიანი ან მეტი დიამეტრის მქონე ობიექტი მოძრაობს დედამიწის ორბიტის გადამკვეთ ორბიტებზე.
გჯერათ, რომ ნამდვილად ასეთი შემზარავი მომავალი გველის? საოცარია, მაგრამ მრავალს — სჯერა. ეს ხალხი თავს იმით იწყნარებს, რომ მსგავსი რამ მათ სიცოცხლეში არ მოხდება. მაგრამ, რატომ უნდა მოისპოს ოდესმე, იქნება ეს მალე თუ ათასწლეულების შემდეგ, პლანეტა დედამიწა? დედამიწა სულაც არ არის მისი მობინადრეების, ადამიანებისა თუ ცხოველების, უბედურების ძირითადი წყარო. განა ადამიანები არ არიან მე-20 საუკუნეში არსებული პრობლემების უმრავლესობის და მათ შორის ‘დედამიწის მოსპობის’ გამომწვევები? (გამოცხადება 11:18).
ადამიანების არასწორი ხელმძღვანელობა შეიცვლება
რა შეიძლება ითქვას ყველაზე მეტად შესაძლებელ ვარიანტზე, რომ ადამიანები არასწორი ხელმძღვანელობისა და სიხარბის შედეგად, სრულიად გააჩანაგებენ და გაანადგურებენ დედამიწას? აშკარაა, რომ დედამიწას დიდი ზიანი მიაყენა ტყეების უზომო გაჩეხვამ, ატმოსფეროსა და წყლის დაბინძურებამ. ყოველივე ეს დროულად შეაჯამეს 25 წლის წინ წიგნ „ერთადერთი დედამიწის“ ავტორებმა ბარბარა ვორდმა და რენე დუბოსმა: „დაბინძურების სამი დიდი სფერო, (ატმოსფერო, წყალი და ნიადაგი) რომელიც უნდა შევისწავლოთ, ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის შენარჩუნების სამ ძირითად ელემენტს წარმოადგენს“ (Only One Earth). დღემდე მდგომარეობა უკეთესობისკენ, ძირითადად, არ შეცვლილა, ასე არ არის?
როდესაც განვიხილავთ ადამიანების მიერ თავიანთი უგუნურებით დედამიწის გაჩანაგებისა და განადგურების შესაძლებლობას, შეიძლება გული გაგვიმაგროს იმ ფაქტის გათვალისწინებამ, რომ პლანეტა დედამიწას საოცარი აღდგენა-განახლების უნარი აქვს. აღდგენის ამ საოცარ უნარს რენე დუბოსი აღწერს თავის სხვა წიგნში, სადაც მას მოჰყავს იმედის მომცემი დაკვირვებები (The Resilience of Ecosystems):
„მრავალს აშინებს ის, რომ კაცობრიობამ ძალიან გვიან შეიგნო გარემოს გადაგვარების საშიშროება, ვინაიდან ეკოსისტემებისთვის უკვე მიყენებული ზიანიდან მრავალი, მათი აზრით, შეუქცევადია. ჩემი აზრით, ამგვარი პესიმიზმი საფუძველს მოკლებულია, რადგან ეკოსისტემებს აღდგენის არაჩვეულებრივი უნარი აქვს.
ეკოსისტემებს თვითგანახლების რამდენიმე გზა აქვს. . . ეს მათ საშუალებას აძლევს, მოიშუშონ მიყენებული ჭრილობები, ხოლო ამას, უბრალოდ, ეკოლოგიური წონასწორობის საწყისი მდგომარეობის პროგრესული აღდგენით აღწევენ“.
ამის გაკეთება შესაძლებელია
ასეთი აღდგენის შესანიშნავი მაგალითია გასულ წლებში ლონდონის ცნობილი მდინარის ტემზას თანდათანობით გაწმენდა. წიგნი „ტემზას გარდაქმნა“ (The Thames Transformed), რომლის ავტორები არიან ჯეფრი ჰარისონი და პიტერ გრანტი, აღნიშნავს იმ ღირსშესანიშნავ ფაქტს, თუ რის მიღწევა შეიძლება, როდესაც ადამიანები საერთო კეთილდღეობისთვის ზრუნავენ. ედინბურგის (ბრიტანეთი) ჰერცოგმა ამ წიგნის წინასიტყვაობაში აღნიშნა: „საბოლოოდ მიღწეულია ისეთი წარმატება, რომლის გამოქვეყნებაც ღირს, მიუხედავად იმისა, რომ მან შეიძლება ზოგს აფიქრებინოს, რომ ბუნების დაცვის პრობლემა არც ისე აქტუალური ყოფილა, როგორც ადრე ეგონა. . . ყველა შეიძლება გაამხნევოს ტემზაზე მიღწეულმა წარმატებებმა. სასიამოვნო ახალი ამბავი ის არის, რომ ეკოსისტემას შეუძლია განახლება და ადამიანთა გეგმებიც შეიძლება წარმატებით განხორციელდეს“.
ერთ-ერთ თავში „დიდი გაწმენდა“ ჰარისონმა და გრანტმა დიდი ენთუზიაზმით აღწერეს, თუ რა იქნა მიღწეული უკანასკნელი 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში: „მსოფლიოში პირველად მოხდა მეტისმეტად დაბინძურებული და ინდუსტრიალიზებული მდინარის აღდგენა იმ დონემდე, რომ მასში გაჩნდა მდინარის ფრინველები და მრავალი თევზი. ასეთი გარდაქმნის ასე სწრაფად მოხდენის ფაქტი ისეთ ადგილას, რომელიც, ერთი შეხედვით, იმედის არავითარ საფუძველს არ იძლეოდა, ძალებს მატებს ბუნების ყველაზე პესიმისტ დამცველსაც კი“.
ავტორები შემდეგ აღწერენ გარდაქმნის პროცესს: „მდინარის მდგომარეობა წლების განმავლობაში განუწყვეტლივ უარესდებოდა, რაშიც საბოლოო, გამანადგურებელი როლი მეორე მსოფლიო ომმა შეასრულა, როდესაც წყლის გამწმენდი ნაგებობის უმეტესობა და კანალიზაციის მილები დაზიანდა და დაინგრა. 40–50-იანი წლების განმავლობაში ტემზა ისეთ ცუდ მდგომარეობაში იყო, როგორშიც ადრე არასოდეს ყოფილა. მდინარის წყალი ოდნავ სჯობდა კანალიზაციის წყალს; მას შავი ფერი ჰქონდა, არ შეიცავდა ჟანგბადს; ზაფხულის თვეებში ისე ყარდა, რომ მისი სუნი საკმაოდ დიდ მანძილზე ვრცელდებოდა. . . ერთ დროს თევზებით სავსე მდინარე, საბოლოოდ ჩაკვდა და მასში მხოლოდ მცირე რაოდენობით შემორჩა გველთევზები, რომლებიც უშუალოდ წყლის ზედაპირიდან სუნთქვის უნარმა გადაარჩინა. ლონდონსა და უოლვიჩის დასახლებულ ტერიტორიებზე გამავლი მდინარის მონაკვეთზე ფრინველთა რაოდენობა შემცირდა და დარჩა მხოლოდ თითო-ოროლა გარეული იხვი და სისინა გედები, და ისინიც არსებობას ნავმისადგომიდან გადაცვენილი მარცვლებით კვებას უნდა უმადლოდნენ, რადგან ბუნებრივი საკვები იქ აღარ იყო. . . ვინ დაიჯერებდა მაშინ, რომ მალე ძირეული ცვლილებები მოხდებოდა? ათი წლის განმავლობაში მდინარის ის მონაკვეთი, რომელიც, ფაქტობრივად, ფრინველებისგან დაცლილი იყო, წყლის ფრინველების მრავალი სახეობის, მათ შორის დაახლოებით 10 000 გარეული ფრინველისა და 12 000 ჭაობის ფრინველის მოზამთრე პოპულაციების, თავშესაფარი გახდა“.
რა თქმა უნდა, აქ აღწერილია მხოლოდ ერთი გარდაქმნა, რომელიც მსოფლიოს ერთ პატარა კუთხეში მოხდა. მიუხედავად ამისა, ეს შეიძლება ჩვენთვის გაკვეთილი იყოს. მოყვანილი მაგალითი ცხადყოფს, რომ პლანეტა დედამიწა განწირულად არ უნდა მივიჩნიოთ იმის გამო, რომ მას ხარბი და წინდაუხედავი ადამიანები არასწორად იყენებენ. სათანადო განათლებასა და კაცობრიობის საერთო კეთილდღეობისთვის გაერთიანებულ ძალისხმევას შეუძლია ხელი შეუწყოს დედამიწის განახლებას მაშინაც კი, როდესაც მისი ეკოლოგია, გარემო და მიწის ზედაპირი საკმაოდ ძლიერ არის დაზიანებული. მაგრამ რა შეიძლება ითქვას გარეშე ძალებიდან მომდინარე შესაძლო განადგურებაზე, მაგალითად ისეთებიდან როგორიცაა მოხეტიალე კომეტა ან ასტეროიდი?
მომდევნო სტატიაში მოცემულია ამ საგონებელში ჩამგდებ კითხვაზე დამაკმაყოფილებელი პასუხის გასაღები.
[ჩანართი 5 გვერდზე]
განათლებასა და გაერთიანებულ ძალისხმევას შეუძლია ხელი შეუწყოს დედამიწის აღდგენას მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან არის დაზიანებული.