მოეღება ბოლო უსამართლობას?
„ყველაფრის მიუხედავად მაინც მჯერა, რომ ადამიანები შინაგანად კეთილები არიან. უბრალოდ, შეუძლებელია არეულობაზე, უბედურებასა და სიკვდილზე იმედების დამყარება“ (ანე ფრანკი).
ანე ფრანკმა, თხუთმეტი წლის ებრაელმა გოგონამ, ეს დამაფიქრებელი სიტყვები სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე თავის დღიურში ჩაწერა. მისი ოჯახი ორი წლის მანძილზე ამსტერდამში, შენობის სხვენში იმალებოდა. მისი იმედები უკეთესი ცხოვრების შესახებ დაიმსხვრა, როდესაც ნაცისტებს მათი ადგილსამყოფელი შეატყობინეს. მომდევნო — 1945 — წელს ანე ტიფით დაიღუპა ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში. ექვს მილიონ ებრაელსაც იგივე ბედი ეწია.
ჰიტლერის უმოწყალო მოქმედება ამ ერის მოსასპობად შეიძლება ჩვენს საუკუნეში რასობრივი უსამართლობის ყველაზე საშინელ მაგალითად ჩაითვალოს, მაგრამ ის გამონაკლისი არ ყოფილა. 1994 წელს რუანდაში ნახევარ მილიონზე მეტი ტუტსი დახოცეს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი „სხვა“ ტომს მიეკუთვნებოდნენ. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში კი დაახლოებით ერთი მილიონი სომეხი დაიღუპა რასობრივი წმენდისას.
უსამართლობის ულმობელი ფორმები
გენოციდი უსამართლობის ერთადერთი ფორმა არაა. სოციალური უსამართლობა კაცობრიობის დაახლოებით მეხუთედს მთელი ცხოვრების მანძილზე აუტანელი სიღარიბისთვის სწირავს. ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ ადამიანთა უფლებების დამცავი ერთი ორგანიზაციის (Anti-Slavery International) მონაცემებით, 200 000 000-ზე მეტი ადამიანი მონობაშია. შესაძლებელია, რომ დღეს უფრო ბევრი მონა იყოს მსოფლიოში, ვიდრე ისტორიის სხვა რომელიმე პერიოდში. შეიძლება მათ აუქციონებზე არ ჰყიდიან, მაგრამ მათი სამუშაო პირობები უფრო საშინელია, ვიდრე ძველი დროის მონების უმრავლესობისა.
უფლებრივი უსამართლობა მილიონობით ადამიანს ელემენტარულ უფლებებს ართმევს. „ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა, ფაქტობრივად, ყოველდღე მსოფლიოს რომელიმე წერტილში, — ნათქვამია „საერთაშორისო ამნისტიის“ (Amnesty International) 1996 წლის ცნობაში. — ყველაზე მეტად იჩაგრებიან ღარიბები და უქონელნი, განსაკუთრებით კი ქალები, ბავშვები, ხნიერები და ლტოლვილები“. ცნობაში ასევე აღნიშნულია: „ზოგ ქვეყანაში სახელმწიფოებრივი სტრუქტურები, ფაქტობრივად, მოშლილია და არ არსებობს არანაირი კანონი სუსტის ძლიერისგან დასაცავად“.
1996 წელს ათიათასობით ადამიანი იყო დატყვევებული და ნაწამები ასზე მეტ ქვეყანაში. ბოლო წლებში ასიათასობით ადამიანი გაუჩინარდა და ვარაუდობენ, რომ ისინი სამხედრო ძალების ან ტერორისტული ჯგუფების მიერ იყვნენ გატაცებული. დასაშვებია, რომ მრავალი მათგანი მკვდარია.
ომები, რაღა თქმა უნდა, უსამართლობის უკიდურესი ფორმაა. დღეს ომებში ზარალდება მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ ქალაქების დაბომბვით განურჩევლად ნადგურდება ყველაფერი. როგორც წესი, საომარი მოქმედებების დროს ქალებსა და გოგონებს, აუპატიურებენ და მეამბოხეთა მრავალი ჯგუფი იტაცებს ბავშვებს, რომ მკვლელებად გაზარდონ. ამის თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობაში „შეიარაღებული კონფლიქტის ზეგავლენა ბავშვებზე“ ნათქვამია: „მსოფლიოს უფრო და უფრო დიდი ნაწილი ეფლობა უზნეობაში“.
არავითარი ეჭვი არ არსებობს, რომ უზნეობამ მოიტანა მთელ მსოფლიოში უსამართლობა — იქნება ეს რასობრივი, სოციალური, უფლებრივი თუ სამხედრო. რა თქმა უნდა, ეს არავისთვის არაა სიახლე. 2 500 წელზე მეტი ხნის წინ ებრაელი წინასწარმეტყველი თავის გულისტკივილს გამოთქვამდა: „გაცუდდა რჯული და აღარ ჭრის სამართალი; რადგან უსამართლო ჯაბნის მართალს; ამიტომაც გამოდის უკუღმართი მსჯავრი“ (აბაკუმი 1:4). თუმცა უსამართლობა ყოველთვის გავრცელებული იყო, XX საუკუნეში მან არნახულ დონეს მიაღწია.
უნდა გვაღელვებდეს უსამართლობა?
უსამართლობა გვაღელვებს, როდესაც პირადად ვხდებით მისი მსხვერპლი. ის უნდა გვაღელვებდეს, რადგანაც ადამიანთა უმრავლესობას ბედნიერების უფლებას ართმევს. ის იმის გამოც უნდა გვაღელვებდეს, რომ ხშირად იწვევს სისხლისმღვრელ კონფლიქტებს, რომლებიც, თავის მხრივ, უსამართლობის კერები ხდებიან.
მშვიდობა და ბედნიერება მჭიდრო კავშირშია სამართლიანობასთან, უსამართლობა კი ამსხვრევს იმედებს და პიროვნებას მომავლის რწმენას ართმევს. ანე ფრანკის ტრაგიკულმა ისტორიამ დაამტკიცა, რომ ადამიანებისთვის შეუძლებელია არეულობაზე, უბედურებასა და სიკვდილზე იმედების დამყარება. მის მსგავსად, ყველანი რაღაც უკეთესს ვნატრობთ.
ამ სურვილით აღძრული გულწრფელი ადამიანები საზოგადოებაში სამართლიანობის დამყარებას ცდილობენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წელს მიღებულ „ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციაში“ ამ მიზნით ნათქვამია: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორია ღირსებითა და უფლებებით. ისინი დაჯილდოებული არიან გონებითა და სინდისით და ერთმანეთს ძმებივით უნდა ეპყრობოდნენ“.
ეს ნამდვილად კეთილშობილური სიტყვებია, მაგრამ კაცობრიობა ვერ აღწევს ამ სასურველ მიზანს — სამართლიან საზოგადოებას, სადაც ყველას თანასწორი უფლებები ექნებოდა და ერთმანეთს ყველა ძმასავით მოეპყრობოდა. ამ მიზნის განხორციელება, როგორც გაეროს დეკლარაციის შესავალ ნაწილშია ნათქვამი, იქნება „თავისუფლების, სამართლიანობისა და მსოფლიო მშვიდობის საფუძველი“.
დამკვიდრდა თუ არა უსამართლობა ადამიანთა საზოგადოებაში ისე, რომ აღარასოდეს აღმოიფხვრება? თუ როგორღაც ჩაეყრება მტკიცე საფუძველი თავისუფლებას, სამართლიანობასა და მშვიდობას? თუ ასეა, ვინ შეძლებს ამის წარმატებით განხორციელებას?
[საავტორო უფლება 3 გვერდზე]
UPI/Corbis-Bettmann