განვამტკიცოთ იეჰოვას სამართლიანობისადმი ნდობა
‘გასწავლი, რომ სასოება [„ნდობა“, აქ] გქონდეს უფალში’ (იგავნი 22:19).
1, 2. ა) რატომ ავლენენ იეჰოვას მოწმეები იეჰოვასადმი ნდობას? (იგავნი 22:19). ბ) საიდან ჩანს, რომ ზოგი იეჰოვასადმი ნდობის გაძლიერებას საჭიროებს?
ჭეშმარიტი ქრისტიანები კურთხეულები არიან იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ ზუსტი შემეცნებით. „ერთგული და გონიერი მონა“ სიყვარულით ამარაგებს მათ სულიერი ‘საზრდოთი დროულად’ (მათე 24:45). შემეცნება, რომელსაც ისინი იღებენ, ქმნის მყარ საფუძველს, რომელიც ღვთისადმი ნდობის საყრდენია. ამიტომ იეჰოვას მოწმეები, როგორც ჯგუფი, იეჰოვასა და მისი სამართლიანობის მიმართ საოცარ ნდობას ავლენენ.
2 მიუხედავად ამისა, ჩანს, რომ ზოგი მოწმე საჭიროებს ნდობის განმტკიცებას. საზოგადოება ხანდახან ღებულობს წერილებს, რომლებშიც გამოთქმულია ეჭვი პუბლიკაციებში მოცემული ახსნის შესახებ. ეს ეჭვები, შეიძლება გამოიწვია გაგების შესწორებამ ან ისეთმა საკითხებმა, რომლებიც შეეხო მკითხველს, განსაკუთრებით კი მის ემოციურ მხარეს (შეადარეთ იოანე 6:60, 61).
3. რა შეიძლება შეემთხვათ იეჰოვას ერთგულ მსახურებსაც კი და რატომ?
3 იეჰოვას ჭეშმარიტმა მსახურებმაც კი საკუთარი გამოცდილებიდან იციან ეკლესიასტეს 9:11-ის ჭეშმარიტება: „ისიც შევიტყვე ამ მზისქვეშეთში, რომ მკვირცხლთა ნებაზე არაა რბოლა, არც მამაცთა ნებაზეა ომი, არც ბრძენთა ნებაზეა პური, არც გონიერთა ნებაზეა სიმდიდრე, არც მცოდნეთა ნებაზეა მადლი; რადგან დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს“. როგორ შეიძლება გამართლდეს ეს ფართო ან სულიერი გაგებით? შეიძლება ვიცნობთ ქრისტიანებს, რომლებიც დაუყოვნებლივ იყენებდნენ ბიბლიურ რჩევას, ძლიერები იყვნენ ჭეშმარიტების დაცვაში, გონიერები — ბიბლიური პრინციპების გამოყენებაში და გულმოდგინეები — ზუსტი შემეცნების შეძენაში. მაგრამ, რადგანაც „დრო და შემთხვევა განაგებს“, შეიძლება ახლა ზოგი თავს შეზღუდულად გრძნობს უბედური შემთხვევისა თუ ხანდაზმულობის გამო. შეიძლება ისინი ეჭვობენ, რომ ცოცხლად გადავლენ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში.
4, 5. რატომ არა აქვთ ქრისტიანებს იეჰოვას სამართლიანობისადმი ნდობის დაკარგვის არანაირი მიზეზი?
4 როდესაც ქრისტიანი კარგავს ცხოვრების თანამგზავრს, ტკივილი და დანაკარგის გრძნობა ძალიან მძიმეა. ისინი შეიძლება წლების ან ათწლეულების მანძილზე ერთად ემსახურებოდნენ იეჰოვას. დაქვრივებულმა მეუღლემ იცის, რომ სიკვდილმა გაწყვიტა ქორწინების კავშირიa (1 კორინთელთა 7:39). ამიტომ, ნდობა რომ არ შეუსუსტდეს, თავის გრძნობებს კონტროლი უნდა გაუწიოს (შეადარეთ მარკოზი 16:8).
5 რამდენად გონივრულია, რომ მეუღლის, მშობლის, შვილის ან ქრისტიანი ახლო მეგობრის სიკვდილს ვუყუროთ, როგორც იეჰოვას სამართლიანობისადმი ნდობის გამოვლენის შესაძლებლობას! სიკვდილიც რომ გვემუქრებოდეს, უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა უსამართლო არაა. ჩვენ შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ ყველა, ვინც მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს — გადარჩენით თუ მკვდრეთით აღდგომით — ბედნიერი იქნება. ღვთის შესახებ ფსალმუნმომღერალმა თქვა: „აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს. მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში. ახლოა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით. მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ“ (ფსალმუნი 144:16–19).
თუ ვფიქრობთ, რომ უმიზეზოდ დავიტანჯეთ
6, 7. ა) რატომ შეიძლება ახლა სხვა გაგება ჰქონდეთ ქრისტიანებს, რომლებიც წარსულში დაიტანჯნენ? ბ) რატომ არ უნდა მივიჩნიოთ იეჰოვა უსამართლოდ იმის გამო, რომ წარსულში ასეთი ტანჯვა დაუშვა?
6 წარსულში ზოგი ქრისტიანი დაიტანჯა ისეთ საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმის გამო, რომელზეც სინდისი ახლა ნებას რთავს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს წლების წინ გაკეთებული არჩევანი გარკვეულ სამუშაოსთან დაკავშირებით. ძმა ახლა შეიძლება ფიქრობს, რომ შეუძლია კეთილსინდისიერად შეასრულოს ასეთი რამ, რითაც არ დაირღვევა ქრისტიანული ნეიტრალიტეტი.
7 იყო თუ არა იეჰოვას მხრიდან უსამართლობა იმის დაშვება, რომ ის დასჯილიყო იმაზე უარის თქმის გამო, რასაც შეიძლება ახლა დასჯის გარეშე აკეთებს? უმეტესობა, ვისაც ასეთი შემთხვევა ჰქონდა, არ იფიქრებს ასე. ნაცვლად ამისა, ისინი ხარობენ, რომ შესაძლებლობა ჰქონდათ, საჯაროდ დაემტკიცებინათ, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ყოფილიყვნენ მტკიცეები უზენაესი ხელისუფლების შესახებ საკამათო საკითხში (შეადარეთ იობი 27:5). რა მიზეზით უნდა ინანოს პიროვნებამ, რომ თავისი სინდისით მტკიცე დარჩა იეჰოვას მხარეზე? ქრისტიანული პრინციპების ერთგულად მიყოლით ისე, როგორც მათ ესმოდათ, ან სინდისის კარნახზე გამოხმაურებით მათ დაამტკიცეს, რომ იეჰოვას მეგობრად ყოფნის ღირსები არიან. რასაკვირველია, გონივრულია მოერიდო ისეთ მოქმედებას, რომლის გამოც სინდისი დაგქენჯნის ან რომელმაც შეიძლება სხვები დააბრკოლოს. ამ მხრივ, შეგვიძლია ვიფიქროთ მოციქულ პავლეს მიერ დატოვებულ მაგალითზე (1 კორინთელთა 8:12, 13; 10:31–33).
8. რატომ არ ჰქონდათ იეჰოვას სამართლიანობაში დაეჭვების მიზეზი ებრაელ ქრისტიანებს, რომლებიც ადრე რჯულს იცავდნენ?
8 იეჰოვა რომ ესიამოვნებინათ, იუდეველებს ათი მცნებისა და დაახლოებით 600 დამატებითი კანონის დაცვა მოეთხოვებოდათ. მოგვიანებით, ქრისტიანობის დროს, ამ კანონების შესრულება იეჰოვას მსახურებს, მათ შორის ებრაელებსაც კი, აღარ მოეთხოვებოდათ. კანონები აღარ შეიცავდა წინადაცვეთას, შაბათის დაცვას, ცხოველების შეწირვასა და კვებაში შეზღუდვას (1 კორინთელთა 7:19; 10:25; კოლასელთა 2:16, 17; ებრაელთა 10:1, 11–14). იუდეველები, მოციქულების ჩათვლით, რომლებიც ქრისტიანები გახდნენ, გათავისუფლდნენ იმ კანონების დაცვის ვალდებულებისგან, რომელთა შესრულებაც მოეთხოვებოდათ, როდესაც რჯულის კავშირში იყვნენ. ჩიოდნენ ისინი, რომ ღვთის ღონისძიება უსამართლო იყო, როცა ადრე მათგან მოითხოვდა ისეთ რამეს, რაც ახლა საჭირო აღარ იყო? არა, მათ გაიხარეს იეჰოვას განზრახვების ფართო გაგებით (საქმეები 16:4, 5).
9. რა გააკეთა ზოგმა ქრისტიანმა და რატომ არა აქვთ სინანულის მიზეზი?
9 ჩვენს დროში ზოგ ქრისტიანს ძალიან მკაცრი შეხედულება ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რას გააკეთებდნენ და რას არა. ამ მიზეზით ისინი უფრო მეტად დაიტანჯნენ, ვიდრე სხვები. მოგვიანებით შემეცნების გაზრდა მათ დაეხმარა საკითხების უფრო ფართოდ გაგებაში. მაგრამ მათ სინანულის მიზეზი არა აქვთ იმასთან დაკავშირებით, რაც თავიანთი სინდისის შესაბამისად გააკეთეს, მაშინაც კი, როცა ამას შეიძლება დამატებითი ტანჯვა მოჰყვა. ნამდვილად საქებარია, რომ მათ გამოავლინეს ტანჯვისთვის მზადყოფნა იეჰოვასადმი ერთგულებისთვის ‘ყოველივე ამის სახარებისთვის კეთებით’. იეჰოვა აკურთხებს ასეთ ერთგულებას (1 კორინთელთა 9:23; ებრაელთა 6:10). პეტრე მოციქულმა გააზრებულად დაწერა: „თუ კეთილისმოქმედნი იტანჯებით და ითმენთ, ეს მადლია ღვთის წინაშე“ (1 პეტრე 2:20).
ვისწავლოთ იონასგან
10, 11. როგორ გამოავლინა იონამ იეჰოვასადმი უნდობლობა: ა) როდესაც ნინევეში წასვლა დაევალა? ბ) როდესაც იეჰოვამ არ გაანადგურა ნინეველები?
10 იონამ უმადურობა გამოავლინა, როდესაც იეჰოვა ენდო და ნინევეში წასვლა უბრძანა. საშინელი შემთხვევის შემდეგ, რომელიც მორჩილებასთან დაკავშირებით მისმა უხალისობამ გამოიწვია, იონა გონს მოეგო, მიხვდა თავის შეცდომას, დათანხმდა დავალებას — წასულიყო სხვა ქვეყანაში, და გააფრთხილა ნინეველები, რომ კარს განადგურება იყო მომდგარი. მოხდა მოულოდნელი რამ: რადგანაც ნინეველებმა მოინანიეს, იეჰოვამ არ გაანადგურა ეს ქალაქი (იონა 1:1—3:10).
11 როგორი რეაქცია ჰქონდა იონას? გამწარებულმა, ღმერთს შესჩივლა ლოცვაში. მისი უკმაყოფილების არსი შემდეგი იყო: „ვიცოდი, რომ ყველაფერი ასე იქნებოდა. ამიტომ არ მინდოდა თავიდან ნინევეში წასვლა. ახლა კი ეს საქმე ასე დამთავრდა, ყოველივე იმის შემდეგ, რაც გადავიტანე: შიში და დამცირება, როცა დიდმა თევზმა გადამყლაპა; მძიმე შრომა, როცა ნინეველებს ვაფრთხილებდი მოახლოებულ განადგურებაზე! მთელი ჩემი შრომა და ტანჯვა ამაო იყო! ახლა ბარემ მომკალი!“ (იონა 4:1–3).
12. რა შეგვიძლია ვისწავლოთ იონას მაგალითიდან?
12 ჰქონდა იონას ჩივილის სამართლიანი მიზეზი? იყო იეჰოვა უსამართლო იმის გამო, რომ აპატია მომნანიებელ შემცოდველებს? ფაქტობრივად, იონას უნდა გახარებოდა, რომ ათიათასობით ადამიანი სიკვდილს გადაურჩა! (იონა 4:11). მაგრამ მისმა უპატივცემულობამ და უკმაყოფილებამ აჩვენა, რომ ის არ გამოხატავდა იეჰოვას სამართლიანობისადმი ღრმა ნდობას. ის თავის თავზე მეტისმეტად ზრუნავდა და სხვებზე კი — ძალიან ცოტას. მოდით ვისწავლოთ იონას შემთხვევიდან ჩვენი თავის და გრძნობების მეორე ადგილზე დაყენება. დაე დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვასადმი მორჩილება, ხელმძღვანელობის მიყოლა, რომელიც მისი ორგანიზაციის მეშვეობით გვეძლევა, და მის გადაწვეტილებების კეთილგანწყობილებით მიღება სწორი მოქმედებაა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „მიეგებათ მადლი ღვთისმოსავთ“ (ეკლესიასტე 8:12).
ახლა დროა, გავაძლიეროთ ჩვენი ნდობა!
13. როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს იეჰოვასადმი ნდობის გაძლიერება?
13 იეჰოვასადმი ნდობის გაძლიერება ბრძნულია (იგავნი 3:5–8). რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე მხოლოდ ვილოცოთ, რომ იეჰოვა დაგვეხმაროს — უფრო დამნდობები გავხდეთ. ნდობა ზუსტი შემეცნების საფუძველზე იზრდება, ასე რომ, ბიბლიის პირადი შესწავლა, ბიბლიისა და ბიბლიის ამხსნელი ლიტერატურის კითხვა ყოველდღიურ წესად უნდა გავიხადოთ. ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება მნიშვნელოვანია, ისევე როგორც კარგი მომზადება და შეძლებისდაგვარად მონაწილეობა. თუ ჩვეულებად გავიხდით სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების გაზიარებას და ტაქტიანად გადავლახავთ წინააღმდეგობებს, იეჰოვასა და მისი სიტყვისადმი ნდობა გაგვიღრმავდება. ამგვარად ჩვენ ყოველდღიურად მასთან უფრო ახლო ვიქნებით.
14. რატომ უნდა გამოავლინოს ღვთის ხალხმა მალე იეჰოვასადმი ნდობა ისე როგორც არასდროს?
14 ახლო მომავალში კაცობრიობას მოულოდნელად თავს დაატყდება დიდი გასაჭირი, როგორიც არასოდეს ყოფილა (მათე 24:21). როცა ეს მოხდება, ღვთის მსახურებს ისე როგორც არასდროს დასჭირდებათ იეჰოვას სამართლიანობისა და მისი ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ხელმძღვანელობისადმი ნდობის გამოვლენა. სიმბოლურად, ისინი მაშინ ნდობით დაემორჩილებიან ღვთის ბრძანებას: „წადი, ჩემო ხალხო, შედით თქვენ-თქვენ ოთახებში და გამოიკეტეთ კარი. მცირეხანს შეაფარე თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს“ (ესაია 26:20). ისინი უკვე შევიდნენ 232 ქვეყანაში არსებული 85 000-ზე მეტი კრების დამცველ ატმოსფეროში. შეიძლება მოწოდება — „შედით თქვენ-თქვენ ოთახებში“ — სხვა რამესაც შეიცავდეს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა დაგვეხმარება ამაში.
15. როგორ არის ნდობა ხაზგასმული 1998 წელს და რატომ არის ეს მართებული?
15 აუცილებელია, რომ ჩვენი ნდობა გავაძლიეროთ ახლა. ქრისტიან ძმებზე, იეჰოვას ორგანიზაციასა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თვით იეჰოვაზე დანდობის გარეშე გადარჩენა შეუძლებელი იქნება. ამიტომ რა დროულია, რომ 1998 წელს იეჰოვას მოწმეებს მთელ მსოფლიოში წლიური მუხლი გამუდმებით შეახსენებს, რომ «ყოველი, ვინც უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს მოუხმობს, გადარჩება!» (რომაელთა 10:13). ამის გამო უნდა განვაგრძოთ ნდობის გამოვლენა. თუ მასში უმნიშვნელო ეჭვსაც კი აღმოვაჩენთ, უნდა გამოვასწოროთ ის ახლა, დიახ, სწორედ დღეს.
იეჰოვას სასამართლო სამართლიანი იქნება
16. რა შეიძლება დაემართოს ნდობას, თუ არ განვავითარებთ, და როგორ შეგვიძლია ამას თავი ავარიდოთ?
16 ებრაელთა 3:14-ში ცხებული ქრისტიანებისთვის რჩევაა მოცემული: «ვინაიდან ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი რწმენის საწყისს [„ნდობას“, აქ] მტკიცედ დავიცავთ ბოლომდე». პრინციპში, ეს სიტყვები იმ ქრისტიანებსაც ეხება, რომლებსაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ. პირველი ნდობა შეიძლება დაიკარგოს, თუ არ განვითარდება. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ განვაგრძობთ ზუსტი ჭეშმარიტების მიყოლას და ამის საშუალებით ვაძლიერებთ საფუძველს, რომელზეც ჩვენი ნდობაა დაფუძნებული!
17. რატომ შეგვიძლია ვენდოთ, რომ გადარჩენის საკითხში იესო სამართლიანი მოსამართლე იქნება?
17 მალე ყოველი ერი გამოიცდება იესო ქრისტეს მიერ, ასე რომ, ის ხალხს „გამოარჩევს ერთიმეორისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისაგან“ (მათე 25:31–33). ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იესო სამართლიანი მოსამართლე იქნება მათ მიმართ, ვინც გადარჩენის ღირსი აღმოჩნდება. იეჰოვამ მისცა მას სიბრძნე, გამჭრიახობა და სხვა აუცილებელი თვისებები ‘ქვეყნიერების სამართლით განსაკითხავად’ (საქმეები 17:30, 31). დაე ჩვენც აბრაამის მსგავსი რწმენა გვქონდეს, რომელმაც თქვა: „არ ეგების შენგან ეს საქმე, რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად და არ იყოს გარჩევა მართალსა და ბოროტეულს შორის. არ ეგების! არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს“ (დაბადება 18:25).
18. რატომ არ უნდა შევწუხდეთ ზედმეტად იმის შესახებ, რაც ამჟამად შეიძლება არ ვიცით?
18 იეჰოვას სამართლიანობაში სრულიად დარწმუნებულებს, აღარ გვჭირდება შეწუხება შემდეგ კითხვებზე პასუხის გასაცემად: „როგორ გასამართლდებიან თოთო და პატარა ბავშვები? შეიძლება ისეც მოხდეს, რომ უამრავ ხალხს არმაგედონამდე არ ექადაგოს კეთილი ცნობა? როგორ იქნება ფსიქიკურად დაავადებულების საქმე? როგორ იქნება. . .?“ ფაქტია, ამჟამად შეიძლება არ ვიცით, როგორ გადაწყვეტს იეჰოვა ამ საკითხებს. მაგრამ ის ყველაფერს სამართლიანად და მოწყალედ გააკეთებს. ამაში არასდროს უნდა დავეჭვდეთ. ფაქტობრივად, შეიძლება განგვაცვიფროს და აღგვაფრთოვანოს მისმა გადაწყვეტილებებმა, რომლებიც აზრადაც არ მოგვივიდოდა (შეადარეთ იობი 42:3; ფსალმუნი 77:11–16; 135:4–9; მათე 15:31; ლუკა 2:47).
19, 20. ა) რატომ არ არის მცდარი გონივრული კითხვების დასმა? ბ) როდის მოგვაწვდის იეჰოვა საჭირო პასუხებს?
19 იეჰოვას ორგანიზაცია არ უგულებელყოფს აქტუალურ, გულწრფელ შეკითხვებს, როგორც ამას ზოგი მოწინააღმდეგე არასწორად აცხადებს (1 პეტრე 1:10–12). მაგრამ ბიბლია გვირჩევს, მოვერიდოთ სულელურ, სპეკულატიურ შეკითხვებს (ტიტე 3:9). კეთილგონივრული კითხვების დასმითა და ღვთის სიტყვისა და ქრისტიანული პუბლიკაციების გამოკვლევა ბიბლიური პასუხის საპოვნელად გაზრდის ჩვენს ზუსტ შემეცნებას და, ამგვარად, გაძლიერდება იეჰოვასადმი ჩვენი ნდობა. ორგანიზაცია იესოს მაგალითს მიჰყვება. ის თავს იკავებდა ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემისგან, რომლებზე პასუხის გაცემის დროც ჯერ არ იყო დამდგარი. მან თქვა: „კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ იტვირთავთ“ (იოანე 16:12). მან აგრეთვე აღიარა, რომ ზოგი საკითხი იმ დროისთვის თვითონაც არ იცოდა (მათე 24:36).
20 იეჰოვას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს ჩვენთვის გასამხელი. ამიტომ რა გონივრულია დაველოდოთ მას, დარწმუნებულებმა, რომ ღმერთი თავის განზრახვებს თავის დროზე გამოავლენს. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ, როგორც კი ამის დრო დადგება, იეჰოვა დამატებით ცოდნას შეგვაძენინებს, რაც სიხარულის მომტანი იქნება. დიახ, დავჯილდოვდებით იმ შემთხვევაში, თუ სრულ ნდობას განვავითარებთ იეჰოვასადმი და ორგანიზაციისადმი, რომელსაც ის იყენებს. იგავნის 14:26 გვარწმუნებს: „უფლის შიში მტკიცე იმედია, მისი შვილები თავშესაფარს ჰპოვებენ“.
[სქოლიო]
a იხილეთ „საგუშაგო კოშკი“, 1967 წლის 15 ოქტომბერი, გვერდი 638 (ინგლ.), და 1987 წლის 1 ივნისი, გვერდი 30 (ინგლ.).
როგორ ფიქრობთ?
◻ რატომ არის უგუნურება, ნება მივცეთ გრძნობებს, იეჰოვასადმი ნდობა დაასუსტოს?
◻ რის სწავლა შეგვიძლია იონას მაგალითიდან?
◻ რატომ არის ბიბლიის შესწავლა და შეხვედრებზე დასწრება ასე მნიშვნელოვანი?
[სურათი 16 გვერდზე]
დანაკარგის დროს შეგვიძლია ვენდოთ იეჰოვას სამართლიანობას.
[სურათები 18 გვერდზე]
დარწმუნებული ხართ, რომ იეჰოვას ენდობით?