საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w98 10/1 გვ. 24-27
  • ოქროზე ძვირფასი რამ ვიპოვე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ოქროზე ძვირფასი რამ ვიპოვე
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ამერიკამ დამაბნია
  • ჩემი და ვიპოვე
  • ოჯახი და დაკრძალვა
  • ჭეშმარიტების შესწავლა
  • დაბადების ადგილის პოვნა
  • ჭეშმარიტების პირველ ადგილზე დაყენება
  • სიჭაბუკიდან გახსოვდეთ ჩვენი გამჩენი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • იეჰოვას გზებით რვა ბავშვის აღზრდა — სირთულეები და სიხარული
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • რით გადავუხდი იეჰოვას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • იეჰოვასთვის სათანადოს მიგება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
w98 10/1 გვ. 24-27

ოქროზე ძვირფასი რამ ვიპოვე

მოგვითხრო ჩარლზ მილტონმა

ერთ მშვენიერ დღეს მამამ თქვა: „რატომ არ ვაგზავნით ჩარლზს ამერიკაში, სადაც ხეებს ფულები ასხია? მას შეუძლია იქ ფული იშოვოს და ჩვენც გამოგვიგზავნოს!“

ხალხი ფიქრობდა, რომ ამერიკის ქუჩები ოქროთი იყო მოკირწყლული. იმ დროს აღმოსავლეთ ევროპაში ცხოვრება ძალზე რთული იყო. ჩემს მშობლებს პატარა ფერმა ჰქონდათ, რომელიც რამდენიმე ძროხისა და ვარიისგან შედგებოდა. სახლში არც ელექტროდენი გვქონდა და არც წყალგაყვანილობა. მაგრამ მაშინ ახლომახლო არავინ იყო უზრუნველყოფილი ყოველივე ამით.

დავიბადე დაახლოებით 106 წლის წინ, 1893 წლის 1 იანვარს, ჰოშოვჩიკში. ვიზრდებოდი გალიციის (მაშინდელი ავსტრია-უნგრეთის იმპერიის პროვინცია) ერთ-ერთ სოფელში. დღეს ჰოშოვჩიკი აღმოსავლეთ პოლონეთის შემადგენლობაში შედის და სლოვაკეთისა და უკრაინის მახლობლად მდებარეობს. ზამთარი იქ ძალზე მკაცრი და თოვლიანი იცოდა. დაახლოებით შვიდი წლის ასაკში ნახევარ კილომეტრს გავდიოდი ფეხით მდინარის შესართავამდე, ნაჯახით ყინულში ხვრელს ვაკეთებდი და იქიდან წყალს ვიღებდი. დედა ამ წყალს საჭმლის გასაკეთებლად და სახლის დასალაგებლად იყენებდა. ტანსაცმელს ის მდინარის შესართავთან რეცხავდა, სადაც სარეცხ დაფად ყინულის დიდი ნატეხი ჰქონდა.

ჰოშოვჩიკში სკოლა არ იყო, მაგრამ თვითონ ვისწავლე პოლონური, რუსული, სლოვაკური და უკრაინული. ოჯახში ბავშვებს ბერძნული მართლმადიდებლობის მიმდევრებად გვზრდიდნენ და მე ეკლესიაში საკურთხეველთან მომსახურე ბიჭი ვიყავი. მაგრამ ბავშვობიდანვე გუნებას მიწამლავდა ის, რომ მღვდლები გვეუბნებოდნენ, პარასკეობით ხორცის ჭამა არ შეიძლებაო, თვითონ კი მშვენივრად მიირთმევდნენ.

ამერიკაში სამუშაოდ წასული ჩვენი მეგობრებიდან ზოგი დაბრუნდა და ჩამოტანილი ფულით სახლი კარგად მოიწყო; მათ ფერმისთვისაც იყიდეს მოწყობილობები. ამან აღძრა მამა, ლაპარაკი ჩამოეგდო ჩემ გაგზავნაზე იმ მეზობლებთან ერთად, რომლებიც ამერიკაში წასვლას აპირებდნენ. ეს მოხდა 1907 წელს, როდესაც 14 წლის ვიყავი.

ამერიკამ დამაბნია

მალე გემზე აღმოვჩნდი და ორ კვირაში ატლანტიის ოკეანე გადავლახეთ. იმ დროს თან უნდა გქონოდა 20 დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში უკან დაგაბრუნებდნენ. მე მქონდა 20 დოლარის ოდენობის ვერცხლი და, ამგვარად, აღმოვჩნდი იმ მილიონებს შორის, რომლებმაც კუნძულ ელისის გავლით ნიუ-იორკში, ამერიკის კარიბჭეში, შეაბიჯა. რა თქმა უნდა, ხეებს ფულები არ ესხა და არც ქუჩები იყო ოქროთი მოკირწყლული. სინამდვილეში, ზოგი მათგანი მოკირწყლულიც კი არ იყო!

ჯოუნზტაუნში (პენსილვანია) მიმავალ მატარებელში ჩავსხედით. მამაკაცები, რომლებიც ჩემთან ერთად მგზავრობდნენ, ადრეც იყვნენ იქ ნამყოფი და იცოდნენ ერთი პანსიონი, სადაც შემეძლო გავჩერებულიყავი. შემდეგ თავში აზრად მომივიდა, მეპოვა ჩემი უფროსი და, რომელიც ჯერომში (პენსილვანია) ცხოვრობდა, ხოლო ჯერომი, როგორც მოგვიანებით გავიგე, მხოლოდ 25 კილომეტრით იყო ჯოუნზტაუნიდან დაშორებული. მე ჯერომის ნაცვლად, იარომს ვამბობდი, ვინაიდან ჩემს მშობლიურ ენაზე „ჯ“-ს ნაცვლად, „ი“-ს ვიყენებდით. ამიტომ არავის სმენოდა იარომის შესახებ; ასე რომ, იქ მე უცხო ვიყავი, ინგლისურად თითქმის ვერ ვლაპარაკობდი და ფულიც ცოტა მქონდა.

ყოველ დილას სამუშაოს ძებნაში ვატარებდი. შრომითი მოწყობის ბიუროს წინ უზარმაზარ რიგებში მდგარი ხალხიდან მხოლოდ ორს ან სამს თუ ქირაობდნენ. ასე რომ, ყოველდღე ვბრუნდებოდი პანსიონში და რამდენიმე თვითმასწავლებლის გამოყენებით ინგლისურს ვსწავლობდი. ზოგჯერ შემთხვევით სამუშაოს წავაწყდებოდი, მაგრამ თვეები გადიოდა და ჩემი ფულის მარაგიც თითქმის იწურებოდა.

ჩემი და ვიპოვე

ერთხელ პანსიონიდან რკინიგზის სადგურის მახლობლად მდებარე სასტუმროსთან ჩავიარე. სასტუმროს ბარში შესანიშნავი კერძების სუნი გამოდიოდა! სენდვიჩებს, ჰოთ დოგებსა და სხვა საჭმელს უფასოდ აძლევდნენ მათ, ვინც ლუდს ყიდულობდა, ხოლო ერთი დიდი კათხა ლუდი 5 ცენტი ღირდა. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანი ვიყავი, ბარმენს შევეცოდე და ლუდი მომყიდა.

ჭამის დროს რამდენიმე მამაკაცი მომიახლოვდა და მითხრა:

— ჩქარა დალიე ლუდი! ჯერომის მატარაბელი მოდის.

— იარომის? — ვკითხე მე.

— არა, ჯერომის, — მიპასუხეს მამაკაცებმა. მაშინ გავიგე, თუ სად ცხოვრობდა ჩემი და. აქ, ამ ბარში შევხვდი მამაკაცს, რომლის სახლსა და ჩემი დის სახლს შორის მხოლოდ სამი მოსახლე ბინადრობდა. ასე რომ, ვიყიდე მატარებლის ბილეთი და, ბოლოს და ბოლოს, ვიპოვე ჩემი და.

და და სიძე მეშახტეების პანსიონს ფლობდნენ და მეც მათთან ერთად ვცხოვრობდი. მათ მიშოვეს მაღაროდან წყლის ამომქაჩველი ტუმბოს მეთვალყურის სამუშაო. თუ ტუმბო გაჩერდებოდა მექანიკი უნდა გამომეძახა. დღეში 15 ცენტს მიხდიდნენ. შემდეგ აგურის ქარხნის რკინიგზაზე ვმუშაობდი, ზოგჯერ კი — დაზღვევის აგენტადაც. მოგვიანებით პიტსბურგში, ძმასთან, სტივთან, გადავედი საცხოვრებლად. იქ მეტალურგიულ ქარხანაში ვმუშაობდით. უნდა აღვნიშნო, რომ არასოდეს მიშოვია იმდენი ფული, რომ სახლში გაგზავნა შემძლებოდა.

ოჯახი და დაკრძალვა

ერთხელ, როდესაც სამუშაოზე მივდიოდი, ერთი სახლის წინ შინამოსამსახურე ახალგაზრდა ქალი შევნიშნე. ჩემთვის გავიფიქრე: „რა მშვენიერი ქალია“. სამი კვირის შემდეგ, 1917 წელს მე და ჰელენი დავქორწინდით. მომდევნო ათი წლის განმავლობაში ექვსი შვილი შეგვეძინა, რომელთაგან ერთი ჩვილობის ასაკში დაგვეღუპა.

1918 წელს კომპანია „პიტსბურგის რკინიგზამ“ ტრამვაის მძღოლად ამიყვანა. ტრამვაის პარკის მახლობლად ერთი კაფე მდებარეობდა, სადაც შესაძლებელი იყო ფინჯანი ყავის დალევა. ამ კაფეს მფლობელი ორი ბერძენი მამაკაცი ისე არ მოგემსახურებოდა, სანამ ბიბლიიდან არ გიქადაგებდნენ. მე ვეუბნებოდი:

— იმის თქმა ხომ არ გინდათ, რომ მთელი მსოფლიო ცდება და მხოლოდ თქვენ ორნი ხართ მართლები?

— კარგით, მაშინ ჩავიხედოთ ბიბლიაში, — მპასუხობდნენ ისინი. მაგრამ იმ დროს მათ ვერ დამარწმუნეს.

სამწუხაროდ, 1928 წელს ჩემი ძვირფასი ჰელენი ლოგინად ჩავარდა. იმ მიზნით, რომ ბავშვებს უკეთესი მოვლა ჰქონოდათ, ისინი დასა და სიძესთან, ჯერომში, ჩავიყვანე. იმ დროისთვის მათ უკვე ფერმა ჰქონდათ შეძენილი. ბავშვებთან ხშირად ჩავდიოდი და ყოველთვიურად ვუტოვებდი საჭმლის ფულს. ბავშვებს ტანსაცმელსაც ვუგზავნიდი ხოლმე. სამწუხაროდ, ჰელენის მდგომარეობა გაუარესდა და 1930 წლის 27 აგვისტოს გარდაიცვალა.

დავრჩი მარტო, განადგურებული. როდესაც დაკრძალვის საკითხთან დაკავშირებით მღვდელთან მივედი, მან მიპასუხა: „თქვენ უკვე არა ხართ ამ ეკლესიის წევრი. თქვენ ხომ ერთ წელზე მეტია არ გადაგიხდიათ საწევრო“.

მე განვუმარტე, რომ მეუღლე დიდი ხნის განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი, ხოლო ნებისმიერ ზედმეტ კაპიკს შვილებს ვუგზავნიდი, რათა ჯერომის ეკლესიისთვის შესაწირად ჰქონოდათ ფული. და მაინც, მღვდელი მხოლოდ მას შემდეგ დამთანხმდა დაკრძალვის ცერემონიის ჩატარებაზე, რაც საწევროს გადასახდელად სესხად 50 დოლარი ავიღე. მღვდელმა დამატებითი 15 დოლარიც მოითხოვა, რათა მესა შეესრულებინა ჰელენის დის საცხოვრებელ ადგილას, სადაც მეგობრებსა და ოჯახის წევრებს სურდათ უკანასკნელი პატივი მიეგოთ მიცვალებულისთვის. 15 დოლარის შოვნა ვერ შევძელი, მაგრამ მღვდელი დამეთანხმა, რომ შეასრულებდა მესას, თუ ხელფასის აღებისას გადავუხდიდი ამ თანხას.

როდესაც ხელფასის აღების დღე დადგა, სასკოლოდ ბავშვებისთვის ფეხსაცმელები და ტანსაცმელი უნდა მეყიდა. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ჩემს ტრამვაიში ის მღვდელი ამოვიდა. „შენ ჯერ კიდევ არ გადაგიხდია ჩემი 15 დოლარი“, — თქვა მან. შემდეგ, როდესაც თავის გაჩერებაზე ჩადიოდა, დამემუქრა: „მე მივალ შენს უფროსთან და ვეტყვი, რომ ხელფასიდან დაგიქვითოს ეს ფული“.

სამუშაო დღის ბოლოს, მივედი უფროსთან და მოვუყევი მომხდარის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკე იყო, მან თქვა: „თუ მღვდელი აქ მოვა, ერთ-ორ კარგ სიტყვას ვეტყვი“. ამ შემთხვევამ მაფიქრებინა: „მღვდლებს მხოლოდ ჩემი ფული აინტერესებთ, ხოლო ბიბლიიდან არასოდეს არაფერს გვასწავლიან“.

ჭეშმარიტების შესწავლა

ერთხელაც კაფეში ვიყავი და ვისაუბრეთ იმ შემთხვევაზე, რომელიც მღვდელთან გადამხდა თავს. შედეგად, ბიბლიის მკვლევარებთან (როგორც მაშინ იეჰოვას მოწმეებს უწოდებდნენ) შესწავლა დავიწყე. ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის კითხვაში ღამეებს ვათენებდი. გავიგე, რომ ჰელენი განსაწმენდელში კი არ იტანჯებოდა, როგორც ეს მღვდელმა მითხრა, არამედ სიკვდილის ძილით ეძინა (იობი 14:13, 14; იოანე 11:11–14). ნამდვილად, ოქროზე ძვირფასი რამ ვიპოვე; ჭეშმარიტება ვიპოვე.

ორი კვირის შემდეგ პიტსბურგის „გარდენ თიეტერში“ ბიბლიის მკვლევარებთან კრების პირველ შეხვედრაზე ხელი ავიწიე და ვთქვი: „ამ საღამოს ბიბლიის შესახებ უფრო მეტი გავიგე, ვიდრე კათოლიკობაში გატარებული მთელი ცხოვრების განმავლობაში“. მოგვიანებით, როდესაც დასვეს კითხვა, თუ ვის სურდა მომდევნო დღეს სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, ხელი კვლავ ავიწიე.

1931 წლის 4 ოქტომბერს იეჰოვას თავი მივუძღვენი და მოვინათლე. დროთა განმავლობაში შევძელი სახლის იჯარით აღება და ბავშვები ისევ ჩემთან გადმოვიყვანე საცხოვრებლად, ხოლო მათ მოსავლელად მოსამსახურე ქალი დავიქირავე. ოჯახური პასუხისმგებლობების მიუხედავად, 1932 წლის იანვრიდან 1933 წლის ივნისამდე ვმონაწილეობდი განსაკუთრებულ მსახურებაში, რომელსაც დამხმარე მსახურება ეწოდება და რომლის დროსაც ყოველთვიურად 50—60 საათს ვატარებდი სხვებთან ბიბლიურ საუბრებში.

დაახლოებით იმ დროისთვის შევნიშნე ერთი მშვენიერი ახალგაზრდა ქალი, რომელიც, როგორც ჩანს, ჩემი ტრამვაით დადიოდა სამუშაოზე. ერთხელ ტრამვაის სარკეში ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა. ასე შევხვდით მე და მერი ერთმანეთს. შემდეგ რეგულარულად ვხვდებოდით ერთმანეთს და 1936 წლის აგვისტოში დავქორწინდით.

1949 წლისთვის უკვე მუშაობის იმდენი სტაჟი მქონდა, რომ შემეძლო ამერჩია, თუ რომელ ცვლაში მემუშავა, რაც პიონერად (ასე უწოდებდნენ სრული დროით მსახურებს) მსახურების საშუალებას მაძლევდა. 1945 წელს პიონერობა უმცროსმა ქალიშვილმა ჯინმაც დაიწყო და ერთად ვმსახურობდით. მოგვიანებით, ჯინი შეხვდა სემ ფრენდს, რომელიც ბრუკლინში (ნიუ-იორკი), იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში, მსახურობდაa. 1952 წელს ისინი დაქორწინდნენ. პიონერობა განვაგრძე პიტსბურგში, სადაც ბიბლიის ბევრი შესწავლა მქონდა — კვირაში 14 ოჯახთან მივდიოდი. 1958 წელს პენსიაში გავედი, რის შემდეგაც პიონერობა ადვილი გახდა, ვინაიდან დღეში 8 საათი სამუშაოზე ყოფნა აღარ მიწევდა.

1983 წელს მერი ავად გახდა. ვცდილობდი ისევე კარგად მომევლო მისთვის, როგორც ის მივლიდა დაახლოებით 50 წლის განმავლობაში. ბოლოს, 1986 წლის 14 სექტემბერს, მერი გარდაიცვალა.

დაბადების ადგილის პოვნა

1989 წელს ჯინმა და სემმა პოლონეთის კონგრესზე წამიყვანეს. მოვინახულეთ ის ადგილიც, სადაც ვიზრდებოდი. როდესაც რუსებმა დაიპყრეს მსოფლიოს ეს ნაწილი, ქალაქებს სახელები შეუცვალეს და ხალხი სხვა ქვეყნებში გადაასახლეს. გავიგე, რომ უფროსი ძმა სტამბოლში გადაუსახლებიათ, ხოლო და — რუსეთში, ადგილობრივმა მოსახლეობამ კი არ იცოდა ჩემი სოფლის სახელი, რომლის შესახებაც ჩვენ ვეკითხებოდით.

შორს შევნიშნე მთები, რომლებიც მეცნაურა. როდესაც მივუახლოვდით, გამოჩნდა სხვა რამეებიც — გორები, გზაჯვარედინი, ეკლესია, მდინარეზე გადებული ხიდი. მოულოდნელად, ჩვენდა გასაოცრად, დავინახეთ ტრაფარეტი, რომელზეც ეწერა: „ჰოშოვჩიკი“. ცოტა ხნის წინ კომუნისტებმა გავლენა დაკარგეს და სოფლებისთვის ძველი სახელები დაუბრუნებიათ.

ჩვენი სახლი უკვე აღარ იდგა, მაგრამ დრო-ჟამს გადაურჩა ღუმელი, რომელსაც გარეთ საჭმლის მოსამზადებლად ვიყენებდით და რომელიც ახლა ნაწილობრივ მიწაში იყო ჩაფლული. შემდეგ ხელი გავიშვირე ერთი დიდი ხისკენ და წამოვიძახე: „ნახეთ, ეს ის ხეა, ამერიკაში წასვლის წინ რომ დავრგე. შეხედეთ, როგორ გაზრდილა!“ ბოლოს სასაფლაოზე გავედით და ჩვენი ოჯახის წევრების გვარებს ვეძებდით, მაგრამ ვერც ერთი ვერ ვიპოვეთ.

ჭეშმარიტების პირველ ადგილზე დაყენება

1993 წელს ჯინის ქმარი გარდაეცვალა და მკითხა, ხომ არ მსურდა, რომ დაეტოვებინა ბეთელი და ჩემთვის მოევლო. პასუხად ვუთხარი, რომ ამაზე უარესს ვერაფერს გააკეთებდა და ამ საკითხზე დღესაც ასე ვფიქრობ. სანამ 102 წლის გავხდებოდი, საკუთარ თავს თვითონ ვუვლიდი, მაგრამ შემდეგ მოხუცებულთა სახლში გადასვლა აუცილებელი გახდა. პიტსბურგში, ბელევიუს კრებაში, დღესაც უხუცესად ვმსახურობ. კვირაობით ძმები მოდიან და სამეფო დარბაზში მივყავარ. თუმცა უკვე სამქადაგებლო საქმიანობაში ჩემი მონაწილეობა საკმაოდ შეზღუდულია, დაუძლურებულ პიონერთა სიაში მაინც ვრჩები.

წლების განმავლობაში ვესწრებოდი ზედამხედველებისთვის საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ ორგანიზებულ სპეციალურ სკოლებს. გასული წლის დეკემბერში დავესწარი სამეფო მსახურების სკოლის რამდენიმე ლექციას, რომლებიც კრების უხუცესებისთვის ჩატარდა. ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე, რომელშიც 1931 წლიდან ყოველწლიურად ვიღებდი სიმბოლოებს, წელს, 11 აპრილს, ჯინმა წამიყვანა.

მათგან, ვისაც ადრე ბიბლიას ვასწავლიდი, ზოგი ახლა უხუცესად მსახურობს, სხვები სამხრეთ ამერიკაში მისიონერებად არიან, ზოგი კი პაპა და ბებიაა და თავიანთ შვილებთან ერთად ემსახურებიან ახლა ღმერთს. ჩემი შვილებიდან სამი — მერი-ჯინი, ჯონი და ჯინი — შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ერთგულად ემსახურებიან იეჰოვა ღმერთს. ყოველთვის ვლოცულობ, რომ ერთ მშვენიერ დღეს კიდევ ერთი ქალიშვილი, დანარჩენი შვილიშვილები და შვილთაშვილებიც ასე მოიქცნენ.

ახლა, დაახლოებით 105 წლის ასაკში, ყველას მოვუწოდებ, ისწავლონ ბიბლია და ნასწავლი სხვებსაც გაუზიარონ. დარწმუნებული ვარ, რომ, თუ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობას შეინარჩუნებ, იმედები არასოდეს გაგიცრუვდება. თუ ასე მოიქცევით, თქვენც იპოვით წარმავალ ოქროზე ძვირფას რამეს — ჭეშმარიტებას, რომელიც სიცოცხლის მომცემ იეჰოვა ღმერთთან ასე ძვირფასი ურთიერთობის საშუალებას გვაძლევს.

[სქოლიოები]

a სემ ფრენდის ბიოგრაფია მოცემულია 1986 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 22—26; [ინგლ.].

[სურათი 25 გვერდზე]

ტრამვაის მძღოლად მუშაობისას.

[სურათი 26 გვერდზე]

მოხუცებულთა სახლში, სადაც ახლა ვცხოვრობ.

[სურათი 27 გვერდზე]

ტრაფარეტი, რომელიც 1989 წელს ვიპოვეთ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება