მკითხველთა შეკითხვები
იეჰოვას მრავალი მოწმე აღნიშნავს ქორწილის წლისთავებს. დაბადების დღე კი იმ დღის წლისთავია, როდესაც დაიბადე. მაშ, რატომ არის დაშვებული ქორწილის წლისთავის აღნიშვნა, ხოლო დაბადების დღისა — არა?
სიმართლე რომ ვთქვათ, ქრისტიანისთვის არც ერთის აღნიშვნა არ არის საჭირო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთი და იგივე მნიშვნელობა მივანიჭოთ ამ ორ წლისთავს ან ისეთივე თვალსაზრისი გვქონდეს ქორწინების წლისთავზე, როგორიც დაბადების დღეზე.
როგორც აღნიშნული იყო, შეიძლება ითქვას, რომ ორივე წლისთავია, რადგან „წლისთავი“ აღნიშნავს ‘რაიმე მოვლენიდან კიდევ ერთი წლის გასვლას’. ნებისმიერ მოვლენას შეიძლება ჰქონდეს წლისთავი — ავტოკატასტროფას, მთვარის დაბნელებას, ოჯახთან ერთად საცურაოდ წასვლასა და სხვა მოვლენებს. ნათელია, რომ ყოველ წლისთავს განსაკუთრებულ დღედ ან ზეიმად არ ვაქცევთ. წინასწარ უნდა განვსაზღვროთ, იქნებოდა თუ არა მართებული ამა თუ იმ მოვლენის წლისთავის აღნიშვნა.
მაგალითად, ღმერთმა ხაზგასმით მიუთითა ისრაელებს, ყოველწლიურად ეზეიმათ დღე, როდესაც მისმა ანგელოზმა ეგვიპტეში ისრაელთა სახლებს გვერდი აუარა, რასაც ძვ. წ. 1513 წელს ეგვიპტიდან ღვთის ხალხის გამოსვლა მოჰყვა (გამოსვლა 12:14). იუდეველები, მათ შორის იესო, ამ მოვლენის ყოველწლიურად აღნიშვნით ღვთის მითითებისადმი მორჩილებას ავლენდნენ, მაგრამ ისინი ამ დღეს ზარ-ზეიმითა და საჩუქრებით არ აღნიშნავდნენ. იუდეველები ტაძრის განახლების წლისთავსაც განსაკუთრებით ზეიმობდნენ. თუმცა ბიბლიაში არ არის მოცემული, რომ ის უნდა აღენიშნათ, მაგრამ იოანეს 10:22, 23-დან ვგებულობთ, რომ იესო არ იყო ამის წინააღმდეგი. და ბოლოს, ქრისტიანებს აქვთ სპეციალური ყოველწლიური შეხვედრა იესოს სიკვდილის დღესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს ღვთის სიტყვაში მოცემული პირდაპირი მითითებისადმი მორჩილებიდან გამომდინარე კეთდება (ლუკა 22:19, 20).
რა შეიძლება ითქვას ქორწინების წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით? ქორწინება ღვთის მიერაა დაფუძნებული და ზოგ ქვეყანაში მიღებულია ცოლ-ქმრის მიერ ქორწინების წლისთავის აღნიშვნა (დაბადება 2:18–24; მათე 19:4–6). ცხადია, რომ ბიბლია უარყოფითად არ აშუქებს ქორწინებას. იესო თვითონაც იყო ქორწილში და იზრუნა კიდეც იმისთვის, რომ ის სასიამოვნოდ წარმართულიყო (იოანე 2:1–11).
ამიტომ უცნაური არაფერია იმაში, თუ წყვილი გადაწყვეტს ქორწინების წლისთავის აღნიშვნას, რათა ერთად გაიხსენონ ის სასიხარულო მოვლენა და თავიანთი გადაწყვეტილება, ყოველთვის განეგრძოთ ოჯახურ ცხოვრებაში წარმატებებისკენ სწრაფვა. ამ ბედნიერ შემთხვევას წყვილი მარტო აღნიშნავს თუ რამდენიმე ნათესავთან ან ახლო მეგობართან ერთად, პირადად მათი გადასაწყვეტია. ეს შემთხვევა არ უნდა იქცეს დიდი თავმოყრის მიზეზად. ასეთ დღეს უნდა ვხელმძღვანელობდეთ იმავე ნორმებით, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. ასე რომ, ქორწინების წლისთავის აღნიშვნა-არაღნიშვნა პირადი საკითხია (რომაელთა 13:13, 14).
მაგრამ რის თქმა შეიძლება დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ? ამბობს თუ არა რამეს ბიბლია ამასთან დაკავშირებით?
ამ საუკუნის დასაწყისში ბიბლიის მკვლევარები, როგორც მაშინ იყვნენ ცნობილი იეჰოვას მოწმეები, ზეიმობდნენ დაბადების დღეს. მრავალ მათგანს ჰქონდა პატარა წიგნი, რომელსაც „ყოველდღიური ზეციური მანანა“ ერქვა. ეს იყო ბიბლიის ყოველდღიური მუხლები. მასში მრავალს თანამორწმუნეების დაბადების დღეების დასამახსოვრებლად შესაბამის გვერდებზე ჩაკრული ჰქონდა მათი პატარა ფოტოსურათები. 1909 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამია, რომ ჯექსონვილში (ფლორიდის შტატი, აშშ) კონგრესზე ძმა რასელს, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაშინდელ პრეზიდენტს, სთხოვეს, სცენაზე ასულიყო. რატომ? მას სიურპრიზი მოუწყვეს, დაბადების დღის აღსანიშნავად გრეიპფრუტებით, ანანასებითა და ფორთოხლებით სავსე ყუთები აჩუქეს. ასე ხდებოდა წარსულში. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დროს ძმები 25 დეკემბერსაც ზეიმობდნენ როგორც იესოს დაბადების დღეს და ბრუკლინის ბეთელში საშობაო ვახშამსაც კი მართავდნენ.
რასაკვირველია, მას შემდეგ ღვთის ხალხი მრავალმხრივ გაიზარდა სულიერად. XX საუკუნის 20-იან წლებში ჭეშმარიტების სინათლემ ძმებს თანდათანობით დაანახვა შემდეგი საკითხები:
იესო არ დაბადებულა 25 დეკემბერს; ეს დღე დაკავშირებულია წარმართულ რელიგიასთან. ბიბლიაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ აღვნიშნოთ იესოს სიკვდილის თარიღი და არა მისი ან სხვა ვინმეს დაბადების დღე. ეს შეესაბამება ეკლესიასტეს 7:1-ში ნათქვამს, რომ ის, თუ როგორ ამთავრებს სიცოცხლეს ერთგული ადამიანი, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი დაბადების დღე. ბიბლიაში არ არის მოხსენიებული, რომ რომელიმე ერთგულ მსახურს დაბადების დღე გადაეხადოს. მასში მხოლოდ წარმართების მიერ დაბადების დღეების გადახდაზეა ლაპარაკი, რომლებიც სასტიკ მოქმედებებთანაა დაკავშირებული. მოდით განვიხილოთ იმ დაბადების დღეების გადახდის ისტორიები.
ბიბლიაშია მოხსენიებული პირველი დაბადების დღე ფარაონის დაბადების დღეა, რომელიც იოსების ცხოვრების პერიოდში აღინიშნა (დაბადება 40:20–23). ჰეისტინგზის „რელიგიისა და ეთიკის ენციკლოპედიაში“ (Encyclopædia of Religion and Ethics) დაბადების დღეების შესახებ სტატია ასე იწყება: „დაბადების დღის გადახდა დაკავშირებულია დროის აღრიცხვასა და გარკვეულ ადრინდელ რელიგიურ პრინციპებთან“. შემდეგ მოყვანილია ეგვიპტოლოგ სერ ჯ. გარდნერ უილკინსონის სიტყვები: „თითოეული ეგვიპტელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დაბადების დღეს და საათსაც კი; სავარაუდოა, რომ როგორც სპარსეთში, თითოეული დიდი ზარ-ზეიმით იხდიდა დაბადების დღეს, სხვადასხვა გასართობებით ხვდებოდა მეგობრებს და სუფრას განსაკუთრებულად, ნაირ-ნაირი დელიკატესებით, აწყობდა“.
ბიბლიაში მოხსენიებული კიდევ ერთი დაბადების დღე ჰეროდეს დაბადების დღეა, როდესაც იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთეს (მათე 14:6–10). ერთ-ერთ ენციკლოპედიაში მოცემულია შემდეგი აზრი: «პრეელინისტური დროის ბერძნები ღვთაებებისა და გამოჩენილი ადამიანების დაბადების დღეებს ზეიმობდნენ. ბ[ერძნ]ული სიტყვა „გენეთლია“ გამოიყენებოდა ამ დღესასწაულებთან დაკავშირებით, ხოლო „გენეზია“ — გარდაცვლილი გამოჩენილი პიროვნების დაბადების დღესთან დაკავშირებით. მეორე მაკ[აბელთა] 6:7-ში აღნიშნულია, რომ ყოველთვიურად აღნიშნავდნენ ანტიოქოს IV-ის „გენეთლიას“, რომლის განმავლობაშიც იუდეველებს აიძულებდნენ ‘აღესრულებინათ კერპთაყვანისმცემელთა წესი’. . . ჰეროდე ელინისტური ჩვეულების თანახმად მოქმედებდა, როდესაც დაბადების დღე გადაიხადა; არავითარი მტკიცება არ არსებობს, რომ პრეელინისტურ პერიოდში ისრაელები დაბადების დღეს ზეიმობდნენ» (The International Standard Bible Encyclopedia).
ცნობილია, რომ დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები არ არიან ჩაფლული რომელიმე ძველ რელიგიურ ჩვეულებაში და არც ღვთის სიტყვას უგულებელყოფენ, სადაც მოყვანილია დაბადების დღის აღნიშვნის შემთხვევები, რომლებიც წარმართულ ტრადიციებთან და სისასტიკესთანაა დაკავშირებული. ამგვარად, საღვთო წერილი დაბადების დღის აღნიშვნას აშკარად უარყოფითად აფასებს და ერთგული ქრისტიანები ამას არ უგულებელყოფენ.
მაშასადამე, აღნიშნავენ თუ არა ქრისტიანები ქორწინების წლისთავს, მათი პირადი საქმეა, მაშინ როდესაც, არსებობს საფუძვლიანი მიზეზი, რის გამოც მოწიფული ქრისტიანები არ აღნიშნავენ დაბადების დღეს.