მძარცველთა გეგმები ჩაიფუშა დასავლეთ აფრიკაში
მოგვითხრო იუნის აიბიუმ
«ყაჩაღებმა თავდასხმა იმ დღეს დაგეგმეს, როცა, ჩვეულებრივ, კრების წიგნის შესწავლას ვატარებთ ჩვენს სახლში. ჭიშკარს ფართოდ ვაღებთ ჩვენი და-ძმებისა და დაინტერესებულებისთვის. ალბათ, მძარცველებმა იცოდნენ ჩვენი ჩვეულების შესახებ და იცოდნენ შეხვედრის დროც. როგორც გავიგეთ, მათ საიდანღაც გაუტაციათ ავტომობილი და ჩვენს ჭიშკართან წიგნის შესწავლის დროს მისულან.
იმ კვირას სარაიონო ზედამხედველის მონახულება გვქონდა. ამიტომ შეხვედრა სამეფო დარბაზში ჩაგვიტარდა. შემდეგ უხუცესების შეხვედრა მოეწყო. ჩვეულებრივ, მე და ბავშვები სახლში მივდივართ ხოლმე, მაგრამ მეუღლემ, რომელიც უხუცესად მსახურობს, გვთხოვა დავლოდებოდით. თქვა, რომ დიდხანს არ გაუგრძელდებოდათ, ამიტომაც დავრჩით.
შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ავტომობილი არ იქოქებოდა. სარაიონო ზედამხედველი და ჩემი მეუღლე ამაოდ ცდილობდნენ. დავუძახეთ ხელოსანს: მანაც ვერაფერი გაუგო.
ბავშვებს სახლში ფეხით წასვლა მოუწიათ. ცოტა მოგვიანებით მეც წავედი. შინ საღამოს ათი საათისთვის მივედი. არც მე და არც ბავშვები არ შევსულვართ ეზოში ავტომობილით, რისთვისაც დიდი ჭიშკრის გაღება არ დაგვჭირვებია.
როცა საწოლ ოთახში შევედი, ძალიან ძლიერი გასროლის ხმა გავიგე. დავინტერესდი, რა მოხდა. ვცადე პოლიციაში დამერეკა, მაგრამ ტელეფონი არ მუშაობდა. ჩავირბინე პირველ სართულზე და დავკეტე რკინის შემოსასვლელი კარი, შემდეგ გავიქეცი და ჩავკეტე შუა კარი. სინათლეები ჩავაქრე. ბავშვები პანიკამ მოიცვა. მე მათ ვამშვიდებდი. მფარველობისთვის ერთად მივმართეთ იეჰოვას ლოცვით. ამასობაში კი ჩემი ქმარი ისევ სამეფო დარბაზთან იყო და ავტომობილის დაქოქვას ცდილობდა.
გავიხედე ფანჯარაში და დავინახე, რომ ქუჩაში, ჭიშკრის იქით, კაცი ეგდო. როგორც ჩანდა, მძარცველები გაიქცნენ, ამიტომ დაჭრილი კაცი ჩემს ავტომობილში შევათრიე და სწრაფად წავიყვანე საავადმყოფოში. სახიფათო იყო, მაგრამ რაღაც ხომ უნდა მეღონა. სამწუხაროდ, მამაკაცი მეორე დღეს დაიღუპა.
მართალია, ტრაგედია მოხდა, მაგრამ ყველაფერი შეიძლება უფრო უარესად დამთავრებულიყო. სარაიონო ზედამხედველის მონახულებამ ის განაპირობა, რომ წიგნის შესწავლა სახლში არ ჩაგვიტარდა, ავტომობილის გაფუჭებამ კი — ის, რომ შინ მთელი ოჯახით არ დავბრუნებულვართ. ჩემს ქმარს, რომელიც იმ დღეს შინ ძალიან გვიან დაბრუნდა, ყაჩაღები ჩაიგდებდნენ ხელში. ეს და სხვა ფაქტორები იმ ღამით ჩვენ სასარგებლოდ აღმოჩნდა.
იეჰოვაა ჩვენი სიმაგრე და თავშესაფარი. ეს ისეა, როგორც ერთ მუხლშია ნათქვამი: „თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი“ (ფსალმუნი 126:1)».