„სირიის უდაბნოს შავგვრემანი დედოფალი“
ის შავგვრემანი იყო, მარგალიტებივით თეთრი კბილები და შავი მბრწყინავი თვალები ჰქონდა; განათლებული იყო და რამდენიმე ენას ფლობდა. ამბობდნენ, რომ ეს მეომარი დედოფალი კლეოპატრაზე ჭკვიანი და შეიძლება ისეთივე ლამაზი იყო. მან შეძლო წინ აღდგომოდა მის დღეებში გაბატონებულ მსოფლიო მპყრობელს, რითაც ბიბლიური დრამის წინასწარმეტყველური როლი შეასრულა. ის დიდი ხნის მკვდარი იყო, მაგრამ მწერლები აქებდნენ და მხატვრები აიდიალებდნენ. მე-19 საუკუნის პოეტმა მას „სირიის უდაბნოს შავგვრემანი დედოფალი“ უწოდა. ეს მეტად ქებული ქალი სირიის ქალაქ პალმირას დედოფალი — ზენობია — იყო.
როგორ გაითქვა ზენობიამ სახელი? რა პოლიტიკურმა მდგომარეობამ შეუწყო ხელი მის გაძლიერებას? რა შეიძლება ითქვას მასზე, როგორც პიროვნებაზე? და რა წინასწარმეტყველური როლი შეასრულა ამ დედოფალმა? პირველ რიგში, განვიხილოთ, რა გეოგრაფიულ გარემოში გადაიშალა ეს დრამა.
უდაბნოს განაპირას არსებული ქალაქი
ზენობიას ქალაქი პალმირა დამასკის ჩრდილო-აღმოსავლეთით 210 კილომეტრში, სირიის უდაბნოს ჩრდილოეთით მდებარეობდა, სადაც ანტილიბანის მთების შემდეგ ვაკე იწყება. ეს ოაზისი ქალაქი ხმელთაშუა ზღვასა (დასავლეთით) და მდინარე ევფრატს (აღმოსავლეთით) შორის მდებარეობდა. მეფე სოლომონი მას, როგორც ჩანს, თადმორს ეძახდა; ის შეიძლება მნიშვნელოვანი იყო სოლომონის სამეფოს კეთილდღეობისთვის ორი მიზეზის გამო: 1. იქ მას ჩრდილოეთ საზღვრის დასაცავად გარნიზონის განლაგება შეეძლო და 2. მასზე გადიოდა სავაჭრო გზა. ამიტომ სოლომონმა „ააშენა თადმორი უდაბნოში“ (მეორე ნეშტთა 8:4).
მეფე სოლომონის მეფობის შემდეგ ათასი წლის განმავლობაში ისტორიაში არაფერი თქმულა ნათქვამი თადმორის შესახებ. თუ სწორადაა გაიგივებული პალმირასთან, მან მას შემდეგ გაითქვა სახელი, რაც ძვ. წ. 64 წელს სირია რომის იმპერიის საავანპოსტო პროვინცია გახდა. „პალმირა, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ქალაქი იყო რომისთვის“, — ამბობს რიჩარდ სტოუნმენი თავის წიგნში (Palmyra and Its Empire—Zenobia’s Revolt Against Rome). რადგანაც ამ პალმების ქალაქზე გადიოდა მთავარი სავაჭრო გზა, რომელიც რომს მესოპოტამიასთან და აღმოსავლეთთან აკავშირებდა, ძველი მსოფლიოდან მასზე გავლით შეჰქონდათ რომში სავაჭრო დოვლათი — სანელებლები ოსტინდოეთიდან, აბრეშუმი ჩინეთიდან და სხვა საქონელი სპარსეთიდან, მესოპოტამიის დაბლობიდან და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან. რომი ამ შეტანილ საქონელზე იყო დამოკიდებული.
სამხედრო თვალსაზრისით სირიის პროვინცია რომისა და სპარსეთის მოწინააღმდეგე ძალებს შორის ბუფერულ ზონას წარმოადგენდა. ახ. წ. პირველი 250 წლის განმავლობაში მდინარე ევფრატი რომს აღმოსავლეთ მეზობლისგან ყოფდა. პალმირა კი უდაბნოს გაღმა, ევფრატზე არსებულ ქალაქ დურა-ევროპოსის დასავლეთით, მდებარეობდა. რადგანაც შეგნებული ჰქონდათ მისი ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, რომის იმპერატორებმა, ადრიანემ და ვალერიანემ, მოინახულეს პალმირა. ადრიანემ გაამდიდრა მისი არქიტექტურა და დიდძალი ძღვენი შესწირა. ვალერიანემ კი პალმირელი დიდგვაროვანი, სახელად ოდენატე — ზენობიას ქმარი — დააჯილდოვა, ახ. წ. 258 წელს რომის კონსულის წოდება მიანიჭა, რადგან მან წარმატებით გაილაშქრა სპარსეთის წინააღმდეგ და რომის იმპერიის საზღვრები მესოპოტამიამდე გააფართოვა. ზენობიას დიდი წვლილი მიუძღვოდა ქმრის გაძლიერებაში. ისტორიკოსი ედუარდ გიბონი წერდა: „ოდენატეს წარმატება უფრო მისი [ზენობიას] შეუდარებელი გონიერებისა და სიმტკიცის შედეგი იყო“.
ამასობაში სპარსეთის მეფე საპორმა გადაწყვიტა რომის ხელისუფლებას შედავებოდა და სპარსეთის ყოფილ პროვინციებში თავისი ხელისუფლება სუვერენიტეტი გამოეცხადებინა. ის მრისხანე ჯარით გაეშურა დასავლეთისკენ, დაიკავა რომის იმპერიის გამაგრებული ქალაქები, ნიზიბისი და ხარანი, და დაიწყო სირიის ჩრდილო ნაწილისა და კილიკიის აოხრება. იმპერატორი ვალერიანე პირადად წაუძღვა თავის ჯარს მტრის წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა და ტყვედ ჩაუვარდა სპარსელებს.
ოდენატემ დროულად მიიჩნია, სპარსეთის მონარქისთვის ძვირფასი საჩუქრების გაგზავნა და შეატყობინა, რომ მშვიდობა სურდა. მეფე საპორმა ბრძანა, ყველაფერი ევფრატში გადაეყარათ და მოითხოვა, რომ ოდენატე შეწყალების მთხოვნელ ტყვედ წარდგენილიყო მის წინაშე. პასუხად პალმირელებმა უდაბნოს მომთაბარეებისა და რომაელი მეომრებისგან ჯარი შეკრიბეს და სპარსელების ხოცვა დიწყეს, მათ კი უკან დაიხიეს. უდაბნოს მეომრების მოულოდნელ თავდასხმებს საპორის ბრძოლით დაღლილი და ნაძარცვით დატვირთული ჯარი ვერ იგერიებდა და იძულებული გახდა გაქცეულიყო.
როდესაც დაინახეს, რომ საპორი დაამარცხეს, ვალერიანეს ვაჟმა, მისმა მემკვიდრემ, გალიენემ, ოდენატეს „კორეკტორ ტოტიუს ორიენტის“ (მთელი აღმოსავლეთის მმართველი) წოდება მიანიჭა. ოდენატემ დროთა განმავლობაში თავის თავს „მეფეთა მეფე“ უწოდა.
ზენობია იმპერიის შექმნისკენ ისწრაფვის
ახ. წ. 267 წელს, როცა ოდენატემ დიდების მწვერვალს მიაღწია, ის და მისი მემკვიდრე, როგორც ვარაუდობენ, მისმა შურისმაძიებელმა ძმისწულმა მოკლა. ქმრის ადგილი ზენობიამ დაიკავა, რადგან მისი ვაჟი ჯერ პატარა იყო. ამ მშვენიერმა, მიზანსწრაფულმა, თავის ქმართან ერთად ლაშქრობას მიჩვეულმა, უნარიანმა მმართველმა, რომელიც რამდენიმე ენას ფლობდა, თავისი ქვეშევრდომების პატივისცემისა და მხარდაჭერის მოპოვება შეძლო, რაც ბედუინებში არც თუ ისე ადვილი იყო. ზენობია აფასებდა განათლებულ ადამიანებს, ამიტომ ირგვლივ მოაზროვნე ხალხი შემოიკრიბა. მის მრჩეველებს შორის იყო ფილოსოფოსი და ორატორი კასიუს ლონგინუსი, რომელიც ცნობილი იყო როგორც „ცოცხალი ბიბლიოთეკა და მოსიარულე მუზეუმი“. მწერალი სტოუნმენი აღნიშნავს: „ოდენატეს სიკვდილის შემდეგ ხუთ წელიწადში. . . ზენობია თავისმა ხალხმა აღმოსავლეთის დედოფლად აღიარა“.
ზენობიას სამფლობელოს ერთ მხარეს ესაზღვრებოდა სპარსეთი, რომელიც მან და მისმა ქმარმა დააუძლურეს, მეორე მხარეს კი — რომის დასუსტებული იმპერია. იმ დროს რომში არსებული მდგომარეობის შესახებ ისტორიკოსი ჯ. მ. რობერტსი ამბობს: „მესამე საუკუნეში. . . რომის იმპერიას ცუდად ჰქოდა საქმე აღმოსავლეთ და დასავლეთ საზღვრებზე, დედაქალაქში კი სამოქალაქო ომი და განუწყვეტელი დებატები მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში ოცდაორი იმპერატორი გამოიცვალა, თუ არ ჩავთვლით პრეტენდენტებს“. ზენობია კი ამ დროს აღიარებული აბსოლუტური მონარქი იყო თავის სამეფოში. „მას შეეძლო ესარგებლა მათი [სპარსეთისა და რომის] მდგომარეობით და შეექმნა მესამე იმპერია, რომელიც ამ ორზე იბატონებდა“, — აღნიშნავს სტოუნმენი.
თავისი სამეფო ძალაუფლების გაფართოების შესაძლებლობა ზენობიას ახ. წ. 269 წელს მიეცა, როდესაც ეგვიპტეში რომის მართვასთან დაკავშირებით დაობდნენ. ზენობიას ჯარი სწრაფად გადავიდა ეგვიპტეში, დახოცა მეამბოხეები და დაეუფლა ქვეყანას. მან თავი ეგვიპტის დედოფლად გამოაცხადა და მოჭრა ფული, რომელზეც თავისი სახელი იყო ამოკვეთილი. ახლა მისი სამეფო მდინარე ნილოსიდან ევფრატამდე იყო გადაჭიმული. ამ დროს ის დანიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული ‘სამხრეთის მეფე’ გახდა, რადგან იმ დროს მისი სამეფო დანიელის ქვეყნის სამხრეთით დომინირებდა (დანიელი 11:25, 26). მან მცირე აზიის უმეტესი ნაწილიც დაიპყრო.
ზენობიამ თავისი ქვეყნის დედაქალაქი პალმირა ისე გააძლიერა და გაალამაზა, რომ რომის იმპერიის ყველაზე დიდ ქალაქებს გაუტოლა. მისმა მოსახლეობამ 150 000-ს გადააჭარბა. ქალაქი, რომლის გალავანიც, როგორც ამბობენ, 21 კილომეტრი სიგრძის იყო, მშვენიერმა სახლებმა, ტაძრებმა, ბაღებმა, სვეტებმა და ძეგლებმა შეავსო. მთავარ ქუჩას გასდევდა კორინთული კოლონადები, რომელთა სიმაღლე 15 მეტრზე მეტს აღწევდა — სულ კი დაახლოებით 1 500 კოლონა იყო. ის სავსე იყო ქანდაკებებით, გმირებისა და მდიდარი კეთილისმყოფელების ბიუსტებით. ახ. წ. 271 წელს ზენობიამ თავისი და განსვენებული მეუღლის ქანდაკება აღმართა. უდაბნოს განაპირას მდებარე პალმირა ძვირფასი ქვის მსგავსად ბრწყინავდა.
მზის ტაძარი პალმირას ერთ-ერთი მშვენიერი ნაგებობა იყო, რომელიც, ეჭვგარეშეა, გავლენას ახდენდა ქალაქში არსებულ რელიგიურ მდგომარეობაზე. ალბათ, ზენობიაც ეთაყვანებოდა მზის ღმერთის მსგავს ღვთაებას. მიუხედავად ამისა, მესამე საუკუნის სირიაში მრავალი რელიგია არსებობდა. ზენობიას სამფლობელოში იყვნენ ეგრეთწოდებული ქრისტიანები, იუდეველები, ასტროლოგები და მზისა და მთვარის თაყვანისმცემლები. რა აზრის იყო ის თავის სამეფოში თაყვანისცემის სხვადასხვა სახეობის არსებობასთან დაკავშირებით? მწერალი სტოუნმენი აღნიშნავს: „გონიერი მმართველი არ უგულებელყოფდა იმ ადათ-წესებს, რომლებიც მას თავისი ხალხისთვის მისაღებად მიაჩნდა. . . როგორც ფიქრობდნენ, ღმერთები პალმირას ეხმარებოდნენ“. როგორც ჩანს, ზენობია რელიგიებისადმი შემწყნარებლობას იჩენდა. მაგრამ ნამდვილად „ეხმარებოდნენ ღმერთები პალმირას“? რა ელოდა პალმირასა და მის „გონიერ მმართველს“?
იმპერატორი ‘აღაგზნებს თავის გულს’ ზენობიას წინააღმდეგ
ახ. წ. 270 წელს რომის იმპერატორი ავრელიანე გახდა. მისმა ლეგიონებმა მოიგერიეს და გამოწვრთნეს ჩრდილოეთის ბარბაროსები. ახ. წ. 271 წელს ავრელიანემ, რომელიც დანიელის წინასწარმეტყველებაში ‘ჩრდილოეთის მეფედაა’ წარმოდგენილი, ‘აღაგზნო თავისი ძალა და გული სამხრეთის მეფის წინააღმდეგ’, რომელსაც ზენობია წარმოადგენდა (დანიელი 11:25ა). ავრელიანემ თავისი ჯარის ნაწილი პირდაპირ ეგვიპტეში გაგზავნა, თვითონ კი ძირითადი სამხედრო ძალით მცირე აზიის გავლით აღმოსავლეთისკენ აიღო გეზი.
სამხრეთის მეფე — სამეფო, რომელსაც სათავეში ზენობია ედგა, — ‘დიდძალი და ფრიად ძლიერი ლაშქრით გამოვიდა საომრად’ ავრელიანეს წინააღმდეგ ორი გენერლის, ზაბდასა და ზაბაის, მეთაურობით (დანიელი 11:25ბ). მაგრამ ავრელიანემ დაიპყრო ეგვიპტე და შეუტია მცირე აზიასა და სირიას. ზენობია ჰომსთან დამარცხდა და უკან დაიხია პალმირასკენ.
როდესაც ავრელიანემ ალყა შემოარტყა ქალაქს, ზენობია, დახმარების მიღების იმედით, თავის ვაჟთან ერთად სპარსეთისკენ გაიქცა, მაგრამ რომაელებმა მდინარე ევფრატთან შეიპყრეს. ახ. წ. 272 წელს პალმირელები დანებდნენ. ავრელიანემ სულგრძელობა გამოავლინა მოსახლეობისადმი, შეაგროვა დიდძალი ნაძარცვი, მათ შორის მზის ტაძრის კერპი, და რომში დაბრუნდა. მან დაინდო ზენობია და ახ. წ. 274 წელს რომში თავისი ტრიუმფალური პროცესიის ყველაზე მიმზიდველი სანახაობა გახადა. მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება ზენობია რომაელი მანდილოსანი იყო.
უდაბნოს ნანგრევებად ქცეული ქალაქი
ავრელიანეს მიერ პალმირას აღებიდან რამდენიმე თვის შემდეგ პალმირელებმა იქ დატოვებული რომაელთა ჯარი ამოხოცეს. როდესაც ამ ამბავმა ავრელიანეს ყურამდე მიაღწია, თავის თანმხლებ მეომრებს უბრძანა, უკან დაბრუნებულიყვნენ; მათ საშინლად იძიეს შური პალმირას მოსახლეობაზე. ვინც ამ ულმობელ ხოცვას გადაურჩა მონად იქნა წაყვანილი. ეს ამაყი ქალაქი დაარბიეს და ნანგრევებად აქციეს, ისე რომ, მისი აღდგენა შეუძლებელი იყო. ასე დაუბრუნდა ეს მოფუსფუსე დედაქალაქი თავის ყოფილ მდგომარეობას, გახდა ისევ „თადმორი უდაბნოში“.
როდესაც ზენობია წინ აღუდგა რომს, მან და იმპერატორმა ავრელიანემ, მათდაუნებურად, ‘სამხრეთის მეფისა’ და ‘ჩრდილოეთის მეფის’ როლში გამოვიდნენ, რითაც იეჰოვას წინასწარმეტყველის მიერ დაახლოებით 800 წლის წინ დაწვრილებით ჩაწერილი წინასწარმეტყველების ნაწილი შეასრულეს (დანიელი, თავი 11). თავისი საოცარი პიროვნულობით ზენობიამ ბევრი მოხიბლა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისი, როგორც პოლიტიკური ძალის, როლი, რომლის შესახებაც დანიელის წინასწარმეტყველებაშია საუბარი. მან დაახლოებით ხუთი წელი იმეფა. პალმირა, მისი სამეფოს დედაქალაქი, დღეს ჩვეულებრივი სოფელია. ძლიერმა რომის იმპერიამაც კი დიდი ხანია არსებობა შეწყვიტა და ადგილი დაუთმო თანამედროვე სამეფოებს. რა მოელით მათ? მათაც უეჭველად ის ელით, რაც ბიბლიურ წინასწარმეტყველებაშია ნათქვამი (დანიელი 2:44).
[ჩარჩო 29 გვერდზე]
ზენობიას მემკვიდრეობა
მას შემდეგ, რაც პალმირას დედოფალი ზენობია დაამარცხა და რომში დაბრუნდა, იმპერატორმა ავრელიანემ მზის ტაძარი ააგო. მასში მოათავსა ზენობიას ქალაქიდან წამოღებული მზის ღმერთის ქანდაკება. შემდგომი მოვლენების შესახებ ერთ ჟურნალში ნათქვამია: „ავრელიანეს საქმეებიდან ყველაზე დიდხანს ზამთრის ბუნიაობისას, 25 დეკემბერს, მზის ჩასვლის დღესასწაულის აღნიშვნა შემორჩა, რომელიც ახ. წ. 274 წელს დაადგინა. როდესაც რომის იმპერია გაქრისტიანდა, ქრისტეს დაბადების დღე ამ თარიღს დაამთხვიეს, რათა ახალი რელიგია უფრო მიმზიდველი გაეხადათ ძველი დღესასწაულების აღნიშვნის მოყვარულთათვის. საინტერესოა, რომ [ხალხი] შობის დღესასწაულის დამკვიდრებას. . . საბოლოო ჯამში, დედოფალ ზენობიას დამსახურებად თვლის“ (History Today).
[რუკა⁄სურათი 28, 29 გვერდებზე]
[ტექსტი სრულად მოცემულია პუბლიკაციაში]
ხმელთაშუა ზღვა
სირია
ანტიოქია
ემესა (ჰომსი)
პალმირა
დამასკი
მესოპოტამია
ევფრატი
ხარანი
ნიზიბისი
დურა-ევროპოსი
[საავტორო უფლება]
Map: Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.
Colonnade: Michael Nicholson/Corbis
[სურათი 29 გვერდზე]
რომაული მონეტა; შესაძლოა ავრელიანეს გამოსახულებით.
[სურათი 30 გვერდზე]
მზის ტაძარი პალმირაში.
[საავტორო უფლება]
The Complete Encyclopedia of Illustration/J. G. Heck
[სურათი 31 გვერდზე]
დედოფალი ზენობია მიმართავს თავის მეომრებს.
[საავტორო უფლება]
Giovanni Battista Tiepolo, Queen Zenobia Addressing Her Soldiers, Samuel H. Kress Collection, Photograph © Board of Trustees, National Gallery of Art, Washington
[საავტორო უფლება 28 გვერდზე]
Detail of: Giovanni Battista Tiepolo, Queen Zenobia Addressing Her Soldiers, Samuel H. Kress Collection, Photograph © Board of Trustees, National Gallery of Art, Washington