ბაალის თაყვანისცემა — ბრძოლა ისრაელთა გულებისთვის
დაახლოებით 1 000 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცრუმორწმუნეობრივი შიში და სექსუალური რიტუალები რწმენასა და ერთგულებას ებრძოდა. ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ერთ მხარეს იყო ბაალის, ხოლო მეორე მხარეს — იეჰოვას თაყვანისცემა.
დარჩებოდნენ ისრაელები ეგვიპტიდან გამომყვანი ჭეშმარიტი ღვთისადმი ერთგული? (გამოსვლა 20:2, 3). თუ ქანაანელების საყვარელი ღვთაების მხარეს დაიჭერდნენ, ღვთაებისა, რომელიც მიწის პირის აყვავებას ჰპირდებოდა მათ?
ეს ბრძოლა, რომელიც ათასობით წლის წინათ მიმდინარეობდა, დღეს ჩვენც გვეხება. რატომ? „ყოველივე ეს, — წერდა მოციქული პავლე, — მათ დაემართათ სანიმუშოდ და აღწერილია ჩვენს დასარიგებლად, რომლებმაც მივაღწიეთ წუთისოფლის აღსასრულს“ (1 კორინთელთა 10:11). ზემოხსენებული ისტორიული კონფლიქტის შესახებ ამ გაფრთხილებას მეტი მნიშვნელობა ექნება, თუ გავიგებთ, ვინ იყო ბაალი და რა შედიოდა მის თაყვანისცემაში.
ვინ იყო ბაალი?
ისრაელებს ბაალთან შეხება ქანაანში ჩასვლის შემდეგ, დაახლოებით ძვ. წ. 1473 წელს, მოუწიათ. მათ მაშინვე დაინახეს, რომ ქანაანელები მრავალ ღმერთს სცემდნენ თაყვანს, რომლებიც არ განსხვავდებოდა ეგვიპტელთა ღმერთებისგან, თუმცა სხვა სახელები ჰქონდათ და გარკვეული განსხვავებული თავისებურებები ახასიათებდათ. მაგრამ ბიბლია ქანაანელთა მთავარ ღმერთად ბაალს გამოყოფს და ამას არქეოლოგიური გათხრებიც ადასტურებს (მსაჯულნი 2:11). მიუხედავად იმისა, რომ ბაალი არ იყო ქანაანელების ღვთაებათა შორის უდიდესი, ის იყო ღმერთი, რომლითაც ყველაზე მეტად იყო დაინტერესებული ეს ხალხი. მათ სწამდათ, რომ ამ ღმერთს ძალაუფლება ჰქონდა წვიმაზე, ქარზე და ღრუბლებზე და მხოლოდ მას შეეძლო როგორც ხალხის, ისე მათი ცხოველებისა და მცენარეების ნაყოფიერებაზე ზრუნვა და სიკვდილიდან დახსნაც კი. ბაალის დაცვის გარეშე მოთი, ქანაანელთა შურისმაძიებელი ღმერთი, მათ, უდავოდ, უბედურებას დაატეხდა თავს.
ბაალის თაყვანისცემა სექსუალურ რიტუალებზე იყო დაფუძნებული. ბაალთან დაკავშირებული ისეთი რელიგიური ობიექტებიც კი, როგორიც წმინდა სვეტები და წმინდა აშერები იყო, სექსუალურ მნიშვნელობას ატარებდა. როგორც ჩანს, წმინდა სვეტებით — ფალოსის ფორმის თლილი ქვებით — ბაალი ანუ სქესობრივი კავშირის დამყარებაში მამრობითი მხარე, იყო წარმოდგენილი. მეორე მხრივ, წმინდა აშერები ხის საგნები ან ხეები იყო, რომლებითაც აშერა, ბაალის მეუღლე, ანუ მდედრობითი მხარე, იყო წარმოდგენილი (მესამე მეფეთა 18:19).
ბაალის თაყვანისცემა როსკიპობითა და ბავშვების მსხვერპლად შეწირვით გამოირჩეოდა (მესამე მეფეთა 14:23, 24; მეორე ნეშტთა 28:2, 3). წიგნი „ბიბლია და არქეოლოგია“ აღნიშნავს: «ქანაანელთა ტაძრებში იყვნენ როგორც მეძავი ქალები, ისე კაცები („წმინდა“ კაცები და ქალები) და მათში ყოველგვარი სექსუალური თავაშვებულობა იყო გაბატონებული. [ქანაანელებს] სწამდათ, რომ ეს რიტუალები ხელს უწყობდა უხვ მოსავლიანობასა და პირუტყვის ნაყოფიერებას». ყველა შემთხვევაში ეს რელიგიური გამართლება იყო, თუმცა ასეთ საქციელში აშკარად ჩანდა თაყვანისმცემელთა ხორციელი სურვილები. მაშ, როგორ აცდუნა ბაალმა ისრაელთა გულები?
რით იყო ასე მიმზიდველი?
შეიძლება მრავალი ისრაელი ისეთ რელიგიას ამჯობინებდა, რომელიც მათგან ბევრს არ მოითხოვდა. ბაალის თაყვანისცემა მათ რჯულის, მაგალითად შაბათისა და მრავალი ზნეობრივი ნორმის, დაცვისგან ათავისუფლებდა (ლევიანნი 18:2–30; მეორე რჯული 5:1–3). ამასთანავე, შესაძლებელია, ქანაანელების კეთილდღეობა არწმუნებდა სხვა ხალხებს, რომ საჭირო იყო ბაალის გულის მოგება
ქანაანელების თაყვანისცემის ადგილები, რომლებიც გორაკებად ან ბორცვებად იყო ცნობილი, ტყით შემოსილი მთების განტოტებაზე მდებარეობდა და ნაყოფიერების რიტუალების შესასრულებლად, ალბათ, შესანიშნავ გარემოს ქმნიდა. მალე ისრაელებს აღარ აკმაყოფილებდათ ქანაანელების წმინდა ადგილებში სიარული და საკუთარი ააგეს. „მათაც გაიშენეს გორაკები, სვეტები და აშერები ყველა მაღალ ბორცვზე და ხემხვივანის ქვეშ“ (მესამე მეფეთა 14:23; ოსია 4:13).
ბაალის თაყვანისცემაში პირველი და მნიშვნელოვანი ადგილი ხორცის საქმეებს ეკავა (გალატელთა 5:19–21). მისი თაყვანისმცემლების ავხორცობის ჟინი ბევრად აჭარბებდა უხვი მოსავლისა და პირუტყვის ნაყოფიერების სურვილს. სექსს განადიდებდნენ. ამას ცხადყოფს არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი მრავალი სტატუეტი, გადიდებული სასქესო ორგანოებით, რაც სექსუალური აღგზნების გამომსახველი იყო. ღრეობა, ცეკვა და მუსიკა თავაშვებული მოქმედებისთვის სათანადო ფონს ქმნიდა.
რთული არაა წარმოვიდგინოთ ტიპობრივი სცენა შემოდგომის დასაწყისში. საოცარ ბუნებაში ნაქეიფარი და ღვინით აღგზნებული თაყვანისმცემლები ცეკვავენ. ნაყოფიერებისადმი მიძღვნილი ცეკვა ზაფხულის განმავლობაში უმოქმედოდ მყოფი ბაალის გამოსაღვიძებლად არის გამიზნული, რათა ამ უკანასკნელმა მიწას წვიმა მოუვლინოს. ისინი ცეკვით გარს უვლიან ფალოსის სვეტებსა და წმინდა აშერებს. მოცეკვავეთა — განსაკუთრებით კი ტაძრის როსკიპთა — ტანის მოძრაობა ეროტიკული და გზნებით აღსავსეა. მათ კიდევ უფრო ახელებს მუსიკა და ირგვლივ მყოფთა შეძახილები. ბოლოს კი, ალბათ, ცეკვის დასასრულს მოცეკვავეები ბაალის სახლში შედიან, რათა უზნეობას მიეცნენ (რიცხვნი 25:1, 2; შეადარეთ გამოსვლა 32:6, 17–19; ამოსი 2:8).
ისინი ხილვით დადიოდნენ და არა რწმენით
მრავალ ისრაელს იზიდავდა ასეთი აღმგზნები თაყვანისმცემლობა, მრავალს კი ბაალის თაყვანისცემა შიშმა დააწყებინა. რადგან ისრაელებმა იეჰოვასადმი რწმენა დაკარგეს, მკვდრებისა და მომავლისადმი შიშმა, ამასთანავე, ოკულტიზმით მოხიბლვამ ისინი სპირიტიზმამდე მიიყვანა, რაშიც უკიდურესად გახრწნილი ჩვეულებები შედიოდა. ერთ-ერთ თეოლოგიურ ენციკლოპედიაში აღწერილია, თუ როგორ პატივს მიაგებდნენ ქანაანელები მკვდრის სულს წინაპრების თაყვანისცემის ნიშნად: „ღრეობა . . . საგვარეულო სამარხში ან საფლავზე იმართებოდა, რასაც თან სდევდა ტრადიციული დათრობა და უზნეობა (შეიძლება სისხლის აღრევაც კი), რომელშიც ვითომ მკვდარი მონაწილეობდა“ (The International Standard Bible Encyclopedia). ასეთ დამაკნინებელ სპირიტულ მოქმედებებში მონაწილეობა ისრაელებს თავიანთი ღვთისგან, იეჰოვასგან, უფრო და უფრო აცილებდა (მეორე რჯული 18:9–12).
იმ ისრაელებს, რომლებიც ხილვით დადიოდნენ და არა რწმენით, კერპებიც და მათთან დაკავშირებული რიტუალებიც იზიდავდა (2 კორინთელთა 5:7). იეჰოვას უხილავი ხელით ჩადენილი საოცარი სასწაულების შემდეგაც კი ეგვიპტიდან გამოსულ მრავალ ისრაელს ღვთის ხილული შემხსენებელი სჭირდებოდა (გამოსვლა 32:1–4). მათ ზოგ შთამომავალსაც თავისი წინაპრების მსგავსად რაღაც ხილულის — ისეთის, როგორიც ბაალის კერპები იყო, — თაყვანისცემა სურდა (მესამე მეფეთა 12:25–30).
ვინ გაიმარჯვა?
ისრაელთა გულებისთვის ბრძოლა საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა. ის დაიწყო აღთქმულ ქვეყანაში შესვლამდე ცოტა ხნით ადრე, მას შემდეგ, რაც ამ ხალხმა მოაბის ველი გადალახა, და ბაბილონის ტყვეობაში მოხვედრამდე გაგრძელდა. თაყვანისცემაში უპირატესობა ხან ერთს ენიჭებოდა, ხან — მეორეს. ზოგჯერ ისრაელთა უმეტესობა იეჰოვასადმი ერთგულებას ინარჩუნებდა, მაგრამ ხშირად ბაალს უბრუნდებოდა. ამის ძირითადი მიზეზი კი ირგვლივ მცხოვრებ წარმართებთან ურთიერთობა იყო.
ომში დამარცხების შემდეგ ქანაანელები უფრო მოხერხებულად მოქმედებდნენ. ისრაელების გვერდიგვერდ ცხოვრებისას ისინი თავიანთ დამპყრობლებს საკუთარი ღმერთების თაყვანისმცემლებად ხდიდნენ. ისეთი გაბედული მსაჯულები, როგორებიც გედეონი და სამუელი იყვნენ, წინ აღუდგნენ ამ ტენდენციას. სამუელი ხალხს მოუწოდებდა: „მოიშორეთ უცხო ღმერთები . . . მიმართეთ გულები უფლისაკენ და მხოლოდ მას ემსახურეთ“. გარკვეული დროის მანძილზე ისრაელები მიჰყვნენ წინასწარმეტყველის მოწოდებას და „მოიშორეს . . . ბაალები და აშთორეთები და მხოლოდ უფალს ემსახურებოდნენ“ (პირველი მეფეთა 7:3, 4; მსაჯულნი 6:25–27).
საულისა და დავითის შემდგომმა მეფემ, სოლომონმა, სიბერეში უცხო ღმერთებისთვის მსხვერპლის მიტანა დაიწყო (მესამე მეფეთა 11:4–8). ისრაელისა და იუდას სხვა მეფეებიც მსგავსად მოიქცნენ და ბაალის თაყვანისცემა დაიწყეს. მიუხედავად ამისა, ისეთი ერთგული ადამიანები, როგორც წინასწარმეტყველები ელია და ელისე, აგრეთვე მეფე იოშიაჰუ, ბაალის თაყვანისცემის წინააღმდეგ იბრძოდნენ (მეორე ნეშტთა 34:1–5). გარდა ამისა, ისრაელის ისტორიის ამ პერიოდის მანძილზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც იეჰოვას ერთგულები დარჩნენ. აქაბისა და იზებელის დროსაც კი, როდესაც ბაალის თაყვანისცემა ყვაოდა, შვიდი ათასმა ‘არ მოიდრიკა მუხლი ბაალის წინაშე’ (მესამე მეფეთა 19:18).
მას შემდეგ კი, რაც იუდეველები ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნდნენ, აღარსად არის მოხსენიებული ამ ცრუ ღვთაების თაყვანისცემა. პირველი ეზრას 6:21-ში მოხსენიებულთა მსგავსად ყველა განუდგა „ქვეყნის ერის ბიწიერებას, რათა შევრდომოდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს“.
რას ვსწავლობთ ბაალის თაყვანისცემის შესახებ ცნობიდან
ბაალის თაყვანისცემა დიდი ხანია აღარ არსებობს, მაგრამ ქანაანელებს დღევანდელ საზოგადოებასთან ერთი რამ აერთიანებს — სექსის განდიდება. დღევანდელი ატმოსფერო უზნეობის ცდუნებებით არის გაჟღენთილი (ეფესელთა 2:2). ამიტომ ‘ჩვენ ამ წუთისოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ, ვიბრძვით’, — გვაფრთხილებს პავლე (ეფესელთა 6:12).
სატანის ხელმძღვანელობით „სიბნელის მპყრობელები“ ხალხის სულიერად დამონების მიზნით სექსუალურ უზნეობას იყენებენ (იოანე 8:34). დღევანდელ წუთისოფელში, სადაც ყველაფერი ნებადართულია, მართალია, სექსუალურ თავაშვებულობის ნაყოფიერების რიტუალის სახე აღარა აქვს, მაგრამ, მას იმიტომ მიმართავენ, რომ საკუთარი თავი გამოავლინონ და აკეთონ ის, რაც სურთ. სექსუალური პროპაგანდა დღესაც ისეთივე ინტენსიურია, როგორც მაშინ. ადამიანის გონება გაჟღენთილია გართობებით, მუსიკითა თუ რეკლამებით მიწოდებული სექსით. ღვთის მსახურები ამ თავდასხმისგან დაცული არ არიან. ქრისტიანული კრებიდან უმეტესობა ამ ცდუნების აყოლის გამო გაირიცხა. ქრისტიანი უბიწოებას მხოლოდ მაშინ შეინარჩუნებს, თუ გამუდმებით უკუაგდებს ამ უზნეობით აღსავსე ინფორმაციის ნაკადს (რომაელთა 12:9).
ეს საფრთხე განსაკუთრებით ახალგაზრდა მოწმეებს ემუქრება, რადგან ბევრი რამ, რაც შეიძლება მიმზიდველად ეჩვენებათ, სექსთანაა დაკავშირებული. საქმეს ისიც ართულებს, რომ მათ გამუდმებით უნდა გაუძლონ თანატოლების უზნეობისკენ აღმძვრელ გავლენას (შეადარეთ იგავნი 1:10–15). მრავალი შეცდა, მაგალითად, დიდ თავყრილობებზე. ასე ხდებოდა ძველ დროს ბაალის თაყვანისცემისასაც, როდესაც მუსიკის, ცეკვებისა და სექსუალური მიმზიდველობის ნაზავი თავბრუს ახვევდა იქ მყოფებს (2 ტიმოთე 2:22).
„რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა?“ — იკითხა ფსალმუნმომღერალმა. „დაიცვას უფლის სიტყვისამებრ“, — თავადვე გასცა პასუხი (ფსალმუნი 118:9). როგორც რჯული მიუთითებდა ისრაელებს, მორიდებოდნენ ქანაანელებთან ახლო ურთიერთობას, ისე ბიბლია გვაფრთხილებს არაგონივრული ურთიერთობების საშიშროების შესახებ (1 კორინთელთა 15:32, 33). თუ ახალგაზრდა ქრისტიანი უარს ამბობს თუმცა მიმზიდველ, მაგრამ ზნეობრივად საზიანო რამეზე, ამით მოწიფულობას ავლენს. ერთგულ ელიას მსგავსად, გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა მივყვეთ პოპულარული თვალსაზრისის დინებას (მესამე მეფეთა 18:21; შეადარეთ მათე 7:13, 14).
სხვა გაფრთხილება ეხება „დამაბრკოლებელ ცოდვას“, რწმენის დაკარგვას (ებრაელთა 12:1). ისრაელებს თითქოს ჯერ კიდევ სწამდათ იეჰოვა, მაგრამ სინამდვილეში ბაალს აღმერთებდნენ და მისგან ელოდნენ მოსავლიანობაზე ზრუნვასა და ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. შეიძლება ისინი ფიქრობდნენ, რომ იერუსალიმში წამომართული იეჰოვას ტაძარი ძალიან შორს იყო, ხოლო მისი რჯულის დაცვა — შეუძლებელი. ბაალის თაყვანისცემა ისე უპრეტენზიო და მოხერხებული იყო, რომ ამ ცრუ ღვთაებისთვის კმევა მის თაყვანისმცემლებს საკუთარი სახლის ბანებზეც კი შეეძლოთ (იერემია 32:29). შესაძლებელია, ისინი მის თაყვანისცემის დინებას მხოლოდ რამდენიმე რიტუალში მონაწილეობით ან იეჰოვას სახელით ბაალისთვის მსხვერპლის შეწირვითაც კი მიჰყვებოდნენ.
როგორ შეიძლება დავკარგოთ რწმენა და ნელ-ნელა ჩამოვშორდეთ ცოცხალ ღმერთს? (ებრაელთა 3:12). შეიძლება თანდათანობით დავკარგოთ კრების შეხვედრებისა და კონგრესებისთვის მადლიერების გრძნობა. ასეთი აზროვნება ‘საზრდოს დროულად მოწოდებასთან’ დაკავშირებით იეჰოვას სულიერი ღონისძიებისადმი ნდობის დაკარგვის მაჩვენებელია (მათე 24:45–47). ამგვარად მოსუსტებულები, შეიძლება „სიცოცხლის სიტყვას“ ისე მტკიცედ აღარ ჩავეჭიდოთ ან ჩვენში გაორება მოხდეს და მატერიალური სიმდიდრის დაგროვების ცდუნებასა და უზნეობას ავყვეთ (ფილიპელთა 2:16; შეადარეთ ფსალმუნი 118:113).
უმწიკვლოების მტკიცედ დაცვა
ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი გულებისთვის ბრძოლა დღესაც მიმდინარეობს. დავრჩებით იეჰოვას ერთგულები თუ სწორ გზას ავცდებით და ამ წუთისოფლის თავაშვებულობას მივეცემით? სამწუხაროა, მაგრამ, როგორც ისრაელებს იზიდავდა ქანაანელების საზიზღრული მოქმედებები, ისე ზოგი დღევანდელი ქრისტიანი კაცი და ქალი ცდუნებას აჰყვა და სამარცხვინო საქმეები ჩაიდინა (შეადარეთ იგავნი 7:7, 21–23).
ასეთი სულიერი კრახის არიდება შესაძლებელია, თუ მოსეს მსგავსად ‘უხილავის მხილველივით მტკიცე’ ვიქნებით (ებრაელთა 11:27). ‘რწმენისთვის უნდა ვიღწვოდეთ’ (იუდა 3). მაგრამ თუ ღვთისა და მისი პრინციპებისადმი ერთგულებას შევინარჩუნებთ, შეგვიძლია წინასწარ გავიხაროთ იმ დროის მოლოდინით, როცა ცრუ თაყვანისმცემლობა სამუდამოდ მოისპობა. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ, როგორც იეჰოვას თაყვანისცემამ სძლია ბაალისას, ისე მალე „მიწა აივსება უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“ (ესაია 11:9).
[სურათი 31 გვერდზე]
წმინდა სვეტების ნანგრევები გებერში; ამ სვეტებს ბაალის თაყვანისმცემლობისთვის იყენებდნენ.
[საავტორო უფლება 28 გვერდზე]
Musée du Louvre, Paris