რატომ უნდა გვწამდეს იესო ქრისტე?
„ბევრ არაქრისტიანსაც კი სჯერა, რომ ის დიდებული და ბრძენი მასწავლებელი იყო. ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პიროვნებას წარმოადგენდა“, — ნათქვამია „მსოფლიო ენციკლოპედიაში“. ვისზეა აქ საუბარი? ქრისტიანობის დამფუძნებელზე, იესო ქრისტეზე.
მოყვანილი ციტატის მიუხედავად, აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანაში და სხვაგან ასობით მილიონი ადამიანისთვის იესო ქრისტე უცნობია; ეს სახელი მათ მხოლოდ სკოლის სახელმძღვანელოებიდან ახსოვთ. ქრისტიანულ სამყაროში თეოლოგები და მღვდლებიც კი აცხადებენ, რომ სინამდვილეში ხალხი არ იცნობს იესოს. ისინი ეჭვის ქვეშ აყენებენ დღემდე შემონახული ოთხი ბიბლიური ცნობის (სახარებების) ჭეშმარიტებას, რომლებშიც იესოს ცხოვრებაა აღწერილი.
შესაძლებელია, რომ სახარებების მწერლებს შეეთხზათ იესოს ცხოვრების ისტორია? არავითარ შემთხვევაში! სახარებების გამოკვლევის შემდეგ ცნობილმა ისტორიკოსმა უილ დიურანტმა თქვა: „ერთი თაობის რამდენიმე უბრალო ადამიანს რომ გამოეგონა ასეთი ძლიერი და მიმზიდველი პიროვნება, ასე მაღალი ზნეობა და განეჭვრიტა ადამიანთა ასეთი აღმაფრთოვანებელი ძმობა, სასწაული იქნებოდა, სახარებებში აღწერილ სხვა ნებისმიერ სასწაულზე ბევრად უფრო დაუჯერებელი. ორი საუკუნის განმავლობაში ბიბლიის კრიტიკის შემდეგ იესოს ცხოვრება, ხასიათი და სწავლება კვლავაც საკმაოდ ნათელია და დღემდე დასავლეთელი ადამიანის ისტორიაში ყველაზე მიმზიდველ ფაქტს წარმოადგენს“.
მიუხედავად ამისა, ზოგი იესო ქრისტეს მისი, ეგრეთ წოდებული მიმდევრების საქმეების გამო უარყოფს და არ თვლის მას ყურადღების ღირსად. „მათ ატომური ბომბი ჩამოაგდეს ნაგასაკიზე, — ამბობს ზოგი იაპონელი, — აქ კი უფრო მეტი ქრისტიანი ცხოვრობდა, ვიდრე იაპონიის სხვა ნებისმიერ ქალაქში“. მაგრამ შეიძლება ექიმის დადანაშაულება პაციენტის ავადმყოფობაში, თუ ის არ ემორჩილება ექიმის რჩევებს? უმრავლესობა, ვინც აცხადებს, რომ ქრისტიანია, ყურადღებას არ აქცევს იესოს მითითებას, რომლითაც კაცობრიობის ავადმყოფობის განკურნება შეიძლება. და მაინც, ჩვენი ყოველდღიური პრობლემების გადალახვისა და მთელ მსოფლიოში კაცობრიობის „სნეულებების“ განკურებისთვის აუცილებელი საშუალება იესომ მოგვცა. ამიტომ გთავაზობთ, წაიკითხოთ მომდევნო სტატია და გაეცნოთ მის პიროვნებას.