მკითხველთა შეკითხვები
მე-2 თესალონიკელთა 3:14-ში ნათქვამია, რომ გარკვეული პირები ‘შენიშნული უნდა ჰყოლოდათ’. ეს კრებაში დადგენილი ოფიციალური მეთოდია თუ რაღაც ისეთი, რასაც ქრისტიანი პირადად აკეთებს უწესოებთან ურთიერთობისთვის თავის ასარიდებლად?
როგორც პავლეს მიერ თესალონიკელებისთვის მიწერილი სიტყვები გვიჩვენებს, ვინმე რომ „შენიშნული“ იყოს, განსაკუთრებული როლი კრების უხუცესებს აკისრიათ. მაგრამ შემდგომში საქმის ბოლომდე მიყვანა ცალკეულ ქრისტიანებზეა დამოკიდებული; ამას ისინი სულიერი მიზნებით აკეთებენ. ეს რომ უკეთ გავიგოთ, განვიხილოთ, რამ გამოიწვია პავლეს მიერ რჩევის მიცემა.
პავლეს წვლილი მიუძღოდა თესალონიკეს კრების დაფუძნებაში, რადგან ის დაეხმარა იქაურ ხალხს, მორწმუნეები გამხდარიყვნენ (საქმეები 17:1–4). მოგვიანებით მან კორინთიდან წერილი მისწერა მათ, რომ შეექო და გაემხნევებინა; ამასთანავე, საჭირო რჩევა-დარიგებაზეც იზრუნა. პავლემ მოუწოდა, ‘ყოფილიყვნენ წყნარები და ეკეთებინათ თავიანთი საქმე საკუთარი ხელებით’. ზოგი არ იქცეოდა ასე, ამიტომ პავლემ დაამატა: „შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარი დაუჭირეთ უძლურთ“. ნათელია, რომ მათ შორის იყვნენ „უწესონი“a, რომელთაც რჩევა ესაჭიროებოდათ (1 თესალონიკელთა 1:2–10; 4:11; 5:14).
რამდენიმე თვის შემდეგ პავლემ თესალონიკელებს მეორე წერილი მისწერა დამატებითი ინფორმაციით იესოს მომავალი თანდასწრების შესახებ. მან კიდევ სხვა მითითებები მისცა იმასთან დაკავშირებით, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ უწესოებთან, რომლებიც ‘არაფერს აკეთებდნენ, არამედ ფუჭად ფაციფუცობდნენ’. მათი საქციელი არ შეესაბამებოდა არც პავლეს, გულმოდგინე მშრომელის, მაგალითს, არც მის ნათელ მითითებას, რომ ყველას საკუთარი შრომით ერჩინა თავი (2 თესალონიკელთა 3:7–12). პავლეს მითითების თანახმად, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო. ეს უნდა მომხდარიყო უხუცესების მიერ უწესოსთვის შენიშვნის თუ რჩევის მიცემის შემდეგ. პავლე წერდა:
„ჩვენ კი გამცნებთ, ძმებო, . . . რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც უწესოდ იქცევა და არა იმ გადმოცემისამებრ, ჩვენგან რომ მიიღეთ. თქვენ კი, ძმებო, ნუ მოიწყენთ კეთილი საქმეების კეთებას. ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ჩვენს სიტყვას ამ წერილით, შენიშნული გყავდეთ იგი და ნუ გექნებათ მასთან ურთიერთობა, რათა შერცხვეს. ოღონდ მტრად ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ“ (2 თესალონიკელთა 3:6, 13–15).
ამგვარად, შემდგომ ნაბიჯებში შედიოდა ის, რომ ჩამოშორებოდნენ უწესოებს, შენიშნული ჰყოლოდათ ისინი, გაეწყვიტათ მათთან ურთიერთობა, მაგრამ ძმებივით დაერიგებინათ. რა შემთხვევაში უნდა გადაედგათ კრების წევრებს ეს ნაბიჯები? ამის გასაგებად განვიხილოთ სამი სიტუაცია, რომლებზეც აქ პავლეს არ გაუმახვილებია ყურადღება.
1. ვიცით, რომ ქრისტიანებიც არასრულყოფილები არიან და ნაკლოვანებები აქვთ. მიუხედავად ამისა, ჭეშმარიტი ქრისტიანობის განმასხვავებელი ნიშანი სიყვარულია, რაც ჩვენგან ურთიერთგაგებასა და შეცდომების პატიებას მოითხოვს. მაგალითად, ზოგჯერ შეიძლება ქრისტიანი უცაბედად განრისხდეს, როგორც ეს ბარნაბასა და პავლეს დაემართათ (საქმეები 15:36–40, აქ). ან დაღლილობის გამო შეიძლება ვინმემ უკმეხად და საწყენად ილაპარაკოს. ასეთ შემთხვევებში სიყვარულის გამოვლენითა და ბიბლიური რჩევების გამოყენებით შეგვიძლია თვალი დავხუჭოთ შეცდომაზე და განვაგრძოთ თანაქრისტიანთან ცხოვრება, ურთიერთობა და მსახურება (მათე 5:23–25; 6:14; 7:1–5; 1 პეტრე 4:8). ნათელია, რომ თესალონიკელებისთვის მიწერილ მეორე წერილში პავლე ასეთ ნაკლოვანებებზე არ ლაპარაკობდა.
2. პავლე არ მიუთითებდა ისეთ სიტუაციაზე, რომელშიც ქრისტიანი პირადად ირჩევს, ნაკლები ურთიერთობა ჰქონდეს ვინმესთან, ვინც ცუდად იქცევა ან არასწორ განწყობილებას ავლენს — მაგალითად, ვისაც ეტყობა, რომ მეტისმეტ ყურადღებას უთმობს გართობასა თუ მატერიალურ ნივთებს. ან მშობელმა შეიძლება შვილს ურთიერთობა შეაზღუდვინოს ისეთ მოზარდებთან, რომლებიც არაფრად აგდებენ მშობლებს, უხეშად ან სახიფათოდ თამაშობენ ან სერიოზულად არ უყურებენ ქრისტიანობას. ასეთ შემთხვევებში, უბრალოდ, საჭიროა პირადი გადაწყვეტილების მიღება იმის შესაბამისად, რასაც იგავნის 13:20-ში ვკითხულობთ: „ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება“ (შეადარეთ 1 კორინთელთა 15:33).
3. სრულიად სხვაგვარი სერიოზულობით წერდა პავლე კორინთელებს კრების იმ წევრის შესახებ, რომელიც დიდ ცოდვას სჩადიოდა და არ ინანიებდა. ასეთი მოუნანიებელი შემცოდველები უნდა გაერიცხათ კრებიდან. „ბოროტი“ კაცი, ასე ვთქვათ, სატანას უნდა გადასცემოდა. შემდგომში ერთგულ ქრისტიანებს ურთიერთობა აღარ უნდა ჰქონოდათ ასეთებთან; მოციქული იოანე ქრისტიანებს შეაგონებდა, არც კი მისალმებოდნენ მათ (1 კორინთელთა 5:1–13; 2 იოანე 9–11, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990). მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ეს არ არის 2 თესალონიკელთა 3:14-ში ჩაწერილი რჩევის შესატყვისი.
პავლეს მიერ თესალონიკელებისთვის მიწერილ მეორე წერილში ‘უწესოებთან’ დაკავშირებით განხილული შემთხვევა ზემოხსენებული სამივე შემთხვევისგან განსხვავდება. როგორც პავლე წერდა, ესენი ჯერ კიდევ ‘ძმები’ იყვნენ, რომლებიც უნდა დაერიგებინათ და რომლებსაც ისე უნდა მოპყრობოდნენ როგორც ძმებს. ამგვარად, ‘უწესო’ ძმებთან დაკავშირებული პრობლემა არც, უბრალოდ, ქრისტიანებს შორის წამოჭრილი პირადული საკითხი იყო, არც იმდენად სერიოზული, რომ კრების უხუცესებს ზომები მიეღოთ მათ გასარიცხად, რაც პავლემ გააკეთა კორინთის კრებაში არსებული უზნეობის გამო. „უწესონი“ არ იყვნენ დამნაშავეები ისეთ სერიოზულ ცოდვაში, როგორიც კორინთის კრებიდან გარიცხულმა კაცმა ჩაიდინა.
თესალონიკელი ‘უწესოები’ ქრისტიანობიდან მნიშვნელოვან გადახრაში იყვნენ დამნაშავეები. ისინი არ შრომობდნენ, ვინაიდან ან ფიქრობდნენ, რომ ქრისტეს დაბრუნება მოახლოებული იყო, ან, უბრალოდ, ზარმაცები იყვნენ. გარდა ამისა, ისინი ‘ფუჭად ფაციფუცობდნენ’ და არეულობას იწვევდნენ. კრების უხუცესებმა, ალბათ, არაერთხელ დაარიგეს ისინი პავლეს მიერ თავის პირველ წერილში მიცემული რჩევებისა და სხვა ღვთიური მითითებების შესაბამისად (იგავნი 6:6–11; 10:4, 5; 12:11, 24; 24:30–34). მიუხედავად ამისა, ისინი ჯიუტად განაგრძობდნენ იმის კეთებას, რაც ცუდად მოქმედებდა კრებაზე და რისთვისაც შეიძლებოდა სხვა ქრისტიანებსაც მიებაძათ. ამიტომ ქრისტიანმა უხუცესმა პავლემ ცალკეული პირების დასახელების გარეშე საჯაროდ გაამახვილა ყურადღება მათს უწესობაზე და ამხილა მათ მიერ აღებული მცდარი გეზი.
მან კრებას აგრეთვე ამცნო, რომ მართებული იქნებოდა თითოეულ ქრისტიანს უწესო ადამიანი „შენიშნული“ ჰყოლოდა. ამაში იგულისხმებოდა, რომ თითოეული ყურადღებით ყოფილიყო ნებისმიერის მიმართ, ვისი საქციელიც შეესაბამებოდა იმას, რის შესახებაც კრება საჯაროდ იქნა გაფრთხილებული. პავლემ ურჩია, ‘ჩამოშორებოდნენ ყოველ ძმას, რომელიც უწესოდ იქცეოდა’. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავდა, რომ მთლად მორიდებოდნენ მას, ვინაიდან ‘ძმასავით უნდა დაერიგებინათ’. მათ კვლავაც ექნებოდათ ქრისტიანული ურთიერთობა შეხვედრებზე და, შესაძლებელია, მსახურებაშიც. მათ შეეძლოთ იმედი ჰქონოდათ, რომ ძმა გამოეხმაურებოდა დარიგებას და მიატოვებდა არასწორ გზებს.
რა გაგებით უნდა ‘ჩამოშორებოდნენ’ მას? როგორც ჩანს, ეს მეგობრულ ურთიერთობას ეხებოდა (შეადარეთ გალატელთა 2:12). მეგობრული ურთიერთობისა და გართობის თანდათან შეწყვეტას შეიძლებოდა დაენახვებინა მისთვის, რომ პრინციპულ ადამიანებს მისი გზები არ მოსწონდათ. თუნდაც მას არ შერცხვენოდა და არ შეცვლილიყო, ის მაინც იქნებოდა ნაკლებად შესაძლებელი, რომ სხვებს მიებაძათ მისი საქციელისთვის და მისნაირები გამხდარიყვნენ. ამავე დროს, თითოეულ ქრისტიანს ყურადღება აღმშენებლობითი საქმეების კეთებაზე უნდა გაემახვილებინა. პავლემ მათ ურჩია: „თქვენ კი, ძმებო, ნუ მოიწყენთ კეთილი საქმეების კეთებას“ (2 თესალონიკელთა 3:13).
უეჭველია, მოციქულის ეს რჩევა არ იძლევა საფუძველს იმისთვის, რომ მედიდურად ვუყუროთ ძმებს ან განვსაჯოთ ისინი უმნიშვნელო შეცდომის გამო. ნაცვლად ამისა, მისი მიზანია, დაეხმაროს აშკარად ქრისტიანობის საწინააღმდეგო გზაზე დამდგარს.
პავლეს არ დაუდგენია დაწვრილებითი წესები რამე განსაკუთრებული მეთოდის შემოღების მცდელობით. მაგრამ გასაგებია, რომ უხუცესებმა, პირველ რიგში, რჩევა უნდა მისცენ და დახმარება გაუწიონ უწესოს. თუ მათი მცდელობა უშედეგო იქნება და ის ჯიუტად განაგრძობს არასწორი გზით სიარულს, რაც სხვებზეც იმოქმედებს, მათ შეიძლება დაასკვნან, რომ კრების გაფრთხილება აუცილებელია. შეუძლიათ მოამზადონ მოხსენება, რატომ უნდა ვერიდოთ ამგვარ უწესობას. ისინი არ მოიხსენიებენ სახელებს, მაგრამ გამაფრთხილებელი მოხსენება კრების დაცვას მოემსახურება, ვინაიდან ფხიზელი პირები ეცდებიან მეგობრული ურთიერთობის შეზღუდვას ნებისმიერთან, ვინც აშკარად უწესოდ იქცევა.
იმედია, დროთა განმავლობაში უწესოს შერცხვება თავისი საქციელისა და აღიძვრება, შეიცვალოს. როცა უხუცესები და კრების სხვა წევრები დაინახავენ ცვლილებებს, შეუძლიათ პირადად გადაწყვიტონ მასთან ჩვეულებრივი ურთიერთობის აღდგენა.
მოკლედ რომ გავიხსენოთ, თუ ვინმე უწესოდ იქცევა, დასახმარებლად და რჩევის მისაცემად ინიციატივას უხუცესები იღებენ. თუ პიროვნება ვერ ხედავს, რომ არასწორად იქცევა, და განაგრძობს მავნე გავლენის მოხდენას, უხუცესებს შეუძლიათ კრება გააფრთხილონ მოხსენების საშუალებით, რომელიც ნათელჰყოფს ბიბლიურ თვალსაზრისს — ურწმუნოებთან პაემანს ეხება ეს თუ ნებისმიერ სხვა არასწორ მოქმედებას (1 კორინთელთა 7:39; 2 კორინთელთა 6:14). კრებაში ამგვარად გაფრთხილებულ ქრისტიანებს შეუძლიათ პირადად გადაწყვიტონ ნებისმიერი ურთიერთობის შეზღუდვა მათთან, რომლებიც აშკარად უწესოდ იქცევიან, მაგრამ ძმებად ითვლებიან.
[სქოლიოები]
a შესატყვისი ბერძნული სიტყვა გამოიყენებოდა იმ ჯარისკაცებთან დაკავშირებით, რომლებიც სამხედრო წესრიგს არღვევდნენ ან არ ემორჩილებოდნენ დისციპლინას, აგრეთვე ზარმაც მოსწავლეებთან დაკავშირებით, რომლებიც გაკვეთილებს აცდენდნენ.
[სურათი 31 გვერდზე]
ქრისტიანი უხუცესები შენიშვნას აძლევენ უწესოებს, მაგრამ, ამავე დროს, ისე უყურებენ, როგორც თანამორწმუნეებს.