იეჰოვაა ჩემი კლდე
მოგვითხრო ემანუილ ლიონუდაკისმა
„თუ უარს არ იტყვი შენს გადაწყვეტილებაზე, სახლიდან წახვალ“, — მითხრა წარბშეკრულმა დედამ. გადაწყვეტილი მქონდა, ღვთის სამეფოს სრული დროით მქადაგებელი გავმხდარიყავი. მაგრამ ოჯახი ვეღარ იტანდა ჩემი დაპატიმრებებით გამოწვეულ დამცირებას.
ჩემი მშობლები თავმდაბლები და ღვთისმოშიშები იყვნენ. ისინი სოფელ დულიანაში ცხოვრობდნენ, რომელიც საბერძნეთის კუნძულ კრეტის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. 1908 წელს სწორედ ამ სოფელში დავიბადე. ღვთისადმი შიშსა და პატივისცემას დედ-მამა ბავშვობიდანვე მინერგავდა. მიყვარდა ღვთის სიტყვა, თუმცა მასწავლებლებისა და ბერძენი მართლმადიდებელი მღვდლების ხელში ის არასდროს მინახავს.
ჩემმა მეზობელმა ჩ. ტ. რასელის ნაშრომის „საღვთო წერილის გამოკვლევა“ ექვსი ტომი და წიგნი „ღვთის ქნარი“ წაიკითხა და დიდი აღფრთოვანებით გამიზიარა მათში მოცემული ბიბლიური ინფორმაცია, რომელმაც თვალი ამიხილა. ეს წიგნები გამოქვეყნებული იყო ბიბლიის მკვლევარების მიერ (ასე ერქვათ მაშინ იეჰოვას მოწმეებს). დიდად გამახარა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ათენში არსებული ოფისიდან ბიბლიისა და რამდენიმე სხვა წიგნის მიღებამ. დღესაც მახსოვს, გვიანობამდე არ გვეძინა მე და ჩემს იმ მეზობელს — იეჰოვას მივმართავდით ლოცვით და სანთლის შუქზე ამ პუბლიკაციების დახმარებით ხარბად ვეწაფებოდით საღვთო წერილს.
როდესაც ახლად შეძენილი ბიბლიური შემეცნების ქადაგება დავიწყე, 20 წლის ვიყავი და მეზობელი სოფლის სკოლაში ვასწავლიდი. მალე ოთხი კაცი ბიბლიის შესასწავლად რეგულარულად ვატარებდით შეხვედრებს დულიანაში. ამავე დროს, ვავრცელებდით ტრაქტატებს, ბროშურებს, წიგნებსა და ბიბლიებს, რათა სხვებსაც გაეგოთ, რომ კაცობრიობისთვის ერთადერთი იმედი ღვთის სამეფო იყო.
1931 წელს ჩვენც მთელ მსოფლიოში მცხოვრებ იმ ათასებს შორის ვიყავით, რომლებსაც ბიბლიაზე დაფუძნებული სახელი, იეჰოვას მოწმეები, ეწოდათ (ესაია 43:10). მომდევნო წელს მონაწილეობა მივიღეთ სპეციალურ კამპანიაში, რომ სახელმწიფო მოხელეებისთვის გაგვეცნო ჩვენი ახალი სახელი და აგვეხსნა მისი მნიშვნელობა. ამაში შედიოდა ჩვენს მხარეში ყველა მღვდლის, მოსამართლის, პოლიციელისა და ბიზნესმენისთვის სპეციალური ბროშურის მიწოდება.
როგორც მოსალოდნელი იყო, სამღვდელოების წაქეზებით ჩვენი დევნაც დაიწყო. პირველად 20 დღით დამაპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ მალევე მეორედ დამაკავეს და ერთი თვე მომისაჯეს. როდესაც მოსამართლემ გვიბრძანა, აღარ გვექადაგა, ჩვენ საქმეების 5:29-ში ჩაწერილი სიტყვებით ვუპასუხეთ: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“. მოგვიანებით, 1932 წელს, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ წარმომადგენელმა მოინახულა დულიანაში არსებული ჩვენი პატარა ჯგუფი და ოთხივე მოვინათლეთ.
სულიერი ოჯახის შეძენა
უფრო მეტი რომ მექადაგა, მასწავლებლობას თავი დავანებე. ეს უკვე მეტისმეტი იყო დედაჩემისთვის და სახლიდან გამაგდო. საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ათენში არსებული ფილიალის შუამდგომლობით ქალაქ ირაკლიონში (კრეტა) მცხოვრებმა გულკეთილმა ქრისტიანმა ძმამ სიხარულით მიმიღო თავის სახლში. ასე რომ, 1933 წლის აგვისტოში ჩემი სოფლელი სულიერი ძმები რამდენიმე დაინტერესებულთან ერთად ავტობუსის გაჩერებაზე გამომემშვიდობნენ. ეს სცენა გულის ამაჩუყებელი იყო, ყველა ვტიროდით, რადგან არ ვიცოდით, კიდევ როდის შევხვდებოდით ერთმანეთს.
ირაკლიონში მოსიყვარულე ქრისტიანული ოჯახის წევრი გავხდი, სადაც სამი ძმა და ერთი და ცხოვრობდა ჩემს გარდა. ჩვენ რეგულარულად ვიკრიბებოდით შესწავლისა და თაყვანისმცემლობისთვის. საკუთარ თავზე გამოვცადე იესოს დანაპირების შესრულება: „არავინ არის, რომ ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიეტოვებინოს სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან ყანა, და ასწილად არ მიეღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძმები და დები, [და] დედები“ (მარკოზი 10:29, 30). მე ამ ქალაქსა და მის შემოგარენში მდებარე სოფლებში დამევალა ქადაგება. იქ ქადაგების შემდეგ ირაკლიონისა და ლასითიონის რაიონებს მივაშურე.
მარტოხელა პიონერი
ძალიან ბევრს დავდიოდი სოფელ-სოფელ. გარდა ამისა, მიხდებოდა რამდენიმე კილოგრამი პუბლიკაციის გადატანა, რადგანაც ლიტერატურის მიწოდება იშვიათად ხდებოდა. დასაძინებელი ადგილი არსად მქონდა, ამიტომ სოფლის კაფეში შევდიოდი, ველოდებოდი, როდის დატოვებდა იქაურობას ბოლო კლიენტი, — რაც, ჩვეულებრივ, ნაშუაღამევს ხდებოდა — და ტახტზე ვიძინებდი, რომელიც რწყილებით იყო სავსე. დილით ძალიან ადრე მიწევდა ადგომა, სანამ კაფე მუშაობას დაიწყებდა.
თუმცა ხალხი გულცივობას იჩენდა, მე მაინც მოხარული ვიყავი, რომ იეჰოვას საქმეს ვწირავდი ჩემს ახალგაზრდულ ჯან-ღონეს. ბიბლიური ჭეშმარიტებით დაინტერესებული ადამიანის პოვნა ენთუზიაზმით მავსებდა, რომ ეს სიცოცხლის გადამრჩენი მსახურება გამეგრძელებინა. სულიერ ძმებთან ურთიერთობაც ძალას მმატებდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ 20—50 დღეში ერთხელ ვხვდებოდი. ეს იმაზე იყო დამოკიდებული, საქადაგებლად წასული, რა მანძილით ვიყავი დაშორებული ქალაქ ირაკლიონიდან.
გუშინდელ დღესავით მახსოვს, როგორი მარტოობა ვიგრძენი ერთ დღეს, განსაკუთრებით იმის გახსენების შემდეგ, რომ ირაკლიონელ ქრისტიან ძმებსა და დებს იმ საღამოს მორიგი შეხვედრა ჰქონდათ. ისე ძლიერ მომინდა მათი ნახვა, რომ გადავწყვიტე ფეხით გამევლო 25 კილომეტრი, რომელიც მათგან მაშორებდა. ასე ჩქარა არასოდეს მივლია. რა მანუგეშებელი იყო ჩემთვის იმ საღამოს ძმებთან სასიამოვნო ურთიერთობა და სულიერი საზრდოს მიღება!
მალე სამქადაგებლო მსახურებაში დახარჯულმა დიდმა ძალისხმევამ ნაყოფის გამოღება დაიწყო. როგორც მოციქულთა დღეებში იყო, ‘უფალი დახსნილთ გვძენდა’ (საქმეები 2:47). კრეტაზე იეჰოვას თაყვანისმცემელთა რიცხვის ზრდა დაიწყო. რადგანაც მსახურებაში სხვებიც შემომიერთდნენ, მარტოობას აღარ ვგრძნობდი. ერთად ვიტანდით გაჭირვებასა და ძლიერ წინააღმდეგობას. ჩვენს დღიურ რაციონში შედიოდა პური, რამდენიმე კვერცხი, ზეთისხილი ან ბოსტნეული, რასაც ლიტერატურის სანაცვლოდ გვაძლევდნენ ისინი, ვისთანაც ვქადაგებდით.
კრეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ იერაპეტრაში ვუქადაგე ქსოვილებით მოვაჭრე მინოს კოკინაკისს. მიუხედავად ჩემი შეუპოვარი მცდელობისა — დამეწყო მასთან ბიბლიის შესწავლა — იმდენად დაკავებული იყო, რომ დროს ვერ პოულობდა. მაგრამ, როდესაც საბოლოოდ გადაწყვიტა, სერიოზულად მოკიდებოდა შესწავლას, ძირ-ფესვიანად შეცვალა თავისი ცხოვრება და კეთილი ცნობის ძალზე თავგამოდებული და აქტიური მაუწყებელი გახდა. ემანუილ პატერაკისი — 18 წლის ბიჭი, რომელიც კოკინაკისთან მუშაობდა, — გაკვირვებული იყო ამ ცვლილებით და მალე ბიბლიური ლიტერატურა მოითხოვა. ძალიან მიხაროდა, რომ მან თანდათანობით სულიერად წინ წაიწია და ბოლოს მისიონერი გახდა!a
ამასობაში ჩემს მშობლიურ სოფელში კრება იზრდებოდა და უკვე 14 მაუწყებელი იყო. არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როდესაც ჩემი ალალი დის, დესპინას, წერილი მივიღე და გავიგე, რომ მას და ჩემს მშობლებს ჭეშმარიტება შეეცნოთ და იეჰოვას მონათლული თაყვანისმცემლები გამხდარიყვნენ!
დევნა და გადასახლება
საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ჩვენს სამქადაგებლო საქმიანობას ისე დაუწყო ყურება, როგორც კალიის გამანადგურებელ შემოსევას, და გადაწყვიტა გავესრისეთ. 1938 წლის მარტში პროკურორის წინაშე წარმადგინეს, რომელმაც მიბრძანა, დაუყოვნებლივ დამეტოვებინა იქაურობა. მე ვუპასუხე, რომ ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა, სინამდვილეში, სასარგებლო იყო და რომ ეს დავალება უფრო მეტი ძალაუფლების მქონე მმართველისგან, ჩვენი მეფე იესო ქრისტესგან, გვქონდა მოცემული (მათე 28:19, 20; საქმეები 1:8).
მეორე დღეს ადგილობრივ პოლიციის განყოფილებაში დამიბარეს; მითხრეს, რომ საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებად მცნეს და ერთი წლით ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულ ამორგოსზე გადასახლება მომისაჯეს. რამდენიმე დღეში ხელბორკილი დამადეს და გემით ამ კუნძულზე გადამიყვანეს, სადაც ჩემ გარდა იეჰოვას მოწმე არავინ იყო. წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როდესაც ექვსი თვის შემდეგ გავიგე, რომ სხვა იეჰოვას მოწმეც იყო ამ კუნძულზე გადმოსახლებული! ვინ იყო ის? მინოს კოკინაკისი, რომელსაც კრეტაზე ვასწავლიდი ბიბლიას. ო, როგორ მიხაროდა თანამორწმუნესთან ურთიერთობა! რამდენიმე ხნის შემდეგ წილად მხვდა პატივი, ის ამორგოსის წყალში მომენათლაb.
კრეტაზე დაბრუნების შემდეგ არ გასულა დიდი დრო, რომ კვლავ დამაპატიმრეს და ამჯერად ექვსი თვით იმავე კუნძულზე მდებარე პატარა ქალაქ ნიაპოლისში გადამასახლეს. სასჯელის მოხდის შემდეგ დიდი დრო არ გასულა მომავალ ათდღიან პატიმრობამდე, შემდეგ კი ოთხი თვით გადამაგზავნეს კუნძულზე, სადაც კომუნისტებს ასახლებდნენ. მთელი არსებით შევიგრძენი მოციქულ პავლეს სიტყვების ჭეშმარიტება: „ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება“ (2 ტიმოთე 3:12).
ზრდა წინააღმდეგობის მიუხედავად
1940—1944 წლებში, როდესაც გერმანიამ საბერძნეთი დაიკავა, ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა თითქმის შეწყდა. მაგრამ მალე ზომები იქნა მიღებული საბერძნეთში მცხოვრები იეჰოვას ხალხის ხელახალი ორგანიზებისთვის და სამქადაგებლო საქმიანობა განვაახლეთ. დაკარგული დროის ასანაზღაურებლად აქტიურად და თავგამოდებით შევუდექით სამეფოს საქმის შესრულებას.
როგორც მოსალოდნელი იყო, რელიგიურმა წინააღმდეგობამ კვლავ იფეთქა. საკმაოდ ხშირად ბერძენი მართლმადიდებელი მღვდლები უკანონოდ მოქმედებდნენ. ერთ სოფელში მღვდელმა ბრბო აამხედრა ჩვენს წინააღმდეგ. თვითონ და მისმა ვაჟმა შუაში მომიქციეს და ცემა დამიწყეს. მე გავექეცი და ახლომდებარე სახლს შევაფარე თავი, ჩემთან ერთად მყოფი მქადაგებელი კი სოფლის მოედანზე წაათრიეს, სადაც ლიტერატურა დაუხიეს. ერთი ქალი აივნიდან გაჰყვიროდა, მოკალითო. ბოლოს, ერთმა ექიმმა და შემთხვევით გამვლელმა პოლიციელმა გვიშველეს.
მოგვიანებით, 1952 წელს, ისევ დამაპატიმრეს და ოთხი თვით გადასახლება მომისაჯეს. სასჯელი კასტელი კისამოსში (კრეტა) მოვიხადე. მალე მოსამზადებელი კურსები გავიარე, რომ კრებების მონახულება და მათი სულიერად გაძლიერება შემძლებოდა. ასეთ მიმოსვლით საქმიანობაში ორი წლის გატარების შემდეგ დავქორწინდი ერთგულ ქრისტიან დაზე, დესპინაზე, რომელიც ჩემი დის სეხნია იყო და რომელიც დღემდე იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემელია. ქორწილის შემდეგ ქალაქ ჰანიაში (კრეტა) დამნიშნეს სპეციალურ პიონერად, სადაც დღემდე ვმსახურობ.
სრული დროით მსახურებაში გატარებული დაახლოებით 70 წლის განმავლობაში მოვიარე თითქმის მთელი კრეტა — კუნძული, რომლის ფართობიც 8 300 კვადრატული კილომეტრია და რომელიც დაახლოებით 250 კილომეტრზეა გადაჭიმული. უდიდეს სიხარულს მგვრის ის, რომ ამ კუნძულზე 1930 წელს მყოფი ერთი მუჭა მოწმეების რიცხვი დღეისთვის ღვთის სამეფოს 1 100-ზე მეტ აქტიურ მაუწყებლამდე გაიზარდა. ვმადლობ იეჰოვას, რომ მომცა შესაძლებლობა, მეც დავხმარებოდი ბევრ მათგანს ზუსტი ბიბლიური შემეცნებისა და მომავლის შესანიშნავი იმედის შეძენაში.
„მხსნელი“ იეჰოვა
როგორც გამოცდილებამ მასწავლა, ჭეშმარიტი ღვთის შეცნობაში ადამიანების დასახმარებლად მოთმინებაა საჭირო. იეჰოვა დიდად გვეხმარება, რომ ეს საჭირო თვისება გამოვავლინოთ. სრული დროით მსახურებაში გატარებული 67 წლის მანძილზე ხშირად ვფიქრობ მოციქულ პავლეს სიტყვებზე: „ყველაფერში წარმოვდგებით, როგორც ღვთის მსახურნი: დიდ მოთმინებაში, მწუხარებაში, გაჭირვებაში, შევიწროებაში, ცემაში, საპყრობილეებში, შფოთში, უძილობაში, მარხვაში“ (2 კორინთელთა 6:4, 5). განსაკუთრებით მსახურების პირველ წლებში ძალიან ხელმოკლედ ვცხოვრობდით. მაგრამ იეჰოვას არასდროს მივუტოვებივართ მე და ჩემი ოჯახი. ის ნამდვილად ძლევამოსილი შემწეა მუდამ (ებრაელთა 13:5, 6). ყოველთვის ვხედავდით მის მოსიყვარულე ხელს როგორც მისი სამწყსოს შეკრებაში, ისე ჩვენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში.
როდესაც წარსულს ვიხსენებ და ვხედავ, რომ, სულიერი გაგებით, უდაბნო აყვავდა, ვრწმუნდები, რომ ჩემი შრომა ამაო არ იყო. ჩემი ახალგაზრდული ძალ-ღონე ყველაზე სასარგებლო საქმეს შევალიე. ჩემთვის სრული დროით მსახურება უფრო მნიშვნლოვანი იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ. ახლა ღრმად მოხუცებული, მთელი გულით მივმართავ ახალგაზრდებს: ‘გახსოვდეთ თქვენი გამჩენი თქვენს სიჭაბუკეში’ (ეკლესიასტე 12:1).
მიუხედავად იმისა, რომ 91 წლის ვარ, ჯერ კიდევ ძალა შემწევს, სამქადაგებლო საქმიანობას ყოველთვიურად 120 საათზე მეტი მივუძღვნა. ყოველდილით რვის ნახევარზე ვდგები და ქუჩაში, მაღაზიებსა თუ პარკებში ვქადაგებ. თვეში საშუალოდ 150 ჟურნალს ვავრცელებ. პრობლემების მოსმენა და გახსენება ახლაც მირთულებს ცხოვრებას, მაგრამ საყვარელი სულიერი ძმები და დები — ჩემი დიდი სულიერი ოჯახი — აგრეთვე ჩემი ორი ქალიშვილის ოჯახები, მხარს მიჭერენ.
უპირველესად, იეჰოვაზე მინდობა ვისწავლე. ის ყოველთვის იყო ‘კლდე და სიმაგრე ჩემი და მხსნელი ჩემი’ (ფსალმუნი 17:3).
[სქოლიოები]
a ემანუილ პატერაკისის ბიოგრაფია იხილეთ 1996 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 22—27 (რუს.).
b მინოს კოკინაკისის სასამართლო საქმის მოგების შესახებ იხილეთ 1993 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 27—31 (რუს.). მინოს კოკინაკისი 1999 წლის იანვარში გარდაიცვალა.
[სურათები 26, 27 გვერდებზე]
ქვემოთ: მე და ჩემი მეუღლე; მარცხნივ: 1927 წელს; შემდეგი გვერდი: მე, მინოს კოკინაკისი (მარცხნივ) და სხვა მოწმე აკროპოლისთან (1939 წელი, გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ).