მკითხველთა შეკითხვები
რა თვალსაზრისი აქვთ იეჰოვას მოწმეებს არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით?
ბიბლიაში მოცემული ნათელი პრინციპები ეხმარება ღვთის მსახურებს, რომ სწორი თვალსაზრისი ჰქონდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ მასში თვითონ ხმის მიცემის საწინააღმდეგოდ არაფერია ნათქვამი. მაგალითად, არაფერია ცუდი იმაში, რომ გამგეობამ კენჭისყრით გადაწყვიტოს თავის დაწესებულებასთან დაკავშირებული საკითხები. იეჰოვას მოწმეებიც კრების შეხვედრების ჩატარების დროსთან და კრებაში შემოსული ნებაყოფლობითი შესაწირავების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს ხშირად ხმათა უმრავლესობის მიხედვით წყვეტენ.
მაგრამ, რა შეიძლება ითქვას პოლიტიკურ არჩევნებზე? ზოგ დემოკრატიულ ქვეყანაში მოსახლეობის 50 პროცენტი არ მონაწილეობს მასში. რაც შეეხება იეჰოვას მოწმეებს, ისინი არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით სხვების უფლებას არ ეხებიან და არც არასდროს გამოთქვამენ პროტესტს პოლიტიკური არჩევნების წინააღმდეგ. ისინი პატივს სცემენ მმართველებს, რომლებსაც ხალხი ირჩევს, და ემორჩილებიან მათ (რომაელთა 13:1—7). მისცემს თუ არა ხმას იეჰოვას მოწმე არჩევნებისას რომელიმე კანდიდატს, ეს მისი პირადი გადასაწყვეტია; ის ბიბლიით განსწავლული სინდისით მოქმედებს და შეგნებული აქვს თავისი მოვალეობა ღვთისა და სახელმწიფოს წინაშე (მათე 22:21; 1 პეტრე 3:16). ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას იეჰოვას მოწმე რამდენიმე ფაქტორს ითვალისწინებს.
პირველი, იესო ქრისტემ თავის მიმდევრებზე თქვა: „[ისინი] არ არიან წუთისოფლისანი, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა“ (იოანე 17:14). იეჰოვას მოწმეებისთვის ეს სერიოზული პრინციპია. რადგანაც „არ არიან წუთისოფლისანი“, ისინი არ მონაწილეობენ პოლიტიკაში (იოანე 18:36).
მეორე, მოციქულმა პავლემ თავის თავს უწოდა „ელჩი“, რომელიც ხალხს ქრისტეს წარუდგენდა (ეფესელთა 6:20; 2 კორინთელთა 5:20). იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ იესო ქრისტე ღვთის ზეციერი სამეფოს მეფე გახდა და მათ, როგორც ელჩებმა, ეს მთელ მსოფლიოს უნდა აუწყონ (მათე 24:14; გამოცხადება 11:15). ელჩებისგან მოითხოვება, რომ ნეიტრალურები იყვნენ და არ ერეოდნენ იმ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში, რომელშიც იგზავნებიან. იეჰოვას მოწმეები ღვთის ზეციერი სამეფოს წარმომადგენლები არიან, ამიტომ არც ისინი ღებულობენ მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
მესამე საყურადღებო ფაქტორი ის არის, რომ, თუ კაცი ვინმეს ხმას აძლევს, მის საქმეებზე პასუხისმგებელი ხდება (შეადარეთ 1 ტიმოთე 5:22, „ახალი ინგლისური ბიბლია“). ქრისტიანებმა კარგად უნდა აწონ-დაწონონ, სურთ თუ არა საკუთარ თავზე ასეთი პასუხისმგებლობის აღება.
მეოთხე, იეჰოვას მოწმეები დიდად აფასებენ თავიანთ ქრისტიანულ ერთიანობას (კოლასელთა 3:14). პოლიტიკაში რელიგიების ჩარევა ხშირად თანამორწმუნეებს შორის განხეთქილებებს იწვევს. იეჰოვას მოწმეები კი იესო ქრისტეს ბაძავენ და პოლიტიკაში არ ერევიან, რითაც ქრისტიანულ ერთიანობას ინარჩუნებენ (მათე 12:25; იოანე 6:15; 18:36, 37).
ბოლო, მეხუთე, ფაქტორი ის არის, რომ ნეიტრალიტეტი იეჰოვას მოწმეებს საშუალებას აძლევს, ნებისმიერი პოლიტიკური თვალსაზრისის მქონე ადამიანთან თავისუფლად მივიდნენ და სამეფოს შესახებ მნიშვნელოვანი კეთილი ცნობა გაუზიარონ (ებრაელთა 10:35).
ზემოთ ჩამოთვლილი ბიბლიური პრინციპების საფუძველზე მრავალ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები იმ გადაწყვეტილებამდე მიდიან, რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რის ნებასაც მათი ქვეყნის კანონი რთავს. მაგრამ რა შეიძლება ითქვას, თუ კანონი მათგან ხმის მიცემას მოითხოვს? ასეთ შემთხვევაში იეჰოვას ყოველ მოწმეს საკუთარი სინდისის მიხედვით გამოაქვს ბიბლიაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. თუ ვინმე წყვეტს, წავიდეს საარჩევნო პუნქტში, ეს მისი პირადი საქმეა. მხოლოდ მასსა და მის შემოქმედს შორის რჩება ის, თუ რას გააკეთებს ადამიანი იქ.
1950 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ 445, 446 გვერდებზე ნათქვამი იყო: „სადაც ხელისუფლება მოქალაქეებისგან ხმის მიცემას მოითხოვს. . . [მოწმეებს] შეუძლიათ წავიდნენ საარჩევნო უბანზე და შევიდნენ საარჩევნო კაბინებში. აქ იწვევენ მათ, რომ შეავსონ ბიულეტენები ან აღნიშნონ, ვის უჭერენ მხარს. ამომრჩევლებზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცევიან. ასე რომ, იეჰოვას მოწმეებმა, რომლებიც ღვთის წინაშე დგანან, აქ ღვთის კანონებისა და თავიანთი რწმენის შესაბამისად უნდა იმოქმედონ. ჩვენ არ შეგვიძლია ვუკარნახოთ მათ, როგორ მოიქცნენ“.
მაგრამ რა შეიძლება ითქვას, თუ ქრისტიანი ქალის ურწმუნო ქმარი მისგან არჩევნებზე წასვლას მოითხოვს? ქალი ისევე ემორჩილება ქმარს, როგორც ქრისტიანები უმაღლეს ხელისუფლებას (ეფესელთა 5:22; 1 პეტრე 2:13—17). თუ ის ემორჩილება ქმარს და მიდის საარჩევნო პუნქტში, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა; არავინ უნდა გააკრიტიკოს (შეადარეთ რომაელთა 14:4).
რა შეიძლება ითქვას მაშინ, თუ რომელიმე ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობა კანონით არ მოითხოვება, მაგრამ მათ მიმართ, ვინც არ ღებულობს მასში მონაწილეობას, მტრულად არიან განწყობილი და შეიძლება ფიზიკურ საფრთხესაც კი უქმნიან? ან, თუ მათ, მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ ავალდებულებს, აჯარიმებენ? ასეთ და მსგავს სიტუაციებში ქრისტიანები პირადად წყვეტენ, როგორ მოიქცნენ, „ვინაიდან ყველამ თავისი სატარებელი [უნდა] ატაროს“ (გალატელთა 6:5).
შეიძლება ზოგისთვის დამაბრკოლებელი იყოს ის, რომ არჩევნების დროს იეჰოვას ზოგი მოწმე მიდის საარჩევნო პუნქტში, ზოგი კი —არა. მათ შეიძლება იფიქრონ, რომ იეჰოვას მოწმეებს არ გააჩნიათ ერთი აზრი. მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ სინდისთან დაკავშირებულ მსგავს საკითხებში ყოველი ქრისტიანი იეჰოვა ღმერთის წინაშე პირადად ღებულობს გადაწყვეტილებას (რომაელთა 14:12).
სხვადასხვა სიტუაციაში იეჰოვას მოწმეებს რა პირადი გადაწყვეტილებაც უნდა გამოჰქონდეთ, ისინი ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დაცვასა და სიტყვის თავისუფლებაზე ზრუნავენ. მათ ყოველთვის აქვთ იმედი, რომ იეჰოვა ღმერთი გააძლიერებს, სიბრძნეს მისცემს და დაეხმარება მათ, რათა არ დათმონ თავიანთი რწმენა. ასე რომ, იეჰოვას მოწმეები დარწმუნებული არიან ფსალმუნმომღერლის სიტყვების ჭეშმარიტებაში: „ჩემი კლდე და ბურჯი ხარ; შენი სახელის გულისათვის გზა მიჩვენე და გამიძეხი“ (ფსალმუნი 30:4).