საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w99 12/1 გვ. 30-31
  • ათონი — „წმინდა მთაა“?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ათონი — „წმინდა მთაა“?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • მონაზვნების „წმინდა მთა“
  • ათონის მთა დღეს
  • „წმინდა მთა“ ყველასათვის
  • მთა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • შეხვედრის მთა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მისი სულიერი მოთხოვნილებები დაკმაყოფილდა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • იეჰოვას სახლი აღზევებულია
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
w99 12/1 გვ. 30-31

ათონი — „წმინდა მთაა“?

ათონის მთა, ჩრდილოეთ საბერძნეთში მდებარე უსწორმასწორო კონცხი, 220 მილიონზე მეტი მართლმადიდებლისთვის „ქრისტიანულ-მართლმადიდებლური სამყაროს უწმინდესი მთაა“. ბევრი მათგანი ოცნებობს ამ „წმინდა მთაზე“ სალოცავად ასვლას. რა შეიძლება ითქვას ამ „წმინდა მთის“ შესახებ? როგორ გახდა ის ასე ცნობილი? მას უნდა მიმართონ ღვთისმოშიშმა ადამიანებმა სულიერი ხელმძღვანელობისა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის?

გამოთქმა „წმინდა მთა“ ბიბლიაშიც გვხვდება. ის დაკავშირებულია ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას, წმინდა, უმწიკვლო და ამაღლებულ თაყვანისცემასთან. უძველეს იერუსალიმში სიონის მთა „წმინდა მთა“ გახდა, როდესაც მეფე დავითმა მასზე აღთქმის კიდობანი აიტანა (ფსალმუნი 14:1; 42:3; მეორე მეფეთა 6:12, 17). მას შემდეგ, რაც სოლომონმა მორიას მთაზე ტაძრის მშენებლობა დაასრულა, „სიონად“ ტაძრის ტერიტორიაც იწოდებოდა. ასე რომ, სიონი მას შემდეგაც ღვთის „წმინდა მთა“ იყო (ფსალმუნი 2:6; იოველი 4:17). ხოლო რადგანაც ღვთის ტაძარი იერუსალიმში იყო აგებული, ზოგჯერ ამ ქალაქსაც ღვთის „წმინდა მთას“ უწოდებდნენ (ესაია 66:20; დანიელი 9:16, 20).

რა შეიძლება ითქვას დღევანდელ დღეზე? არის ათონის ან რომელიმე სხვა მთა „წმინდა“, რომლისკენაც ხალხი ღვთის თაყვანისსაცემად უნდა მიედინებოდეს?

მონაზვნების „წმინდა მთა“

ათონის მთა მდებარეობს ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთში, დღევანდელი თესალონიკეს აღმოსავლეთით ეგეოსის ზღვაში შეჭრილ ვიწრო ზოლზე. ეს ზღვაში ამომართული შთამბეჭდავი კრისტალური მწვერვალია, რომლის სიმაღლეც 2032 მეტრია.

ათონის მთას დიდი ხნის მანძილზე წმინდა ადგილად მიიჩნევდნენ. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ის ღმერთების სავანე იყო, სანამ მათ ოლიმპის მთაზე არ გადაინაცვლეს. კონსტანტინე დიდის (ახ. წ. IV-ს.) შემდეგ ათონი ქრისტიანული ეკლესიებისთვის წმინდა ადგილი გახდა. ერთი ლეგენდის თანახმად, ქალწულმა მარიამმა და იოანე მახარებელმა კვიპროსში ლაზარესთან გამგზავრებისას მოულოდნელი ძლიერი ქარიშხლის ამოვარდნის დროს ათონის მთას შეაფარეს თავი. მისი სილამაზით მოხიბლულმა მარიამმა იესოს სთხოვა ეს მთა. ასე რომ, ათონი აგრეთვე ცნობილი გახდა, როგორც „წმინდა ქალწულის ბაღი“. ბიზანტიის იმპერიის არსებობის შუა ხანებში ამ კლდოვან ქანებს „წმინდა მთა“ უწოდეს. ეს სახელწოდება ოფიციალურად მიიღო და დაამტკიცა იმპერატორმა კონსტანტინე IX მონომახმა მე-11 საუკუნის შუა ხანებში.

თავისი უსწორმასწორობითა და განცალკევებულობით ათონი ასკეტური ცხოვრებისთვის შესაფერისი ადგილია. საუკუნეების მანძილზე ის მთელი მართლმადიდებლური სამყაროს მორწმუნეებს — ბერძნებს, სერბებს, რუმინელებს, ბულგარელებს, რუსებსა და სხვებს — იზიდავდა, რომლებიც აქ უამრავ მონასტრებსა და საყდრებს აგებდნენ და დასახლებებს ქმნიდნენ. დღეისათვის მათგან დაახლოებით ოცია შემორჩენილი.

ათონის მთა დღეს

ათონი დღეს ავტონომიური ოლქია, რასთან დაკავშირებითაც კანონი 1926 წელს დამტკიცდა. წლების განმავლობაში იქ მცხოვრები ბერ-მონაზვნების რაოდენობის სიმცირის შემდეგ ახლა იქ 2 000-ზე მეტი ბერია.

ყოველ მონასტერს თავისი ფერმები, სამლოცველო და სენაკები აქვს. ყველაზე წმინდა ადგილი განდეგილებისთვის ათონის თავბრუდამხვევ მაღალ ციცაბოზე არსებული კარულის დასახლებაა. აქ განლაგებულ ქოხებს მხოლოდ მიხვეულ-მოხვეული საცალფეხო ბილიკებით, ქვაფენილებითა და გადასასვლელების საშუალებით თუ მიაღწევთ. ათონის მთაზე ბერ-მონაზვნები დღემდე ასრულებენ თავიანთ ყოველდღიურ ლიტურგიას, ისინი ბიზანტიური დროით ცხოვრობენ (დღე მზის ჩასვლის შემდეგ იწყება) და იულიანეს კალენდარს იყენებენ (13 დღით ჩამორჩება გრიგორიანულ წელთაღრიცხვას).

მიუხედავად იმისა, რომ ამ რელიგიური ადგილის „სიწმინდეში“ წვლილი ქალს მიუძღვის, 1000 წლის განმავლობაში ბერები და განდეგილები არ უშვებენ ნახევარკუნძულზე საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს — არც ადამიანსა და არც ცხოველს — და საჭურისებსა და წვერგაპარსულ მამაკაცებს. არცთუ ისე დიდი ხნის წინათ აკრძალვა უწვეროებსა და ცხოველების ზოგ სახეობასთან დაკავირებით შერბილებულ იქნა, მაგრამ ქალები დღესაც ვერ ადიან ათონის მთაზე; მათთვის მკაცრად არის აკრძალული ათონთან 500 მეტრაზე ახლოს მისვლა.

„წმინდა მთა“ ყველასათვის

არის ათონი ის „წმინდა მთა“, რომელზეც ღვთისმოშიში ქრისტიანები თაყვანისმცემლობისთვის უნდა ადიოდნენ? სამარიელ ქალთან საუბრისას, რომელიც თვლიდა, რომ ღმერთისთვის გერიზიმის მთაზე უნდა ეცათ თაყვანი, იესომ ნათლად დაანახვა, რომ პირდაპირი გაგებით არც ერთი მთა აღარ იქნებოდა ღვთის თაყვანისცემის ადგილი. „დგება ჟამი, როცა არც ამ მთაზე [გერიზიმის მთაზე] და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას,“ — უთხრა იესომ. რატომ? „ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:21, 24).

ჩვენს დროსთან დაკავშირებით წინასწარმეტყველმა ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ სიმბოლური „უფლის სახლის მთა“ ‘მთათა სათავეში დადგინდებოდა, მწვერვალებზე მაღლა აღიმართებოდა’ და, გადატანითი მნიშვნელობით, ყველა ერი დაიწყებდა მისკენ დინებას (ესაია 2:2, 3).

ყველა მამაკაცსა და ქალს, ვისაც სურს, ღვთისმოსაწონი ურთიერთობა ჰქონდეს მასთან, ბიბლია მოუწოდებს, თაყვანი სცენ იეჰოვას „სულითა და ჭეშმარიტებით“. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა იპოვა ‘იეჰოვას მთისკენ’ მიმავალი გზა. ისინი, ისევე როგორც სხვები, ეთანხმებიან ბერძენი იურისტის აზრს, რომელმაც ათონის მთასთან დაკავშირებით თქვა: „ეჭვი მეპარება, რომ სულიერობა რაიმე შენობებსა თუ მონასტრებშია“ (შეადარეთ საქმეები 17:24).

[ჩარჩო 31 გვერდზე]

დიდი ხნით გადამალული საგანძური

საუკუნეების მანძილზე ათონის ბერები აგროვებდნენ განძს, რომელიც, ცნობების თანახმად, 15 000 ხელნაწერისგან შედგება და, როგორც ფიქრობენ, ზოგი მეოთხე საუკუნით თარიღდება, ამიტომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი უძვირფასესი კრებულია. მასში შედის გრაგნილები, სახარებების სრული წიგნები და თავები, ფსალმუნები და საგალობლები, გარდა ამისა, უძველესი ნახატები, ხატები, ქანდაკებები და ლითონის ნაკეთობები. ფიქრობენ, რომ ათონის მთაზე მსოფლიოში არსებული ბერძნული ხელნაწერების ერთი მეოთხედია, თუმცა ბევრი ჯერ კიდევ აღსანუსხია. 1997 წელს ათონის ბერები პირველად დათანხმდნენ, რომ თავიანთი განძის გარკვეული ნაწილი თესალონიკეს გამოფენაზე გამოეტანათ.

[საავტორო უფლება 31 გვერდზე]

Telis/Greek National Tourist Organization

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება