ღვთის სიტყვის მასწავლებლებად ყოველმხრივ მომზადებულნი
‘ღმერთმა მოგვამზადა სათანადოდ, რათა მსახურები ვიყოთ’ (2 კორინთელთა 3:5, 6, აქ).
1, 2. რა ძალისხმევას ახმარენ ზოგჯერ სამქადაგებლო მსახურებას, მაგრამ რატომ მთავრდება ეს მცდელობები, ჩვეულებრივ, მარცხით?
მოგეწონებოდათ, თქვენთვის ისეთი სამუშაოს შესრულება რომ დაევალებინათ, რომლისთვისაც მომზადებული არა ხართ? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინ აწყვია საჭირო მასალები და იქვეა სამუშაო იარაღებიც, მაგრამ წარმოდგენა არა გაქვთ, როგორ შეასრულოთ ეს დავალება. მდგომარეობას ისიც ამძაფრებს, რომ ეს განსაკუთრებული სამუშაო სასწრაფოდ უნდა შესრულდეს და ხალხიც თქვენზე ამყარებს იმედს. ო, რამდენად შემაწუხებელი შეიძლება იყოს ეს!
2 აღწერილი სიტუაცია მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფი როდია. განვიხილოთ ერთი მაგალითი. დროდადრო ქრისტიანული სამყაროს რომელიმე ეკლესია კარდაკარ მსახურების ორგანიზებასა და განხორციელებას ცდილობს. ასეთი მცდელობები, ჩვეულებრივ, მარცხით მთავრდება და მხოლოდ რამდენიმე კვირას ან თვეს თუ გასტანს ხოლმე. რატომ? იმიტომ რომ ქრისტიანულ სამყაროს თავისი მიმდევრები არ მოუმზადებია ამ საქმის შესასრულებლად. საერო სასწავლებლებსა თუ სასულიერო სემინარიებში წლების განმავლობაში მიღებული განათლების მიუხედავად, თვით სამღვდელოებაც კი მოუმზადებელია ამ სამქადაგებლო საქმიანობისთვის. რატომ ვამბობთ ამას?
3. რომელი გამოთქმა გამოიყენება სამჯერ 2 კორინთელთა 3:5, 6-ში და რას ნიშნავს ის?
3 ღვთის სიტყვა გვიხსნის, თუ როგორ ხდება სასიხარულო ცნობის ჭეშმარიტი მქადაგებლის მომზადება. მოციქული პავლე ღვთის შთაგონებით წერდა: «არა იმიტომ, თითქოს ჩვენდა თავად შემძლენი [„სათანადოდ მომზადებული“, აქ] ვიყოთ გავიაზროთ რამე, როგორც ჩვენმიერი, არამედ ჩვენი შეძლება [„სათანადოდ მომზადება“, აქ] ღმრთისაგან არის, რომელმაც მოგვცა იმისი ძალა [„სათანადოდ მოგვამზადა“, აქ], რომ... მსახურნი ვიყოთ» (2 კორინთელთა 3:5, 6, სსგ). დაუკვირდით გამოთქმას, „სათანადოდ მომზადება“, რომელიც აქ სამჯერ არის გამოყენებული. რას ნიშნავს ის? „ბიბლიური სიტყვების ვაინის განმარტებით ლექსიკონში“ ნათქვამია: „როდესაც [ამ გამოთქმის დედანში მოცემული ბერძნული ეკვივალენტი] ნივთებთან მიმართებაში იხმარება, ‘ვარგისს’ ნიშნავს... ხოლო როდესაც ადამიანებთან დაკავშირებით გამოიყენება, მაშინ ‘კომპეტენტური’, ‘შესაფერისი’ იგულისხმება“. ამგვარად, ადამიანი, რომელიც ‘სათანადოდ მომზადებულია’, კომპეტენტურიცაა და შესაფერისიც ამ თუ იმ დავალების შესასრულებლად. დიახ, სასიხარულო ცნობის მსახურები მომზადებული არიან საქადაგებლად. ისინი კომპეტენტური, ჯეროვანი, ანუ შესაფერისი, არიან ამ საქმის შესასრულებლად.
4. ა) როგორ ცხადყოფს პავლეს მაგალითი, რომ ქრისტიანული მსახურებისთვის მომზადება მხოლოდ მცირერიცხოვანი ელიტის უპირატესობა არ არის? ბ) რომელ სამ საშუალებას იყენებს იეჰოვა იმისათვის, რომ მსახურებად მოგვამზადოს?
4 მაგრამ რისი წყალობით ვართ კომპეტენტური? საკუთარი უნარის წყალობით? თუ უჩვეულო ინტელექტით გამოვირჩევით? ან იქნებ პრესტიჟულ სასწავლებლებში მიღებულ სპეციალიზებულ განათლებას მიუძღვის ამაში წვლილი? მოციქულ პავლეს, როგორც ჩანს, ამ ყველაფრიდან არც ერთი არ აკლდა, მაგრამ მან თავმდაბლად აღიარა, რომ მისი მსახურად მომზადება უმაღლესი განათლების მომცემი სასწავლებლების დამსახურება კი არ იყო, არამედ იეჰოვა ღმერთის (საქმეები 22:3; ფილიპელთა 3:4, 5). არის ასეთი მომზადება მხოლოდ მცირერიცხოვანი ელიტის უპირატესობა? პავლე ღვთის შთაგონებით კორინთის ქრისტიანულ კრებას ‘ჩვენი სათანადო მომზადების შესახებ’ წერდა. აქედან ჩანს, რომ იეჰოვა ზრუნავს, რათა ყველა მისი ერთგული მსახური კომპეტენტური იყოს და მის მიერ დავალებული საქმის შესრულება შეეძლოს. როგორ ამზადებს დღეს ჭეშმარიტ ქრისტიანებს იეჰოვა? მოდი განვიხილოთ ის სამი საშუალება, რომელთაც ღმერთი ამ მიზნით იყენებს: 1) თავისი სიტყვა, 2) სულიწმიდა და 3) თავისი მიწიერი ორგანიზაცია.
იეჰოვას სიტყვა გვამზადებს
5, 6. რა გავლენას ახდენს საღვთო წერილი ჭეშმარიტ ქრისტიანებზე?
5 პირველი: როგორ გვამზადებს ღვთის სიტყვა მსახურებად? პავლე წერდა: «მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული [„ყოველმხრივ მომზადებული“, აქ]» (2 ტიმოთე 3:16, 17). ასე რომ, საღვთო წერილს შეუძლია ‘სრულყოფილნი, ყოველმხრივ მომზადებულნი’ გაგვხადოს, რათა ღვთის სიტყვის ხალხისთვის სწავლების ‘კეთილი საქმე’ შევასრულოთ. მაგრამ რაღას ვიტყოდით ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების მრევლის შესახებ? მათაც ხომ აქვთ ბიბლია. როგორ შეიძლება, რომ ერთი და იგივე წიგნი ზოგს ეხმარებოდეს კომპეტენტურ მსახურად გახდომაში, ხოლო ზოგს — არა? ამ კითხვაზე პასუხის პოვნა შესაძლებელია, თუ დავუკვირდებით, რა დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს ბიბლიის მიმართ.
6 სამწუხაროდ, დღეს ეკლესიაში მოსიარულეთაგან მრავალნი არ იღებენ ბიბლიის ცნობას „როგორც ღვთის სიტყვას, როგორც სინამდვილეშია“ (1 თესალონიკელთა 2:13). ქრისტიანულმა სამყარომ ამ მხრივ სამარცხვინო რეპუტაცია შეიქმნა. რამდენიმე წლის განმავლობაში თეოლოგიურ სასწავლო დაწესებულებებში სწავლის შემდეგ, არის თუ არა სამღვდელოება ღვთის სიტყვის მასწავლებლად მომზადებული? სრულებითაც არა. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგ სტუდენტს სასულიერო სემინარიაში სწავლის დაწყებისას სწამს ბიბლიის, ხოლო სასწავლებლის დამთავრებისას უკვე სკეპტიკოსია. აქედან მოყოლებული, ნაცვლად ღვთის სიტყვის ქადაგებისა — ღვთის სიტყვისა, რომელიც მათგან უმრავლესობას უკვე აღარ სწამს — ისინი თავიანთ მსახურებას სხვა კუთხით წარმართავენ, მონაწილეობას იღებენ პოლიტიკურ დებატებში, ძალ-ღონეს სოციალური პრობლემების გადაჭრას ახმარენ ან ქადაგებისას, უმთავრესად, წუთისოფლის ფილოსოფიებს აშუქებენ (2 ტიმოთე 4:3). ამის საპირისპიროდ, ჭეშმარიტი ქრისტიანები იესო ქრისტეს მაგალითს მიჰყვებიან.
7, 8. როგორ განსხვავდებოდა ღვთის სიტყვის მიმართ იესოსა და რელიგიური წინამძღოლების დამოკიდებულება?
7 იესო თავისი თანამედროვე რელიგიური წინამძღოლების გავლენით არ ახდენდა საკუთარი აზროვნების ფორმირებას. იმისდა მიუხედავად, თუ ვის ასწავლიდა — მცირე ჯგუფს, მაგალითად, თავის მოციქულებს, თუ დიდძალ ხალხს — ის ყოველთვის იყენებდა საღვთო წერილს (მათე 13:10—17; 15:1—11). ეს ჩვევა განასხვავებდა მას იმ დღეებში მცხოვრები რელიგიური წინამძღოლებისგან. ისინი მთელი ძალებით ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ უბრალო ხალხისთვის, რათა ღვთის სიღრმეებს არ ჩასწვდომოდნენ. სინამდვილეში, იმ დღეებში მცხოვრებ მოძღვართა შორის ასეთი შეხედულება იყო გავრცელებული: საღვთო წერილის ზოგიერთი ადგილი იმდენად ღრმა აზრებს შეიცავს, რომ მისი განხილვა მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე სანდო და უახლოეს მოწაფესთან შეიძლებოდა, თანაც მხოლოდ დაბალი ხმით; ამასთანავე, წამკითხველს აუცილებლად უნდა ჰფარებოდა თავზე რამე. ეს რელიგიური წინამძღოლები ბიბლიის გარკვეული მონაკვეთების განხილვას თითქმის ისეთივე ცრუმორწმუნეობით ეკიდებოდნენ, როგორც ღვთის სახელის წარმოთქმას!
8 ქრისტე ასე არ იქცეოდა. მას სჯეროდა, რომ არა მხოლოდ რჩეულთა მცირე ნაწილს, არამედ, საერთოდ, ყველა ადამიანს ესაჭიროებოდა ‘ღვთის პირიდან მომდინარე ყოველ სიტყვაზე’ დაფიქრება. იესო არ ყოფილა იმით დაინტერესებული, რომ ბიბლიური შემეცნებიდან რაიმე მხოლოდ სწავლულთა ელიტარული ჯგუფისთვის ებოძებინა. მან თავის მოწაფეებს უთხრა: „რასაც თქვენ სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკეთ, და რასაც ყურით მოისმენთ, ერდოებზე იქადაგეთ“ (მათე 4:4; 10:27). იესოს მთელი გულით სურდა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის გაეზიარებინა ღვთის შემეცნება.
9. როგორ იყენებენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ბიბლიას?
9 ღვთის სიტყვას უმთავრესი ადგილი უნდა ეჭიროს ჩვენს სწავლებაში. მაგალითად, სამეფო დარბაზში მოხსენებით გამოსვლისას, ჩვეულებრივ, საკმარისი არ არის მოყვანილი ბიბლიური მუხლების მხოლოდ წაკითხვა. საჭიროა ამ მუხლების ახსნა, თვალსაჩინო მაგალითის მოყვანა და მათი კონტექსტის შუქზე განხილვა. ჩვენი მიზანია, ასე ვთქვათ, სული ჩავუდგათ ქაღალდზე დაბეჭდილ ბიბლიურ ცნობას და მსმენელთა გულებში გადავნერგოთ (ნეემია 8:8, 12). ბიბლიით ხელმძღვანელობა საჭიროა აგრეთვე ვინმესთვის რჩევის მიცემის ან გამოსასწორებელი ზომების მიღების დროსაც. თუმცა იეჰოვას ხალხი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობს და სხვადასხვა წარმომავლობისაა, ყოველი მათგანი პატივს სცემს წიგნთა წიგნს — ბიბლიას.
10. რა გავლენა შეიძლება იქონიოს ჩვენზე ბიბლიის ღვთივსულიერმა ცნობამ?
10 როდესაც ბიბლიურ ცნობას ასეთი პატივისცემით ეკიდებიან, ის დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე (ებრაელთა 4:12). ასევე აღძრავს, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინონ, მაგალითად, ისინი თავს ანებებენ სიძვას, მრუშობას, კერპთაყვანისმცემლობას, ლოთობასა და ქურდობას — საქმეებს, რომლებსაც საღვთო წერილი განსჯის. ბიბლია მრავალს დაეხმარა ძველი კაცის მიტოვებასა და ახალ კაცად შემოსვაში (ეფესელთა 4:20—24). დიახ, თუ მას ადამიანთა ყოველგვარ შეხედულებასა და ტრადიციაზე მეტად ვაფასებთ და ერთგულად ვიყენებთ, ბიბლიას მართლაც შეუძლია ღვთის სიტყვის მასწავლებლებად კომპეტენტური და ყოველმხრივ მომზადებული გაგვხადოს.
იეჰოვას სულიწმიდა გვამზადებს
11. რატომ შეგვიძლია მართებულად ვუწოდოთ იეჰოვას სულს „დამხმარე“?
11 მეორე: მოდი განვიხილოთ, თუ რა წვლილი მიუძღვის იეჰოვას სულიწმიდას, ანუ მოქმედ ძალას, ჩვენს ყოველმხრივ მომზადებაში. არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ, რომ იეჰოვას სული უძლიერესი ძალაა. იეჰოვამ უფლება მისცა თავის საყვარელ ძეს, ფლობდეს და ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის საკეთილდღეოდ იყენებდეს ამ მოწიწების მომგვრელ ძალას. ამიტომაც, იესომ მართებულად უწოდა სულიწმიდას „დამხმარე“ (იოან. 16:7, აქ). ის თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, იეჰოვასთვის ეთხოვათ ეს სული და არწმუნებდა, რომ იეჰოვა უხვად მისცემდა სულიწმიდას (ლუკა 11:10—13; იაკობი 1:17).
12, 13. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი, ვილოცოთ, რომ სულიწმიდა დაგვეხმაროს მსახურებაში? ბ) როგორ ცხადყვეს ფარისევლებმა, რომ სულიწმიდა არ მოქმედებდა მათში?
12 საჭიროა, ყოველდღიურად ვილოცოთ სულიწმიდის მისაღებად, განსაკუთრებით კი იმისათვის, რომ ის მსახურებაში დაგვეხმაროს. რა გავლენას ახდენს ჩვენზე ეს მოქმედი ძალა? ის მოქმედებს ჩვენს გონებასა და გულზე, გვეხმარება, რომ შევიცვალოთ, სულიერად გავიზარდოთ, მივატოვოთ ძველი და შევიმოსოთ ახალი კაცი (კოლასელთა 3:9, 10). მას შეუძლია, ქრისტესთვის დამახასიათებელი, ძვირფასი თვისებების შეძენაში დაგვეხმაროს. ბევრ ჩვენგანს ზეპირად ახსოვს გალატელთა 5:22, 23, სადაც ღვთის სულის ნაყოფზეა საუბარი. ამ ჩამონათვალში პირველი სიყვარულია. ეს თვისება არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენს მსახურებაში. რატომ?
13 სიყვარული უდიდესი აღმძვრელი ძალაა. იეჰოვასა და მოყვასისადმი სიყვარული ჭეშმარიტ ქრისტიანებს აღძრავს, რომ სხვებს სასიხარულო ცნობა უქადაგონ (მარკოზი 12:28—31). ასეთი სიყვარულის გარეშე შეუძლებელია, ღვთის სიტყვის მასწავლებლად ვიყოთ მომზადებული. ეს რომ უფრო ნათლად გავიაზროთ, ყურადღება მივაქციოთ იმ თვალში საცემ სხვაობას, რაც იესოსა და ფარისევლებს შორის არსებობდა. მათეს 9:36 იესოს შესახებ ამბობს: „ხალხის ბრბო რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან ისინი დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი“. როგორი იყო უბრალო ხალხის მიმართ ფარისევლების დამოკიდებულება? ისინი ამბობდნენ: „ეს ხალხი, რომელმაც რჯული არ იცის, დაწყევლილია“ (იოანე 7:49). ფარისევლებს საერთოდ არ უყვარდათ ხალხი; პირიქით, მათ სძულდათ ისინი. ცხადია, იეჰოვას სული არ მოქმედებდა მათში.
14. რისკენ უნდა აღგვძრას სიყვარულის იმ მაგალითმა, რომელიც იესომ დედამიწაზე მსახურებისას მოგვცა?
14 იესო დიდი თანაგრძნობით ეკიდებოდა ხალხს. იცოდა მათი სატკივარი და ხედავდა, რომ ისინი შეურაცხყოფილნი, დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი. იოანეს 2:25 გვეუბნება, რომ იესომ „იცოდა, რა იყო კაცში“. რადგან შემოქმედების დროს იეჰოვას ოსტატი იყო, იესო კარგად იცნობდა ადამიანის ბუნებას (იგავნი 8:30, 31). სწორედ ამ ცოდნამ გაუღრმავა მას სიყვარული. დაე ყოველთვის ეს სიყვარული იყოს ჩვენი აღმძვრელი ძალა სამქადაგებლო საქმიანობაში! თუ ვგრძნობთ, რომ ამ მხრივ გაუმჯობესებას ვსაჭიროებთ, მოდი იეჰოვას ლოცვაში ვთხოვოთ სულიწმიდა და შემდეგ ჩვენი ლოცვების შესაბამისად ვიმოქმედოთ. იეჰოვა უპასუხოდ არ დაგვტოვებს. ის დაგვახმარებს ამ არაჩვეულებრივად ძლიერ ძალას, რათა შეძლებისდაგვარად ზედმიწევნით მივბაძოთ იესოს. ის ხომ საუკეთესოდ იყო მომზადებული სასიხარულო ცნობის საქადაგოდ.
15. როგორ შესრულდა იესოზე ესაიას 61:1—3-ში მოცემული სიტყვები და, ამავე დროს, როგორ ამხელს ის ფარისეველთა და მწიგნობართა საქმეებს?
15 მაშ, როგორ დახელოვნდა იესო? „უფლის სულია ჩემზე“, — თქვა მან (ლუკა 4:17—21). დიახ, თავად იეჰოვამ სულიწმიდის მეშვეობით დანიშნა ის ამ დავალების შესასრულებლად. ამიტომაც იესოს აღარ სჭირდებოდა სხვა მოწმობა. რელიგიური წინამძღოლების შესახებ კი რაღას ვიტყოდით? სულიწმიდის მიერ იყვნენ ისინიც დანიშნული? არა. ისინი არც ესაიას 61:1—3-ში ჩაწერილი იმ წინასწარმეტყველების შესასრულებლად იყვნენ მომზადებული, რომელიც იესომ ხმამაღლა წაიკითხა და, რომელიც მას ეხებოდა. გთხოვთ, წაიკითხოთ ეს მუხლები და თავად დარწმუნდეთ, რომ თვალთმაქცი მწიგნობრები და ფარისევლები არ შეესაბამებოდნენ ამ აღწერილობას. მათ არ ჰქონდათ გლახაკთათვის სახარებელი ცნობა. და როგორღა შეეძლოთ ტყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოცხადება? სულიერი გაგებით, ისინი თავად იყვნენ ბრმები და ადამიანთა ტრადიციების ტყვეობაში იმყოფებოდნენ! ამ მამაკაცებისგან განსხვავებით ვართ თუ არა პირადად ჩვენ ხალხის სასწავლებლად მომზადებული?
16. რა გულდაჯერებულობას გრძნობს იეჰოვას ხალხი მის მსახურებად მომზადებასთან დაკავშირებით?
16 მართალია, ჩვენ არ გვისწავლია ქრისტიანული სამყაროს უმაღლეს სასწავლებლებში და მასწავლებლის წოდება ჩვენთვის სასულიერო სემინარიებს არ მოუცია, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მოუმზადებელი ვართ? სულაც არა! ჩვენ იეჰოვა ღმერთი გვნიშნავს თავის მოწმეებად (ესაია 43:10—12). თუ მისი სულის მისაღებად ვლოცულობთ და შესაბამისადაც ვმოქმედებთ, უმაღლეს მომზადებას ვიღებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არასრულყოფილები ვართ და დიდებული მოძღვრის, იესო ქრისტეს, მიერ დატოვებულ მაგალითს სრულად ვერ ვბაძავთ. მიუხედავად ამისა, განა მადლიერნი არა ვართ, რომ იეჰოვა თავისი სულის დახმარებით თავისივე სიტყვის მასწავლებლებად გვამზადებს?
იეჰოვას ორგანიზაცია გვამზადებს
17-19. როგორ გვეხმარება იეჰოვას ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ყოველკვირეული ხუთი შეხვედრა მსახურებად მომზადებაში?
17 ახლა კი, მოდი განვიხილოთ მესამე საშუალება, რომელსაც იეჰოვა თავისი სიტყვის მასწავლებლებად ჩვენს ყოველმხრივ მოსამზადებლად იყენებს — მისი მიწიერი კრება ანუ ორგანიზაცია. ის მსახურებად გვამზადებს. როგორ? აბა დაფიქრდით იმ სასწავლო პროგრამაზე, რომელსაც გავდივართ! ჩვეულებრივ, კვირის განმავლობაში ხუთ ქრისტიანულ შეხვედრას ვესწრებით (ებრაელთა 10:24, 25). კრების წიგნის შესწავლაზე პატარა ჯგუფებად ვიკრიბებით, რათა იეჰოვას ორგანიზაციის მიერ მოწოდებული სახელმძღვანელოს დახმარებით ღრმად შევისწავლოთ ბიბლია. მოსმენითა და კომენტარებში მონაწილეობით ერთმანეთისგან ვსწავლობთ კიდეც და ერთმანეთსაც ვამხნევებთ. აგრეთვე წიგნის შესწავლის ზედამხედველიც გვაძლევს თითოეულს მითითებებს და ამით ჩვენ მიმართ ყურადღებას ავლენს. სამსახურებრივ შეხვედრასა და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაზეც უხვად ვიღებთ ნოყიერ სულიერ საზრდოს.
18 თეოკრატიული სამსახურის სკოლა სწავლების უნარის გაუმჯობესებაში გვეხმარება. სასწავლო მოხსენების მომზადება ღვთის სიტყვის გამოყენებით ხალხისთვის სხვადასხვა საკითხის სწავლებაში გვახელოვნებს (1 პეტრე 3:15). გქონიათ ისეთი შემთხვევა, რომ თქვენთვის თითქოს საკმაოდ ნაცნობ თემაზე მოხსენების მომზადება დაუვალებიათ, მაგრამ ისე მომხდარა, რომ რაღაც ახალი გისწავლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით? ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. სხვა არაფერი ხვეწავს ამა თუ იმ საკითხის შესახებ ჩვენს ცოდნას ისე, როგორც სხვებისთვის მისი სწავლება. თუნდაც ჩვენ არ გამოვდიოდეთ რაიმე პუნქტით, მაინც ვსწავლობთ, როგორ გავხდეთ უკეთესი მასწავლებლები. თითოეულ მოსწავლეში ვამჩნევთ კარგ თვისებებს და ვფიქრობთ, როგორ მივბაძოთ მათ.
19 სამსახურებრივი შეხვედრაც იმისთვისაა განკუთვნილი, რომ ღვთის სიტყვის მასწავლებლებად მოგვამზადოს. კვირიდან კვირამდე, სიამოვნებით ვისმენთ გამომაცოცხლებელ მოხსენებებსა და განხილვებს, თვალს ვადევნებთ ინსცენირებებს. და ეს ყველაფერი მსახურებისთვისაა გამიზნული. რომელი შეთავაზება უნდა გამოვიყენოთ? როგორ შეგვიძლია ჩვენი ტერიტორიისთვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ სირთულეებს გავართვათ თავი? ქადაგების კიდევ რომელ საშუალებებზე შეგვეძლო გვეფიქრა? რა დაგვეხმარება, რომ უფრო ეფექტური მასწავლებლები ვიყოთ განმეორებითი მონახულებებისა და ბიბლიის შესწავლის ჩატარების დროს? (1 კორინთელთა 9:19—22). ამდაგვარი მრავალი საკითხი განიხილება დაწვრილებით სამსახურებრივ შეხვედრაზე. შეხვედრის მრავალი პუნქტი დაფუძნებულია „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მოცემულ სტატიებზე; ეს პუბლიკაცია კიდევ ერთი საშუალებაა, რომლითაც იეჰოვას ორგანიზაცია უზრუნველგვყოფს, რათა ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმის შესასრულებლად მოგვამზადოს.
20. როგორ შეგვიძლია უფრო სრულად ვისარგებლოთ შეხვედრებითა თუ კონგრესებით?
20 როდესაც შეხვედრებისთვის ვემზადებით და მათ ვესწრებით, იქ ნასწავლს კი ჩვენს სამასწავლებლო საქმიანობაში ვიყენებთ, საკმაოდ საფუძვლიანად ვიწვრთნებით. მაგრამ ამით როდი ამოიწურება ყველაფერი. გვაქვს უფრო დიდი შეხვედრებიც — კონგრესები, რომლებიც იმ მიზნით ტარდება, რომ ღვთის სიტყვის მასწავლებლებად მოგვამზადოს. მოუთმენლად ველით ამ კონგრესებს, რათა დავესწროთ და ყურადღებით მოვუსმინოთ მთელ პროგრამას, ხოლო მიღებული რჩევები ცხოვრებაში გამოვიყენოთ! (ლუკა 8:18).
21. რა ფაქტები ცხადყოფს, რომ ჩვენ მიერ მიღებული წვრთნა ამაო არ არის და ვის უნდა ვუმადლოდეთ ამას?
21 გამოაქვს თუ არა ნაყოფი იმ სწავლებას, რომლითაც იეჰოვა უზრუნველგვყოფს? მოდი, გამოვიკვლიოთ ფაქტები. ყოველწლიურად ასი ათასობით ადამიანს ვეხმარებით ძირითადი ბიბლიური მოძღვრების შესწავლასა და ღვთის მოთხოვნების შესაბამისად ცხოვრებაში. ჩვენი ორგანიზაცია რიცხობრივად იზრდება, მაგრამ ვერც ერთი ჩვენგანი ვერ იტყვის, რომ ეს პირადად მისი დამსახურებაა. სიტუაციას იესოსავით რეალისტურად უნდა ვუყურებდეთ. მან თქვა: „არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა“. ძველად მცხოვრები მოციქულების მსგავსად, ჩვენ შორის უმეტესობაც ჩვეულებრივი ადამიანი და არცთუ ისე დიდი განათლების მქონეა (იოანე 6:44; საქმეები 4:13). ჩვენი წარმატება დამოკიდებულია იეჰოვაზე, რომელსაც გულწრფელი ადამიანები ჭეშმარიტების შემეცნებამდე მიჰყავს. მოციქულმა პავლემ მართებულად შენიშნა: „მე დავრგე, აპოლომ მორწყა, მაგრამ ღმერთმა გაზარდა“ (1 კორინთელთა 3:6; საქმეები 4:13).
22. რატომ არ უნდა გაგვიტყდეს გული ქრისტიანულ მსახურებაში სრულად მონაწილეობასთან დაკავშირებით?
22 დიახ, იეჰოვა ღმერთი აქტიურად არის დაკავშირებული ჩვენს, როგორც თავისი სიტყვის მასწავლებლების, საქმიანობასთან. ზოგჯერ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მოუმზადებელი ვართ მასწავლებლობისთვის. მაგრამ გახსოვდეთ, ადამიანები თავად იეჰოვას მოჰყავს თავისთან და თავის ძესთან. მსახურებად იეჰოვა გვამზადებს თავისი სიტყვის, სულიწმიდისა და მიწიერი ორგანიზაციის მეშვეობით. მოდი მივიღოთ ის სწავლება, რომელსაც იეჰოვა გვთავაზობს და გამოვიყენოთ ყველა ის კარგი საშუალება, რომლებითაც იგი უზრუნველგვყოფს, რათა ყოველმხრივ მოგვამზადოს ღვთის სიტყვის მასწავლებლებად!
როგორ უპასუხებდით?
• როგორ გვამზადებს ბიბლია სამქადაგებლო საქმიანობისთვის?
• რა როლს ასრულებს სულიწმიდა მსახურებად ჩვენს მომზადებაში?
• რა და რა სახით გეხმარებათ იეჰოვას მიწიერი ორგანიზაცია სასიხარულო ცნობის მქადაგებლად მომზადებაში?
• რატომ შეგვიძლია გულდაჯერებით მივიღოთ მსახურებაში მონაწილეობა?
[სურათი 25 გვერდზე]
ღვთის სიტყვის მასწავლებელი, იესო, ხალხისადმი სიყვარულს ავლენდა.