ქადაგებისთვის „ღმერთი გვხდის გამოსადეგს“
1. რატომ არ უნდა დაგვეუფლოს ქადაგებისას უღირსობის გრძნობა?
1 „ვარ ქადაგებისთვის გამოსადეგი?“ თუ ზოგჯერ ეს კითხვა გაწუხებს, გულს ნუ გაიტეხ! ეფექტურად მსახურება არც განათლების მიღებაზეა დამოკიდებული და არც თანდაყოლილ უნარზე. პირველ საუკუნეში ზოგი ქრისტიანი „უსწავლელი და უბრალო“ ადამიანი იყო. მიუხედავად ამისა, ისინი დამაჯერებლად ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდათ, ქრისტეს მაგალითს მიჰყოლოდნენ (საქ. 4:13; 1 პეტ. 2:21).
2. რით იყო იესოს სწავლების მეთოდი გამორჩეული?
2 როგორ ასწავლიდა იესო? იესო მარტივად და უბრალო ხალხისთვის გასაგებ ენაზე ასწავლიდა. ქადაგების დროს მის მიერ დასმული კითხვები, მოყვანილი მაგალითები და ადვილად აღსაქმელი შესავალი მსმენელში დიდ ინტერესს იწვევდა (მათ. 6:26). იესო გულწრფელად იყო დაინტერესებული ხალხით (მათ. 14:14). ის დამაჯერებლად ქადაგებდა როგორც ძალაუფლების მქონე, რადგან იცოდა, რომ ეს საქმე იეჰოვასგან ჰქონდა დავალებული (ლუკ. 4:18).
3. როგორ გვეხმარება იეჰოვა, რომ უკეთესი მქადაგებლები გავხდეთ?
3 იეჰოვა გვეხმარება: თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით ჩვენი დიდებული მასწავლებელი გვეხმარება, რომ სასიხარულო ცნობის ეფექტური მქადაგებლები ვიყოთ (ეს. 54:13). ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, როგორ ქადაგებდა იესო, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, დავფიქრდეთ მისი სწავლების მეთოდებზე და მივბაძოთ მას. იეჰოვა წმინდა სულს გვაძლევს და კრების შეხვედრებზე გვასწავლის (იოან. 14:26). გარდა ამისა, გამოცდილ მაუწყებლებთან ერთად მსახურება დაგვეხმარება, უკეთესი მქადაგებლები გავხდეთ.
4. რა მიზეზის გამო შეგვიძლია სასიხარულო ცნობის ქადაგებისთვის თავი „გამოსადეგად“ ვიგრძნოთ?
4 ჩვენ არანაირი მიზეზი არა გვაქვს, რომ თავი უღირსად ვიგრძნოთ, რადგან ქადაგებისთვის „ღმერთი გვხდის გამოსადეგს“ (2 კორ. 3:5). როდესაც იეჰოვაზე ვართ მინდობილები და საუკეთესოდ ვიყენებთ ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც ის სიყვარულით გვთავაზობს, ჩვენ ‘ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული ვიქნებით ნებისმიერი კარგი საქმისთვის’ (2 ტიმ. 3:17).