იმოქმედეთ ღვთის განზრახვის შესაბამისად!
„[ქრისტე] ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის . . . აღარ იცოცხლონ“ (2 კორინთელები 5:15).
1. რა მოგვითხრო ერთმა მისიონერმა?
«ჩვენი მანქანა პირველი იყო, რომელიც სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ აფრიკის ერთ-ერთ მივარდნილ სოფელში გამოჩნდა, — იხსენებს ერთი მისიონერი სახელად აარონიa. — საომარი მოქმედებების გამო ძმებმა არაფერი იცოდნენ იქაური პატარა კრების შესახებ; ამიტომ ჩავედით ამ სოფელში, რათა გვეზრუნა ადგილობრივი ძმების საჭიროებებზე. საკვების, ტანსაცმლისა და ბიბლიური ლიტერატურის გარდა, სოფელში ჩავიტანეთ ვიდეოკასეტა „ორგანიზაცია სახელწოდებით იეჰოვას მოწმეები“b. სოფლის ეგრეთ წოდებულ კლუბში — ჩალით გადახურულ დიდ ქოხში, სადაც ვიდეომაგნიტოფონი და ტელევიზორი იდგა — ბევრმა ადგილობრივმა მკვიდრმა მოიყარა თავი; ამიტომ ფილმის ორჯერ ჩვენება მოგვიწია. შედეგად მრავალმა დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ეს მართლაც ღირდა ძალისხმევად».
2. ა) რატომ გადაწყვიტეს ქრისტიანებმა ცხოვრება ღვთის მსახურებისთვის მიეძღვნათ? ბ) რა კითხვებს გაეცემა პასუხი?
2 რატომ შეეჭიდნენ აარონი და მისი მეგობრები საკმაოდ რთულ საქმეს? ისინი მადლიერები იყვნენ იესო ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლისთვის; ამიტომ თავი მიუძღვნეს ღმერთს და ღვთის განზრახვის შესაბამისად ცხოვრება გადაწყვიტეს. მათ მსგავსად, ღვთისთვის მიძღვნილ ყველა ქრისტიანს გადაწყვეტილი აქვს „თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ“, არამედ ყველაფერი გააკეთონ „სასიხარულო ცნობისთვის“ (2 კორინთელები 5:15; 1 კორინთელები 9:23). მათ იციან, რომ ამ ქვეყნიერების განადგურებისას ფულსა და მდგომარეობას არავითარი ფასი არ ექნება. ამიტომ თავიანთ ცხოვრებასა და ჯანმრთელობას არ ზოგავენ ღვთის განზრახვის შესრულებაში მონაწილეობის მისაღებად (ეკლესიასტე 12:1). პრაქტიკულად როგორ შეიძლება ამის განხორციელება? სად ვპოულობთ საჭირო გაბედულებასა და ძალას? მსახურებაში მონაწილეობის რა შესაძლებლობები გვაქვს?
პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა
3. რა ნაბიჯების გადადგმით იწყება ღვთის ნების შესრულება?
3 ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის ღვთის ნების შესრულება ცხოვრების მიზანია. ამ მიზნის განხორციელება, ჩვეულებრივ, ასეთი ძირითადი ნაბიჯებით იწყება: თეოკრატიული მსახურების სკოლაში ჩაწერა, ბიბლიის ყოველდღიური კითხვა, სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობა და მონათვლა. როცა სულიერი მოწიფულობისკენ ვისწრაფვით, გვახსოვს მოციქული პავლეს სიტყვები: „ამაზე იფიქრე და ამით დაკავდი, რათა ყველასთვის ცხადი გახდეს შენი წარმატება“ (1 ტიმოთე 4:15). სულიერი წინსვლის მიზანი საკუთარი თავის განდიდება კი არ არის, არამედ ღვთის ნების უანგაროდ შესრულება. ამგვარად მოქმედება ცხადყოფს, რომ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ღმერთს ვაძლევთ ჩვენი ნაბიჯების წარმართვის საშუალებას, ღმერთი კი ჩვენზე ბევრად უკეთესად წარმართავს ჩვენს ნაბიჯებს (ფსალმუნი 32:8).
4. როგორ შეგვიძლია მეტისმეტად აღარ ვინერვიულოთ?
4 ყოყმანმა ან საკუთარ თავზე მეტისმეტმა ფიქრმა შეიძლება ხელი შეგვიშალოს და წინ ვერ წავიწიოთ ღვთის მსახურებაში (ეკლესიასტე 11:4). ამგვარად, ღვთისა და სხვების მსახურებამ ნამდვილი სიხარული რომ მოგვანიჭოს, საჭიროა, პირველ რიგში, დავძლიოთ იმის შიში, რომ რაღაც არ გამოგვივა. მაგალითად, ერიკი უცხოენოვან კრებაში მსახურებას აპირებდა. მაგრამ თან წუხდა: „შევძლებ იქ მსახურებას? მოვეწონები ძმებს? მე თუ მომეწონებიან ისინი?“ ერიკი ყვება: „ბოლოს მივხვდი, რომ ძმებზე უფრო უნდა მეფიქრა, ვიდრე საკუთარ თავზე. შევწყვიტე ნერვიულობა და გადავწყვიტე, უანგაროდ მეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც შემეძლო. ღმერთს ლოცვაში დახმარება ვთხოვე და შესაბამისად ვიმოქმედე. ახლა უცხოენოვან კრებაში დიდი სიამოვნებით ვმსახურობ (რომაელები 4:20). დიახ, რაც უფრო მეტად ვემსახურებით ღმერთსა და სხვებს, მით უფრო მეტ სიხარულსა და კმაყოფილებას ვპოვებთ.
5. რატომ არის საჭირო, ავწონ-დავწონოთ სამომავლო გეგმები, როდესაც ღვთის განზრახვის შესრულებისკენ ვისწრაფვით? მოიყვანეთ მაგალითი.
5 ღვთის განზრახვის შესრულებისკენ რომ ვისწრაფოთ და წარმატებულები ვიყოთ, საჭიროა ავწონ-დავწონოთ სამომავლო გეგმები. გონივრულია ვალები არ დავიდოთ, რაც იძულებულს გაგვხდიდა, დავმონებოდით ამ ქვეყნიერებას; ეს კი ღვთის მსახურებაში შეგვზღუდავდა. ბიბლიაში ნათქვამია: „მოვალე მევალის მსახურია“ (იგავები 22:7). იეჰოვაზე მინდობა და სულიერის პირველ ადგილზე დაყენება გვეხმარება, ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, რაც უფრო მნიშვნელოვანია. მაგალითად, გვომინგი და მისი ორი და დედასთან ერთად ცხოვრობენ; იმ ტერიტორიაზე სახლის დაქირავება ძვირი იყო და სტაბილური სამუშაოს პოვნა — რთული. ფულის გონივრულად ხარჯვა და ხარჯების განაწილება მათ საშუალებას აძლევდა თავი გაეტანათ მაშინაც კი, როდესაც ყველა არ მუშაობდა. „იყო დრო, როდესაც ხელფასი არც ერთს არ გვქონდა აღებული, — ყვება გვომინგი. — მიუხედავად ამისა, ვაგრძელებდით პიონერულ მსახურებას და დედასაც ვუვლიდით. მადლობლები ვართ დედის, რომელიც არ გვთხოვდა სულიერისთვის ნაკლები დრო დაგვეთმო, თვითონ რომ არაფერი მოკლებოდა“ (2 კორინთელები 12:14; ებრაელები 13:5).
6. რომელი მაგალითი ცხადყოფს, რომ შეგვიძლია ღვთის განზრახვის შესაბამისად ვიცხოვროთ?
6 თუ ჩაფლული ხართ ქვეყნიერების საქმეებში — მატერიალური სიმდიდრის დაგროვებისკენ ისწრაფვით თუ სხვა მიზნისკენ — ღვთის განზრახვის შესრულების პირველ ადგილზე დასაყენებლად შეიძლება დიდი ცვლილებების მოხდენა დაგჭირდეთ. ასეთი ცვლილება, ჩვეულებრივ, ერთ დღეში არ ხდება; ამიტომ, პირველი მცდელობების წარუმატებლობის შემთხვევაში არ უნდა იფიქროთ, რომ არაფერი გამოგივათ. განვიხილოთ კოიჩის შემთხვევა, რომელიც ძალიან დიდ დროს უთმობდა გართობას. კოიჩიმ მოზარდობის ასაკში ისწავლა ბიბლია, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში თითქმის მთელი დღე ვიდეოთამაშებით ერთობოდა. ერთ მშვენიერ დღეს მან თავის თავს უთხრა: „კოიჩი რას შვრები? უკვე 30-ს გადაცილებული ხარ და ცხოვრებაში ღირებული არაფერი გაგიკეთებია!“ კოიჩიმ ბიბლიის შესწავლა განაახლა და კრებისგან დახმარება მიიღო. მართალია, ყველაფერი უცებ ვერ გამოასწორა, მაგრამ წარუმატებლობას არ დანებდა. მხურვალე ლოცვითა და სხვების მხარდაჭერით მან საბოლოოდ სძლია თავის ცუდ ჩვევას (ლუკა 11:9). კოიჩი ახლა მომსახურეა.
ისწავლეთ გაწონასწორებულობა
7. რატომ არის საჭირო ღვთის მსახურებაში გაწონასწორებულობა?
7 ღვთის განზრახვის შესაბამისად ცხოვრება ღირს დიდ ძალისხმევად. ამისათვის არ უნდა დავზოგოთ საკუთარი ძალები და არ უნდა ვიზარმაცოთ (ებრაელები 6:11, 12). მაგრამ იეჰოვას სულაც არ სურს, რომ საკუთარი თავი ფიზიკურ, გონებრივ ან ემოციურ გამოფიტვამდე მივიყვანოთ. მოკრძალებულად იმის აღიარება, რომ ღვთის მსახურება საკუთარი ძალებით არ შეგვიძლია, ღმერთს განადიდებს; ეს ჩვენს გაწონასწორებულობაზეც მეტყველებს (1 პეტრე 4:11). იეჰოვა გვპირდება, რომ მისი ნების შესასრულებლად საჭირო ძალას მოგვცემს, მაგრამ საკუთარი თავი არ უნდა ვაიძულოთ იმაზე მეტი ვაკეთოთ, ვიდრე შეგვიძლია და ვიდრე ის ჩვენგან მოელის (2 კორინთელები 4:7). ღვთისთვის მსახურება რომ განვაგრძოთ და, ამავე დროს, არ გამოვიფიტოთ, საჭიროა ჩვენი ძალების გონივრულად განაწილება.
8. რა მოხდა, როდესაც ერთი ახალგაზრდა ქრისტიანი ცდილობდა საუკეთესო გაეღო როგორც იეჰოვასთვის, ისე ქვეყნიერებისთვის, და რა შეცვალა მან თავის ცხოვრებაში?
8 მაგალითად, აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრები ჯი ჰე ორ წელიწადას ისეთ სამსახურში მუშაობდა, რომელიც დიდ ენერგიას ითხოვდა; ის, ამავე დროს, პიონერადაც მსახურობდა. ის ყვება: „ვცდილობდი საუკეთესო გამეღო როგორც იეჰოვასთვის, ისე ქვეყნიერებისთვის. ამიტომ დღე-ღამეში მხოლოდ 5 საათი მეძინა. ბოლოს გონებრივად გამოვიფიტე და ჭეშმარიტებისთვის ენერგია აღარ მრჩებოდა. შედეგად სულიერი ნაკლებ სიამოვნებას მანიჭებდა“. იეჰოვასთვის ‘მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით’ რომ ემსახურა, ჯი ჰემ ისეთი სამსახურის ძებნა დაიწყო, რომელიც ნაკლებ ენერგიას მოითხოვდა (მარკოზი 12:30). „ჩემს ოჯახს სურდა, რომ მაღალანაზღაურებადი სამუშაო მქონოდა, და ჩემზე დიდ ზეწოლას ახდენდა, მაგრამ ვცდილობდი ღვთის განზრახვის შესრულება პირველ ადგილზე დამეყენებინა, — ყვება ის. — მიუხედავად ამისა, დღესაც მაღალი ხელფასი მაქვს და შემიძლია თავს უფლება მივცე, კარგი ტანსაცმელი ვიყიდო. და რა კარგია, რომ გამოძინების შესაძლებლობაც მაქვს! სიხარულით ვმსახურობ და სულიერადაც გავძლიერდი. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ქვეყნიერების საქმეებს ნაკლებ დროს ვუთმობ“ (ეკლესიასტე 4:6; მათე 6:24, 28—30).
9. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ჩვენმა მცდელობამ ხალხზე?
9 ყველას არ შეუძლია ღმერთს სრული დროით ემსახუროს. თქვენ შეიძლება ხანდაზმული ხართ, ჯანმრთელობას უჩივით ან სხვა რამ გიშლით ხელს მსახურებაში, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენს ერთგულებას და იმას, რასაც მთელი გულით აკეთებთ, იეჰოვა დიდად აფასებს (ლუკა 21:2, 3). ამიტომ, არც ერთმა ჩვენგანმა უმნიშვნელოდ არ უნდა მიიჩნიოს ის მცირე გავლენაც კი, რასაც ჩვენი მსახურება ახდენს სხვებზე. წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე მობინადრეს მიაკითხეთ, მაგრამ არავინ გამოავლინა სასიხარულო ცნობისადმი ინტერესი. თქვენი წასვლის შემდეგ მობინადრეებმა შეიძლება თქვენზე არაერთი საათი ან დღე ილაპარაკონ, მიუხედავად იმისა, რომ კარი არ გაუღიათ! მართალია, ჩვენ არ მოველით, რომ სასიხარულო ცნობას ყველა დადებითად გამოეხმაურება, მაგრამ ზოგი გამოეხმაურება (მათე 13:19—23). სხვები შეიძლება სასიხარულო ცნობას მოგვიანებით გამოეხმაურონ დადებითად, როდესაც რაღაც შეიცვლება მათ პირად ცხოვრებაში ან შეიცვლება მსოფლიო მდგომარეობა. ნებისმიერ შემთხვევაში, მსახურებაში მაქსიმალური ძალისხმევის გამოვლენით ღვთის საქმეს ვაკეთებთ. ჩვენ „ღვთის თანამშრომელნი ვართ“ (1 კორინთელები 3:9).
10. რა შესაძლებლობები აქვს კრების თითოეულ წევრს?
10 გარდა ამისა, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია დაეხმაროს ოჯახის წევრებსა და სულიერ და-ძმებს (გალატელები 6:10). სხვებზე ჩვენი დადებითი გავლენა შეიძლება ძლიერი და ხანგრძლივი იყოს (ეკლესიასტე 11:1, 6). როდესაც უხუცესები და მომსახურეები თავიანთ ვალდებულებას გულმოდგინედ ასრულებენ, ამით ხელს უწყობენ კრების სულიერ სიჯანსაღესა და სტაბილურობას, და საქმე წინ მიიწევს. ბიბლია გვარწმუნებს, რომ, როცა ‘ბევრს ვშრომობთ უფლის საქმეში’, ჩვენი შრომა „ფუჭი არ არის“ (1 კორინთელები 15:58).
მიზნად გქონდეთ ღვთის განზრახვის შესაბამისად ცხოვრება
11. ადგილობრივ კრებაში მსახურების გარდა, მსახურების კიდევ რა შესაძლებლობები არსებობს?
11 ჩვენ, ქრისტიანებს, გვიყვარს სიცოცხლე და გვსურს, ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, ღმერთი განვადიდოთ (1 კორინთელები 10:31). როდესაც სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ერთგულად ვქადაგებთ და სხვებს ვასწავლით, დაიცვან ყველაფერი, რაც იესომ მცნებად დაგვიდო, მოგვეცემა ღვთის მსახურების მრავალგვარი შესაძლებლობა და შესაბამისად კურთხევაც (მათე 24:14; 28:19, 20). ადგილობრივ კრებაში მსახურების გარდა, არსებობს შესაძლებლობა ვიმსახუროთ იქ, სადაც მეტი საჭიროებაა, იქნება ეს სხვა ტერიტორიაზე, სხვა ქვეყანაში თუ სხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხთან. გამოცდილ, დაუქორწინებელ უხუცესებსა და მომსახურეებს აქვთ შესაძლებლობა, ისწავლონ მსახურებაში დახელოვნების სკოლაში, შემდეგ კი იმსახურონ კრებებში, რომლებსაც მოწიფული ქრისტიანების დახმარება სჭირდება. ასეთი კრებები შეიძლება იყოს როგორც სამშობლოში, ისე საზღვარგარეთ. სრული დროით მსახურ დაქორწინებულ წყვილებს შეუძლიათ ისწავლონ სკოლა „გალაადში“, გახდნენ მისიონერები და იმსახურონ საზღვარგარეთ. ყოველთვის საჭიროა მოხალისეები ბეთელებში და სამეფო დარბაზებისა თუ ფილიალების მშენებლობისას და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად.
12, 13. ა) როგორ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ მსახურების რომელ სფეროში მიიღოთ მონაწილეობა? ბ) მოიყვანეთ მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მსახურების ერთ სფეროში მიღებული გამოცდილება მეორეში გამოგადგეთ.
12 მსახურების რომელ სფეროში მონაწილეობისკენ უნდა ისწრაფოდეთ? ვინაიდან იეჰოვასთვის მიძღვნილი მსახური ხართ, ყოველთვის იეჰოვასა და მის ორგანიზაციას მიმართეთ ხელმძღვანელობისთვის. მისი „კეთილი სული“ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ (ნეემია 9:20). ერთ დავალებას ხშირად მეორე მოსდევს და ამ დროს მსახურების ერთ სფეროში შეძენილი გამოცდილება და ცოდნა მოგვიანებით მსახურების სხვა სფეროში გამოგადგებათ.
13 მაგალითად, დენისი და მისი მეუღლე ჯენი რეგულარულად მონაწილეობდნენ სამეფო დარბაზების სამშენებლო პროგრამებში. შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში ქარიშხალ „კატრინას“ შემდეგ ისინი მოხალისეებად ჩავიდნენ დაზარალებულთა დასახმარებლად. დენისი ყვება: „სამეფო დარბაზების მშენებლობისას მიღებული გამოცდილება ძმების დასახმარებლად გამოვიყენეთ, რამაც უდიდესი სიხარული მოგვანიჭა. ძალიან გვსიამოვნებდა, როდესაც ვხედავდით დაზარალებული ძმების მადლიერებას. მაშველთა ჯგუფების უმრავლესობა არცთუ ისე დიდი წარმატებით ასრულებდა აღდგენით სამუშაოებს. იეჰოვას მოწმეებმა შეაკეთეს და აღადგინეს 5 300-ზე მეტი სახლი და მრავალი სამეფო დარბაზი. ხალხს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია, რის გამოც ისინი სამეფოს შესახებ ცნობით უფრო დაინტერესდნენ“.
14. რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ სრული დროით მსახურება გსურთ?
14 შეგიძლიათ ღვთის განზრახვის შესაბამისად იმოქმედოთ იმით, რომ სრული დროით მსახურება აირჩიოთ? ასეთი არჩევანი მრავალ კურთხევას მოგიტანთ. თუ ახლანდელი მდგომარეობა ნებას არ გრთავთ, სრული დროით იმსახუროთ, შეიძლება ამ მდგომარეობის შეცვლა იყოს საჭირო. მიჰბაძეთ ნეემიას, რომელმაც მნიშვნელოვანი დავალების შესრულებამდე ილოცა: „იეჰოვა, გთხოვ . . . ხელი მოუმართე დღეს შენს მსახურს“ (ნეემია 1:11). შემდეგ, მიენდეთ „ლოცვების მომსმენს“ და ლოცვის შესაბამისად იმოქმედეთ (ფსალმუნი 65:2). იეჰოვამ თქვენი მცდელობა რომ აკურთხოს და მეტი რომ გააკეთოთ ღვთის მსახურებაში, პირველ რიგში ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროთ მიზნის მისაღწევად. მას შემდეგ, რაც სრული დროით მსახურებას გადაწყვეტთ, იმოქმედეთ თქვენი გადაწყვეტილების შესაბამისად. დროის გასვლასთან ერთად მეტ გამოცდილებას შეიძენთ და სიხარულიც მეტი გექნებათ.
ჭეშმარიტად ღირებული ცხოვრება
15. ა) რა სარგებლობა მოაქვს ღვთის დიდი ხნის მსახურებთან საუბრებსა და მათი ბიოგრაფიების კითხვას? ბ) რომელი ბიოგრაფია იყო თქვენთვის განსაკუთრებით გამამხნევებელი?
15 რა შედეგებს უნდა ელოდეთ, როდესაც ღვთის განზრახვის შესაბამისად მოქმედებთ? ესაუბრეთ იეჰოვას დიდი ხნის მსახურებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც მრავალი წელი გაუტარებია სრული დროით მსახურებაში. ისინი მართლაც უხვ კურთხევებს იმკიან! (იგავები 10:22). ის და-ძმები გეტყვიან, რომ რთულ მდგომარეობაში იეჰოვას არასდროს მიუტოვებია ისინი და ყოველთვის მიუცია აუცილებელი და აუცილებელზე მეტიც (ფილიპელები 4:11—13). ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ 1955—1961 წლების გამოცემებში სტატიათა სერიაში „დასახული მიზნების განხორციელება“ გამოქვეყნებული იყო იეჰოვას ერთგულ მსახურთა ბიოგრაფიები. მას შემდეგ ასობით სხვა, მსგავსი ბიოგრაფია დაიბეჭდა. თითოეულში ჩანდა, რა ენთუზიაზმითა და სიხარულით მსახურობდნენ ისინი, რაც საქმეების წიგნში ჩაწერილ სიტყვებს გვახსენებს. ასეთი ბიოგრაფიების კითხვის შემდეგ სურვილი გაგვიჩნდებოდა, გვეთქვა: „მეც მინდა ასე ვიცხოვრო!“
16. რა ხდის ქრისტიანს ბედნიერს და მის ცხოვრებას — აზრიანს?
16 სტატიის დასაწყისში მოხსენიებული აარონი ამბობს: «აფრიკაში ხშირად შევხვედრივარ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრების აზრის ძიებაში ქვეყნის ერთი კიდიდან მეორეში დადიოდნენ. მათმა უმრავლესობამ ვერ იპოვა ცხოვრების აზრი. ჩვენ კი ღვთის განზრახვის შესაბამისად ვმოქმედებდით და სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ვქადაგებდით, რის შედეგადაც რთული, მაგრამ აზრიანი ცხოვრებით ვცხოვრობდით. ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ, რომ „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“» (საქმეები 20:35).
17. რატომ უნდა ვისწრაფოდეთ ღვთის განზრახვის შესაბამისად მოქმედებისკენ?
17 რა შეიძლება ითქვას თქვენზე? რა მიზნის განხორციელებისკენ ისწრაფვით? თუ კონკრეტული მიზანი არა გაქვთ, სიცარიელეს მალე სხვა რამ შეავსებს. რატომ უნდა გაატაროთ უმიზნოდ ასეთი ძვირფასი წლები და ისინი სატანის ქვეყნიერების, ეგრეთ წოდებულ, მნიშვნელოვან საქმეებს შეალიოთ? ახლოსაა ის დრო, როდესაც „დიდი გასაჭირი“ გააუფასურებს მატერიალურ სიმდიდრესა და ამქვეყნიურ დიდებას. ამ დროს მხოლოდ იეჰოვასთან ურთიერთობას ექნება მნიშვნელობა. რა მადლიერები ვიქნებით მაშინ, იმისათვის რომ ღმერთსა და სხვებს ვემსახურებოდით, და ღვთის განზრახვის შესაბამისად მოქმედებისთვის ყველაფერს ვაკეთებდით! (მათე 24:21; გამოცხადება 7:14, 15)
[სქოლიოები]
a ზოგი სახელი შეცვლილია.
b გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
შეგიძლიათ განმარტოთ?
• რას ფიქრობს იეჰოვა ჩვენს მსახურებაზე?
• როგორ გვეხმარება პრაქტიკულობა და გაწონასწორებულობა, ვემსახუროთ ღმერთსა და სხვებს?
• მსახურების რა შესაძლებლობები გვაქვს?
• როგორ შეიძლება ჩვენს ცხოვრებას ჭეშმარიტი აზრი ჰქონდეს?
[სურათები 23 გვერდზე]
გაწონასწორებულობა გვჭირდება იმისათვის, რომ იეჰოვას მთელი სულით ვემსახუროთ
[სურათები 24 გვერდზე]
წმინდა მსახურებაში მონაწილეობა მრავალი სახით შეიძლება