შეგიძლია იმსახურო იქ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა?
„შეერთებულ შტატებში კომფორტულად ვცხოვრობდით, მაგრამ ვფიქრობდით, რომ ჩვენ გარშემო გამეფებული მატერიალიზმი დროთა განმავლობაში ცუდად იმოქმედებდა ჩვენზე და ჩვენს შვილებზე. მე და ჩემი მეუღლე ადრე მისიონერებად ვმსახურობდით და გვინდოდა, კვლავ დავბრუნებოდით ამ უბრალო, მაგრამ სასიამოვნო ცხოვრებას“.
რალფმა და პემმა 1991 წელს წერილი მისწერეს რამდენიმე ფილიალს და აღნიშნეს, რომ მსახურების მიზნით სიამოვნებით გადავიდოდნენ იქ, სადაც ამის საჭიროება იყო. მექსიკის ფილიალმა მათ საპასუხო წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მექსიკაში ინგლისურად მოლაპარაკე მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. ძმები იუწყებოდნენ, რომ ეს ტერიტორია ‘გადათეთრებული იყო მოსამკელად’ (იოან. 4:35). რალფი და პემი დათანხმდნენ ამ შემოთავაზებას და 8 და 12 წლის ვაჟებთან ერთად სამზადისს შეუდგნენ.
ვრცელი ტერიტორია
რალფი იხსენებს: „სანამ შეერთებულ შტატებს დავტოვებდით, ზოგი და-ძმა გულწრფელად გვეუბნებოდა, საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლა ძალიან სახიფათოაო; რა უნდა ქნათ, ავად რომ გახდეთ? რა აზრი აქვს ინგლისურენოვან ტერიტორიაზე გადასვლას? საეჭვოა, რომ ინგლისურად მოლაპარაკე ხალხი ჭეშმარიტებით დაინტერესდესო. მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია, რადგან ყველაფერი კარგად აწონილ-დაწონილი გვქონდა. ასეთ მსახურებაზე წლები ვოცნებობდით. არ ვიღებდით დიდ ვალებს, ვზოგავდით ფულს და ხშირად ვსაუბრობდით ოჯახში იმ სირთულეებზე, რომლებსაც შეიძლება შევხვედროდით“.
რალფი თავის ოჯახთან ერთად მექსიკის ფილიალში ჩავიდა. ძმებმა ქვეყნის რუკა აჩვენეს და უთხრეს, რომ ეს იქნებოდა მათი ტერიტორია. ისინი დასახლდნენ მეხიკოს ჩრდილო-დასავლეთით 240 კილომეტრში მდებარე ქალაქ სან-მიგელ-დე-ალენდეში, სადაც ბევრი უცხოელი ცხოვრობდა. მათი ჩასვლიდან სამ წელიწადში ამ ქალაქში 19 მაუწყებლისგან შემდგარი კრება ჩამოყალიბდა. მექსიკაში ეს პირველი ინგლისურენოვანი კრება იყო. მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა.
მექსიკაში სავარაუდოდ ერთი მილიონი ამერიკელი ცხოვრობს. გარდა ამისა, ბევრი განათლებული მექსიკელი და სტუდენტი თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურად. რალფი აღნიშნავს: „ვლოცულობდით, რომ კრებაში უფრო მეტი მაუწყებელი გვყოლოდა. ერთი ოთახი ყოველთვის თავისუფალი გვქონდა იმ და-ძმებისთვის, რომლებიც ასე ვთქვათ, ამ ტერიტორიის დასაზვერად ჩამოდიოდნენ“ (რიცხ. 13:2).
მათ გაიმარტივეს ცხოვრება მსახურების გასაფართოებლად
მალე უფრო მეტი და-ძმა ჩამოვიდა მსახურების გასაფართოებლად. მათ შორის იყვნენ ბილი და კატი შეერთებული შტატებიდან, რომლებსაც 25 წელი ჰქონდათ ნამსახურები უცხო ტერიტორიებზე. ისინი ესპანური ენის შესწავლას აპირებდნენ, მაგრამ როგორც კი ტბა ჩაპალას სანაპირო ქალაქ ახიხიკში ჩამოვიდნენ, აზრი შეიცვალეს. ეს ქალაქი ამერიკელი პენსიონერების საყვარელი ადგილია. ბილი ამბობს: „ახიხიკში ძირითადად ჭეშმარიტებით დაინტერესებულ ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანებს ვეძებდით“. ორ წელიწადში მათ საკუთარი თვალით იხილეს, როგორ ჩამოყალიბდა მექსიკაში მეორე ინგლისურენოვანი კრება.
კანადელ ცოლ-ქმარს, კენსა და ჯოანას სურდათ, მეტი დრო დაეთმოთ ქადაგებისთვის. ისინიც თავიანთ ქალიშვილთან, ბრიტანისთან ერთად მექსიკაში გადავიდნენ. კენი ამბობს: „ცოტა გაგვიჭირდა იმასთან შეგუება, რომ ზოგჯერ რამდენიმე დღე არ გვქონდა ცხელი წყალი, ელექტროენერგია და სატელეფონო კავშირი“. მიუხედავად ამისა, ქადაგებას მათთვის დიდი სიხარული მოჰქონდა. მალე კენი მომსახურედ დაინიშნა, ორ წელიწადში კი უხუცესი გახდა. თავიდან ბრიტანის უჭირდა პატარა კრებაში მსახურება, რადგან იქ ახალგაზრდები ცოტანი იყვნენ. მაგრამ სამეფო დარბაზების მშენებლობაში მონაწილეობის დროს მან ბევრი კარგი მეგობარი შეიძინა მექსიკის სხვადასხვა კუთხიდან.
პატრიკმა და როქსანამ, რომლებიც ტეხასის შტატში (აშშ) ცხოვრობდნენ, მსახურების გასაფართოებლად ინგლისურენოვანი ტერიტორიების ძებნა დაიწყეს. „მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მონტერეიში ჩასვლისას მივხვდით, რომ იეჰოვას ნებით ამ ქალაქში უნდა გვექადაგა“, — ამბობს პატრიკი. ხუთ დღეში მათ ტეხასში სახლიც გაყიდეს და მონტერეიშიც გადავიდნენ. მექსიკაში თავის შენახვა ადვილი არ ყოფილა, მაგრამ ორ წელიწადში 17-კაციანი ჯგუფი მათ თვალწინ 40 მაუწყებლისგან შემდგარ კრებად იქცა.
ზემოხსენებული წყვილის მსგავსად ჯეფმა და დებიმაც მსახურების გაფართოების მიზნით გაყიდეს თავიანთი დიდი სახლი შეერთებულ შტატებში და პატარა ბინაში გადავიდნენ მექსიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ კანკუნში. თუ მანამდე ისინი სახლთან ახლოს კომფორტულ დარბაზში ესწრებოდნენ კონგრესებს, ახლა მათ რვა საათი უწევდათ მგზავრობა, რომ დასწრებოდნენ ინგლისურენოვან კონგრესს ღია ცისქვეშ. მიუხედავად ამისა, მათთვის სასიამოვნო იყო იმის დანახვა, როგორ ჩამოყალიბდა კანკუნში 50 მაუწყებლისგან შემდგარი კრება.
ზოგიერთმა მექსიკელმა და-ძმამაც მოინდომა ინგლისურ ენაზე ქადაგება. მაგალითად, რუბენმა და მისი ოჯახის წევრებმა გაიგეს, რომ სან-მიგელ-დე-ალენდეში პირველი ინგლისურენოვანი კრება ჩამოყალიბდა, რომლის ტერიტორიაც მთელ მექსიკას მოიცავდა. მათ მაშინვე გადაწყვიტეს დახმარებოდნენ ამ კრებას. ამისათვის კი მათ უნდა ესწავლათ ინგლისური, შეგუებოდნენ განსხვავებულ კულტურას და ყოველ კვირას 800 კილომეტრით დაშორებულ კრებას დასწრებოდნენ. რუბენი ამბობს: „ჩვენ ვუქადაგეთ უცხოელებს, რომლებიც წლების განმავლობაში მექსიკაში ცხოვრობდნენ, მაგრამ პირველად მოისმინეს სასიხარულო ცნობა მშობლიურ ენაზე. ზოგს მადლიერებისგან თვალზე ცრემლიც კი ადგებოდა“. რუბენი და მისი ოჯახის წევრები ჯერ სან-მიგელ-დე-ალენდეში ეხმარებოდნენ კრებას, შემდეგ პიონერებად მსახურობდნენ გუანახუატოში, ცენტრალური მექსიკის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც მათი დახმარებით 30-კაციანი ინგლისურენოვანი კრება ჩამოყალიბდა. ამჟამად ისინი გუანახუატოსთან ახლოს, ქალაქ ირაპუატოში მსახურობენ ინგლისურენოვან ჯგუფში.
ქადაგება მათთან, ვისთანაც რთულია პირისპირ საუბარი
უცხოელების გარდა მრავალი მექსიკელიც ლაპარაკობს ინგლისურად. განსაკუთრებით რთულია სამეფოს შესახებ მათთან საუბარი, ვინც მდიდრების უბანში ცხოვრობს და კარს მოსამსახურე აღებს. ქადაგება მაშინაც არ არის ადვილი, როცა თავად სახლის პატრონი აღებს კარს. მათ არ სურთ მოსმენა, რადგან იეჰოვას მოწმეები ადგილობრივი სექტა ჰგონიათ. ისინი დადებითად ეხმაურებიან ჩვენს ცნობას, როცა მათთან სხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოწმეები მიდიან.
აი, რას ამბობს გლორია, რომელიც ცენტრალურ მექსიკაში, ქალაქ კერეტაროში ცხოვრობს: „ადრე ესპანურ ენაზე მოლაპარაკე მოწმეები მაკითხავდნენ, მაგრამ არ ვუსმენდი. როცა ჩემი ოჯახის წევრებს და მეგობრებს პრობლემები შეექმნათ, ცუდ დღეში ჩავვარდი. ღმერთს ვევედრებოდი, გამოსავალი დაენახვებინა ჩემთვის. ცოტა ხანში სახლში ინგლისურად მოლაპარაკე ქალბატონმა მომაკითხა. მან მკითხა, ოჯახში ვინმეს თუ გვესმოდა ინგლისური. ცნობისმოყვარეობამ მძლია და ვუთხარი, რომ მე ვლაპარაკობდი ინგლისურად. როცა საუბარი დამიწყო, ერთი კი გავიფიქრე, ნეტა ამ ამერიკელს აქ რა უნდა-მეთქი, მაგრამ გამახსენდა, რომ ღმერთს დახმარებას ვთხოვდი. ვიფიქრე, იქნებ სწორედ ეს არის-მეთქი ჩემს ლოცვებზე პასუხი“. გლორიამ დაიწყო ბიბლიის შესწავლა და ოჯახის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად მალევე მოინათლა. ამჟამად გლორია პიონერად მსახურობს და მისი ქმარ-შვილიც იეჰოვას ემსახურება.
ჯილდო მსახურების გაფართოებისთვის
მართალია იქ მსახურებას, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, თავისი სირთულეები ახლავს, მაგრამ კურთხევებიც ბევრია. სტატიის დასაწყისში მოხსენიებული რალფი ამბობს: „ბიბლიის შესწავლებს ვატარებდით ბრიტანელებთან, ჩინელებთან, იამაიკელებთან, შვედებთან და დიდგვაროვან განელებთან. ზოგმა მათგანმა სრული დროით მსახურებაც დაიწყო. წლების განმავლობაში ჩვენ თვალწინ შვიდი ინგლისური კრება ჩამოყალიბდა. ჩვენმა შვილებმა ჩვენთან ერთად დაიწყეს პიონერობა. დღეს კი ისინი შეერთებული შტატების ბეთელში მსახურობენ“.
დღესდღეობით მექსიკაში 88 ინგლისურენოვანი კრება და მრავალი ჯგუფია. რისი წყალობით გაიზარდა მათი რიცხვი? მექსიკაში მცხოვრებ ინგლისურად მოლაპარაკე მრავალ ადამიანს ადრე არასდროს შეხვედრიან იეჰოვას მოწმეები. ზოგი იმიტომ ისმენდა, რომ სამშობლოდან შორს მყოფნი ნაკლებ წინააღმდეგობას ხვდებოდნენ ახლობლებისგან. ზოგს კი პენსიაზე გასვლის შემდეგ გამოუჩნდა დრო სულიერ საკითხებზე ფიქრისთვის. გარდა ამისა, ინგლისურენოვან კრებებში მაუწყებელთა მესამედზე მეტი პიონერად მსახურობს. მათი ენთუზიაზმიც ხელს უწყობს კრებაში მაუწყებელთა ზრდას.
კურთხევები არ მოგაკლდებათ
ფაქტია, რომ მშობლიურ ენაზე სამეფოს შესახებ ცნობას სულ უფრო მეტი ადამიანი გამოეხმაურება. ამიტომ სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ სულიერად მოწიფული მრავალი და-ძმა, ახალგაზრდა თუ ხნიერი, დაუქორწინებელი თუ დაქორწინებული მზად არის, გადავიდეს იქ, სადაც სამეფოს მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. მართალია ისინი გარკვეულ სიძნელეებს ხვდებიან, მაგრამ გულწრფელი ადამიანების პოვნით განცდილი სიხარული ყველაფერს ფარავს. დაფიქრდით: იქნებ თქვენც შეგიძლიათ თქვენივე ან სხვა ქვეყანაში გადასვლა იმ ტერიტორიაზე, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა?a (ლუკ. 14:28—30; 1 კორ. 16:9). თუ ამას გააკეთებთ, კურთხევები არ მოგაკლდებათ.
[სქოლიო]
a დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“, გვერდები 111, 112.
[ჩარჩო 21 გვერდზე]
პენსიონერები ყურადღების ცენტრში
ბერილი ბრიტანეთიდან კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. ის რამდენიმე საერთაშორისო კომპანიის მენეჯერად მუშაობდა. ბერილი კარგი მოჯირითეც იყო და 1980 წლის ოლიმპიადაზე კანადის სახელითაც გამოვიდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ ის და მისი მეუღლე ჩაპალაში (მექსიკა) დასახლდნენ და ხშირად სადილობდნენ ადგილობრივ რესტორნებში. როცა დაინახავდა ინგლისურად მოლაპარაკე ხალისიან პენსიონერებს, ყოველთვის ეკითხებოდა, თუ რას აკეთებდნენ მექსიკაში. ეს ხალისიანი პენსიონერები თითქმის ყოველთვის იეჰოვას მოწმეები იყვნენ. ბერილმა და მისმა მეუღლემ იფიქრეს, თუ ღვთის გაცნობას ბედნიერება მოაქვს, რატომ უნდა ვთქვათ ამაზე უარიო. ბერილი რამდენიმე თვე ესწრებოდა ქრისტიანულ შეხვედრებს, რის შემდეგაც ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ის წლების მანძილზე პიონერად მსახურობდა.
[ჩარჩო 22 გვერდზე]
„ისინი ჩვენთვის კურთხევა არიან“
ადგილობრივი ძმები ძალიან აფასებენ იმ და-ძმებს, რომლებიც სამეფოს მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილების გამო მათ ტერიტორიაზე გადადიან. კარიბის კუნძულების ფილიალიდან ძმები წერდნენ: „თუ ასობით უცხოელი, რომელიც აქ მსახურობს, დატოვებს აქაურობას, ეს კრებების სტაბილურობაზე აშკარად უარყოფითად იმოქმედებს. ისინი ჩვენთვის კურთხევა არიან“.
ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ქალთა დიდი ლაშქარი აუწყებს სასიხარულო ცნობას“ (ფსალმ. 68:11). ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მრავალი დაუქორწინებელი და მსახურობს საზღვარგარეთ. ეს თავგანწირული დები მართლაც დიდ დახმარებას უწევენ კრებებს. აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ფილიალი ასეთ რამეს წერს: „მრავალ კრებაში მაუწყებლების უმეტესობა დები არიან, ზოგჯერ მათი რიცხვი 70 პროცენტს აღწევს. უმრავლესობა არცთუ ისე დიდი ხნის მონათლულია, მაგრამ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული დაუქორწინებელი პიონერი დები მათ თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ და ეხმარებიან. მათი აქ ყოფნა ჩვენთვის დიდი საჩუქარია!“
რას ამბობენ თავად ეს დები სხვა ქვეყანაში მსახურებაზე? „სირთულეები მართლაც ბევრია, — ამბობს 30 წელს გადაცილებული დაუქორწინებელი და ანჟელიკა, რომელიც წლების მანძილზე საზღვარგარეთ მსახურობდა პიონერად. — ერთ ტერიტორიაზე მსახურებისას, ტალახიან გზებზე მიწევდა სიარული. იქაური ხალხის ტანჯვის დანახვაზე გული მეწვოდა, მაგრამ მიხაროდა, რომ შემეძლო ამ ხალხს რაღაცით დავხმარებოდი. ადგილობრივი დები ხშირად მეუბნებოდნენ მადლობას, რომ მათ დასახმარებლად ჩავედი, რაც ძალიან მამხნევებდა. როდესაც ერთმა დამ დაინახა, რომ ჩემი ქვეყნიდან ამხელა მანძილზე ჩამოვედი მსახურებისთვის, მანაც დაიწყო სრული დროით მსახურება“.
სიუ, 50 წელს გადაცილებული პიონერი და, ამბობს: „იმ კურთხევების ფონზე, რომელიც მსახურებას მოაქვს, სირთულეები უკვე აღარაფრად გეჩვენება. მსახურება მართლაც განუმეორებელია! ახალგაზრდა დებთან ერთად ხშირად მიწევს ქადაგება. ამ დროს მათ ვუზიარებ საინტერესო აზრებს ბიბლიიდან და პუბლიკაციებიდან, მაგალითად, როგორ შეიძლება ამა თუ იმ პრობლემის მოგვარება. დები მეუბნებიან, რომ ჩემი შემხედვარე ისინიც ადვილად უმკლავდებიან სირთულეებს, რადგან ხედავენ, რომ უკვე მრავალი წელია ვმსახურობ პიონერად და პრობლემებს მარტო ვუმკლავდები. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ამ დების დახმარება“.
[რუკა 20 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
მექსიკა
მონტერეი
გუანახუატო
ირაპუატო
ახიხიკი
ჩაპალა
ტბა ჩაპალა
სან-მიგელ-დე-ალენდე
კერეტარო
მეხიკო
კანკუნი
[სურათი 23 გვერდზე]
ზოგიერთი ქადაგებს იმ უცხოელებთან, რომლებიც პირველად ისმენენ სასიხარულო ცნობას