შეგიძლია გადახვიდე „მაკედონიაში“?
1. რატომ წავიდნენ პავლე და მისი თანამგზავრები მაკედონიაში?
1 დაახლოებით ახ. წ. 49 წელს მოციქული პავლე სირიის ანტიოქიიდან მეორე მისიონერულ მოგზაურობაში გაემგზავრა. მას სურდა, მოენახულებინა ეფესო და მცირე აზიის სხვა ქალაქები. მაგრამ ხილვაში ვიღაც კაცი ეხვეწებოდა პავლეს: „ჩამოდი მაკედონიაში“. ის და მისი თანამგზავრები სიხარულით დასთანხმდნენ და იმ ტერიტორიაზე პირველი კრებაც ჩამოაყალიბეს (საქ. 16:9, 10; 17:1, 2, 4). დღეს მსოფლიოს მრავალ კუთხეში მომკელთა დიდი საჭიროებაა (მათ. 9:37, 38). შენც ხომ არ შეგიძლია დახმარება?
2. რატომ იკავებს ზოგი თავს სხვა ქვეყანაში გადასვლისგან?
2 შესაძლოა, პავლესავით შენც გაქვს მისიონერული სულისკვეთება, მაგრამ სხვა ქვეყანაში გადასვლაზე არასდროს გიფიქრია სერიოზულად. შეიძლება იმიტომ, რომ სკოლა „გალაადი“ შენთვის მიუწვდომელი ოცნებაა ასაკის ან იმის გამო, რომ მარტოხელა და ხარ ან არასრულწლოვანი შვილები გყავს. შესაძლოა, სხვა ქვეყანაში გადასვლისგან იმიტომაც იკავებ თავს, რომ ეჭვი გეპარება, შეძლებ თუ არა უცხო ენის ათვისებას. ან შეიძლება ეკონომიკური მდგომარეობის გამო სხვა ქვეყანაში გადასული ემიგრანტი ხარ და სამშობლოში დაბრუნებისგან თავს იკავებ. მაგრამ ამ საკითხზე ლოცვისა და ყველაფრის კარგად გაანალიზების შემდეგ დაინახავ, რომ მსგავსმა ფაქტორებმა ხელი არ უნდა შეგიშალოს იქ გადასვლაში, სადაც მაუწყებლებზე მეტი მოთხოვნილებაა.
3. რატომ არ არის აუცილებელი სპეციალური მომზადება იმისათვის, რომ წარმატებით იქადაგო სხვა ქვეყანაში?
3 აუცილებელია სპეციალური მომზადება? რატომ იყვნენ პავლე და მისი თანამგზავრები წარმატებული? ისინი მინდობილი იყვნენ იეჰოვასა და მის წმინდა სულზე (2 კორ. 3:1—5). ამიტომ, თუ მდგომარეობა ნებას არ გრთავს, გაიარო სპეციალური მომზადება, მაინც შეგიძლია წარმატებით იქადაგო სხვა ქვეყანაში. ისიც გახსოვდეს, რომ თეოკრატიული მსახურების სკოლაში და სამსახურებრივ შეხვედრებზე განუწყვეტლივ გადიხარ მომზადებას. თუ მიზნად გაქვს დასახული „გალაადში“ ან მსგავს სკოლაში სწავლა, სხვა ქვეყანაში გადასვლით მისიონერულ მსახურებას გაუსინჯავ გემოს და შეიძენ ფასდაუდებელ გამოცდილებას, რომელიც მოგვიანებით გამოგადგება, თუ დამატებითი მომზადების შესაძლებლობა მოგეცემა.
4. რატომ არ უნდა უკუაგდონ ასაკოვანმა და-ძმებმა სხვა ქვეყანაში მსახურების იდეა?
4 უფროსი ასაკის და-ძმები: სულიერად მოწიფულ უფროსი ასაკის და-ძმებს, თუ ჯანმრთელობა ხელს უწყობთ, შეუძლიათ ფასდაუდებელი დახმარება გაუწიონ ქვეყნებს, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. უკვე პენსიაზე ხართ? მათაც კი, ვისაც თავის ქვეყანაში შედარებით პატარა პენსია აქვთ, შეუძლიათ განვითარებად ქვეყნებში საკმაოდ კარგად იცხოვრონ და ჯანმრთელობაზეც იზრუნონ, იმიტომ რომ ფასები ყველაფერზე შედარებით დაბალია.
5. მოყევი პენსიონერი ძმის შემთხვევა, რომელიც სხვა ქვეყანაში გადავიდა.
5 ერთი პენსიონერი უხუცესი, პიონერი ძმა ინგლისურენოვანი ქვეყნიდან გადავიდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ ქვეყანაში, რათა ცხრა მაუწყებლისგან შემდგარ ინგლისურენოვან ჯგუფს დახმარებოდა. ეს ჯგუფი იქ მცხოვრებ 30 000 უცხოელთან ქადაგებდა. ორ წელიწადში კრების შეხვედრებს უკვე 50 კაცი ესწრებოდა. ამ ძმამ თქვა: „აქ გადმოსვლამ წარმოუდგენლად დიდი კურთხევები მომიტანა. ამ კურთხევებიდან ზოგიერთის მოსაყოლადაც კი არ მეყოფოდა დრო!“
6. მოყევი დის შემთხვევა, რომელიც გადავიდა ქვეყანაში, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო.
6 მარტოხელა დები: ისეთ ქვეყნებში, სადაც მაუწყებლების დიდი საჭიროებაა, სასიხარულო ცნობის გავრცელებაში დებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ (ფსალმ. 68:11). ერთ ახალგაზრდა დას მიზნად ჰქონდა დასახული, ემსახურა სხვა ქვეყანაში, მაგრამ მშობლებს აღელვებდათ, რამდენად უსაფრთხოდ იქნებოდა მათი შვილი იქ. ასე რომ, ამ დამ შეარჩია პოლიტიკურად და ეკონომიკურად სტაბილური ქვეყანა, მისწერა იმ ქვეყნის ფილიალს და მიიღო პრაქტიკული, კონკრეტული ინფორმაცია. ამ ქვეყანაში გატარებული ექვსი წლის განმავლობაში ის იეჰოვამ უხვად აკურთხა. ეს და იხსენებს: „ჩემს ქვეყანაში არც ისე ადვილი იყო ბიბლიის შესწავლების დაწყება. მაგრამ იქ მსახურებამ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, შესაძლებლობა მომცა, ჩამეტარებინა ბიბლიის მრავალი შესწავლა და უფრო დახვეწილი მასწავლებელი გავმხდარიყავი“.
7. მოყევი ოჯახის შემთხვევა, რომელიც სხვა ქვეყანაში გადავიდა.
7 ოჯახები: თუ შვილები გყავთ, ნიშნავს თუ არა ეს, რომ სხვა ქვეყანაში სასიხარულო ცნობის საქადაგებლად გადასვლაზე არ უნდა იფიქროთ? ერთმა წყვილმა, რომლებსაც 8 და 10 წლის შვილები ჰყავდათ, სცადა ამის გაკეთება. აი, რას წერს ამ ბავშვების დედა: „ჩვენ მართლაც მადლიერები ვართ, რომ ბავშვები ასეთ გარემოში გაიზარდნენ და სპეციალურ პიონერებთან და მისიონერებთან ჰქონდათ ურთიერთობა. ძალიან საინტერესო ცხოვრება გვქონდა, რადგან ვმსახურობდით იქ, სადაც მეტი მაუწყებელი იყო საჭირო“.
8. არის თუ არა შესაძლებელი სხვა ქვეყანაში მსახურება უცხო ენის სწავლის გარეშე? ახსენი.
8 საჭიროა სხვა ენის შესწავლა? სხვა ქვეყანაში გადასვლისგან იმიტომ ხომ არ იკავებ თავს, რომ უცხო ენის შესწავლა გაშინებს? შესაძლოა, შენს მშობლიურ ენაზე ლაპარაკობენ იმ ქვეყნებშიც, სადაც სამეფოს მქადაგებლებზე მოთხოვნილება დიდია. ერთი ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე წყვილი გადავიდა ესპანურენოვან ქვეყანაში, სადაც საკმაოდ ბევრი ინგლისურენოვანი იმიგრანტი ცხოვრობდა. ფილიალმა მათ მისწერა რამდენიმე ინგლისურენოვანი კრების შესახებ, რომელთაც დახმარება სჭირდებოდათ. ამ წყვილმა აირჩია ერთი ასეთი კრება და ორჯერ მივიდა იქ. შემდეგ დაბრუნდნენ სახლში, შეამცირეს თვიური ხარჯები და დაზოგეს ერთი წლის სამყოფი თანხა. როდესაც გადასასვლელად მზად იყვნენ, იმ ქვეყნის ძმები დაეხმარნენ, ეშოვათ შესაფერისი საცხოვრებელი.
9, 10. რაზე შეიძლება დაფიქრდნენ სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასულები და რატომ?
9 ემიგრანტები: შესაძლოა, ჭეშმარიტების გაგებამდე სხვა ქვეყანაში წახვედი საცხოვრებლად. შეიძლება შენს სამშობლოში მომკელების დიდი საჭიროებაა. ხომ არ იფიქრებდი მკის საქმეში დასახმარებლად უკან დაბრუნებაზე? შენთვის, ალბათ, ბევრად ადვილი იქნება სამუშაოსა და საცხოვრებლის შოვნა, ვიდრე უცხოელისთვის. თანაც მშობლიურ ენაზე უკვე ლაპარაკობ. ამასთანავე, ადამიანები სამეფოს შესახებ ცნობას შენგან უფრო მიიღებენ, ვიდრე სხვა ქვეყნიდან ჩასულისგან.
10 ერთი ალბანელი კაცი იტალიაში წავიდა როგორც ლტოლვილი. ამ ქვეყანაში მან კარგი სამუშაო იპოვა და ალბანეთში ოჯახს ფულს უგზავნიდა. მოგვიანებით მიიღო ჭეშმარიტება. შემდეგ ის ალბანურ ენას ასწავლიდა იტალიელ სპეციალურ პიონერებს, რომლებიც მსახურების გასაფართოებლად გადადიოდნენ იქ, სადაც მქადაგებლებზე მეტი მოთხოვნილება იყო. ეს ძმა წერს: „ისინი იქ მიდიოდნენ საიდანაც მე გამოვიქეცი. მიუხედავად იმისა, რომ ენა არ იცოდნენ, მოუთმენლად ელოდნენ ალბანეთში გამგზავრებას. მე კი ალბანელი ვიყავი და ენაც ვიცოდი. რას ვაკეთებდი იტალიაში?“ ამ ძმამ გადაწყვიტა, დაბრუნებულიყო ალბანეთში და სასიხარულო ცნობა ექადაგა. ის ყვება: „ვნანობ, რომ იტალიაში მუშაობასა და ფულის შოვნაზე უარი ვთქვი? ერთი წამითაც არა. ალბანეთში მართლაც ღირსეული სამუშაო ვიშოვე. ჩემი აზრით სამუშაო, რომელიც ნამდვილად ღირებულია და უწყვეტი სიხარული მოაქვს, იეჰოვასადმი მსახურებაა იმით, რაც გაქვს“.
11, 12. რა უნდა გააკეთონ მათ, ვინც სხვა ქვეყანაში გადასვლაზე ფიქრობს?
11 როგორ გავაკეთო ეს: მაკედონიაში წასვლამდე პავლე და მისი თანამგზავრები დასავლეთისკენ გამგზავრებას ფიქრობდნენ, მაგრამ „წმინდა სულმა . . . აუკრძალა“, ამიტომ მათ ჩრდილოეთისკენ აიღეს გეზი (საქ. 16:6). როდესაც ბითინიას მიუახლოვდნენ, იესომ არ გაუშვა ისინი (საქ. 16:7). იეჰოვა იესოს მეშვეობით დღესაც განაგრძობს სამქადაგებლო საქმიანობის ხელმძღვანელობას (მათ. 28:20). ამიტომ, თუ მსახურების გასაფართოებლად სხვა ქვეყანაში გადასვლაზე ფიქრობ, ილოცე და იეჰოვას ხელმძღვანელობა სთხოვე (ლუკ. 14:28—30; იაკ. 1:5; იხილე ჩარჩო „როგორ შეგიძლია განსაზღვრო არის თუ არა მქადაგებლების საჭიროება ქვეყანაში, რომელში გადასვლაზეც ფიქრობ?“).
12 შენი კრების უხუცესებსა და სხვა მოწიფულ ქრისტიანებს სთხოვე, გულწრფელად გითხრან, რას ფიქრობენ ამის შესახებ (იგავ. 11:14; 15:22). ჩვენს პუბლიკაციებში მოძებნე სტატიები სხვა ქვეყანაში მსახურების შესახებ; აგრეთვე მოიძიე ინფორმაცია იმ ქვეყნის შესახებ, სადაც წასვლაზე ფიქრობ. საბოლოო გადასვლამდე რამდენიმე დღით ხომ არ ჩახვიდოდი იქ? თუ სხვა ქვეყანაში გადასვლაზე სერიოზულად ფიქრობ, კარგი იქნებოდა დამატებითი ინფორმაცია გეთხოვა იქაური ფილიალისთვის. ფილიალების მისამართები შეგიძლია ნახო უახლეს „წელიწდეულში“. მაგრამ ამ წერილის პირდაპირ ფილიალში გაგზავნის ნაცვლად, გადაეცი ის შენი კრების უხუცესებს, რომლებიც გაგზავნამდე შენს წერილს თავიანთ კომენტარებს დაურთავენ (იხილე წიგნი „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“, გვერდები 111, 112).
13. რაში დაგეხმარება ფილიალი, მაგრამ რაზე უნდა იზრუნო შენ?
13 ფილიალი გამოგიგზავნის საჭირო ინფორმაციას, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება, მაგრამ ის საკუთარ თავზე არ აიღებს შუამავლის როლს ქვეყანაში ცხოვრების ნებართვის, ვიზისა თუ სხვა იურიდიული საკითხების თაობაზე; ის არც შენ დაბინავებაზე იზრუნებს. ეს ყველაფერი პირადად შენი საზრუნავია და კარგად უნდა გამოიკვლიო მანამ, სანამ გადახვალ. გარდა ამისა, თავად უნდა დაუკავშირდე საელჩოს ან საკონსულოს, რათა გაიგო ინფორმაცია ვიზის თაობაზე და იმის შესახებ, გექნება თუ არა იქ მუშაობის უფლება. სხვა ქვეყანაში გადასვლის მსურველებმა პირად მოთხოვნილებებსა და იურიდიულ საკითხებზე თავად უნდა იზრუნონ (გალ. 6:5).
14. რა უნდა გაითვალისწინო, როდესაც სტუმრობ ან მსახურებისთვის გადადიხარ ქვეყანაში, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალულია?
14 ქვეყნები, სადაც მსახურება აკრძალულია: ზოგ ქვეყანაში ადგილობრივი და-ძმები მსახურებისას დიდ სიფრთხილეს იჩენენ (მათ. 10:16). მაუწყებლებმა, რომლებიც სტუმრად ჩადიან ან მსახურებისთვის გადადიან ასეთ ქვეყნებში, წინდაუხედაობის გამო შეიძლება ჩვენი საქმიანობა სხვების ყურადღების ცენტრში მოაქციონ და ამგვარად ადგილობრივ ძმებს საფრთხე შეუქმნან. თუ ერთ-ერთ ასეთ ქვეყანაში გადასვლაზე ფიქრობ, შენი კრების უხუცესების მეშვეობით მისწერე ადგილობრივ ფილიალს.
15. როგორ შეუძლიათ მათ, ვისაც მდგომარება სხვა ქვეყანაში გადასვლის ნებას არ რთავს, ადგილობრივად გააფართოონ მსახურება?
15 თუ ვერსად გადადიხარ: თუ საქადაგოდ სხვა ქვეყანაში ვერ გადადიხარ, გული არ გაიტეხო. შეიძლება შენთვის „მოღვაწეობისთვის [სხვა] დიდი კარი გაიღოს“ (1 კორ. 16:8, 9). შენმა სარაიონო ზედამხედველმა შეიძლება იცის შენი საცხოვრებელი ადგილიდან არც ისე შორს, სად არის მქადაგებლებზე მეტი მოთხოვნილება. იქნებ დახმარებოდი მეზობელ უცხოენოვან კრებას ან ჯგუფს. ან იქნებ შენსავე კრებაში გააფართოო მსახურება. მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რის საშუალებას გაძლევს მდგომარეობა, არამედ ის, რომ მთელი გულით სცე თაყვანი ღმერთს (კოლ. 3:23).
16. როგორ უნდა ვრეაგირებდეთ, როდესაც თანაქრისტიანს მსახურებისთვის სხვა ქვეყანაში გადასვლა სურს?
16 იცნობ, სულიერად მოწიფულ ქრისტიანს, რომელსაც სხვა ქვეყანაში მსახურება აქვს მიზნად დასახული? თუ დიახ, მხარში ამოუდექი მას და გაამხნევე. პავლეს დროს სირიის ანტიოქია რომის იმპერიაში სიდიდით მესამე ქალაქი იყო (რომისა და ალექსანდრიის შემდეგ). ანტიოქიის კრებას ასეთი დიდი ტერიტორიის დასამუშავებლად ალბათ სჭირდებოდა პავლეს დახმარება და მათ ძალიან დააკლდებოდათ მოციქული. მაგრამ ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ ძმები სთხოვდნენ, არ წასულიყო ის. როგორც ჩანს, მათ ესმოდათ, რომ „მინდორი ქვეყნიერებაა“ და არა მხოლოდ მათი ქალაქი (მათ. 13:38).
17. რა მიზეზები არსებობს იმისათვის, რომ გადახვიდე „მაკედონიაში“?
17 ღმერთმა პავლე და მისი თანამგზავრები უხვად აკურთხა იმისათვის, რომ გამოეხმაურნენ მოწვევას და ჩავიდნენ მაკედონიაში. მაკედონიის ქალაქ ფილიპეში ყოფნისას მათ იპოვეს ლიდია, რომელსაც „იეჰოვამ . . . გული გაუხსნა, რომ ყურადღებით მოესმინა პავლეს ნათქვამი“ (საქ. 16:14). წარმოიდგინეთ პავლესა და მისი თანამგზავრების სიხარული, როდესაც ლიდია და მთელი მისი ოჯახი მოინათლა! მრავალ ქვეყანაში არიან ლიდიას მსგავსი გულწრფელი ადამიანები, რომელთაც ჯერ არ სმენიათ სამეფოს შესახებ ცნობა. თუ გადახვალ „მაკედონიაში“, თავადაც გამოცდი მათი პოვნითა და დახმარებით გამოწვეულ სიხარულს.
[ჩარჩო 5 გვერდზე]
როგორ შეგიძლია განსაზღვრო არის თუ არა მქადაგებლების საჭიროება ქვეყანაში, რომელში გადასვლაზეც ფიქრობ?
• გადახედე უახლეს „წელიწდეულს“. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე „შეფარდებას ერთ მაუწყებელზე“.
• „საძიებლის“ დახმარებით იპოვე ამ ქვეყნის შესახებ სტატიები და შემთხვევები.
• ესაუბრე მაუწყებლებს, რომლებიც ნამყოფი არიან ან უცხოვრიათ იქ.
• თუ ისეთ ქვეყანაში გადასვლაზე ფიქრობ, სადაც შენს მშობლიურ ენაზე შეგეძლება ქადაგება, მოიძიე ინფორმაცია, მაგალითად, ინტერნეტის დახმარებით, და გაიგე, რამდენი ადამიანი ლაპარაკობს იქ შენს ენაზე.