მცდარი შეხედულება 3: ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდის
საიდან წარმოიშვა? იესოს მოციქულების სიკვდილის შემდეგ ახ. წ. II საუკუნის დასაწყისში ასპარეზზე პირველი ეკლესიის მამები გამოვიდნენ. ერთ ენციკლოპედიაში მათ სწავლებებთან დაკავშირებით ნათქვამია: „მოძღვრების მთავარი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ სიკვდილის შემდეგ განწმენდის პროცედურების დასასრულს სხეულს განშორებული სული ზეციურ ნეტარებას ეზიარება“ (New Catholic Encyclopedia, 2003, ტ. VI, გვ. 687).
რას ამბობს ბიბლია? „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათე 5:5).
მართალია იესო თავის მოწაფეებს დაჰპირდა, რომ ზეცაში ადგილს მოუმზადებდა, მაგრამ ამით იმის თქმა არ უნდოდა, რომ ყველა მართალი ადამიანი სიკვდილის შემდეგ ზეცაში წავიდოდა (იოანე 3:13; 14:2, 3). იესო ლოცულობდა, რომ ღვთის ნება შესრულებულიყო „როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10). სინამდვილეში, მართლებისთვის ღმერთს ორი ჯილდო აქვს გამზადებული. მათი მცირე ნაწილი ქრისტესთან ერთად იმეფებს ზეცაში, ხოლო უმეტესობა დედამიწაზე იცხოვრებს მარადიულად (გამოცხადება 5:10).
დროთა განმავლობაში ადრეულმა ეკლესიამ ახლებურად დაიწყო დედამიწაზე თავისი როლის ახსნა. რა მოჰყვა ამას შედეგად? „გაბატონებული ეკლესია თანდათან ჩაენაცვლა ღვთის სამეფოს, რომელსაც ხალხი ელოდა“, — ნათქვამია „ახალ ენციკლოპედია ბრიტანიკაში“. ძალაუფლების განსამტკიცებლად ეკლესიამ დაიწყო პოლიტიკაში ჩარევა და დაივიწყა იესოს მითითება, რომ მისი მიმდევრები არ უნდა ყოფილიყვნენ „ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 15:19; 17:14—16; 18:36). რომის იმპერატორ კონსტანტინეს გავლენით ეკლესიამ დაამახინჯა ქრისტეს ზოგი სწავლება. მათ შორის იყო სწავლება ღვთის ბუნების შესახებ.
წაიკითხეთ შემდეგი ბიბლიური მუხლები: ფსალმუნი 37:10, 11, 29; იოანე 17:3; 2 ტიმოთე 2:11, 12.
სინამდვილეში:
კარგი ადამიანების უმეტესობა მარადიულად იცხოვრებს დედამიწაზე და არა ზეცაში
[სურათის საავტორო უფლება 6 გვერდზე]
Art Resource, NY