ასწავლეთ შვილებს
იერემიამ ფარ-ხმალი არ დაყარა
ყოფილხარ ოდესმე გულგატეხილი და დაგკარგვია საქმის ბოლომდე მიყვანის სურვილი? ~a მრავალს დამართვია მსგავსი რამ. ამ მხრივ არც ახალგაზრდა იერემია იყო გამონაკლისი. თუმცა მას ფარ-ხმალი არ დაუყრია. მან არ დაუშვა, რომ სხვებს გავლენა მოეხდინათ მასზე და მსახურება შეეწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ იერემია ღვთის გამორჩეული მსახური იყო, მან კინაღამ უარი თქვა ღვთის დავალების შესრულებაზე.
იეჰოვამ იერემია თავის წინასწარმეტყველად მანამდე აირჩია, სანამ დაიბადებოდა. იერემიას უნდა გაეფრთხილებინა ხალხი, რომ ღვთის ნების თანახმად მოქცეულიყვნენ. იცი, რა უთხრა იერემიამ იეჰოვას? ~ „არ ვიცი, როგორ ვილაპარაკო, მე ხომ ყმაწვილი ვარ“.
როგორ ფიქრობ, რა უპასუხა იეჰოვამ იერემიას? ~ იეჰოვამ თბილად, მაგრამ მტკიცედ უთხრა: „ნუ ამბობ, ყმაწვილი ვარო, რადგან ყველასთან უნდა წახვიდე, ვისთანაც გაგგზავნი, და ყველაფერი უნდა ილაპარაკო, რასაც გიბრძანებ. ნუ შეგაშინებს მათი სახეები, რადგან შენთანა ვარ, რომ გიხსნა“ (იერემია 1:4—8).
ამ გამამხნევებელი სიტყვების მიუხედავად, იერემიამ მოგვიანებით მაინც დაკარგა მსახურების ხალისი იმიტომ, რომ ხალხი დასცინოდა. მან თქვა: „მთელი დღე სასაცილოდ მიგდებენ, ყველა დამცინის“. იერემიამ გადაწყვიტა, ღვთის შესახებ აღარ ელაპარაკა: „ვთქვი, აღარ ვახსენებ მას [იეჰოვას] და მისი სახელით აღარ ვილაპარაკებ-მეთქი“. სინამდვილეში შეწყვიტა იერემიამ ქადაგება?
მან თქვა: „ძვლებში დამწყვდეული ცეცხლივით ამიგიზგიზდა ის [ღვთის სიტყვა] გულში; დავიღალე მისი დაოკებით და ვეღარ მოვითმინე“ (იერემია 20:7—9). იერემია ზოგჯერ გულგატეხილობას გრძნობდა, მაგრამ იეჰოვას სიყვარული აღძრავდა, გაეგრძელებინა ქადაგება. ვნახოთ, როგორ დაიცვა იეჰოვამ იერემია იმის გამო, რომ მის შესახებ საუბარი არ შეწყვიტა.
იეჰოვამ უთხრა იერემიას, გაეფრთხილებინა ხალხი იმის შესახებ, რომ იერუსალიმი განადგურდებოდა, თუ ისინი ბოროტი გზით სიარულს არ შეწყვეტდნენ. როდესაც მან ხალხს ღვთის განაჩენი გადასცა, ისინი განრისხდნენ და თქვეს: „ეს კაცი სიკვდილს იმსახურებს“. მიუხედავად ამისა, იერემია მათ კვლავ სთხოვდა, რომ ‘დამორჩილებოდნენ იეჰოვას ხმას’. შემდეგ მან უთხრა ხალხს: „ოღონდ იცოდეთ, რომ თუ მომკლავთ, უდანაშაულო სისხლს დაიდებთ . . . რადგან ნამდვილად იეჰოვამ გამომგზავნა თქვენთან ყველა ამ სიტყვის სათქმელად“. იცი, რა მოხდა შემდეგ? ~
ბიბლიაში ნათქვამია: «მთავრებმა და მთელმა ხალხმა უთხრეს მღვდლებსა და წინასწარმეტყველებს: „ეს კაცი არ იმსახურებს სიკვდილს, რადგან ჩვენი ღვთის, იეჰოვას სახელით გველაპარაკება“». როგორც ვხედავთ, იეჰოვამ დაიცვა იერემია, რადგან ის არ შეშინდა და ქადაგება არ შეწყვიტა. ახლა ვნახოთ, რა დაემართა იეჰოვას სხვა წინასწარმეტყველს, ურიას, რომელიც სხვაგვარად მოიქცა.
ბიბლიაში ნათქვამია, რომ ურია იერემიას მსგავსად იერუსალიმის განადგურებაზე წინასწარმეტყველებდა. იცი, ურია როგორ მოიქცა, როცა მეფე იეჰოიაკიმი განრისხდა მასზე? ~ ის შეშინდა, ქადაგება შეწყვიტა და ეგვიპტეში გაიქცა. მეფემ კაცები გაგზავნა მის მოსაყვანად. როგორ მოექცა ურიას მეფე? ~ მან ის მახვილით მოკლა! (იერემია 26:8—24).
იეჰოვამ იერემია დაიცვა, ურია კი — არა. იცი, რატომ? ~ მართალია ორივე შეშინდა, მაგრამ ურიასგან განსხვავებით იერემიას არ შეუწყვეტია მსახურება და არსად გაქცეულა. მან არ დაყარა ფარ-ხმალი. რისი სწავლა შეგვიძლია იერემიას მაგალითიდან? ~ ზოგჯერ შეიძლება ღვთის ნების თანახმად მოქცევა რთული იყოს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა მივენდოთ იეჰოვას და დავემორჩილოთ მას.
[სქოლიო]
a ბავშვთან ამ სტატიის კითხვის დროს ტილდასთან პაუზა გააკეთეთ და აღძარით ის, თავისი აზრი გამოთქვას.
კითხვები:
○ რა საქმის შესასრულებლად აირჩია ღმერთმა იერემია?
○ რატომ დაკარგა იერემიამ მსახურების ხალისი?
○ რატომ დაიცვა იეჰოვამ იერემია, ხოლო ურია — არა?
○ რისი სწავლა შეგიძლია იერემიას მაგალითიდან?