მკითხველები გვეკითხებიან
უნდა გავერთიანდე რომელიმე რელიგიაში?
▪ რომელიმე რელიგიაში გაერთიანებას იმის გამო ხომ არ ერიდებით, რომ გაოგნებული ხართ მორწმუნეების ან თუნდაც სასულიერო პირების თვალთმაქცობითა და მათ შორის არსებული განხეთქილებით? თუ ასეა, შესაძლოა თქვენც დაეთანხმებით ერთ ფრანგულ ანდაზას: „ვინც ეკლესიასთან ახლოა, ის ხშირად შორსაა ღვთისგან“.
შეიძლება აფასებთ ბიბლიას და ფიქრობთ, რომ სახელმწიფოები და ადამიანები პატივს უნდა სცემდნენ ადამიანის უფლებას, იყოს რომელიმე რელიგიის მიმდევარი. ალბათ გაინტერესებთ, ნამდვილად ამბობს ღმერთი იმას, რომ აუცილებლად რომელიმე რელიგიაში უნდა გაერთიანდეს ის, ვისაც სურს, ღმერთს მისთვის მოსაწონი სახით სცეს თაყვანი?
მოკლედ რომ ვთქვათ, დიახ. რატომ შეგვიძლია ამის დარწმუნებით თქმა? ყველა რელიგია მოსაწონია ღვთისთვის?
დავფიქრდეთ იესოს მაგალითზე. მიეკუთვნებოდა ის რომელიმე რელიგიას? ბავშვობაში იესო ღვთის თაყვანსაცემად იერუსალიმის ტაძარში დადიოდა იუდეველ მშობლებთან და მათთან ერთად, ვისაც იქ სიარული წესად ჰქონდა (ლუკა 2:41—43). როცა გაიზარდა, იესო იუდეველებთან ერთად ადგილობრივ სინაგოგაში სცემდა ღმერთს თაყვანს (ლუკა 4:14—16). ერთხელ იესომ ერთ ქალს, რომელსაც სხვა რწმენა ჰქონდა, უთხრა: „ჩვენ ვიცით, რას ვცემთ თაყვანს“ (იოანე 4:22). აქ იესომ საკუთარი თავი აშკარად იუდეველთა რელიგიას მიაკუთვნა.
მოგვიანებით, იესომ თქვა, რომ ღმერთი უარყოფდა იუდეველთა შებღალულ თაყვანისმცემლობას, რადგან იუდეველმა ერმა უარყო ის, როგორც მესია (მათე 23:33—24:2). თუმცა იესომ მიანიშნა, რომ რელიგიურ ჯგუფში უნდა ყოფილიყო გაერთიანებული ის, ვისაც სურდა, ღვთისთვის მისაღები სახით ეცა თაყვანი. მან თავის მოწაფეებს უთხრა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:35). როგორ გამოავლენდა ქრისტეს მოწაფე თანამორწმუნეების მიმართ სიყვარულს, თუ მათთან ურთიერთობა არ ექნებოდა? იესომ არაორაზროვნად აღნიშნა, რომ არსებობდა მხოლოდ ორი გზა. ერთ-ერთ მათგანზე მან თქვა: „განიერი და ფართოა გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს“. მეორე გზის შესახებ კი აღნიშნა: „ვიწროა ჭიშკარი და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს, და ცოტანი პოვებენ მას“ (მათე 7:13, 14).
იესოს სიტყვებიდან გამომდინარე, ღმერთი არ იწონებს ყველა რელიგიას. ბიბლია გვაფრთხილებს, არ შევუერთდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც „გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე“. ღვთის სიტყვაში შემდგომ ნათქვამია: „ასეთებს ზურგი აქციე“ (2 ტიმოთე 3:5). ამის საპირისპიროდ, დიდ ბედნიერებას მოგვიტანს ის, თუ ამოვიცნობთ იმ ხალხს და ურთიერთობა გვექნება მათთან, ვინც სიცოცხლის გზაზე დადის; ამგვარად, ჩვენ დღესვე ვმხნევდებით, ვძლიერდებით და მომავალს იმედის თვალით ვუყურებთ (ებრაელები 10:24, 25).
როგორ უნდა განსაზღვროთ, რომელი რელიგიის მიმდევრები დადიან ვიწრო გზაზე? წაიკითხეთ მე-15 თავი წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“a. იქ მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ, გააზრებული არჩევანი გააკეთოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ რელიგიურ ორგანიზაციას შეუერთდეთ.
[სქოლიო]
a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.