დაეხმარე გამოუცდელებს, გაიგონ
1 მოწაფეების მომზადებით ვასწავლით სხვებს, რას მოითხოვს ღმერთი მათგან (მათ. 28:19, 20). ამის გაკეთებას უდიდეს ძალისხმევას ახმარს ხუთ მილიონზე მეტი მოწმე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. წარმატება არ განისაზღვრება საათების, დატოვებული ლიტერატურის ან ბიბლიის შესწავლების რაოდენობის მიხედვით. ჩვენს მიზანს ვაღწევთ, როცა ადამიანებს ესმით, რასაც ვეუბნებით და მის თანახმად მოქმედებენ.
2 სხვების სულიერად დახმარება მოიცავს იმას, რომ ‘გააგებინო გამოუცდელებს’ (ფსალმ. 118:130, აქ). შესწავლილი მხოლოდ მაშინ ეხება ადამიანების გულს და მხოლოდ მაშინ აღძრავს მათ, როცა ‘იგებენ’ (მათ. 15:10). ჩვენი საქმიანობის გაფართოებასა და ინტენსიურობის გაზრდასთან ერთად უფრო და უფრო მეტად ვხვდებით საუბრისა და სწავლების უბრალოების აუცილებლობას. სწორედ ამიტომ გამოაქვეყნა საზოგადოებამ ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ ის შეიცავს ბიბლიის საწყისი სწავლებების ამომწურავი შესწავლის კურსს. მოკლე გაკვეთილები, მარტივი სიტყვები და ადვილად მისახვედრი მითითებები ბროშურას მიმზიდველობას ჰმატებს.
3 ეს ბროშურა აპრილისა და მაისის თვეების განმავლობაში ჟურნალებთან ერთად გავრცელდება. რეკომენდირებულია, რომ ყოველკვირეული მსახურების დაგეგმვისას ორგანიზება გაუკეთო ჟურნალების შეთავაზებას შაბათობით, კვირის დანარჩენ დღეებში კი ბროშურა ჩართო მსახურებაში. ბროშურა მიუტანე მათ, რომლებმაც უკვე გამოავლინეს ინტერესი. გახსოვდეს, რომ ეს განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ბავშვების, უცხოენოვანებისა და კითხვის შეზღუდული უნარის მქონე ადამიანების სწავლებისთვის.
4 გამოიყენე უბრალო შეთავაზება. როცა სთავაზობ ბროშურას — „რას მოითხოვს“ — მიმართე მე-2 გვერდს, სადაც ახსნილია, რომ „ეს ბროშურა განკუთვნილია ბიბლიის შესწავლის კურსის ჩასატარებლად“. მიუთითე მე-3 გვერდზე მოცემულ მე-3 აბზაცზე, რათა აჩვენო, რატომ საჭიროებს პიროვნება ბიბლიის შესწავლას. ინტერესი გაუღვიძე რომელიმე გაკვეთილის სათაურით, რომელიც მარტივად ხსნის ბიბლიურ ჭეშმარიტებებს. აჩვენე, როგორ ხდის ბროშურა შესწავლას სასიამოვნოს და შესთავაზე პირადი დახმარება.
5 წარმატებულად ჩაატარე შესწავლა. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ შესწავლების ჩატარებაა, არამედ იმის სურვილი, რომ მოწაფეებად გავხადოთ ისინი, რომლებიც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მტკიცე მხარდამჭერები გახდებიან. ბროშურის შესწავლის დამთავრება შეიძლება რამდენიმე კვირაში და შესწავლა უნდა გაგრძელდეს წიგნით „შემეცნება“ (იხილე სქოლიო 31-ე გვერდზე). დასაწყისიდანვე დაეხმარე ბიბლიის შემსწავლელს, ამოიცნოს იეჰოვას ორგანიზაცია (იხილე ბროშურა „იეჰოვას მოწმეები გაერთიანებულად ასრულებენ ღვთის ნებას მთელ მსოფლიოში“ [რუს.]). ყურადღება გაამახვილე, თუ რამდენად ძვირფასია კრების შეხვედრები და ახსენი, რომ მათზე დასწრება ამომწურავად გვაგებინებს, როგორ ვცეთ თაყვანი ჭეშმარიტად (ებრ. 10:24, 25).
6 სრული მონაწილეობა ამ განსაკუთრებულ საქმეში აპრილისა და მაისის თვეების განმავლობაში ჭეშმარიტ სიხარულს მოგვანიჭებს, რადგან დავეხმარებით გულწრფელებს — ‘შეიძინონ გონიერება’, რომელსაც მარადიულ სიცოცხლემდე მიჰყავს (იგავ. 4:5).