როგორ გამოვიყენოთ ბროშურა „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“?
ამ ბროშურის მიზანია, დაგვეხმაროს განმეორებითი მონახულებების გაკეთებასა და ბიბლიის შესწავლის დაწყებაში
1. საოლქო კონგრესზე „გულს გაუფრთხილდი!“ გამოცემული რომელი ბროშურა გვეხმარება განმეორებითი მონახულებების გაკეთებასა და ბიბლიის შესწავლის დაწყებაში?
1 ძალიან გაგვიხარდა, როდესაც საოლქო კონგრესზე „გულს გაუფრთხილდი!“ მივიღეთ ახალი ბროშურა, რომელიც დაგვეხმარება განმეორებითი მონახულებების გაკეთებასა და ბიბლიის შესწავლის დაწყებაში. ბროშურამ „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“ ჩაანაცვლა ბროშურა „რას მოითხოვს“. მათ შორის მსგავსება ის არის, რომ ორივეში მოკლე გაკვეთილებია მოცემული, რაც საშუალებას გვაძლევს, ბროშურით ბიბლიის შესწავლა კართან ჩავატაროთ. ბროშურაში „რას მოითხოვს“ განხილულია ქრისტიანებისთვის მოთხოვნები, რომელთა გათავისება ბიბლიის ახალი შემსწავლელისთვის, შესაძლოა, რთული იყოს; ახალ ბროშურაში კი ყურადღება გამახვილებულია ბიბლიაში მოცემულ სასიხარულო ცნობაზე (საქ. 15:35).
2. რატომ გამოიცა ბროშურა „სასიხარულო ცნობა“?
2 რატომ გამოიცა ეს ბროშურა? მთელ მსოფლიოში ძმებს სურდათ, ჰქონოდათ ისეთი მარტივი პუბლიკაცია, რომელიც ადამიანებს მიიზიდავდა ჭეშმარიტებისკენ და რომლის მეშვეობით გადავიდოდნენ ბიბლიის შესწავლისთვის განკუთვნილ ძირითად სახელმძღვანელოზე „რას გვასწავლის ბიბლია?“. ისინი, ვინც თავს იკავებენ, ბიბლიის შესწავლა დაიწყონ წიგნით, ხშირად უარს არ ამბობენ, შესწავლა დაიწყონ ბროშურით. გარდა ამისა, ადვილია ამ ბროშურის მრავალ ენაზე თარგმნა.
3. რით განსხვავდება ეს ბროშურა ბიბლიის შესასწავლი სხვა პუბლიკაციებისგან?
3 როგორ არის შედგენილი. შესასწავლი პუბლიკაციების უმრავლესობა ისეა შედგენილი, რომ მკითხველს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს ჭეშმარიტება სხვისი დახმარების გარეშეც. ეს პუბლიკაცია განსხვავებულია. ის ისეა შედგენილი, რომ ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად საჭიროა მასწავლებელი. როდესაც ვინმეს სთავაზობ ამ ბროშურას, კარგია თუ განიხილავ ერთ ან ორ აბზაცს. აბზაცები მოკლეა, ასე რომ შესაძლებელია მათი კართან ან სამუშაო ადგილას განხილვაც. ბიბლიის შესწავლის დასაწყებად კარგია, თუ პირველ გაკვეთილს გამოიყენებ, თუმცა შესწავლა შეგიძლია ბროშურაში მოცემული ნებისმიერი გაკვეთილით დაიწყო.
4. როგორ გვეხმარება ბროშურა, რომ პირდაპირ ბიბლიით ვასწავლოთ?
4 ბევრ ჩვენს პუბლიკაციაში კითხვებზე პასუხები აბზაცებშია მოცემული. თუმცა ამ სახელმძღვანელოში პასუხებს ძირითადად, ბიბლია სცემს. ადამიანთა უმეტესობას სურს, ისწავლოს ბიბლიიდან და არა ჩვენი ლიტერატურიდან. ამიტომ ამ ბროშურაში თითქმის არც ერთი მუხლი არ არის ციტირებული. ისინი უშუალოდ ბიბლიიდან უნდა ამოიკითხო. ასეთი სახით ბიბლიის შემსწავლელები დაინახავენ, რომ სწავლობენ ღვთისგან მომდინარე აზრებს (ეს. 54:13).
5. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მასწავლებელი კარგად მოემზადოს შესწავლისთვის?
5 ბროშურაში ყველა მუხლი არ არის ახსნილი. ის აღძრავს შემსწავლელს, დასვას კითხვები და მასწავლებელს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს სწავლების უნარი. ამიტომ მნიშვნელოვანია შესწავლისთვის კარგად მომზადება. გახსოვდეს, არ ილაპარაკო ძალიან ბევრი. ჩვენ გვიყვარს წმინდა წერილების ახსნა, მაგრამ უფრო მეტს მივაღწევთ, თუ შემსწავლელს მივცემთ საშუალებას, თქვას, თავად როგორ ესმის ბიბლიური მუხლი. თუ ტაქტიანად დავსვამთ კითხვებს, ჩვენ დავეხმარებით შემსწავლელს, იმსჯელოს თითოეული მუხლის მნიშვნელობაზე (საქ. 17:2).
6. როგორ გამოვიყენოთ ბროშურა: ა) სადაც ხალხი სკეპტიკურადაა განწყობილი ღვთისა და ბიბლიისადმი, ბ) კარდაკარ, გ) პირდაპირ ბიბლიის შესწავლის შეთავაზებისას და დ) განმეორებითი მონახულებების გაკეთებისას?
6 ბიბლიის შესასწავლი სხვა პუბლიკაციების მსგავსად, ამ ბროშურის შეთავაზება შეიძლება ნებისმიერ დროს, იმის მიუხედავად, თუ რა ვრცელდება იმ თვეში. მისი მეშვეობით ბევრს გაუადვილდება ბიბლიის შესწავლის დაწყება პირდაპირ კართან. გარდა ამისა, როგორც საოლქო კონგრესზე იყო აღნიშნული, „ეს ნამდვილად დაგეხმარება განმეორებითი მონახულებების საინტერესოდ წარმართვაში“ (იხილე ჩარჩოები 5—7 გვერდებზე).
7. როგორ შეგიძლია ჩაატარო ბიბლიის შესწავლა ამ ბროშურით?
7 როგორ ჩავატაროთ შესწავლა. წაიკითხე მუქი შრიფტით დაბეჭდილი დანომრილი კითხვა და დაიწყე განხილვა. შემდეგ წაიკითხე აბზაცი და დახრილი შრიფტით დაწერილი მუხლ(ებ)ი. ტაქტიანად დასვი კითხვები, რათა დაეხმარო მობინადრეს, გაიგოს მუხლების მნიშვნელობა. შემდეგ დანომრილ კითხვაზე გადასვლამდე სთხოვე მობინადრეს, უპასუხოს მუქი შრიფტით დაბეჭდილ კითხვას, რათა დარწმუნდე, გაიგო თუ არა წაკითხული. პირველი რამდენიმე მონახულებისას, შესაძლოა კარგი იყოს მუქი შრიფტით დაბეჭდილი მხოლოდ ერთი კითხვის განხილვა. დროთა განმავლობაში შეიძლება ერთ ჯერზე მთლიანი გაკვეთილიც კი განიხილო.
8. როგორი შესავალი უნდა გავუკეთოთ წასაკითხ მუხლებს და რატომ?
8 მითითებული მუხლები, რომლებსაც წინ წამძღვარებული აქვთ სიტყვა „წაიკითხეთ“, უშუალოდ სცემს პასუხს მუქი შრიფტით დაბეჭდილ კითხვას. როცა შესავალს უკეთებ წასაკითხ მუხლებს, ერიდე ასეთ ფრაზებს: „მოციქულმა პავლემ დაწერა“ ან „ნახეთ, რა იწინასწარმეტყველა იერემიამ“. მობინადრემ შეიძლება იფიქროს, რომ ჩვენ ადამიანების აზრებს ვუკითხავთ. უკეთესია, თუ იტყვი: „ღვთის სიტყვა ამბობს“ ან „ნახეთ, რას წინასწარმეტყველებს ბიბლია“.
9. აუცილებელია ყველა მოცემული მუხლის წაკითხვა შესწავლის დროს?
9 აუცილებელია ყველა მოცემული მუხლის წაკითხვა, თუ მხოლოდ ის მუხლები უნდა წავიკითხოთ, რომლებსაც წინ უძღვის სიტყვა „წაიკითხეთ“? ეს დამოკიდებულია მდგომარეობაზე. მოცემული მუხლების მიზანი არ არის უბრალოდ იმის ჩვენება, თუ სად წერია ესა თუ ის აზრი ბიბლიაში. თითოეულ მუხლში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც ღირს განსახილველად. მაგრამ თუ ბიბლიის შემსწავლელს ცოტა დრო აქვს, ნაკლებად აინტერესებს ან უჭირს კითხვა, შეიძლება მხოლოდ ის მუხლები წავიკითხოთ, რომელთაც წინ უძღვის სიტყვა „წაიკითხეთ“.
10. როდის გადავიდეთ წიგნზე „რას გვასწავლის ბიბლია“?
10 როდის გადავიდეთ წიგნზე „რას გვასწავლის ბიბლია?“. მას შემდეგ, რაც რამდენიმეჯერ ვისაუბრეთ და ბიბლიის შესწავლის ჩატარებას რეგულარული სახე მიეცა, შეგვიძლია გადავიდეთ წიგნზე „რას გვასწავლის ბიბლია?“ ან გავაგრძელოთ ბროშურა „სასიხარულო ცნობით“, ვიდრე არ დავამთავრებთ მას. მაუწყებლები უნდა დაფიქრდნენ და თავად განსაზღვრონ, თუ როდის გადავიდნენ წიგნზე. თავიდან უნდა დავიწყოთ განხილვა წიგნზე „რას გვასწავლის ბიბლია?“ გადასვლის შემთხვევაში? ამაზე რაიმე წესი არ არის დადგენილი. თითოეული ადამიანი განსხვავებულია. მაგრამ ბიბლიის შემსწავლელთა უმეტესობისთვის უკეთესი იქნება, თუ იმავე საკითხებს კიდევ ერთხელ უფრო დეტალურად განიხილავენ წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია?“.
11. რატომ უნდა გამოვიყენოთ ეს ახალი ბროშურა?
11 ქვეყნიერებაში ადამიანები იშვიათად ისმენენ რაიმე კარგს. ჩვენ კი გვაქვს უდიდესი პატივი, გავაცხადოთ ყველაზე საუკეთესო ცნობა, რომ ღვთის სამეფო მეფობს და მალე ის დაამყარებს ახალ ქვეყნიერებას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე (მათ. 24:14; 2 პეტ. 3:13). დარწმუნებული ვართ, რომ ბევრი, ვინც ისმენს ამ ცნობას, დაეთანხმება ღვთივშთაგონებულ სიტყვებს: «რა მშვენიერია მთებზე მახარობლის, მშვიდობის გამომცხადებლის, უკეთესობის მახარობლის, ხსნის გამომცხადებლის ფეხები, მისი, ვინც ეუბნება სიონს: „გამეფდა შენი ღმერთი!“» (ეს. 52:7). მოდი, გამოვიყენოთ ეს ახალი ბროშურა, რათა ღვთის შესახებ სასიხარულო ცნობა ვამცნოთ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ სულიერს მოწყურებულ ადამიანებს.
[ჩარჩო 5 გვერდზე]
როცა ადამიანები სკეპტიკურად არიან განწყობილი ღვთისა და ბიბლიისადმი
● ზოგან მაუწყებლებმა შენიშნეს, რომ საუბარი წყდება, როცა ახსენებენ სიტყვებს: „ღმერთი“ ან „ბიბლია“. ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია თუ პირველი მონახულებისას იმაზე ისაუბრებ, რაც მობინადრეებს აღელვებთ, მაგალითად: კარგ ხელისუფლებაზე, ოჯახებისთვის პრაქტიკულ დახმარებასა და მომავალზე. შესაძლოა, ბროშურა „სასიხარულო ცნობა“ შესთავაზო მობინადრეს მას შემდეგ, რაც რამდენიმეჯერ ისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საიდან ვიცით, რომ ღმერთი არსებობს და რატომ არის ბიბლია სანდო.
[ჩარჩო 6 გვერდზე]
კარდაკარ მსახურების დროს
● „მინდა გითხრათ, თუ რა განზრახვა აქვს ღმერთს ადამიანებისადმი. თქვენი აზრით, ოდესმე მოუღებს ღმერთი ბოლოს ადამიანთა ტანჯვას? [დაელოდე, გიპასუხოს.] ამ ბროშურაში ნახავთ, თუ სად წერია ბიბლიაში ამ კითხვაზე პასუხი. [მიეცი ბროშურა და წაიკითხე 1 გაკვეთილის 1 აბზაცი, აგრეთვე იერემიას 29:11.] გჯერათ, რომ ღმერთს სურს ჩვენთვის უკეთესი მომავალი? [დაელოდე, გიპასუხოს.] თუ გსურთ, შემიძლია დაგიტოვოთ ეს ბროშურა. მომდევნო შეხვედრაზე შეგვიძლია განვიხილოთ მეორე აბზაცი, რათა ბიბლიიდან გავიგოთ, როგორ გაათავისუფლებს ღმერთი ადამიანებს ტანჯვისგან“. თუ ატყობ, რომ მობინადრეს დრო აქვს, პირველივე მონახულებისას შეგიძლია წაიკითხო და განიხილო მეორე აბზაციც და მასში მოცემული სამი ბიბლიური მუხლი.
● „ბევრი მაშინ ლოცულობს, როცა პრობლემები აქვს. ლოცულობთ ხოლმე თქვენ? [დაელოდე, გიპასუხოს.] როგორ ფიქრობთ, ღმერთი ყველა ლოცვას ისმენს, თუ არის ლოცვები, რომლებიც არ მოსწონს მას? [დაელოდე, გიპასუხოს.] მე მაქვს ბროშურა, რომელშიც ნაჩვენებია, თუ სად წერია ბიბლიაში ამ კითხვაზე პასუხი. [მიეცი ბროშურა და ერთად განიხილეთ მე-12 გაკვეთილის 1 აბზაცი და ის მუხლები, რომლებსაც წინ წამძღვარებული აქვთ სიტყვა „წაიკითხეთ“.] მართლაც, რა შესანიშნავია, რომ ღმერთს სურს ჩვენი მოსმენა. მაგრამ თუ გვსურს, რომ ღმერთმა მოისმინოს ჩვენი ლოცვები, კარგად უნდა ვიცნობდეთ მას. [გადაშალე მე-2 გაკვეთილზე და აჩვენე ქვესათაურები.] თუ გსურთ, დაგიტოვებთ ამ ბროშურას და სხვა დროს შეგვიძლია ვნახოთ ბიბლიური პასუხები ამ მნიშვნელოვან კითხვებზე“.
● „ადამიანები წუხან იმაზე, თუ საით მიემართება მსოფლიო. თქვენი აზრით, უნდა ველოდოთ მდგომარეობის გაუმჯობესებას? [დაელოდე, გიპასუხოს.] ბევრი გაოცებული რჩება, როცა იგებს, რომ ბიბლიაში მოცემულია დამაიმედებელი სასიხარულო ცნობა. აქ არის მოყვანილი რამდენიმე კითხვა, რომლებსაც ბიბლია სცემს პასუხს“. მიეცი ბროშურა და შესთავაზე, აირჩიოს ბოლო გვერდზე მოცემული კითხვებიდან, რომელი აინტერესებს ყველაზე მეტად. შემდეგ გადადი მის მიერ არჩეულ გაკვეთილზე და აჩვენე, როგორ ტარდება შესწავლა. შეთანხმდით განმეორებით მონახულებაზე, რათა პასუხი გასცეთ ამ გაკვეთილში მოცემულ მომდევნო კითხვას.
[ჩარჩო 7 გვერდზე]
შესთავაზე პირდაპირ
● „მინდა შემოგთავაზოთ ბიბლიის შესწავლა. ამ ბროშურაში მოცემულია 15 გაკვეთილი, რომლებიც დაგეხმარებათ, საკუთარ ბიბლიაში იპოვოთ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი. [აჩვენე ბროშურის წინა და უკანა გვერდები.] თუ გიცდიათ, წაგეკითხათ და გაგეგოთ ბიბლია? [დაელოდე, გიპასუხოს.] ნახეთ, რამდენად მარტივი გაკვეთილებია. [განიხილე მე-3 გაკვეთილში მოცემული მე-3 კითხვის პირველი აბზაცი და წაიკითხე გამოცხადების 21:4, 5. თუ მდგომარეობა ნებას გრთავს, განიხილე შემდეგი აბზაცი და ის მუხლები, რომლებსაც წინ უწერიათ სიტყვა „წაიკითხეთ“.] თუ გსურთ, დაგიტოვებთ ამ ბროშურას. კარგი იქნებოდა, თუ დაიწყებდით ამ ბროშურით ბიბლიის შესწავლას. თუ მოგეწონათ, შეგიძლიათ გააგრძელოთ. სხვა დროს შეგვიძლია განვიხილოთ პირველი გაკვეთილი. ნახეთ, სულ რაღაც ერთი გვერდია“.
[ჩარჩო 7 გვერდზე]
შესთავაზე ახალი ბროშურა განმეორებითი მონახულებისას
● განმეორებითი მონახულებისას მობინადრეს შეგვიძლია ვუთხრათ: „სასიამოვნოა კვლავ თქვენი ნახვა. მოგიტანეთ ბროშურა, რომელშიც მოცემულია ბიბლიური პასუხები არაერთ საინტერესო კითხვაზე. [მიეცი ბროშურა და აჩვენე უკანა გვერდი.] ამ კითხვებიდან ყველაზე მეტად რომელი გაინტერესებთ? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ გადადი მის მიერ არჩეულ გაკვეთილზე.] ნახეთ, როგორ შეიძლება ამ ბროშურის დახმარებით ბიბლიიდან პასუხის მიღება“. აჩვენე, როგორ ტარდება შესწავლა და განიხილე ერთი ან ორი აბზაცი და ის მუხლები, რომლებსაც წინ უწერიათ სიტყვა „წაიკითხეთ“. ფაქტობრივად, თქვენ უკვე დაიწყეთ ბიბლიის შესწავლა. დაუტოვე მობინადრეს ბროშურა და შეუთანხმდი განმეორებით მონახულებაზე. როდესაც დაამთავრებ ერთი გაკვეთილის განხილვას, შეგიძლია განიხილო მის მიერ არჩეული სხვა გაკვეთილი ან დაიწყო ბროშურის განხილვა თავიდან.