ყოველი მწყურვალი მოიწვიე
1 ამოსის წინასწარმეტყველების თანახმად, დღეს კაცობრიობა განიცდის „არა. . . წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისას“ (ამოს. 8:11). სულიერი გვალვის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს რომ დავეხმაროთ, ჩვენ ვუყვებით მორჩილი კაცობრიობის ცოდვისა და სიკვდილის მდგომარეობიდან გამოსავალი ღონისძიების შესახებ, რაც გამოცხადების ბოლო თავში აღწერილია, როგორც „სიცოცხლის წყლის მდინარე“. ჩვენ უპირატესობა გვაქვს მოვიწვიოთ სამართლიანობას მოწყურებული ადამიანები, ‘უსასყიდლოდ აიღონ სიცოცხლის წყალი’ (გამოცხ. 22:1, 17). მაგრამ უპირველესად უნდა გაიგონ, რომ მათი არსებობა და ცხოვრება ღმერთზეა დამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ და თებერვლის განმავლობაში გულწრფელად დაინტერესებულებს შევთავაზოთ წიგნი „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“
2 მრავალმხრივ მტკიცდება, რომ არსებობს შემოქმედი და რომ ის დაინტერესებულია თავისი ქმნილებებით (რომ. 1:20, 21). ღვთის სიტყვის შესწავლის შემდეგ ეჭვიც არ გვეპარება, რომ ადამიანი შექმნილი იყო და არა ევოლუციის გზით წარმოიშვა (გამოცხ. 4:11). ჩვენ სხვებსაც შეგვიძლია დავეხმაროთ ამის გაგებაში. ერთ რაიონში ერთი მაუწყებელი შვიდ საშუალო სკოლას ეწვია და გააცნო თუ რამდენად მნიშვნელოვანია წიგნი „შემოქმედება“. ყოველი სკოლის დირექტორის აზრით, მოსწავლეებსა და პედკოლექტივს უნდა სცოდნოდა ამ წიგნის შესახებ. ხუთმა სკოლამ ეს წიგნი საგამოფენო დაფაზე მოათავსა და შვიდივემ კი თავიანთი ბიბლიოთეკების კატალოგებში შეიტანა.
3 ახალგაზრდებო, გიცდიათ წიგნის „შემოქმედება“ სკოლაში წაღება? ცნობისმოყვარე ადამიანებმა შეიძლება კითხვები დაგისვან და წიგნის ჩვენების შესაძლებლობა მოგცენ. თუ ერთ ეგზემპლარს სკოლაში წაიღებთ და მერხზე გამოსაჩენად დადებთ ან კითხვას დაიწყებთ, სხვები შეიძლება შეგეკითხონ, თუ სად შეუძლიათ მისი შეძენა. რა თქმა უნდა, გაკვეთილების შემდეგ შეგიძლიათ თქვენ თვითონ აჩვენოთ სხვებს წიგნი, ესაუბროთ მასზე და შესთავაზოთ.
4 წიგნი „შემოქმედება“ შეგიძლია შემდეგნაირად შესთავაზო:
◼ „მრავალს აინტერესებს, თუ როგორ წარმოიშვა ადამიანი და რა არის მისი სიცოცხლის აზრი. როგორ ფიქრობთ, პასუხობს ბიბლია ასეთ კითხვებზე? [ადროვე გიპასუხოს]. ჩვენ ვთვლით, რომ ის პასუხობს, რამეთუ ის ღვთის ინსპირირებული სიტყვაა. ყურადღება მიაქციეთ ამ აზრს მე-2 ტიმოთეს 3:16, 17-ში [წაიკითხე]. ევოლუციის თეორია ახლანდელი სიცოცხლის გარდა არავითარ იმედს არ გვაძლევს, ბიბლია კი მარადიულ სიცოცხლეს გვპირდება. ამ იმედის შესახებ ნათქვამია იოანეს 17:3-ში [წაიკითხე]“. შემდეგ შესთავაზე წიგნი და უთხარი, რომ მისი დახმარებით ის გაიგებს, თუ როგორ წარმოიშვა ადამიანი და როგორ შეუძლია იცხოვროს მარადიულად.
5 კარდაკარ მსახურების დროს მშობლების შეხვედრისას შესთავაზე წიგნი და აუხსენი, თუ როგორ დაეხმარება ის მათ შვილებს. რამდენადაც სკოლებში ევოლუცია ისწავლება, წიგნი მათ შვილებს დაეხმარება გაიგონ, თუ რას ამბობს ბიბლია და მეცნიერება შემოქმედების შესახებ.
6 თუ ვინმე გეუბნება, რომ ევოლუცია სწამს, შეგიძლია უპასუხო:
◼ „თქვენი აზრით, სიცოცხლე მხოლოდ შემთხვევით წარმოიშვა და განვითარდა, თუ ღმერთსაც მიუძღვის გარკვეული წვლილი?“ შემდეგ მისი პასუხის საფუძველზე განაგრძე. აგრეთვე შეგიძლია თქვა: „გონივრული იქნებოდა იმის უგულებელყოფა, რაც მეცნიერულად დამტკიცებულია?. . . ამ საკითხთან დაკავშირებით ამ წიგნში მოცემულია მეცნიერთა მეტად საინტერესო გამონათქვამები“. გამოიყენე წიგნის მე-2 თავში მოცემული მასალა.
7 ჩვენი სურვილია გულწრფელ ადამიანებს დავანახოთ შემოქმედის რწმენის მყარი საფუძველი და მოვიწვიოთ სიცოცხლის წყლებთან, რასაც იეჰოვა შესაძლებელს ხდის ახლა. ამიტომ, ყველა მწყურვალს ვუთხრათ: „მოდი!“ (გამოცხ. 22:17).