ეფექტურად იმსახურე
1 ცა ბნელდება და შემაძრწუნებელი ხმაური განუწყვეტლივ იზრდება. კვამლისმაგვარი ღრუბელი თანდათან ქვემოთ წვება. რა არის ეს? ეს მილიონობით კალიათა ლაშქარი მოიწევს, რათა მთლიანად გააპარტახოს მიწა! წინასწარმეტყველ იოველის მიერ აღწერილი ეს სცენა სრულდება დღეს სამქადაგებლო საქმეში, რომელსაც ღვთის ცხებული მსახურები და მათი თანაშემწე უამრავი ხალხი ასრულებენ.
2 1998 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“ მე-11 გვერდზე მე-19 აბზაცში აღნიშნავს: «ღვთის კალიათა თანამედროვე ლაშქარი მთელი ქრისტიანული სამყაროს „ქალაქში“ ასრულებს დამოწმების საქმეს (იოველი 2:9). . . ისინი ისევ უმკლავდებიან მრავალ დაბრკოლებას, შედიან მილიონობით ოჯახში, მიდიან ხალხთან ქუჩაში, ელაპარაკებიან ტელეფონით და ადამიანებთან ურთიერთობის დასამყარებლად ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, რომ იეჰოვას ცნობა გადასცენ». განა დიდი უპირატესობა არ არის, მონაწილეობა მიიღო ღვთის საქმეში?
3 ნამდვილი კალიებისგან განსხვავებით, რომელთა მიზანი მხოლოდ თავიანთი თავის გამოკვებაა, ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს, ძალიან გვაღელვებს მათი სიცოცხლე, ვისაც ვუქადაგებთ. გვსურს, დავეხმაროთ სხვებს, გაიგონ ღვთის სიტყვის დიდებული ჭეშმარიტებების შესახებ და ნაბიჯები გადადგან მარადიული ხსნისკენ (იოან. 17:3; 1 ტიმ. 4:16). აქედან გამომდინარე, გვსურს, რომ ეფექტურები ვიყოთ ჩვენს მსახურებაში. ქადაგების რომელ ფორმაშიც არ უნდა ვმონაწილეობდეთ, უნდა ვფიქრობდეთ, ვასრულებთ თუ არა მას დროულად და ისე, რომ საუკეთესო ნაყოფი მოვიმკათ. რადგან „წარმავალია წუთისოფლის სახე“, მართებულად ვიქცევით, თუ ვაანალიზებთ ქადაგების მეთოდებსა და მიდგომებს, რათა შევძლოთ საუკეთესოდ მსახურება (1 კორ. 7:31).
4 თუმცა სხვადასხვაგვარად ვცდილობთ ადამიანებთან დაკავშირებას, კარდაკარ ქადაგება მაინც ჩვენი მსახურების ძირითადი ნაწილია. ამჩნევ, რომ ადამიანები ხშირად სახლში არ არიან ან სძინავთ, როცა შენ აკითხავ? რა გულდასაწყვეტია, რომ არ შეგვიძლია კეთილი ცნობის გადაცემა მათთვის! როგორ გავუმკლავდეთ ამ სირთულეს?
5 იყავი მოქნილი და გონიერი. პირველ საუკუნეში ისრაელში მეთევზეები ღამით გადიოდნენ სათევზაოდ. რატომ მაინცდამაინც ღამით? თუმცა ეს მათთვის არ იყო მოსახერხებელი დრო, მაგრამ ამ დროს ყველაზე მეტ თევზს იჭერდნენ. ეს ყველაზე ნაყოფიერი დრო იყო. ამასთან დაკავშირებით 1992 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკში“ (რუს.) ნათქვამი იყო: „ჩვენც უნდა შევისწავლოთ ტერიტორია, რათა სათევზაოდ იმ დროს წავიდეთ, როდესაც ადამიანთა უმეტესობა სახლშია და განწყობილია მოსასმენად“. დაკვირვებამ აჩვენა, რომ გარეუბნებში და რაიონებში ხალხი შეიძლება სახლში იყოს დილით ადრე შაბათ-კვირას, მაგრამ ისინი ამ დროს უმეტეს შემთხვევაში არ არიან განწყობილი ჩვენს მოსასმენად. თუ იგივე სიტუაციაა შენს ტერიტორიაზე, შეგეძლო შუადღის პირას ან ნაშუადღევს მისულიყავი მათთან? ამგვარად გავუმჯობესდებით მსახურებაში და აგრეთვე გამოვავლენთ მოყვასისადმი ყურადღებას, რაც ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულის მტკიცებაა (მათ. 7:12).
6 ფილიპელთა 4:5-ში მოციქული პავლე შეგვახსენებს, რომ ‘ჩვენი თავმდაბლობა [„კეთილგონიერება“ აქ] ცნობილი იყოს ყველა ადამიანისათვის’. ამ ღვთივსულიერი რჩევის თანახმად, ჩვენ გვსურს გაწონასწორებული და კეთილგონიერები ვიყოთ სხვადასხვა მეთოდების გამოყენებისას, როდესაც გულმოდგინედ და ენთუზიაზმით ვმონაწილეობთ სამქადაგებლო მსახურებაში. ‘არაფერს ვიშურებთ ქადაგებისთვის და სწავლებისთვის საჯაროდ თუ სახლებში’, მაგრამ გვსურს, რომ კარდაკარ მსახურება იმ დროს გავატაროთ, როდესაც გონივრულია და ნაყოფიერი (საქ. 20:20). ისრაელში პირველ საუკუნეში მცხოვრები მეთევზეებივით, ვცდილობთ იმ დროს ‘ვითევზაოთ’, როცა ყველაზე საუკეთესო ნაყოფს მოვიმკით და არა, როცა ჩვენთვის ყველაზე მოსახერხებელია.
7 რა ცვლილებების მოხდენა შეიძლება? უმეტესწილად სამქადაგებლო მსახურების შეხვედრები შაბათ-კვირას დილით 9.00-ზე ან 9.30-ზე ტარდება, რის შემდეგაც ჯგუფი დაუყოვნებლივ კარდაკარ მსახურებას იწყებს. მაგრამ ზოგმა უხუცესთა საბჭომ ორგანიზება გაუწია ჯგუფებს, რომ კარდაკარ მსახურებამდე სამქადაგებლო მსახურების ისეთ ფორმებში მიეღოთ მონაწილეობა, როგორიცაა ქუჩაში ან საქმიან ტერიტორიაზე ქადაგება და განმეორებითი მონახულებები გაეკეთებინათ. სხვა კრებებმა კი სამქადაგებლო მსახურების შეხვედრები უფრო მოგვიანებით დაგეგმეს — 10.00-ზე, 11.00-ზე ან 12.00-ზე. შემდეგ კი ჯგუფები პირდაპირ კარდაკარ მსახურებაში მიდიან და ნაშუადღევამდე რჩებიან. ზოგ ტერიტორიაზე შეიძლება შუადღე უკეთესი დრო იყოს, ვიდრე დილა სამქადაგებლო მსახურების შეხვედრისთვის. ასეთმა ცვლილებებმა შეიძლება საგრძნობლად გაზარდოს კარდაკარ მსახურების ნაყოფიერება.
8 იყავი გამჭრიახი და ტაქტიანი. კარდაკარ მსახურებისას სხვადასხვა რეაქციებს შეიძლება წავაწყდეთ. ზოგი მობინადრე ყურადღებით გვისმენს, ზოგისთვის სულერთია და ზოგი კი შეიძლება მოკამათე ან აგრესიული იყოს. მაგრამ გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიზანი არ არის „გავიმარჯვოთ კამათში“ იმ ადამიანებთან, რომლებიც არ აფასებენ ჭეშმარიტებას. თუ მობინადრე მტრულად არის განწყობილი, უკეთესი იქნება, თუ დავშორდებით მას. ისინი მტრულად არასდროს უნდა განვაწყოთ იმის დაძალებით, რომ გვესაუბრონ ან, რომ მიიღონ ჩვენი თვალსაზრისი. ჩვენ ადამიანებს არ ვაძალებთ ცნობის მიღებას. ეს არ იქნებოდა გონივრული და სხვა მოწმეებისთვის და საქმისთვის საერთოდ გამოიწვევდა სირთულეებს.
9 სანამ უბნის დამუშავებას დაიწყებდე, გონივრული იქნება, თუ გადახედავ უბნის ბლანკს და ნახავ იმ მისამართებს, სადაც მობინადრეებს არ სურთ, რომ მიაკითხონ. თუ არის ასეთი მისამართები, მაშინ თითოეული მაუწყებელი უნდა გააფრთხილოთ, რომლებიც თანამშრომლობენ ამ უბნის დამუშავებაში, თუ სად არ მივიდნენ. სამსახურებრივი ზედამხედველის ნებართვის გარეშე არავინ უნდა აიღოს თავის თავზე, რომ მივიდეს ამ ბინებში (იხილე 1994 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურება“, „შეკითხვების ყუთი“ [რუს.]).
10 კარდაკარ ქადაგებისას გამჭრიახობა ხელს უწყობს ეფექტურ მსახურებას. როცა ბინას უახლოვდები, დაუკვირდი. ჩამოფარებულია ფარდები და დახურულია შტორები? ისმის რამე ხმა? ყოველივე ამაზე დაკვირვება მიგვახვედრებს სძინავთ თუ არა მობინადრეებს. მათთან შეიძლება უფრო ნაყოფიერი საუბარი გვქონდეს, თუ მოგვიანებით მივაკითხავთ. უმჯობესი იქნება, თუ გვერდს აუვლი ასეთ ბინას და აღნიშნავ მის ნომერს. ამ ბინაში შეგიძლია კიდევ ერთხელ მიაკითხო სანამ ამ ტერიტორიიდან წახვალ ან აღნიშნო, რომ ამ ბინაში დილით არ მიხვიდე.
11 მაინც შეიძლება შემთხვევით გავაღვიძოთ ვიღაცა ან სხვაგვარად შევუშალოთ ხელი. ის შეიძლება გაღიზიანებული ან გაბრაზებულიც კი იყოს. მაშინ როგორ მოვიქცეთ? იგავნის 17:27 გვირჩევს: „გონების კაცი დიდსულოვანია“. მართალია საბოდიშო არაფერი გვაქვს ჩვენს მსახურებასთან დაკავშირებით, უდავოდ უნდა გამოვთქვათ წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ არც ისე მოსახერხებელ დროს მივაკითხეთ. თავაზიანად შეგვიძლია ვკითხოთ, თუ იქნებოდა სხვა დრო უფრო მოსახერხებელი და შევთავაზოთ სხვა დროს მისვლა. პირადი წუხილის გულწრფელად, მშვიდი ტონით გამოხატვა, ხშირად განმუხტავს ასეთ ადამიანებს (იგავ. 15:1). თუ მობინადრე ამბობს, რომ ყოველთვის ღამის ცვლაში მუშაობს, შეგვიძლია აღვნიშნოთ უბნის ბლანკზე, რომ შემდეგში სათანადო დროს მოვინახულებთ.
12 გამჭრიახობის გარეშე ჩვენს ტერიტორიას მთლიანად ვერ დავამუშავებთ. რადგან ბევრი არ არის სახლში როდესაც პირველად ვაკითხავთ, ჩვენ განსაკუთრებული ძალისხმევა გვესაჭიროება მათთან დასაკავშირებლად, რათა გადარჩენის ცნობა გადავცეთ (რომ. 10:13). ანგარიშები აჩვენებს, რომ მაუწყებლები ზოგჯერ ერთ ბინაში დღის განმავლობაში რამდენჯერმე აკაკუნებენ, რათა მობინადრეებს დაუკავშირდნენ. ეს კი მეზობლებს არ რჩებათ მხედველობიდან. ამან არასასურველი შთაბეჭდილება შეიძლება შექმნას, რომ იეჰოვას მოწმეები მათ უბანს „არ შორდებიან“. როგორ მოვერიდოთ ამას?
13 გამოიჩინე გამჭრიახობა. როდესაც ბრუნდები იმ სახლში, სადაც არავინ იყო, დაუკვირდი, არის რამე იმის მიმანიშნებელი, რომ ახლა სახლში ვინმეა? თუ ფოსტა ან სარეკლამო ფურცელი ჯერ კიდევ მოჩანს საფოსტო ყუთში, ეს ალბათ ნიშნავს, რომ სახლში არავინაა და დაკაკუნებას აზრი არა აქვს. თუ დღის განმავლობაში შეეცადე და ვერ დაუკავშირდი მობინადრეს, შეიძლება საღამოს შეძლო მასთან ტელეფონით დაკავშირება. და თუ არც ამან გაჭრა, მაშინ შეგიძლიათ ტრაქტატი ან მოსაწვევი ბარათი დაუტოვოთ კარებში ფრთხილად, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტერიტორია საკმაოდ ხშირად მუშავდება. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ პიროვნებას სხვა დროს დაუკავშირდნენ, როდესაც ტერიტორია შემდეგში კვლავ დამუშავდება.
14 უნდა მოვერიდოთ კარებთან ხანგრძლივ საუბრებს, როდესაც ცუდი ამინდია და მობინადრე გარეთაა. როდესაც შინ გეპატიჟებიან, ფრთხილად იყავი, რომ იატაკი არ დაუსვარო. ფრთხილად იყავით, როდესაც ძაღლის ყეფა გესმით. როდესაც ბინებში ქადაგებ, წყნარად ილაპარაკე და მოერიდე ხმაურს, რითაც შეიძლება შეაწუხო მობინადრეები და ზედმეტი ყურადღება მიიპყრო
15 იყავი მოწესრიგებული და შეინარჩუნე ღირსება. თუ კარგად ვართ ორგანიზებული, მოვერიდებით ქუჩაში დიდი ჯგუფების შექმნას, რომლებიც თვალში საცემია. ზოგ მობინადრეს შეიძლება შეეშინდეს, როცა დაინახავს რამდენიმე მანქანასა და ავტოფურგონს, რომლებიც მათი სახლის წინ გაჩერდება და მაუწყებელთა დიდი ჯგუფი გადმოვა. დასახლებულ პუნქტებში ისეთი შთაბეჭდილება არ უნდა შევქმნათ, რომ თითქოს „ვესევით“ იქაურობას. ტერიტორიის დასამუშავებელ ღონისძიებებს ორგანიზება საუკეთესოდ, სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებზე ეწევა. მაუწყებელთა მცირე ჯგუფი, მაგალითად, ოჯახი, გაცილებით ნაკლებად აშინებს მობინადრეებს და არც ისე დიდი ორგანიზების გაწევა ესაჭიროება უბნის დამუშავებისას.
16 მშობლებმა კონტროლი უნდა გაუწიონ ბავშვებს, რომ ღირსეულად იქცეოდნენ უბნის დამუშავებისას. ბავშვებს კარგი ქცევა უნდა ჰქონდეთ, როცა უფროსებთან ერთად კარდაკარ ქადაგებენ. მათ თამაშისა და ხეტიალის უფლება არ უნდა მისცეთ, რითაც მობინადრეებისა და გამვლელების ზედმეტ ყურადღებას მიიპყრობენ.
17 აგრეთვე შესვენებებისას გაწონასწორებულობაა საჭირო. 1995 წლის ივნისის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ (რუს.) მე-3 გვერდზე ნათქვამია: „სამქადაგებლო მსახურებისას ჩვენი ძვირფასი დრო შეიძლება დაიკარგოს წასახემსებლად შესვენებების დროს. თუმცა, როდესაც ცუდი ამინდია, შესვენება ძალებს მოგვცემს, რომ არ შევწყვიტოთ მსახურება. მაგრამ შესვენებების დროს ძმებთან ურთიერთობის მაგივრად, მრავალი ირჩევს ხალხთან ქადაგებას იმ დროის განმავლობაში, რომელიც მსახურებისთვის იყო გამოყოფილი“. თუმცა წასახემსებლად შეჩერება პირადი საკითხია, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შესვენებებისას ზოგჯერ შეიმჩნევა, რომ ძმებისა და დების დიდი ჯგუფები იკრიბებიან კაფეებსა თუ რესტორნებში. იმის გარდა, რომ დრო იკარგება სანამ მოგემსახურებიან, დიდი ჯგუფის იქ ყოფნა აშინებს სხვებს. ზოგჯერ სამქადაგებლო მსახურების შემთხვევები ხმამაღლა განიხილება და ამით იკარგება ჩვენი მსახურების ღირსება და მცირდება ეფექტურობა. გამჭრიახი მაუწყებლები მოერიდებიან დაჯგუფებებს ასეთ ადგილებში და ზედმეტი დროის კარგვას, რომელიც მსახურებისთვისაა გამოყოფილი.
18 კარგი ნაყოფი გამოაქვს ადამიანებთან სხვადასხვა ადგილებში საუბარს, მაგალითად ქუჩაში, მანქანების სადგომებზე და სხვა ადგილებში, სადაც ბევრი ხალხია. აქაც კარგი დამოწმება უნდა მივცეთ, არა მარტო ჩვენი სიტყვებით, არამედ ჩვენი გამჭრიახობითაც. ყოველი კრების მაუწყებლები უნდა იცავდნენ თავიანთ საზღვრებს, რათა კომერციულ ტერიტორიებში, მიწისქვეშა გადასასვლელებში ან ბენზინის გასამართ სადგურებში, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ხალხს თავი არ მოაბეზრონ. მსახურების ორგანიზებულად და ღირსეულად გასატარებლად ჩვენ ვიქადაგებთ მხოლოდ დანიშნულ ტერიტორიაში, სანამ სხვა კრების სამსახურებრივი კომიტეტი დახმარებას არ ითხოვს და კონკრეტული ღონისძიებები არ მოეწყობა (შეადარე 2 კორინთელთა 10:13–15).
19 ზოგმა კრებამ, რომელსაც ბევრი ისეთი ტერიტორია აქვს, სადაც საჯარო ქადაგება შესაძლებელია, უბნებად დაყო ის და შემდეგ თითოეულ მაუწყებელს ან ჯგუფს გაუნაწილა. ეს ხელს უწყობს ტერიტორიის ეფექტურად დამუშავებას და ამავე დროს ძალიან ბევრი მაუწყებელი არ ქადაგებს ერთსა და იმავეს უბანზე ერთსა და იმავე დროს, რაც თანხმობაშია 1 კორინთელთა 14:40-ში მოცემული პრინციპთან: „ყველაფერი შესაფერისად და წესიერად ხდებოდეს“.
20 ჩვენი გარეგნობა ყოველთვის იეჰოვას სახელის მატარებელი მორწმუნეებისთვის შესაფერისი უნდა იყოს. იგივე შეიძლება ითქვას ნივთებზე, რომლებსაც ვიყენებთ. გაცვეთილმა ჩანთებმა და კუთხეებ მოშლილმა ან დასვრილმა ბიბლიებმა, შეიძლება ფასი დააკარგვინოს სამეფო ცნობას. შენი ჩაცმულობითა და გარეგნობით ნათელს ხდი თუ ვინ ხარ და რას წარმოადგენ. ამიტომ ჩვენი გარეგნობა მოუწესრიგებელი, უსუფთაო, გამომწვევი და ექსტრავაგანტული კი არ უნდა იყოს, არამედ ყოველთვის ‘სახარების ღირსი’ (ფილ. 1:27; შეადარე 1 ტიმოთეს 2:9, 10).
21 1 კორინთელთა 9:26-ში მოციქული პავლე ამბობს: „მე გავრბივარ არა უმიზნოდ, ვიბრძვი არა ისე, ვითომც ჰაერს ვცემდე“. პავლეს მსგავსად, ჩვენ გვსურს, რომ მსახურება ეფექტური და ნაყოფიერი იყოს. რადგან დღეს გულმოდგინედ ვმონაწილეობთ სამქადაგებლო მსახურებაში, როგორც იეჰოვას „კალიათა ლაშქარი, დაე ვიხელმძღვანელოთ ქრისტიანული კეთილგონიერებითა და გამჭრიახობით, როცა გადარჩენის ცნობა მიგვაქვს ჩვენს ტერიტორიაზე.