‘შეიმოსეთ ახალი კაცი’
1 ქრისტიანები მადლიერები არიან ჭეშმარიტების ცოდნისთვის! ჩვენ გავიგეთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ მოვერიდოთ გზას, რომლითაც ქვეყნიური ადამიანები დადიან. მათ ‘გონება დაბნელებული აქვთ’, რადგან ‘ღვთის ცხოვრებისგან არიან გაუცხოებული’ (ეფეს. 4:18). ჩვენ ვისწავლეთ, როგორ შეგვეცვალა წუთისოფლის აზროვნებით გაჟღენთილი გონება — მივატოვეთ ძველი კაცი და შევიმოსეთ ახლით (ეფეს. 4:22–24).
2 ძველ კაცს ანუ ძველ პიროვნებას კაცობრიობა ზნეობრივი დაცემულობის დაღმართით მიჰყავს, რასაც შედეგად გახრწნა და სიკვდილი მოჰყვება. ამიტომ გულითადად მოვუწოდებთ ყველას, ვინც ისმენს სამეფოს ცნობას, მოიშორონ ყოველგვარი რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა და ბილწსიტყვაობა. მათ, რომლებსაც სურთ, ღვთის მოწონება დაიმსახურონ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიშორონ ძველი კაცი — ისე, როგორც გაიძრობდნენ ბინძურ ტანსაცმელს (კოლ. 3:8, 9).
3 გონების განახლებული სული. ახალი პიროვნებით შემოსვაში შედის გონების სულის განახლება (ეფეს. 4:23). როგორ შეიძლება ამ სულის ანუ აზროვნების ისე განახლება, რომ სწორი მიმართულებით ვიაროთ? ამისთვის საჭიროა ღვთის სიტყვის რეგულარულად და გულმოდგინედ სწავლა და მის მნიშვნელობაზე ფიქრი. ამის შედეგად, ახლებურად ვიწყებთ აზროვნებას და ყველაფერს ღვთისა და ქრისტეს თვალით ვუყურებთ. ჩვენი ცხოვრება იცვლება, როცა „ვიმოსებით“ ქრისტეს თვისებებით: მოწყალებით, სახიერებით, თავმდაბლობით, სიმშვიდით, სულგრძელობითა და სიყვარულით (კოლ. 3:10, 12–14).
4 ახალი პიროვნებით შემოსვა გვაცალკევებს წუთისოფლისგან. ჩვენი ცხოვრების წესი სხვანაირებს გვხდის. ჩვენ ვლაპარაკობთ ჭეშმარიტებას და ვიყენებთ სასიამოვნო სიტყვებს სხვების გასამხნევებლად. ჩვენ თავს ვარიდებთ სიმწარეს, მძვინვარებას, რისხვას, ყვირილს, გმობასა და ყოველგვარ ბოროტებას. ნაცვლად ამისა, ვავითარებთ ღვთისმოსაწონ თვისებებს. პატიებისას კი იმაზე მეტს ვაკეთებთ, ვიდრე, ჩვეულებრივ, მოითხოვება. ყოველივე ამას კი გულითადად ვაკეთებთ (ეფეს. 4:25–32).
5 არასოდეს მოიშოროთ ახალი პიროვნება. მის გარეშე შეუძლებელია იეჰოვასთვის მისაღები მსახურება. დაე ამ ახალმა პიროვნებამ მიიზიდოს ხალხი ჭეშმარიტებისკენ და განადიდოს იეჰოვა, ჩვენი სასწაულებრივი ახალი პიროვნების შემოქმედი (ეფეს. 4:24).