როგორ მონაწილეობს მთელი ოჯახი — კრების შეხვედრებზე
1 ქრისტიანული ოჯახები უნდა დაემორჩილონ მცნებას — შეიკრიბონ ქრისტიანულ შეხვედრებზე (ებრ. 10:24, 25). კარგი თანამშრომლობით ყველა შეძლებს შეხვედრებისთვის მომზადებას, მათზე დასწრებასა და მონაწილეობას. ოჯახური მდგომარეობა სხვადასხვაა, მაგრამ არის ზოგი რამ, რის გაკეთებაც შეუძლია ქრისტიან ქმარს, მორწმუნე ცოლს ან მარტოხელა მშობელს, რომ, შვილების რაოდენობისა და ასაკის მიუხედავად, ხელი შეუწყოს ოჯახის ერთიანობას სულიერ საკითხებში (იგავ. 1:8).
2 დრო გამოუყავით მომზადებას. ოჯახის წევრები ზრუნავენ ერთმანეთზე, რომ თითოეული სათანადოდ იყოს მომზადებული კრების შეხვედრებისთვის. მრავალი ერთად განიხილავს სტატიას „საგუშაგო კოშკის“ ყოველკვირეული შესწავლისთვის. ზოგიერთები ერთად ემზადებიან კრების წიგნის შესწავლისთვის ან მთელი ოჯახით მიჰყვებიან ბიბლიის ყოველკვირეული კითხვის გეგმას. ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს — შეხვედრებზე დასწრებამდე მთავარი აზრების დამახსოვრებას. ამგვარად, შეხვედრების დროს მოსმენილი ყველას უფრო მეტ სარგებლობას მოუტანს და ყველა მზად იქნება მონაწილეობისთვის, როცა ამის შესაძლებლობა მიეცემათ (1 ტიმ. 4:15).
3 დაგეგმეთ მონაწილეობა. ოჯახში ყველამ უნდა დაისახოს მიზნად, თავისი იმედი გააცხადოს სხვების წინაშე შეხვედრებზე კომენტარების თქმით (ებრ. 10:23). ხომ არ სჭირდება ოჯახის რომელიმე წევრს დახმარება ან გამხნევება ამ მხრივ? რა დახმარება ესაჭიროება თითოეულს, როცა ამზადებს დავალებას თეოკრატიული სამსახურის სკოლისთვის? ცოლები მადლობლები რჩებიან, როცა მათი ქმრები ამ მხრივ ინტერესს ავლენენ და შეიძლება რამე აზრსაც აწვდიან შესაფერის მაგალითსა თუ პრაქტიკულ სიტუაციასთან დაკავშირებით. მშობლებს არ უნდა ეგონოთ, რომ შვილების მაგივრად უნდა მოამზადონ დავალებები. ეს ჩაახშობს შვილების ინიციატივას. მაგრამ მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ პატარებს და მოუსმინონ მათ, როცა ისინი ემზადებიან (ეფეს. 6:4).
4 ორგანიზება გაუწიეთ, რომ დაესწროთ. შვილებს ადრეული ასაკიდანვე შეიძლება ასწავლოთ ჩაცმა და დანიშნული დროისთვის შეხვედრებზე წასასვლელად მზად ყოფნა. ოჯახის წევრებმა უნდა ითანამშრომლონ ოჯახური საქმეების შესრულებაში, რომ არ დააგვიანდეთ (იხილე რჩევები წიგნებში „ოჯახური ბედნიერება“, გვ. 112, და „ახალგაზრდების შეკითხვები“, გვ. 316, 317 [რუს.]).
5 როგორც მშობლებს, ისე შვილებს შეუძლიათ დაფიქრდნენ ძველ დროში მცხოვრები იესო ნავეს ძის სიტყვებზე: „მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით“. ასე რომ, მთელი გულით ითანამშრომლეთ, რომ სრულად იმონაწილეოთ კრების შეხვედრებზე (იესო. 24:15).