ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა მთლიანად შესრულდება!
1 იეჰოვას მოწმეები ყოველთვის დაინტერესებული იყვნენ ბიბლიური წინასწარმეტყველებით. ამიტომ გული სიხარულით აგვივსო იმის გაგებამ, რომ წლევანდელი საოლქო კონგრესის თემა იქნებოდა „ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა“. ძალიან გვინდოდა გაგვეგო, რა მოგვიმზადა იეჰოვამ ‘დროულ საზრდოდ’ (მათ. 24:45). მას არ გაუმტყუნებია ჩვენი მოლოდინი.
2 კონგრესის ღირსშესანიშნავი პუნქტები. პარასკევს წამყვან მოხსენებაში „ყურად იღეთ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა“ გაშუქებულ იქნა ცნობა ფერისცვალების შესახებ (მათ. 17:1—9). ხაზი გაესვა იმას, რომ საუკეთესო ეპოქის ზღურბლზე ვდგავართ, რადგან ძალიან, ძალიან მივუახლოვდით ამ წუთისოფლის აღსასრულს, რომელსაც ახალი სისტემა მოჰყვება! ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება, რომელიც დაგვეხმარება, ყურად ვიღოთ ღვთის სიტყვა, მისი რეგულარულად კითხვაა. მოხსენებათა სერიით „სიამოვნება ჰპოვეთ ღვთის სიტყვის კითხვით“ პრაქტიკული რჩევები მოგვეცა, რომ ბიბლიის კითხვა უფრო სასარგებლო და სასიამოვნო გავხადოთ.
3 შაბათ ნაშუადღევს განვიხილეთ, რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ. შეგიძლია ყველა მოყვანილი მიზეზის გახსენება? კვირა დილით აბაკუმის წინასწარმეტყველება ცოცხლად წარმოგვიდგა, როცა გავიგეთ, რომ ჩვენი დღეები ძალიან ჰგავს მის დღეებს და რომ მალე მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდება, როცა იეჰოვა ბოროტებს გაანადგურებს, მართლებს კი დაიცავს. ჩასწვდი იაკობისა და ესავის შესახებ ბიბლიური დრამის დედააზრს? ჩვენ მთელი ძალებით უნდა ვეცადოთ იეჰოვასგან კურთხევების მიღებას და წინ უნდა აღვუდგეთ გულგრილობას.
4 ძალიან საინტერესო ახალი წიგნი. როგორ გაგვახარა ახალი წიგნის მიღებამ, სათაურით „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“ უეჭველია, უკვე კითხულობ ამ საინტერესო პუბლიკაციას. მომხსენებელმა, რომელმაც მისი გამოცემა გვაუწყა, აღნიშნა: „რამდენიმე წვრილმანის გარდა, დანიელის წიგნში მოცემული ყველა წინასწარმეტყველება შესრულდა“. ნუთუ ეს არ მიანიშნებს, რომ დღეს ყურადღების მოდუნების დრო არ არის?
5 კონგრესის პროგრამამ დიდად განგვიმტკიცა რწმენა იმის მიმართ, რომ ღვთის ჯერ კიდევ შეუსრულებელი აღთქმები აუცილებლად შესრულდება. ჩვენ აღძრული ვართ, განვაგრძოთ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვის გაცხადება!