ინტერნეტის გამოყენება — ფხიზლად იყავი საშიშროების წინაშე!
1 იეჰოვას ხალხს ჯანსაღი ურთიერთობა აქვს ერთმანეთში. ისინი ერთმანეთს უზიარებენ სამქადაგებლო მსახურებისას მომხდარ შემთხვევებს და დიდი ინტერესით ისმენენ მთელი დედამიწის ზურგზე იეჰოვას მოწმეებთან და სამეფოს საქმესთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ. მათ სურთ შეიტყონ ნებისმიერი მნიშვნელოვანი ამბის შესახებ, რაც შეიძლება ჩვენს ძმებს შეემთხვას, მაგალითად, კრიტიკული მდგომარეობის ან სტიქიური უბედურების შესახებ, და უნდათ გაიგონ, რით შეუძლიათ დახმარება. ასეთი ინტერესი საძმოს ერთიანობაზე მეტყველებს და ამტკიცებს, რომ ნამდვილად გვიყვარს ერთმანეთი (იოან. 13:34, 35).
2 მსოფლიოში მომხდარი მოვლენების შესახებ დღეს მალე ვგებულობთ. რადიო- და ტელეგადაცემები მსმენელებსა და მაყურებლებს მთელი დედამიწის ზურგზე პირდაპირ ეთერში დაწვრილებით გადასცემს მომხდარი მოვლენების შესახებ. ტელეფონიც შესაძლებელს ხდის, ხალხი დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ერთმანეთს მთელ მსოფლიოში. კომუნიკაციის თანამედროვე სასწაულს, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, ინტერნეტი წარმოადგენს (იხილე 1997 წლის 22 ივლისის „გამოიღვიძეთ!“ [რუს.]).
3 ტელეფონის გამოგონებამ გზა გაუხსნა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში სწრაფ დაკავშირებას. თუმცა ტელეფონი ძალიან გამოსადეგი რამ არის, სიფრთხილეა საჭირო მისით სარგებლობისას, რადგან შეიძლება შეუფერებელი ურთიერთობის ან მოქმედების იარაღი გახდეს; ამავე დროს, ტელეფონით ზედმეტად სარგებლობა შეიძლება ძვირი დაგვიჯდეს. ტელევიზიასა და რადიოს წვლილი შეაქვს განათლების სფეროში. მაგრამ, სამწუხაროდ, პროგრამების უმეტესობა ზნეობრივად გახრწნილია და დროს გვაკარგვინებს. სიბრძნე გვკარნახობს, რომ დიდი გამჭრიახობა გვესაჭიროება ტელევიზორითა და რადიოთი სარგებლობისას.
4 ინტერნეტი მსოფლიოში სხვა მილიონობით ადამიანთან იაფად დაკავშირების საშუალებას იძლევა. ამასთანავე, ის აურაცხელ ინფორმაციას ხდის ხელმისაწვდომს (1998 წლის 8 იანვრის „გამოიღვიძეთ!“). მაგრამ ინტერნეტის დაუფიქრებლად გამოყენებამ კაცი შეიძლება დიდი სულიერი და ზნეობრივი საშიშროების წინაშე დააყენოს. როგორ?
5 ბევრს აინტერესებს ადვილად ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მზადდება იარაღი, მათ შორის ბომბები. მრავალი საწარმო უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მომუშავეები ბევრ დროს კარგავენ ინტერნეტის გამოყენებაზე. ჩვენს პუბლიკაციებში ბევრი რამ არის ნათქვამი ინტერნეტთან დაკავშირებული აშკარა სულიერი საშიშროებების შესახებ. მრავალ „ვებ საიტში“ (Web site) წარმოდგენილია მოძალადეობრივი და პორნოგრაფიული მასალა, რაც ქრისტიანებისთვის სავსებით შეუფერებელია (ფსალმ. 118:37). ამის გარდა სხვა უფრო შეუმჩნეველი საშიშროებაც არსებობს, რომლის მიმართაც იეჰოვას მოწმეებს განსაკუთრებული სიფხიზლე მართებთ. რა საშიშროებაზეა ლაპარაკი?
6 დაპატიჟებდი უცნობს სახლში, სანამ არ გაიგებდი, ვინ არის? რას იზამდი, თუ ვინაობის გაგება შეუძლებელია? დატოვებდი ასეთ უცნობს შენს შვილებთან მარტოს? ინტერნეტის მხრივ ეს ყოვლად შესაძლებელია.
7 ელექტრონული ფოსტა შეგიძლია გაუგზავნო ისეთ ხალხს ან მიიღო ისეთი ვინმესგან, ვისაც არ იცნობ. იმავეს თქმა შეიძლება იმ შემთხვევებზეც, როცა ელექტრონული გზით ებმები ღია საუბარში ან უკავშირდები „სალაყბო ოთახს“ (chat room). მონაწილეებს შეიძლება თავი იეჰოვას მოწმეებად მოჰქონდეთ, მაგრამ ხშირად არ არიან მოწმეები. ზოგი შეიძლება ამბობდეს, რომ ახალგაზრდაა, როცა ასე არ არის. ან ვინმემ შეიძლება ტყუილად საპირისპირო სქესის წარმომადგენლობაც კი მიიწეროს.
8 ინფორმაცია შეიძლება მიიღო ჩვენს მრწამსთან დაკავშირებული შემთხვევების ან მოსაზრებების სახით. ეს ინფორმაცია სხვებს ეგზავნებათ, რომლებიც, თავის მხრივ, კიდევ სხვებს უგზავნიან. ინფორმაცია, ჩვეულებრივ, არ მოწმდება და შეიძლება არასწორი იყოს. მოსაზრებების უკან შეიძლება განდგომილების სული იმალებოდეს (2 თეს. 2:1—3).
9 თუ სარგებლობ ინტერნეტით, ამ საშიშროების გათვალისწინებით ჰკითხე საკუთარ თავს: „რისთვის ვიყენებ მას? შესაძლებელია, რომ სულიერი ზიანი მომიტანოს მისმა გამოყენებამ? შეიძლება, რომ მეც შემქონდეს წვლილი სხვების სულიერად დაზიანებაში?“.
10 „იეჰოვას მოწმეთა“ „ვებ საიტები“. მაგალითად, განვიხილოთ ინტერნეტის ზოგი „საიტი“, რომლებიც ისეთმა პირებმა ჩასვეს, რომლებსაც თავი იეჰოვას მოწმეებად მოაქვთ. ისინი გიწვევენ, ესტუმრო მათს გვერდებს, რომ წაიკითხო შემთხვევები, რომელთა გამომგზავნელებიც აგრეთვე აცხადებენ, რომ მოწმეები არიან. შენ აღძრული ხარ, გაუზიარო პირადი აზრები და შეხედულებები საზოგადოების ლიტერატურაზე. ზოგი რჩევებს იძლევა სამქადაგებლო მსახურებისას გამოსაყენებელ შესავლებთან დაკავშირებით. ეს „საიტები“ ცალკეულ პირებს საშუალებას აძლევს, ჩაერთონ „სალაყბო ოთახებში“ და უშუალო ურთიერთობაში შევიდნენ ვინმესთან, როგორც ეს ტელეფონით საუბრისას ხდება. ისინი ხშირად გითითებენ სხვა „საიტებზე“, სადაც შეგიძლია იეჰოვას მოწმეებს დაუკავშირდე მსოფლიო მასშტაბით. მაგრამ შეგიძლია დარწმუნებით თქვა, რომ ეს კავშირები განდგომილების მიერ არ არის შემოპარებული?
11 ინტერნეტით ურთიერთობა შეიძლება არ იყოს თანხმობაში ეფესელთა 5:15—17-ში მოცემულ რჩევასთან. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ფრთხილად მოიქეცით — არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. მოივაჭრეთ ჟამი, ვინაიდან დღეები მუხთალია. მაშ, ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეიცანით, რა არის ღვთის ნება“.
12 ქრისტიანული კრება ის თეოკრატიული საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც „ერთგული და გონიერი მონა“ სულიერად გვკვებავს (მათ. 24:45—47). ღვთის ორგანიზაციაში ხელმძღვანელობა გვეწევა და დაცული ვართ, რომ ამ წუთისოფლისგან გამოყოფილები დავრჩეთ, აგრეთვე აღძრულები ვართ, დაკავებული ვიყოთ უფლის საქმით (1 კორ. 15:58). ფსალმუნმომღერალი ამბობდა, რომ ღვთის ხალხში სიხარულსა და უსაფრთხოებას გრძნობდა (ფსალმ. 26:4, 5; 54:15; 121:1). ამავე დროს, კრება თითოეული წევრისთვის მხარდაჭერისა და დახმარების წყაროა. აქ ნახავ ბევრ მოყვარულ, შენით დაინტერესებულ და მზრუნველ მეგობარს — მათ, ვისაც პირადად იცნობ, ვინც მზად არის და სურს, გაჭირვების დროს დახმარება აღმოუჩინოს სხვებს და ანუგეშოს ისინი (2 კორ. 7:5—7). კრების წევრები დაცული არიან საღვთო წერილით გათვალისწინებული იმ ზომის მეშვეობით, რომლის მიხედვითაც ისინი, ვინც მოუნანიებლად სცოდავს ან ვინც განდგომილებას უწყობს ხელს, ირიცხებიან კრებიდან (1 კორ. 5:9—13; ტიტ. 3:10, 11). შეგვიძლია ასეთივე სიყვარულიდან გამომდინარე მზრუნველობის მოლოდინი გვქონდეს ინტერნეტით ურთიერთობისას?
13 ნათელი ხდება, რომ საპირისპიროა მოსალოდნელი. ზოგი „ვებ საიტი“ აშკარად განდგომილური პროპაგანდის გადაცემის საშუალებას წარმოადგენს. ასეთი „ვებ საიტები“ შეიძლება მალავდეს ამას; აგრეთვე „საიტის“ შემქმნელმა განდგომილებმა შეიძლება დაწვრილებითი ინფორმაცია გადმოსცენ იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად იეჰოვას მოწმეები არიან. შეიძლება შენც კი მოგთხოვონ ინფორმაცია იმის შესამოწმებლად, შენ ხარ თუ არა იეჰოვას მოწმე.
14 იეჰოვას სურს, რომ გამჭრიახობა გამოავლინო. რატომ? ვინაიდან იცის, რომ ეს სხვადასხვა საშიშროებისგან დაგიცავს. იგავნის 2:10—19 ასე იწყება: «თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს, გონიერება დაგიფარავს და შეგნება [„გამჭრიახობა“, აქ] დაგიცავს». რისგან დაგიცავს? მაგალითად: „ბოროტების გზისგან“, სწორი გზის დამტოვებელთაგან და იმათგან, ვისი საქციელიც უზნეო და უკუღმართია.
15 სამეფო დარბაზში ეჭვიც არ გვეპარება, რომ ძმებთან ვართ. ჩვენ ვიცნობთ მათ. არავინ ითხოვს ამის დამტკიცებას, რადგან ეს ძმური სიყვარულის გამოვლენით ჩანს. არ გვთხოვენ პირადობის მოწმობის წარდგენას იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად იეჰოვას მოწმე ვართ. სწორედ აქ ვპოულობთ ურთიერთგამხნევებას, რაზეც პავლე ლაპარაკობდა ებრაელთა 10:24, 25-ში (აქ). „ვებ საიტებით“, რომლებიც კომპიუტერების მეშვეობით ურთიერთობისკენ მოუწოდებს ხალხს, შეუძლებელია ამის მიღწევა. ფსალმუნის 25:4, 5-ში მოცემულ სიტყვებზე ფიქრი დაგვეხმარება, რომ ფხიზლად ვიყოთ იმ ყოველი საშიშროების წინაშე, რომლებსაც ადვილად შეიძლება წავაწყდეთ ინტერნეტში „ვებ საიტების“ გამოყენებისას.
16 ინფორმაცია, რომელსაც ინტერნეტით მოსარგებლე პირები ინახავენ ან რომელზეც მათ ხელი მიუწვდებათ, არანაირად არ არის შეზღუდული და არც არანაირად მოწმდება. ამ მხრივ, ხშირად ბავშვები და მოზარდები ხდებიან დამნაშავეობისა და ექსპლუატაციის ადვილად მისაწვდომი სამიზნეები. ბავშვები მიმნდობები, ცნობისმოყვარეები და მონდომებულები არიან, კიბერნეტიკულ სამყაროში ახალ-ახალ შესაძლებლობებს მიაგნონ. ამიტომ მშობლებმა თვალყური უნდა ადევნონ შვილებს და საღი ბიბლიური რჩევები მისცენ მათ ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორც ამას გააკეთებდნენ ბავშვების მიერ მუსიკისა და კინოფილმების არჩევასთან დაკავშირებით (1 კორ. 15:33).
17 სამწუხაროდ, იმათგან, ვინც ერთ დროს ჩვენი ძმები და დები იყვნენ, საჭირო გახდა ზოგიერთის კრებიდან გარიცხვა იმ ურთიერთობის გამო, რომელიც ინტერნეტის „სალაყბო ოთახებში“ ქვეყნიური პირების გაცნობით დაიწყო და, საბოლოოდ, უზნეობით დამთავრდა. გამაოგნებელი და დაუჯერებელია, მაგრამ უხუცესები იწერებიან, რომ ინტერნეტით დაწყებული ურთიერთობის გასაგრძელებლად ზოგმა მეუღლეც კი მიატოვა (2 ტიმ. 3:6). სხვებმა ჭეშმარიტება უარყვეს, რადგან განდგომილების ინფორმაცია დაიჯერეს (1 ტიმ. 4:1, 2). ამ ძალიან სერიოზული საშიშროებების გათვალისწინებით ნუთუ არ ფიქრობ, რომ გონივრულია უფრთხილდე ინტერნეტით ლაყბობას? უეჭველია, ამ მხრივ დაგვიცავს იგავნის 2:10—19-ში მოხსენიებული სიბრძნის, ცოდნის, გონიერებისა და გამჭრიახობის გამოვლენა.
18 უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი „ვებ საიტებს“ ქმნის ვითომდა კეთილი ცნობის საქადაგებლად. მრავალი ასეთი „საიტი“ ეკუთვნის ძმებს, რომლებიც გონივრულად არ იქცევიან. სხვა „საიტები“ შეიძლება ეკუთვნოდეს განდგომილებს, რომელთაც მიმნდობი პირების ცდუნებაში შეყვანა სურთ (2 იოან. 9—11). იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა, რომ ძმებმა ასეთი „ვებ საიტები“ შექმნან, 1997 წლის ნოემბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მე-7 გვერდზე ნათქვამი იყო: «საჭირო არ არის, რომ ვინმემ მოამზადოს ელექტრონული გვერდები „ინტერნეტში“ იეჰოვას მოწმეების, ჩვენი საქმისა და მრწამსის შესახებ. „ინტერნეტში“ ჩვენი ოფიციალური „საიტი“ [www.watchtower.org] წარადგენს ზუსტ ინფორმაციას ნებისმიერი პიროვნებისთვის, ვისაც ამის გაგება სურს».
19 შესწავლაში დამხმარე საშუალებები ინტერნეტის მეშვეობით? ზოგი თვლის, რომ სხვადასხვა თეოკრატიულ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოკვლეული ინფორმაციის გამოქვეყნებით ძმებს უწევენ სამსახურს. მაგალითად, ვინმემ შეიძლება საჯარო მოხსენების გეგმის საფუძველზე ჩაატაროს გამოკვლევები, შემდეგ კი გამოაქვეყნოს ეს იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი ინფორმაცია სასარგებლო იქნება მათთვის, ვინც იგივე გეგმა უნდა მოამზადოს. სხვები გამოაქვეყნებენ დამდეგ „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაზე განსახილველ ყველა მუხლს ან მასალას, რომელზეც დაფუძნებული იქნება თეოკრატიული სამსახურის სკოლა თუ კრების წიგნის შესწავლა. ზოგმა შეიძლება შემოიტანოს წინადადებები სამქადაგებლო მსახურების შესავლებისთვის. მართლა სასარგებლოა ეს?
20 იეჰოვას ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული პუბლიკაციები აღმშენებლობითი აზრებით აღძრავს ჩვენს გონებას და გვასწავლის ‘სიკეთისა და ბოროტების გარჩევას’ (ებრ. 5:14). შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მიიღწევა, როცა სხვები აწარმოებენ კვლევა-ძიებას ჩვენ მაგივრად?
21 ბერეელებზე ამბობდნენ, რომ „უფრო კეთილშობილები იყვნენ თესალონიკელებზე“. რატომ? იმიტომ რომ „მათ მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა, ყოველდღე არჩევდნენ წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“ (საქმ. 17:11). თუმცა მათ პავლემ და სილამ უქადაგეს, ჭეშმარიტებას ვერ შეითვისებდნენ პირადი მონდომების გარეშე.
22 მოხსენებისთვის თუ სხვა შეხვედრის პუნქტისთვის ვინმეს გამოკვლევებით სარგებლობა პირადი შესწავლის მიზანს აბათილებს. ნუთუ არ გინდა, რომ პირადად ჩამოიყალიბო რწმენა ღვთის სიტყვის მიმართ? პირადი დაჯერებულობის საფუძველზე უკვე შეგიძლია საჯაროდ გამოხატო რწმენა — იქნება ეს მოხსენებებში, შეხვედრებზე კომენტარებში მონაწილეობის დროს თუ სამქადაგებლო მსახურებისას (რომ. 10:10). სხვისი გამოკვლევებით სარგებლობა არ არის თანხმობაში იგავნის 2:4, 5-ში მოცემულ სიტყვებთან, რომ პირადად ‘გქონდეს ღვთის შემეცნების შოვნის წადილი და განძივით ეძებდე მას’.
23 მაგალითად, ბიბლიის პირად ეგზემპლარში მუხლების მოძებნისას შეგიძლია მოკლედ მიმოიხილო თითოეული მუხლის კონტექსტი. შეგიძლია ‘გულდასმით გამოიკვლიო ყოველივე’, როგორც ლუკა აკეთებდა სახარების დაწერისას (ლუკ. 1:3). დამატებით მოხმარებული ძალისხმევა აგრეთვე დაგეხმარება, რომ მსახურებისას და მოხსენებების წარმოთქმისას მუხლების მოძებნაში დახელოვნდე. ბევრი ამბობს, რომ მოხიბლული არიან იეჰოვას მოწმეებით, რადგან მათ იციან ბიბლიის გამოყენება. ამის სწავლის ერთადერთი საშუალება ის არის, რომ ჩვევად ვაქციოთ ბიბლიაში მუხლების მოძებნა.
24 გონივრულად გამოვიყენოთ დრო. ამასთან დაკავშირებით ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ დროსაც, რომელსაც ინტერნეტში ინფორმაციის შექმნას, კითხვასა და მასზე პასუხის გაცემას ვანდომებთ. ფსალმუნის 89:12 მოგვიწოდებს, ვილოცოთ: „ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ სიბრძნე გულისა“. პავლემ თქვა: „ჟამი იწურება“ (1 კორ. 7:29). სხვა დროს აღნიშნა: „მაშ, ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველასთვის და უფრო მეტად მათთვის, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალ. 6:10, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990).
25 ასეთი რჩევა ხაზს უსვამს დროის გამოყენებასთან დაკავშირებით გამჭრიახობის გამოვლენის აუცილებლობას. რამდენად უფრო სასარგებლოა, ღვთის სიტყვის კითხვას დავუთმოთ დრო! (ფსალმ. 1:1, 2). ამაზე უკეთეს ურთიერთობას ვერსად ვნახავთ. (2 ტიმ. 3:16, 17). მშობლებო, ასწავლით შვილებს სამეფოს ინტერესებში დროის გონივრულად გამოყენების ფასეულობას? (ეკლ. 12:1). თუ სარგებლობის მიღება გვსურს, ბევრად უფრო უმჯობესია დრო პირად და ოჯახურ შესწავლას, შეხვედრებზე დასწრებასა და სამქადაგებლო მსახურებას დავუთმოთ, ვიდრე ინტერნეტის გამოყენებას.
26 ამ მხრივ, გონივრული იქნებოდა ყურადღების გამახვილება სულიერ საკითხებსა და ისეთ რამეებზე, რაც ჩვენ გვეხება და რაც აუცილებელია ჩვენთვის, როგორც ქრისტიანებისთვის. ეს მოითხოვს კარგად აწონ-დაწონილი არჩევნის გაკეთებას იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელზეც ღირს დროის გამოყოფა და აზროვნება. თუ რა უფრო მნიშვნელოვანია ქრისტიანების ცხოვრებაში, ქრისტემ შემდეგი სიტყვებით შეაჯამა: „თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ“ (მათე 6:33). ნუთუ უდიდესი ბედნიერება არ მოაქვს შენთვის, როცა ცხოვრებაში ყველა სხვა საქმიანობაზე წინ სამეფოს ინტერესებს აყენებ?
27 ინტერნეტის ელექტრონული ფოსტა (E-Mail). თუმცა პირადი გამოცდილების ან აზრების გაზიარება ოჯახის წევრებისა თუ მეგობრებისთვის, რომლებიც შორს ცხოვრობენ, უმართებულო არ არის, ნამდვილად სიყვარულის გამოვლენაა იმათ ხელში გაიაროს ამ ყოველივემ, ვინც შეიძლება არც იცნობს შენს ოჯახსა თუ მეგობრებს? ან უნდა გამოქვეყნდეს ისინი „ვებ“ გვერდზე, რომ ნებისმიერმა წაიკითხოს? უნდა გაკეთდეს ამ პირადული წერილების პირი და გაეგზავნოს განურჩევლად ყველას, ვისაც იცნობ თუ არ იცნობ? მსგავსად ამისა, თუ სხვებისგან ღებულობ წერილებს, რომლებიც აშკარად შენ არ გეხება, სიყვარულის გამოვლენაა მათი გაგზავნა კიდევ სხვებთან?
28 ვაითუ შენ მიერ გაგზავნილი შემთხვევა არასწორია?! არ გაგხდიდა ეს სიცრუის გავრცელების მონაწილეს? (იგავ. 12:19; 21:28; 30:8; კოლ. 3:9). უდავოა, თუ ‘ვუყურებთ და ფრთხილად ვიქცევით — არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი’, მხედველობაში მივიღებთ ამას (ეფეს. 5:15, აფ). როგორ გვახარებს „წელიწდეულში“, „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში მოცემული მრავალი დასაბუთებული შემთხვევა, რომლებიც გვამხნევებს და აღგვძრავს — განვაგრძოთ „გზაზე“ სიარული! (ეს. 30:20, 21).
29 არსებობს სხვა საშიშროებაც. ზოგიერთთან დაკავშირებით მოციქულმა პავლემ თქვა: „და კიდევ: უსაქმურობაში ისწავლეს კარდაკარ სიარული, და არა მარტო უსაქმურნი არიან, არამედ ყბედებიც და ცნობისმოყვარენიც და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც არ შეშვენით“ (1 ტიმ. 5:13). ეს იმაზე მეტყველებს, რომ არასწორია დროისა და ძალისხმევის მოხმარება ძმებისთვის ფუჭი ინფორმაციის გასაგზავნად.
30 ამავე დროს, დაფიქრდი, რამდენი დრო მიაქვს ელექტრონული ფოსტით მიღებულ დიდი რაოდენობით ინფორმაციას. საინტერესოა, რომ ერთ წიგნში (Data Smog) ნათქვამი იყო: „როცა კაცი უფრო და უფრო მეტ დროს ატარებს კომპიუტერთან, მალე ელექტრონული ფოსტა სახალისო სიახლიდან დროის მჭამელ ტვირთად გარდაიქმნება, რომელიც საჭიროებს ყოველდღე იმ უამრავი წერილის წაკითხვასა და მათზე პასუხის გაცემას, რომლებიც გამოგზავნილია თანამშრომლების, მეგობრების, ოჯახის . . . და არამკითხე სარეკლამო კომპანიების მიერ“. შემდეგ დასძენს: „ბევრი, ვინც ელექტრონული გზით მიღებულ არანაირ ინფორმაციას არ უშვებს ხელიდან, ძალიან ცუდ ჩვევას იძენს, ყველას, ვისი ელექტრონული მისამართიც კი აქვს, გაუგზავნოს ნებისმიერი მიღებული საინტერესო რამ — ანეკდოტები, გამოგონილი ამბები, ელექტრონული წერილები, რომლებიც რამდენიმე კაცს ეგზავნება, რომ მერე მათ, თავიანთი მხრივ, კიდევ სხვებს გაუგზავნონ, და ასე შემდეგ“.
31 ეს ჩანს ელექტრონულ ფოსტაშიც, რომელიც ბევრ ძმას შორის ტრიალებს, — ეს შეიძლება იყოს ანეკდოტები ან მსახურებისას მომხდარი კურიოზები; შესაძლებელია, ჩვენს მრწამსზე დაფუძნებული ლექსები; თვალსაჩინო მაგალითები კონგრესებზე ან სამეფო დარბაზში მოსმენილი მოხსენებებიდან; შემთხვევები სამქადაგებლო მსახურებიდან და ასე შემდეგ — ის, რაც, ერთი შეხედვით, საკმაოდ უვნებელი ჩანს. ბევრი ავტომატურად უგზავნის სხვებს ასეთ ელექტრონულ ფოსტას ისე, რომ არ ამოწმებს, ვისგან არის გამოგზავნილი, რითაც ძნელი ხდება იმის გაგება, თუ, სინამდვილეში, ვინ არის ავტორი, რამაც უნდა დააფიქროს პიროვნება, მართლა სინამდვილეს შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია (იგავ. 22:20, 21).
32 ასეთ წერილებს, რომლებიც ხშირად ფუჭია, არანაირი კავშირი არა აქვს იმ საღ სიტყვებთან, რომლებზეც პავლემ მისწერა ტიმოთეს: „ჩაეჭიდე საღი სიტყვების ნიმუშს, რაც ჩემგან მოისმინე რწმენით და სიყვარულით, რაც ქრისტე იესოშია“ (2 ტიმ. 1:13). ბიბლიური ჭეშმარიტების „სუფთა ენა“ შეიცავს „საღი სიტყვების ნიმუშს“, რომლებიც უმთავრესად დაფუძნებულია ბიბლიის თემაზე — სამეფოს მეშვეობით იეჰოვას უზენაესობის გამართლებაზე (სოფ. 3:9, აქ). ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მთელი დრო და ენერგია იეჰოვას უზენაესობის გამართლებას მოვახმაროთ.
33 რადგანაც ძალიან მივუახლოვდით ამ სისტემის აღსასრულს, მოდუნების დრო არ არის. ბიბლია გვაფრთხილებს: „მღვიძარენი იყავით, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს“ (1 პეტ. 5:8). გარდა ამისა, ის ამბობს: „შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შესძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას“ (ეფეს. 6:11).
34 არასწორად გამოყენების შემთხვევაში ინტერნეტი შეიძლება სატანის იარაღად იქცეს ვინმეს საცდუნებლად. თუნდაც მას შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდეს, თუ არ ვიფრთხილებთ, საშიშროება გვემუქრება. მშობლები განსაკუთრებით უნდა ადევნებდნენ თვალყურს, რას აკეთებენ მათი შვილები ინტერნეტში.
35 დამცველი იქნება ინტერნეტზე გაწონასწორებული შეხედულება. ჩვენ ვაფასებთ პავლეს დროულ შეხსენებას: „წუთისოფლით მოსარგებლენი [იყვნენ], როგორც არამოსარგებლენი. ვინაიდან წარმავალია წუთისოფლის სახე“ (1 კორ. 7:29—31). ამის გათვალისწინება დაგვეხმარება, დავიცვათ საკუთარი თავი და ოჯახები, რომ არ გაგვიტაცოს არაფერმა, რასაც ეს წუთისოფელი გვთავაზობს, მათ შორის იმან, რაც ინტერნეტით ხდება ხელმისაწვდომი.
36 აუცილებელია, ძმებთან ახლო ურთიერთობა შევინარჩუნოთ კრებაში და გონივრულად გამოვიყენოთ დარჩენილი დრო, რაც შეგვაძლებინებს, მონაწილეობა მივიღოთ სამეფოს ინტერესების წინ წაწევაში. რადგანაც ეს სისტემა თავის აღსასრულს უახლოვდება, ‘აღარ მოვიქცეთ ისე, როგორც სხვა ხალხები იქცევიან თავიანთი გონების ამაოებით’ და ‘შევიცნოთ, რა არის ღვთის ნება’ (ეფეს. 4:17; 5:17).