შეკითხვების ყუთი
◼ როგორ შეუძლიათ მომსახურეებს, დაეხმარონ მშობლებს, რომ მათი შვილები სათანადოდ იქცეოდნენ შეხვედრების დროს?
ბავშვები, ჩვეულებრივ, ენერგიულები არიან და შეჩვეული არ არიან დიდხანს ჯდომას. შეხვედრის შემდეგ ბავშვებს უჩნდებათ ენერგიის გამოთავისუფლების სურვილი, რამაც შეიძლება აიძულოს ისინი, ირბინონ და ერთმანეთს სდიონ სამეფო დარბაზში ან შეხვედრისთვის განკუთვნილ სხვა ადგილას, აგრეთვე ავტოსადგომებზე ან ტროტუარებზე. მაგრამ იგავნში სწორად არის ნათქვამი, რომ ‘მიშვებული ყმაწვილი მშობლის შემარცხვენელია’ (იგავ. 29:15).
სამწუხაროდ, ზოგი ჩვენი ხანდაზმული და-ძმა სერიოზულად დასახიჩრდა, როცა ბავშვები სირბილის დროს დაეჯახნენ მათ და წააქციეს. ამას მოჰყვა არასასიამოვნო ტანჯვა და ზედმეტი ხარჯები, რომელთა გაღებაც მშობლებსა და კრებას მოუწიათ. როგორც მათი, ისე სხვების უსაფრთხოებისთვის, ბავშვებს უნდა აეკრძალოთ სირბილი და თამაში სამეფო დარბაზსა და მის გარეთ.
მშობლებს აკისრიათ ბიბლიური პასუხისმგებლობა, ასწავლონ თავიანთ შვილებს, სათანადო პატივისცემით მოეპყრონ თაყვანისცემის ადგილებს (ეკლ. 4:17ა). ჩვენს ქრისტიანულ შეხვედრებზე, დიდ და პატარა კონგრესებზე დანიშნული არიან მომსახურეები, რათა ყურადღება მიაქციონ, რომ „ყველაფერი შესაფერისად ხდებოდეს“ და „წესიერება“ შენარჩუნდეს (1 კორ. 14:40; კოლ. 2:5). ისინი ფხიზლად უნდა იყვნენ პროგრამის დაწყებამდე, მისი მსვლელობისას და დამთავრებისას, როგორც დარბაზის შიგნით, ისე მის გარეთაც. თუ ბავშვი დარბის ან უმართავი ხდება, მომსახურეს შეუძლია თავაზიანად გააჩეროს და აუხსნას, რატომ არის უადგილო ასეთი მოქმედება. ბავშვის მშობელსაც თავაზიანად უნდა უთხრას წამოჭრილი პრობლემისა და ბავშვისთვის თვალყურის დევნების საჭიროების შესახებ. მშობელი სათანადოდ უნდა გამოეხმაუროს ამას.
გასაგებია, რომ ზოგჯერ შეხვედრების დროს ჩვილი ან პატარა ბავშვი შეიძლება ატირდეს ან ხელი შეუშალოს სხვებს. მომსახურეები, რომლებიც პროგრამის დაწყებამდე სულ მცირე 20 წუთით ადრე მოვლენ, ბოლო რამდენიმე რიგს დაიკავებენ იმ მშობლებისთვის, რომლებიც პატარა ბავშვებით მოდიან. დანარჩენებმა უნდა ვითანამშრომლოთ მათთან და არ დავსხდეთ ამ ადგილებზე.
თუ ბავშვი ხმაურობს, მშობელმა რაღაც უნდა იღონოს. თუ მშობელი არაფერს აკეთებს და ხმაური სხვებს უშლის ხელს, მომსახურემ თავაზიანად უნდა სთხოვოს მშობელს, გაიყვანოს თავისი შვილი დარბაზიდან. როცა შეხვედრებზე ვიწვევთ ახლებს და ისინი პატარა ბავშვებით მოდიან, მათთან ერთად უნდა დავსხდეთ და დახმარება გავუწიოთ, თუ მათი ბავშვები ტირიან ან სხვაგვარად უშლიან ხელს სხვებს.
სასიხარულოა, როცა ვხედავთ სამეფო დარბაზში ყველანაირი ასაკის ბავშვებს და მათ კარგ ყოფაქცევას ღვთის სახლში (1 ტიმ. 3:15). იმით, რომ პატივს სცემენ იეჰოვას თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილ ღონისძიებებს, ისინი პატივს მიაგებენ ღმერთს და მათ მთელი კრება აფასებს.